მეტე ფრედერიქსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მეტე ფრედერიქსენი
მეტე ფრედერიქსენი
დანიის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა27 ივნისი, 2019
წინამორბედილარს რასმუსენი

დაბადებული19 ნოემბერი, 1977 (1977-11-19) (44 წლის)
ოლბორგი, დანია
მოქალაქეობადანია
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული პარტია
მამაფლემინგ ფრედერიქსენი
დედაანეტ ფრედერიქსენი
მეუღლეერიკ ჰარი (2003-14), ბო ტერნბერგი (დაქორწ.2020)
შვილები2
განათლებაოლბორგის უნივერსიტეტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი

მეტე ფრედერიქსენი, დან.Mette Frederiksen (დ.1977 წ.) - დანიის პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მთავრობის თავმჯდომარე 2019 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტე ფრედერიქსენი დაიბადა ჩრდილოეთ დანიის ქალაქ ოლბორგში. გიმნაზიაში სწავლის შემდეგ მან განათლება მიიღო ოლბორგის უნივერსიტეტში ადმინისტრირების და სოციალური მეცნიერებების განხრით, ხოლო შემდგომ - კოპენჰაგენის უნივერსიტეტში აფრიკული კვლევების სპეციალობით. 2000-01 წლებში იგი იყო დანიის პროფკავშირების კონფედერაციის მრჩეველი ახალგაზრდულ საკითხებში.

პოლიტიკური საქმიანობა მეტე ფრედერიქსენმა სკოლის პერიოდში დაიწყო, როდესაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი 15 წლის ასაკში გახდა.

გზა პოლიტიკური კარიერის მწვერვალისკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს ის ფოლკეტინგის წევრი გახდა და პარტიის ოფიციალურ პირად დაინიშნა კულტურის, მედიის და სქესთათანასწორობის საკითხებში. ამასთან, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

2011 წელს არჩევნების მოგების შემდეგ ჰელე თორნინგ-შმიდტის პირველ კაბინეტში მეტე ფრედერიქსენი დასაქმების მინისტრად დაინიშნა, ხოლო მის მეორე მთავრობაში - იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელად. 2015 წელს სოციალ-დემოკრატებმა საყოველთაო არჩევნებში მარცხი განიცადეს, რასაც თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის წასვლა მოჰყვა. ამავდროულად, ვაკანტური გახდა პარტიული ლიდერის თანამდებობა. შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება მეტე ფრედერიქსენმა მოიპოვა, რომელიც პარტიის თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი გახდა მომდევნო ოთხი წლით. 2019 წელს კი მისი მეთაურობით მემარცხენე ძალებმა ფოლკეტინგის არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს და ოთხპარტიული კოალიციის შექმნით ხელისუფლებაში დაბრუნება შესძლეს. 2019 წლის 27 ივნისს დანიას მის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჩაუდგა სათავეში.[1]

ტრამპის კაზუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგვისტოს შუახანებში ახალი პრემიერი მსოფლიოს მედიის ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა თანამედროვე დიპლომატიის ისტორიაში საკმაოდ უცნაური შემთხვევის გამო. ეკონომიკურ საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსს" განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი განიხილავდა დანიის შემადგენლობაში ავტონომიის უფლებით შემავალი გრენლანდიის ყიდვის შესაძლებლობებს. დანიის მთავრობის მეთაურმა ამ საკითხის კომენტირებისას გაოგნება ვერ დამალა. მისი თქმით, საბედნიეროდ, ტერიტორიების და ხალხების ყიდვა-გაყიდვის ეპოქა დასრულებულია, ამიტომ გრენლანდიის თემაზე საუბარი აბსურდულ დისკუსიას წარმოადგენს.[2]

ამ პასუხს ამერიკელმა ლიდერმა "საზიზღარი და მიუღებელი განცხადება" უწოდა. მან ტვიტერში დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი გამოთქმების გამოყენებით არ უნდა ესაუბრებოდნენ, და პროტესტის ნიშნად დანიაში დანიშნული ვიზიტი გადადო.[3]

დიპლომატიური სკანდალის მიუხედავად, ზოგადად ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესება არ მომხდარა.

პოლიტიკა იმიგრაციის სფეროში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი მმართველი ლიბერალური პარტიისგან განსხვავებით, სოციალ-დემოკრატები ტრადიციულად მეტად ორიენტირებული აღმოჩნდნენ სოციალური ხარჯების გაღებაზე, თუმცა გაამკაცრეს საიმიგრაციო პოლიტიკა, მათ შორის დევნილების და ოჯახის გაერთიანების პროგრამებთან მიმართებაში. მთავრობამ განიზრახა არაევროპულ იმიგრაციაზე ზედა ზღვარის დაწესება და თავშესაფრის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე დევნილთა გაგზავნა ჩრდილოეთ აფრიკაში შექმნილ განთავსების ცენტრებში.[4] ახალი ინიციატივის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელმა სოციალური შემწეობის მისაღებად კვირაში მინიმუმ 37 სთ მუშაობის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.[5]

ცხარე დებატები გამოიწვია 2021 წლის მარტის დასაწყისში მინისტრთა კაბინეტის ახალმა გადაწყვეტილებამ. დანია ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სირიელ რეგისტრირებული დევნილთა ერთ ჯგუფს ქვეყანაში საცხოვრებელი ნებართვა ჩამოართვა. ამ ნაბიჯის მოტივად დამასკოს პროვინციაში მათ სამშობლოში უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება დასახელდა, თუმცა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "საერთაშორისო ამნისტიამ" ეს ფაქტი შეაფასა, როგორც შემაძრწუნებელი და უგუნური.[6]

წაულას საკითხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, აგრეთვე, წაულას 17 მილიონიანი პოპულაციის სრული განადგურების გადაწყვეტილებამ მას შემდეგ, რაც ფერმებში დაფიქსირდა ამ ცხოველისგან ადამიანებზე მუტირებული კორონავირუსის გადაცემის შემთხვევები.[7] პრემიერ-მინისტრმა ეს გარემოება საზოგადოებისთვის მაღალ საფრთხედ შეაფასა და ფერმერთა დასახმარებლად პოლიციისა და არმიის ნაწილები გაგზავნა, თუმცა სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და პროტესტის ნიშნად გადადგომა გამოაცხადა. ამ საკითხის გამო ოპოზიციამ თავად პრემიერსაც მოუწოდა თანამდებობის დატოვებისკენ.[8]

ოჯახური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003-14 წლებში დაქორწინებული იყო ერიკ ჰარზე.

2014 წლიდან ცხოვრობს ცნობილ კინორეჟისორ ბო ტერნბერგთან. 2020 წლის ივლისში მეტე ფრედერიქსენს მოუხდა საკუთარი ქორწილის გადავადება იმის გამო, რომ ამ ღონისძიებას დაემთხვა ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრა ბიუჯეტისა და კოვიდ-ეპიდემიის დაძლევის საკითხების განსახილველად. თავისი არჩევანი პრემიერმა ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტულობით ახსნა.[9]

პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი.

წიგნის გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტე ფრედერიქსენი არის ორი წიგნის თანაავტორი:[10]

​Epostler (2003);

From Fight to Culture (2004).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვერდი ინსტრაგრამზე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]