მეტეორა
მეტეორა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | შერეული |
კრიტერიუმები | i, ii, iv, v, vii |
სია | [2] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 39°42′51″ ჩ. გ. 21°37′52″ ა. გ. / 39.71417° ჩ. გ. 21.63111° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
ნომერი | 455 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 455 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მეტეორა (ბერძ. Μετέωρα[1]) — კლდოვანი ფორმირება თესალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ტრიკალის მახლობლად. კლდეებზე განთავსებულია სამონასტრო კომპლექსების ერთობლიობა, რომელიც ადგილობრივად მნიშვნელობით მეორე ადგილზეა ათონის მთის შემდეგ.[2]
აქ სამონასტრო ცხოვრება XI საუკუნიდან დაიწყო.[3] ოცდაოთხი მონასტერი დაარსდა უზარმაზარი ბუნებრივი სვეტებისა და ბორცვისებრი მომრგვალებული ლოდების თავზე, რომლებიც დომინირებს ადგილობრივ ტერიტორიაზე, ძირითადად XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან სიმეონ უროშის ადგილობრივი მმართველობის პერიოდში.[4][5] 24 მონასტრიდან ექვსი კვლავ მოქმედია და ღიაა ვიზიტორებისთვის: დიდი მეტეორის მონასტერი (დაარს. 1356), ვარლაამის, წმინდა ნიკოლოზ ანაპავსასის, რუსანოს, წმინდა სამების და წმინდა სტეფანეს მონასტრები. ეს უკანასკნელი 1961 წელს მონაზონთა თემად იქცა, ხოლო პირველი ხუთი კვლავ ბერების მიერ იმართება. ამჟამად ეს მონსატრები სტაგისა და მეტეორას მიტროპოლიის დაქვემდებარებაშია (ბერძ. Σταγών και Μετεώρων).
მეტეორა მდებარეობს ქალაქ კალაბაკასა და სოფელ კასტრაკის შორის, თესალიის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე, მდინარე პინიოსისა და პინდოსის მთების მახლობლად.[6] მეტეორას კომპლექსი 1988 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს მისი გამორჩეული არქიტექტურისა და სილამაზის გამო, რელიგიურ და კულტურულ მნიშვნელობასთან ერთად.
სახელი ნიშნავს „მაღალს“, „აღმართულს“ და ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია მეტეორთან.[7]
გეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პინდოსის მთების გვერდით, თესალიის დასავლეთ რეგიონში, კლდის ეს უნიკალური და უზარმაზარი სვეტები მიწიდან მკვეთრად ამოდის. თუმცა, მათი უჩვეულო ფორმის გეოლოგიურად ახსნა ადვილი არ არის. ისინი არ არიან ვულკანური წარმოშობის მაგარი მაგმური ქანები, როგორიც სხვაგან გვხვდება, ეს კლდეები ქვიშაქვისა და კონგლომერატის ნაზავისგან არის შემდგარი.[8]
კონგლომერატი შედგება ქვის, ქვიშისა და ტალახის ნალექებისგან, რომლებიც დელტაში ჩაედინებოდა მდინარეების მეშვეობით მილიონობით წლის განმავლობაში. დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ, პალეოგენის პერიოდში, დედამიწის ზედაპირის მოძრაობებმა ზღვის ფსკერი მაღლა ასწია, რის შედეგადაც წარმოიქმნა მაღალი პლატო და ქვიშაქვის სქელ ფენაში გაჩნდა მრავალი ვერტიკალური გახლეჩილობა.[9] სწორედ ამ ვერტიკალურ ნაპრალებზე წყლის, ქარისა და ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებების ზემოქმედებით ჩამოყალიბდა ეს გიგანტური კლდის სვეტები. უჩვეულოა ის, რომ კონგლომერატის ეს წარმონაქმნი და ამ ტიპის დაშლილობა მხოლოდ შედარებით ლოკალურ ტერიტორიაზე გვხვდება გარშემო მდებარე მთიან სისტემაში. ეს გეოლოგიური კომპლექსი განიხილება როგორც პანგეის პერიოდთან დაკავშირებული კონტინენტური ნაშთის ზედაპირზე გამოსული ნაწილი.[8]
ამ ტიპის კლდის წარმონაქმნი და დაშლის პროცესი ბევრ სხვა ადგილშიც მომხდარა — როგორც ლოკალურად, ისე მსოფლიოში — თუმცა მეტეორას განსაკუთრებულ იერსახეს ის ანიჭებს, რომ ნალექოვანი ქანების შემადგენლობა, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ლაგდებოდა, ძალიან ერთგვაროვანია და თითქმის არ ტოვებს ვერტიკალური ფენადობის კვალს, ხოლო დაშლა კი ადგილობრივად და ვერტიკალურად ხდება.
თეოპეტრის მღვიმეში ჩატარებულმა გათხრებმა და კვლევებმა აღმოაჩინა გაქვავებული დიატომეები, რაც მეცნიერებს მნიშვნელოვნად დაეხმარა პალეოკლიმატის და კლიმატური ცვლილებების უკეთ შეცნობაში. რადიოკარბონული დათარიღებით დადასტურებულია, რომ ადამიანების ყოფნა ამ ტერიტორიაზე 50 000 წლის წინ იწყებოდა. მღვიმე ადრე ღია იყო ვიზიტორებისთვის, თუმცა ამჟამად გაურკვეველი ვადით დახურულია უსაფრთხოების შემოწმებების მიზნით.[10]
მეტეორას მასიური კლდის სვეტები მუდმივ საფრთხეს უქმნის მომლოცველებსა და ტურისტებს კლდოვანი ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო. 1954 წელს რიხტერის სკალით 7 ბალიანმა მიწისძვრამ შეარხია ეს კლდეები, თუმცა სვეტები დღემდე მტკიცედ დგანან. 2005 წელს კი ერთ-ერთი უზარმაზარი კლდის ნამსხვრევი ჩამოიშალა, რის გამოც მეტეორასკენ მიმავალი საავტომობილო გზა რამდენიმე დღით დაიხურა.[8]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეოპეტრის მღვიმე კალამბაკიდან დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. არქეოლოგიური თვალსაზრისით მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი და იმავე ადგილზე დაფიქსირებულია ორი ძალზე მნიშვნელოვანი კულტურული გარდატეხა: ნეანდერტალელების ჩანაცვლება თანამედროვე ადამიანებით და მოგვიანებით — ნადირობასა და შემგროვებლობაზე დაფუძნებული ცხოვრების წესიდან მიწათმოქმედებაზე გადასვლა, რაც უკანასკნელი გამყინვარების შემდეგ მოხდა.
მღვიმე წარმოადგენს უზარმაზარ, დაახლოებით 500 კვ. მ. მართკუთხა დარბაზს, რომელიც სოფელ თეოპეტრისს ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმართულ კირქვოვან ბორცვის ძირში მდებარეობს. მის შესასვლელს 17 მეტრი სიგანე და 3 მეტრი სიმაღლე აქვს. მღვიმე ჩასიის მთიან სისტემის ძირასაა განლაგებული — რომელიც ბუნებრივ საზღვრად იქცევა თესალიასა და მაკედონიას შორის — ხოლო მის წინ ზემოდან გადის პატარა მდინარე ლითაიოსი, რომელიც პინიოსის შენაკადია. ლითაიოსი პირდაპირ მღვიმის ზღურბლზე მიედინება, იქ მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ სუფთა, მტკნარი წყლის მიღების მარტივი შესაძლებლობა, ყოველდღიურად დიდი მანძილების გავლის გარეშე.[11]
უძველესი ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტეორის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეები უწყვეტად იყო დასახლებული დაახლოებით 50 000 წლიდან 5 000 წლამდე. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ცნობილი ნაგებობა — ქვის კედელი, რომელიც თეოპეტრის მღვიმის შესასვლელის დაახლოებით ორ მესამედს კეტავდა — აშენებულია 23 000 წლის წინ. სავარაუდოდ, ეს კედელი ცივი ქარების შესაკავებლად იყო განკუთვნილი, რადგან იმ პერიოდში დედამიწაზე გამყინვარების ეპოქა სუფევდა. მღვიმეებში ასევე აღმოჩენილია პალეოლითისა და ნეოლითის ხანის მრავალი არტეფაქტი, რაც ადასტურებს ადრეული ადამიანის ყოფნას და საქმიანობას ამ ტერიტორიაზე.[12]
მეტეორა არ არის ნახსენები კლასიკურ ბერძნულ მითებში, არც ძველ ბერძნულ ლიტერატურაში. პირველი ადამიანები, რომლებიც დოკუმენტირებულად სახლობდნენ მეტეორაში ნეოლითური ერის შემდეგ, იყვნენ ასკეტი ბერ-მონაზონთა ჯგუფი, რომლებიც ახ. წ. 800-იან წლებში გადავიდნენ მწვერვალებზე. ისინი ცხოვრობდნენ კლდოვანი კოშკების სიღრუეებსა და ნაპრალებში, ზოგიერთი მათგანი ზედაპირიდან 550 მ სიმაღლეზე. თავდაპირველად, განდეგილები მარტო ცხოვრობდნენ და ხვდებოდნენ მხოლოდ კვირაობით და განსაკუთრებულ დღეებში, რომ ელოცათ და ეზეიმათ კლდის ძირას აშენებულ სამლოცველოში, რომელიც ცნობილია როგორც დუპიანი.[2]
როგორც მინიმუმ XI საუკუნიდან, ბერები სახლობდნენ მეტეორას გამოქვაბულებში. თუმცა, მონასტრები იქ არ აშენებულა 1300-იან წლებამდე, როდესაც ბერებმა სცადეს დამალვა ოსმალების მიერ საბერძნეთზე მზარდი თავდასხმების გამო.[13][14] ამ დროს, მწვერვალზე მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ მოსახსნელი კიბეებით ან ამწევი თოკებით. ამჟამად, იქ ასვლა გაცილებით მარტივია, რადგან 1920-იან წლებში კლდეში საფეხურები ამოკვეთეს. 24 მონასტრიდან მხოლოდ ექვსი (ოთხი მამაკაცების, ორი ქალების) ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, თითოეულში ათზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.[15]
მონასტრების ისტორია და მშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზუსტი თარიღი მონასტრების დაარსებისა უცნობად ითვლება. თუმცა, არსებობს მინიშნებები, თუ როდის აშენდა თითოეული მონასტერი. XI საუკუნის ბოლოს და 1100-იანი წლების დასაწყისში, ჩამოყალიბდა რუდიმენტული სამონასტრო სახელმწიფო, სახელწოდებით სტაგოის სკიტი, რომელიც კონცენტრირებული იყო დღემდე შემორჩენილი თეოტოკოსის (ღვთისმშობლის) ეკლესიის გარშემო.[2] 1100-იანი წლების ბოლოსთვის, ასკეტურმა თემმა მოაშურა მეტეორას.
1344 წელს ათანასე კოინოვიტისმა, რომელიც შემდეგში ცნობილი გახდა როგორც ათანასე მეტეორელი, ათონის მთიდან მეტეორაში მიმდევრების ჯგუფი ჩაიყვანა. 1356-1372 წლებში, მან დააარსა დიდი მეტეორის მონასტერი. ეს ადგილმდებარეობა იდეალური იყო ბერებისთვის, რადგან იქ ისინი დაცულები იყვნენ პოლიტიკური არეულობისგან და სრული კონტროლი ჰქონდათ მონასტერში შესვლაზე. იქ მოხვედრის ერთადერთი საშუალება იყო გრძელი კიბით ასვლა, რომელსაც აიღებდნენ, როდესაც ბერები იფიქრებდნენ, რომ მათთვის საფრთხე არსებობდა.[16] მეტეორას სამონასტრო თემის შექმნა დაცული და დაფინანსებული იყო ადგილობრივი მთავრის სიმეონ უროშის მიერ, რომელიც ახლომდებარე ტრიკალაში იმყოფებოდა და 1356 წელს სტეფან დუშანის გარდაცვალების შემდეგ თავი სერბებისა და ბერძნების იმპერატორად გამოაცხადა.[17]
სიმეონ უროშს 1370 წელს მისი ვაჟი იოანე უროში ჩაენაცვლა, რომელიც სამი წლის შემდეგ ბერად წავიდა მეტეორის მონასტერში და იქ გარდაიცვალა 1420-იანი წლების დასაწყისში. XIV საუკუნის ბოლოს, ჩრდილოეთ საბერძნეთში ქრისტიანულ მმართველობას სულ უფრო მეტად ემუქრებოდნენ თურქი მეკობრეები, რომლებსაც სურდათ თესალიის ნაყოფიერი ვაკის კონტროლი, რაც საბოლოოდ მოიპოვეს XV საუკუნის მეორე ნახევარში. განდეგილი ბერები, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ ოსმალეთის იმპერიის გაფართოებისგან, მეტეორას მიუდგომელ კლდის სვეტებში იდეალურ თავშესაფარს პოულობდნენ. აშენდა 20-ზე მეტი მონასტერი,[14] რომელთაგან დღეს ექვსიღა მოქმედებს. 1517 წელს, თეოფანემ ააშენა ვარლაამის მონასტერი, რომელიც, როგორც ამბობენ, ინახავდა წმინდა იოანეს თითს და წმინდა ანდრიას ბეჭის ძვალს.[18]
მონასტრებში შესასვლელი თავდაპირველად განზრახ რთული იყო, საჭირო იყო ან გრძელი კიბეები, რომლებიც ერთმანეთზე იყო მიმაგრებული, ან დიდი ბადეები, რომლებსაც იყენებდნენ როგორც საქონლის, ისე ადამიანების ასაწევად. ამისთვის საკმაოდ დიდი რწმენა იყო საჭირო, რადგან, როგორც ამბობენ, თოკები მხოლოდ „მას შემდეგ იცვლებოდა, რაც უფალი მათ გაწყვეტას დაუშვებდა“.[19] იუნესკოს სიტყვებით:
![]() |
„ბადე, რომლითაც მამაცი მომლოცველები ვერტიკალურად აიყვანეს 373 მეტრის სიმაღლის კლდის გასწვრივ, საიდაც ვარლაამის მონასტერი გადმოჰყურებს ხეობას, სიმბოლურად გამოხატავს ტრადიციული ცხოვრების წესის სისუსტეს, რომელსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება.[20]“
|
1600-იან წლებამდე, ამ მაღალი ადგილებიდან საქონლისა და ხალხის გადაყვანის ძირითადი საშუალება იყო კალათები და თოკები.[21]
კონსტანტინოპოლის კონვენციის თანახმად (1881), თესალია საბერძნეთის სამეფოს გადაეცა. 1921 წელს, რუმინეთის დედოფალმა მარიამ მოინახულა მეტეორა და გახდა პირველი ქალი, რომელსაც ოდესმე დიდ მეტეორის მონასტერში შესვლის უფლება მიეცა.[22]
1920-იან წლებში გაუმჯობესდა მდგომარეობა: კლდეში საფეხურები ამოკვეთეს, რითაც კომპლექსი ხელმისაწვდომი გახდა ახლომდებარე პლატოდან ხიდის მეშვეობით. მეორე მსოფლიო ომის დროს მეტეორა დაბომბეს.[23]
კლდეების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აქ წარმოდგენილია მეტეორის კლდეები, რომლებიც სოფელ კასტრაკის გარს აკრავს და ქალაქ კალაბაკას ჩრდილოეთ მხარეს ესაზღვრება.[24][25][26]
- დუპიანი (Δούπιανη; 390 მ)[27][28]
- წმინდა სულის კლდე (Άγιο Πνεύμα; 600 მ),[29] ისტორიული მანდილის წმინდა გიორგის მონასტრისა და ბერების საპატიმროს ადგილი
- კუმარიესი (Κουμαριές; 497 მ)
- ტოიხოს ალფა (Τοίχος Α) / კავკასია (480 მ )[30]
- ტოიხოს ბეტა (Τοίχος Β) / სფიკა (528 მ)[30]
- ტოიხოს გამა (Τοίχος Γ) / პალაიოკრანიესი (540 მ)[30]
- ტოიხოს დელტა (Τοίχος Δ) / ლიანომოდია (531 მ)[30][31]
- წმინდა ევსტრატიუსი (Αγίου Ευστρατίου)
- მთავარანგელოზი (Ταξιαρχών)
- ხალასმა (Χάλασμα)
- მარმარო (Μάρμαρο),[32] რომელსაც კვეთს მოკირწყლული გზა, რომელიც აკავშირებს კასტრაკის კალაბაკასთან.
- სურლოტი (Σουρλωτή; 600 მ)[33]
- მოდი (Μόδι; 584.5 მ), წმინდა მოდესის ისტორიული მონასტრის ადგილი
- ალისოსი (Άλυσος) / ალცოსი (Άλτσος) / ალსოსი (Άλσος) (587.8 მ),[34] პეტრე მოციქულის მონასტრის ადგილი.
- პიქსარი (Πυξάρι; 523.9 მ ),[35] წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის (Ασκηταριά Αγίου Γρηγορίου του Θεολόγου), წმინდა ანტონის მონასტრისა და ქრიზოსტომოსის მონასტრის ისტორიული სამარტოო ადგილი[36]
ბადოვასი (Μπάντοβας; 447.3 მ), წმინდა ნიკოლოზ ბანტოვასის ისტორიული მონასტრის ადგილი.[37]
- ამბარია (Αμπάρια; 400 მ)[38][39]
- აგია (Αγιά; 630 მ), ასევე ცნობილი როგორც მეგალი აგია, ან „დიდი აია“. წმინდა მოციქულების ისტორიული მონასტრის ადგილი (Μονή Αγίων Αποστόλων).
- მიკრი აგია (Μικρή Αγιά), ან „პატარა აია“.
- ადრახტი (Αδράχτι; 474 მ).
- ფტელიასი (Φτελιάς).
- წმინდა დიმიტრიოსი (Αγίου Δημητρίου), სადაც მდებარეობს წმინდა დიმიტრიოსის მონასტერი და იპაპანტის მონასტერი
- კელარაკია (Κελαράκια).
- ფსაროპეტრა („თევზის კლდე“), ამჟამად მთავარ გზაზე არსებული ხედის წერტილი, რომელიც პოპულარულია ტურისტებში.
უფრო ვრცლად მეტეორის კლდის ფორმაცია ასევე ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთით გავროსისა და აგიოს-დიმიტრიოსის ტერიტორიებზე, თუმცა ტერმინი მეტეორა ჩვეულებრივ გამოიყენება მხოლოდ კალაბაკასა და კასტრაკის გარშემო არსებული კლდეების აღსანიშნავად.
მეტეორის მონასტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVI საუკუნეში, მათი აყვავების პერიოდში, საბერძნეთის მეტეორაში 24 მონასტერი იყო. ისინი შეიქმნა იმ ბერებისა და მონაზვნების მომსახურებისთვის, რომლებიც მისდევდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. ამ შენობების არქიტექტურის დიდი ნაწილი ათონური წარმოშობისაა. დღეს მათგან ექვსი კვლავ ფუნქციონირებს, დანარჩენი კი უმეტესად ნანგრევებადაა ქცეული. მაღალ კლდეებზე შეფენილი მონასტრები ამჟამად ხელმისაწვდომია კიბეებითა და ბილიკებით, რომლებიც კლდოვან ფორმაციებშია გაჭრილი.[16]
მონასტრების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიციულად, მეტეორის 24 ისტორიული მონასტერი ჩამოთვლილია შემდეგნაირად.[40][41] ზოგიერთი ადგილისთვის ასევე მოცემულია კოორდინატები.[42] სია ძირითადად შედგენილია სპირიდონ ვლიორასის მიხედვით (2017),[42] თეოქარის პროვატაკისის (2006) ზოგიერთი დამატებითი შენიშვნებით.[41]
ქართულად | ბერძნული ტრანსლიტერაციით | ბერძნულად | შენიშვნა | ფოტო |
---|---|---|---|---|
მთავარანგელოზთა მონასტერი | Agion Taxiarchon | Αγίων Ταξιαρχών | მონასტრის ნანგრევები (39°43′01″N 21°38′09″E / 39.717067° ჩ. გ. 21.635697° ა. გ.) | |
პეტრე მოციქულის მონასტერი | Alyseos Apostolou Petrou | Αλύσεως Αποστόλου Πέτρου | სავარაუდოდ, აშენდა დაახლოებით 1400 წელს. ნანგრევები (39°42′46″N 21°37′46″E / 39.712752° ჩ. გ. 21.629524° ა. გ.) ალისოსის (Άλσος) კლდეზე. | ![]() |
პანტოკრატორის მონასტერი | Pantokratora | Παντοκράτορα | ნახსენებია 1650 წლის დოკუმენტებში. ნანგრევები (39°43′20″N 21°37′17″E / 39.722293° ჩ. გ. 21.621406° ა. გ.) დუპაინის სიახლოვეს. ის მიწიდან დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. | ![]() |
ბუნილის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი | Ioannou tou Bounela | Ιωάννου του Μπουνήλα | მონასტრის კედლების ნანგრევები ბუნილის სახელობის ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია როგორც პალეომონასტირო (Παλαιομονάστηρο). | |
იოანე ნათლისმცემლის მონასტერი | Agiou Ioanne Prodromou | Αγίου Ιωάννη Προδρόμου | დაარსდა XVII საუკუნის შუა ხანებში. ნანგრევები (39°43′25″N 21°37′26″E / 39.723732° ჩ. გ. 21.624006° ა. გ.) მდებარეობს კლდეზე, რომელიც უშუალოდ წმინდა ნიკოლოზ ანაპაუსის მონასტრის მიმდებარედ მდებარეობს. კლდე, რომელზეც მონასტერი აშენდა, ათანასე მეტეორიტელის რეზიდენცია იყო. ვარლაამის მონასტრის დამაარსებლები, თეოფანე და ნექტარიოს აფსარადები, ასევე შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ კლდეზე, სანამ ვარლაამს ააშენებდნენ. | ![]() |
იპსილოტერის მონასტერი / კალიგრაფონი | Mones Ypseloteras / Kalligrafon | Μονής Υψηλωτέρας / Καλλιγράφων | მონასტერი ცნობილი იყო ხელნაწერებითა და კალიგრაფებით. დაარსდა 1347. ნანგრევები (39°43′30″N 21°37′40″E / 39.725090° ჩ. გ. 21.627798° ა. გ.) მდებარეობს იპსილოტერის კლდეზე (585.7 მ[30]) „ეშმაკის კოშკის“ გვერდით, ესაა გეოლოგიური კლდოვანი წარმონაქმნი, რომელიც მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის ანაპაუსის მონასტერსა და ვარლაამის მონასტერს შორის. | |
კალისტრატოს მონასტერი | Kallistratou | Καλλιστράτου | ზუსტი მდებარეობა გაურკვეველია. მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის ანაპაუსას მონასტრის და რუსანუს მონასტრის ტერიტორიაზე. ასევე ცნობილია, როგორც ქრისტე მაცხოვრის მონასტერი. (Μονὴ Σωτῆρος Χριστοῦ, Moni Sotiros Christou). | |
მიკანის პანაგიის მონასტერი (პალეოპანაგია) | Panagias tes Mekanes / Palaiopanagia | Παναγίας της Μήκανης / Παλαιοπαναγιά | დაარსდა 1358 წელს კლდის გამოქვაბულში (39°48′08″ ჩ. გ. 21°40′42″ ა. გ. / 39.80222° ჩ. გ. 21.67833° ა. გ.). 7 კმ-ით ჩრდილოეთით სოფელ ვლაქავიდან, მდინარე იონის ახლოს. | |
დიდი მეტეორის მონასტერი | Metamorfoses | της Μεταμόρφωσης | დღეს 6 მოქმედი მონასტრიდან ერთ-ერთი. | ![]() |
რუსანუს მონასტერი / Arsanou | Rousanou / Arsanou | Ρουσάνου / Αρσάνου | დღეს 6 მოქმედი მონასტრიდან ერთ-ერთი. | ![]() |
წმინდა ანტონის მონასტერი | Agiou Antoniou | Αγίου Αντωνίου | მე-14 საუკუნეში აშენებული მონასტრიდან მხოლოდ პატარა ეკლესიაა შემორჩენილი (39°42′44″N 21°37′18″E / 39.712166° ჩ. გ. 21.621643° ა. გ.). | ![]() |
ვარლაამის მონასტერი / ყველაწმინდა | Varlaam / Agion Panton | Βαρλαάμ / Αγίων Πάντων | დღეს 6 მოქმედი მონასტრიდან ერთ-ერთი. | ![]() |
მანდილის წმინდა გიორგის მონასტერი | Agiou Georgiou tou Mandela | Αγίου Γεωργίου του Μανδηλά | ნანგრევები წმინდა სულის კლდესთან (Agion Pnefma) (39°43′06″N 21°37′21″E / 39.718336° ჩ. გ. 21.622516° ა. გ.). | ![]() |
წმინდა გრიგორის მონასტერი | Agiou Gregoriou | Αγίου Γρηγορίου | დაარსდა XIV საუკუნეში. ნანგრევები (39°42′44″N 21°37′18″E / 39.712271° ჩ. გ. 21.621536° ა. გ.) პიხარის კლდეზე. | ![]() |
წმინდა დიმიტრის მონასტერი | Agiou Demetriou | Αγίου Δημητρίου | 1809 წელს ალი-ფაშა ტეპელენამ გაანადგურა, რადგან ბერძენმა აჯანყებულებმა თიმიოს ვლახავას მეთაურობით მონასტერში თავიანთი შტაბ-ბინა განათავსეს. ნანგრევები (39°44′00″N 21°37′52″E / 39.7332099° ჩ. გ. 21.6310140° ა. გ.).[43] | ![]() |
წმინდა მოდესტის მონასტერი | Agiou Modestou | Αγίου Μοδέστου | აშენდა დაახლოებით XII საუკუნეში. პირველად მოხსენიებულია XII საუკუნის წერილში. ასევე მოხსენიებულია 1614 წელს. ნანგრევები (39°42′53″N 21°37′46″E / 39.714796° ჩ. გ. 21.629437° ა. გ.) მდებარეობს მოდის კლდეზე. | ![]() |
წმინდა მონასტერი | Agias Mones | Αγίας Μονής | მონასტერი 1614 წელს მოიხსენიება, რომელშიც იმ დროს 20-ზე მეტი ბერი ცხოვრობდა. ნანგრევები (39°43′26″N 21°37′41″E / 39.723969° ჩ. გ. 21.627943° ა. გ.). | ![]() |
წმინდა ნიკოლოზ ბანტოვასის მონასტერი / Nikolaus Kofina | Agiou Nikolaou tou Bantova / Agiou Nikolaou Kofina | Αγίου Νικολάου του Μπάντοβα / Αγίου Νικολάου Κοφινά | დაარსდა დაახლოებით 1400 წელს ბანდოვასის კლდეზე. არ არის შემონახული, რადგან 1943 წელს ის გერმანელებმა დაბომბეს და გაანადგურეს. ნანგრევები (39°42′39″N 21°37′20″E / 39.710731° ჩ. გ. 21.622125° ა. გ.), რომლის მიღწევაც შესაძლებელია მეტეორას კლდოვანი კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე მდებარე სამი გამოქვაბულის გავლით. | ![]() |
წმინდა ნიკოლოზ ანაპავსის მონასტერი | Agiou Nikolaou Anapausa | Αγίου Νικολάου Αναπαυσά | დღეს 6 მოქმედი მონასტრიდან ერთ-ერთი. | ![]() |
წმინდა სტეფანეს მონასტერი | Agiou Stefanou | Αγίου Στεφάνου | დღეს 6 მოქმედი მონასტრიდან ერთ-ერთი. | ![]() |
წმინდა სამების მონასტერი | Agias Triados | Αγίας Τριάδος | დღეს 6 მოქმედი მონასტრიდან ერთ-ერთი. | ![]() |
წმინდა მოციქულთა მონასტერი | Agion Apostolon | Αγίων Αποστόλων | ნანგრევებია შემორჩენილი (39°42′42″N 21°37′31″E / 39.711703° ჩ. გ. 21.625157° ა. გ.). დაარსდა XVI საუკუნის დასაწყისში და დოკუმენტებში მოხსენიებულია 1551 წელს. შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები, ფრესკები, ჩუქურთმებული კიბეები და ცისტერნა. მდებარეობს აგიას კლდეზე, მეტეორას კლდოვანი კომპლექსის სამხრეთ კიდეზე. სრული ბერძნული სახელწოდება: Ιερά Μονή Αγίων Αποστόλων (Αϊά).[44] | ![]() |
Monastery of St. Theodore | Agion Theodoron | Αγίων Θεοδώρων | ნანგრევები (39°39′49″N 21°41′41″E / 39.663677° ჩ. გ. 21.694746° ა. გ.) მდებარეობს თეოპეტრის მღვიმის მახლობლად, ქალაქ კალაბაკადან სამხრეთ-აღმოსავლეთით. | |
მირქმის მონასტერი | Ypapantes | Υπαπαντής | დაარსდა 1367 წელს დუპიანის სკიტის წინამძღვრის/აბატის მიერ. 1765 წელს იგი აღადგინა ადგილობრივმა წინამძღოლმა ათანასე ვლახავამ. დღეს იპაპანტისის მონასტერი უმოქმედოა და იშვიათად სტუმრობენ (39°44′00″N 21°37′51″E / 39.733470° ჩ. გ. 21.630868° ა. გ.) თუმცა შენობა აღდგენილია.[45] შენობის შიდა ნაწილი, როგორც წესი, ვიზიტორებისთვის დაკეტილია. მასზე მისვლა შესაძლებელია საფეხმავლო ბილიკებით, რომელთაგან ერთ-ერთი ფტელიასის კლდეზე გადის. | ![]() |
დიდი მეტეორა (ფერისცვალების მონასტერი)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მეტეორის მონასტერი არის უძველესი და უდიდესი მონასტერი მეტეორაში. სავარაუდოდ, მონასტერი აშენდა XIV საუკუნის შუა პერიოდამდე ცოტა ხნით ადრე ათონის მთიდან წარმოშობილი ბერის, წმინდა ათანასე მეტეორელის მიერ.[46] მან მშენებლობა დაიწყო ღვთისმშობლის, ქალწულ მარიამის სახელობის ეკლესიით. მოგვიანებით მან დაამატა პატარა სენაკები, რათა ბერებს შესძლებოდათ კონცენტრირება და ცხოვრება კლდოვანი ფორმაციების თავზე.[47] მონასტრის მეორე სახელია წმინდა ფერისცვალების მონასტერი, რომელი სახელიც მიიღო წმინდა მეტეორელის მიერ აშენებული მეორე ეკლესიისგან. წმინდა ათანასეს მემკვიდრე იყო წმინდა იოასაფი, რომელმაც გააგრძელა მეტი სენაკების, საავადმყოფოს მშენებლობა და განაახლა კლდეებზე არსებული ეკლესიები. მონასტერი აყვავდა XVI საუკუნეში, როდესაც მიიღო მრავალი საიმპერატორო და სამეფო შემოწირულობა.[48] იმ დროს მის სენაკებში სამასზე მეტი ბერი ცხოვრობდა და ლოცულობდა. დიდი მეტეორა კვლავ მოქმედი მონასტერია, 2015 წლის მდგომარეობით იქ სამი ბერი ცხოვრობდა.[49][47]
მონასტერს ყველაზე დიდი სივრცე უკავია, რაც საშუალებას აძლევს მას, ჰქონდეს განსაკუთრებული განლაგება, რომელიც მრავალი შენობითაა შევსებული. კათოლიკონი მიძღვნილია იესოს ფერისცვალებისადმი. მონასტრის პირველი დამაარსებლის განდეგილობის ადგილი არის კლდეში გამოკვეთილი პატარა შენობა. სამზარეულო, ან როგორც ჩვეულებრივ უწოდებენ ჰესტია, არის გუმბათისებრი შენობა სატრაპეზოს ახლოს. ასევე არის საავადმყოფო, თავისი ცნობილი პირველი სართულის სახურავით, რომელიც აგურითაა ნაშენი და ოთხ სვეტზეა დაყრდნობილი. სამი ძველი ეკლესია ან სამლოცველო მოიცავს: წმინდა იოანე ნათლისმცემლის სამლოცველოს, რომელიც მდებარეობს კათოლიკონის საკურთხევლის გვერდით, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სამლოცველოს, რომელიც უნავო ეკლესიაა დიდი კამარით, და ბოლოს, ღვთისმშობლის სამლოცველოს, რომელიც მდებარეობს გამოქვაბულში.[47][50][51]
ვარლაამის მონასტერი (ყველაწმინდა)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვარლაამის მონასტერი არის მეტეორის სიდიდით მეორე მონასტერი. სახელი ვარლაამი მოდის ბერი ვარლაამისგან, რომელიც 1350 წელს აცოცდა კლდეებზე და დაიწყო მონასტრების მშენებლობა. ვარლაამმა ააშენა სამი ეკლესია მასალების კლდის პირზე აწევით. ვარლაამის გარდაცვალების შემდეგ, მონასტერი მიტოვებული იყო ორასი წლის განმავლობაში, სანამ ორი ძმა ბერი, თეოფანე და ნექტარიოს აფსარადესები, XVI საუკუნეში არ მოვიდნენ კლდეზე და არ დაიწყეს ეკლესიების ხელახალი მშენებლობა 1517 წლის ოქტომბერში.[52] ორმა ძმამ ოცდაორი წელი გაატარეს მასალების კლდოვანი ფორმაციის თავზე ატანაში, თუმცა, თავად მშენებლობამ, როგორც ცნობილია, მხოლოდ დაახლოებით ოცი დღე წაიღო.[18] ბერები აქ იმყოფებიან XVI საუკუნიდან, თუმცა მათი რაოდენობა მუდმივად მცირდება XVII საუკუნიდან.[48][18] დღეს მონასტერში მოხვედრა შესაძლებელია კიბეების სერიით, რომლებიც კლდის ჩრდილოეთ მხარეს ადის. მუზეუმი ღიაა მოგზაურებისთვის და შეიცავს რელიკვიებისა და საეკლესიო განძის ფართო სპექტრს. 2015 წლის მდგომარეობით ვარლაამის მონასტერში შვიდი ბერი დარჩა.[18]
რუსანუს მონასტერი (წმინდა ბარბარეს მონასტერი)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვარაუდობენ, რომ რუსანუს მონასტერი, ბევრი სხვა მონასტრის მსგავსად, აშენდა XIV საუკუნეში.[53] ითვლება, რომ საკათედრო ტაძარი აშენდა XVI საუკუნეში და შემდეგ მოიხატა 1540 წელს.
სახელი რუსანუ სავარაუდოდ მომდინარეობს ბერების პირველი ჯგუფისგან, რომლებიც რუსეთიდან დასახლდნენ ამ კლდეზე.[54] მონასტერი მდებარეობს 484 მეტრის სიმაღლეზე. ადგილის შუაში მდებარეობის გამო, ვიზიტორებს შეუძლიათ დაინახონ სხვა მონასტრები, ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრისა და პანტოკრატორის ნანგრევები.[55]
წმინდა ნიკოლოზ ანაპავსის მონასტერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა ნიკოლოზ ანაპავსის მონასტერი მდებარეობს პატარა ვიწრო კლდის თავზე. ის დაახლოებით ოთხმოცი მეტრის სიმაღლისაა და პირველია, რომელსაც მომლოცველები ხვდებიან წმინდა მეტეორასკენ მიმავალ გზაზე. მონასტერი დაარსდა XIV საუკუნის ბოლოს და დღეს გარშემორტყმულია მიტოვებული და დანგრეული მონასტრებით: წმინდა იოანე წინამორბედის, პანტოკრატორისა და ღვთისმშობლის დუპიანის სამლოცველოთი.[56] მონასტერი მომლოცველთა დასასვენებელ ადგილად გამოიყენებოდა და სწრაფად მიიღო სახელი ანაპავსი (თანამედროვე წარმოთქმით ანაპაფსეოსი), რაც ნიშნავს „დასვენებას“.[13][14] ვიწრო ზედაპირზე განლაგების გამო, სართულები შიდა კიბით არის დაკავშირებული. მესამე სართულზე განთავსებულია წმინდა ტრაპეზი და კედლები მოხატულია XIV საუკუნის ფრესკებით. მონასტერი რესტავრირებულია XVI საუკუნეში და შემდეგ 1960-იან წლებში.[14]
წმინდა სამების მონასტერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა სამების მონასტერი სავარაუდოდ აშენდა XIV-XV საუკუნეებში. ამაზე ადრეც, ძველმა ბერძნებმა დააარსეს განდეგილთა სადგომები კლდის ძირში.[57] XIV საუკუნეში იოანე უროში გადავიდა მეტეორაში და კლდის წვერზე ააშენა და გააფართოვა მონასტრები. მან წმინდა თავშესაფრები პოლიტიკური არეულობის დროს უსაფრთხო ადგილად გადააქცია.[13] ბერი დომეტიუსი ითვლება მონასტრის დამაარსებლად, რომელიც წმინდა სამების ადგილზე 1438 წელს ჩავიდა. თავად მონასტერი, სავარაუდოდ, აშენდა 1475-1476 წლებში.[58] ზოგიერთი ამბობს, რომ მონასტრის ზუსტი მშენებლობის თარიღი, ბევრი სხვა მონასტრის მსგავსად, უცნობია. XVI საუკუნის ბოლოსთვის ეს იყო ბოლო ექვსი მონასტრიდან ერთ-ერთი, რომელიც კვლავ მეტეორას მწვერვალზე იდგა.[16]
წმინდა სტეფანეს მონასტერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა სტეფანეს მონასტერი მდებარეობს პლატოსმაგვარ სტრუქტურაზე. ითვლება, რომ თავდაპირველი მონასტერი აშენდა XIV საუკუნეში, თუმცა, ახალი კათოლიკონი აშენდა 1798 წელს, რაც მას ყველა მეტეორიტული სტრუქტურიდან უახლესს ხდის.[59] მონასტერი შედგება მრავალი შენობისგან, მათ შორის ახალი კათოლიკონისგან, ჰესტიისგან (სამზარეულო), ძველი სატრაპეზოსგან, რომელიც მას შემდეგ მუზეუმად იქცა, და სხვადასხვა დანიშნულების ოთახებისგან.[60] მათ შორისაა სახელოსნოები ფერწერისთვის, ქარგვისთვის და საკმევლის დამზადებისათვის. ეკლესიის შიდა ნაწილი მოხატული იყო ფრესკებით 1545 წლის შემდეგ მოკლე პერიოდის განმავლობაში. თუმცა, მსოფლიო ომების დროს, მონასტრები მძიმედ დაიბომბა და გაიძარცვა იმ მიზეზით, რომ ბერები მალავდნენ ლტოლვილებს.[59] 2015 წლის მდგომარეობით, წმინდა სტეფანეს მონასტერი 28 მონაზონის სახლია მას შემდეგ, რაც ის 1961 წელს დედათა მონასტრად გადაკეთდა.[59]
რეკრეაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტეორა პოპულარულია ლაშქრობის მოყვარულებისთვის, ბილიკებზე მორბენალებისთვის, მთის ველოსიპედისტებისათვისა და მთამსვლელებისათის. მოყვარულები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან მეტეორაზე, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში. მეტეორას MTB რბოლა, ასევე ცნობილი როგორც ვასილის ეფსტათიუს (Βασίλης Ευσταθίου) MTB რბოლა, მეტეორაში ტარდება ყოველწლიურად.[61]
პოპულარულ კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმინდა სამების მონასტერში 1981 წელს გადაიღეს ჯეიმს ბონდის ფილმი „მხოლოდ თქვენი თვალებისათვის“.[62]
- 1957 წლის ფილმი „ბიჭი დელფინზე“ ნაწილობრივ მეტეორაშია გადაღებული.[63] კლიფტონ ვების პერსონაჟი მეტეორას სტუმრობს და წმინდა სამების მონასტერში ადის ბიბლიოთეკაში კვლევის ჩასატარებლად.
- „ტენტენისა და ოქროს საწმისის“ სცენები ასევე მეტეორას მონასტრებში გადაიღეს.
- მიჩინა, ფილმის „პოკემონი: არცეუსი და სიცოცხლის ძვირფასი ქვა“, მთავარი გარემო, მეტეორაზეა დაფუძნებული.
- მეტეორა ინგლისელი ავტორის, ჯოზეფ დელანის, მხატვრულ წიგნში „მოჩვენების მსხვერპლი“ მთავარი ადგილია.
- მაქს ბრუკსის ზომბი აპოკალიფსის შესახებ რომანის „მსოფლიო ომი Z“-ს, ზომბების ომის დროს ერთ-ერთი გადარჩენილი პერსონაჟი თავშესაფარსა და სულიერ სიმშვიდეს მონასტრებში პოულობს.
- სპიროს სტათულოპულოსის 2012 წლის ფილმი „მეტეორა“ მეტეორას მონასტრებსა და პეიზაჟებში ვითარდება.
- ფრანგი ავტორის, ფრანკ ჟირუს კომიქსების სერიის „დეკალოგის“ მესამე ტომის ძირითადი ადგილმდებარეობა და სახელწოდება მეტეორას ეფუძნება.
- Call of Duty: Modern Warfare 3-ის DLC რუკა „Sanctuary“ მეტეორას მონასტრებშია მოქცეული.
- Linkin Park-ის 2003 წლის ალბომი მეტეორას სახელწოდებას ატარებს.
- მონასტრები გადაღების ადგილად გამოიყენეს 1976 წლის სათავგადასავლო ფილმში Sky Riders.[64] სადაც თამაშობდნენ სუზანა იორკი, ჯეიმს კობურნი და რობერტ კალპი.
- სერიალის „ახალგაზრდა ინდიანა ჯონსის ქრონიკების“ ეპიზოდში „მოგზაურობა მამასთან ერთად“, ინდიანა და მისი მამა მეტეორას სტუმრობენ.
- მეტეორა გახდა შთაგონების წყარო სერიალ Game of Thrones-ში არსებული ეირის შექმნისთვის.[65]
- Assassin's Creed Odyssey-ის ერთ-ერთი თავის „The Fate of Atlantis“ ელიზიუმის სამეფოს დიზაინი შთაგონებული იყო მეტეორას გეოლოგიური ფორმებით.
- მეტეორა იყო პირველი გამოწვევის ადგილი ბელგიურ რეალითი შოუ De Mol-ის მერვე სეზონში.[66]
- მოჭიდავე CIMA-ს მიერ შემუშავებული ინოვაციური ილეთი მეტეორას სახელს ატარებს, რადგან სწორედ იქ სთხოვა მან ცოლს ხელი.
- 1996 წლის თამაშის Tomb Raider და მისი 2007 წლის რიმეიქის დონის „St. Francis' Folly“ გარე დიზაინი შთაგონებული იყო მეტეორას მაღალმთიანი მონასტრებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fotis, Kotopoulis (1973). Meteora (- Kastraki – Aiginion). Athens: Difros. // Κοτοπούλης Φώτης, Μετέωρα (- Καστράκι – Αιγίνιον), εκδ. Δίφρος, Athens 1973.
- Ioannis, Papasotiriou (1934). Meteora, Trikala: Panourgia. // Παπασωτηρίου Ιωάννης, Τα Μετέωρα, εκδ. Πανουργιά, Τρίκαλα 1934.
- Ioannis, Papasotiriou, The Meteora, ed. Panourgia, Trikala 1934. // Παπασωτηρίου Ιωάννης, Τα Μετέωρα, εκδ. Πανουργιά, Τρίκαλα 1934.
- Nikolaos, Vais, "Contribution to the history of the monasteries of Meteora", Byzantius 1, 1909, p. 236, 274–276. // Βέης Νικόλαος, «Συμβολή εις την ιστορία των μονών των Μετεώρων», Βυζαντίς 1, 1909, σελ. 236, 274–276.
- Nikolaos, Vais, "Serbian and Byzantine letters of Meteora", Byzantius 2 (1910/11) pp. 89–96. // Βέης Νικόλαος, «Σερβικά και Βυζαντιακά γράμματα Μετεώρου», Βυζαντίς, 2 (1910/11) σελ. 89–96 & Σπανός Βασίλειος, Ιστορία-Προσωπογραφία της Β.Δ. Θεσσαλίας το β' μισό του ΙΔ' αιώνα, Λάρισα 1995.
- Reader's Digest. Strange Worlds Amazing Places (1994), 432 pp. Published: Reader's Digest Association Limited, London. ISBN 0-276-42111-6.
- Spyridon, Vlioras (2017). Holy Meteora – The rocks that neighbour heaven, trans. Caroline Makropoulos. Athens: Militos (Μίλητος). ISBN 978-960-464-925-9.
- Theotokni [Mitsikostas], Nun (2010). The stone forest of Meteora, vol. 1, Meteora: Holy Ascetic. // Θεοτέκνη [Μητσικώστα] μοναχή. Το Πέτρινο Δάσος των Μετεώρων, τ. αʼ: Ιερά ασκητήρια. Άγια Μετέωρα: Ιερό Κοινόβιο Αγίου Στεφάνου. 2010. ISBN 978-960-86366-5-1.
- Vasilios, Spanos History-Prosopography of NW Thessaly in the second half of the 14th century, Larissa 1995. // Σπανός Βασίλειος, Ιστορία-Προσωπογραφία της Β.Δ. Θεσσαλίας το β' μισό του ΙΔ' αιώνα, Λάρισα 1995.
- Βλιώρας Σπυρίδων, Ἱερὰ Μονὴ Ρουσάνου – Ἅγια Μετέωρα: Οἱ οὐρανογείτονες βράχοι, εκδ. Μίλητος, Αθήνα 2017, σελ. 178, ISBN 978-960-464-911-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Meteora beyond monasteries: a unique place in central Greece
- The Meteora monasteries დაარქივებული 2021-07-11 საიტზე Wayback Machine.
- Suspended in the air | Meteora timelapse video of Meteora
- Natural History Museum of Meteora and Mushroom Museum Kalambaka
- Meteora Trails
- მეტეორა: ცასა და მიწას შორის
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Meteora. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2025.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Sofianos, D.Z.: "Metéora". Holy Monastery of Great Meteoro, 1991.
- ↑ მეტეორა: ცასა და მიწას შორის
- ↑ Y. Facorellis, N. Kyparissi-Apostolika and Y. Maniatis 2001 The cave of Theopetra, Kalambaka: radiocarbon evidence f Radiocarbon 43 (2B): 1029–48
- ↑ [1] დაარქივებული 6 December 2014 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Nicol, Donald MacGillivray. Meteora : The Rock Monasteries of Thessaly by Donald M Nicol. Chapman and Hall, 1963. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=cat06787a&AN=chc.b1193287&site=eds-live&scope=site. p. 1-2
- ↑ Henry Holland (7 June 2012). Travels in the Ionian Isles, Albania, Thessaly, Macedonia, Etc.: During the Years 1812 and 1813. Cambridge University Press, გვ. 241–. ISBN 978-1-108-05044-9.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Rassios, Anne Ewing; Ghikas, Dina; Dilek, Yildirim; Vamvaka, Agni; Batsi, Anna; Koutsovitis, Petros (28 September 2020). „Meteora: a Billion Years of Geological History in Greece to Create a World Heritage Site“. Geoheritage. Springer Science and Business Media LLC. 12 (4): 83. Bibcode:2020Geohe..12...83R. doi:10.1007/s12371-020-00509-9. ISSN 1867-2477. S2CID 221986191.
- ↑ General info about Meteora.
- ↑ Cave of Theopetra will remain closed – VisitMeteora.travel (30 June 2016).
- ↑ Theopetra's Prehistoric Cave from Visit Meteora Travel. Retrieved 26, Jul 2013.
- ↑ Oldest known man made structure found in Greece დაარქივებული 6 December 2014 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 13.0 13.1 13.2 Hellander, Paul (2008). Greece. Lonely Planet. ISBN 978-1-74104-656-4. OCLC 182664010.
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 "Holy Monastery of Saint Nicholas Anapafsas." Kalampaka.com, 10 July 2016.
- ↑ Meteora. ციტირების თარიღი: 2016-09-27
- ↑ 16.0 16.1 16.2 Hammond, Peter (1965). „Meteora: the Rock Monasteries of Thessaly. By Donald M. Nicol. London: Chapman & Hall, 1963“. The Journal of Ecclesiastical History. Cambridge University Press (CUP). 16 (2): 229. doi:10.1017/s0022046900054099. ISSN 0022-0469. S2CID 161659078.
- ↑ Alexis G. C. Savvides (1998), "Splintered medieval hellenism: The semi-autonomous state of Thessaly (AD 1213/1222 to 1454/1470) and its place in history", Byzantion (Peeters Publishers) 68 (2): 406–418
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 "Holy Monastery of Varlaam." Kalampaka.com, 10 July 2016, https://www.kalampaka.com/en/meteora-monasteries/monastery-of-varlaam/ .
- ↑ Greece Meteora – Travel with a Challenge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 3 April 2018
- ↑ Bruce B. Janz (29 April 2017). Place, Space and Hermeneutics. Springer, გვ. 67–. ISBN 978-3-319-52214-2.
- ↑ Meteora, Connecting with Heaven presented in History section. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 3 April 2018
- ↑ Regina Maria, prima femeie la Marea Meteoră. Fotografii inedite din interiorul mănăstirii, făcute chiar în timpul vizitei reginei :: Spiritualitate :: Calea, adevarul si viata :: Revista Felicia. ციტირების თარიღი: 2015-04-19
- ↑ Damaged in World War II – World Heritage Site – Pictures, Info and Travel Reports.
- ↑ 8 κορυφαία αξιοθέατα σε Μετέωρα – 2022 el. ციტირების თარიღი: 2022-06-02[მკვდარი ბმული]
- ↑ OpenStreetMap.
- ↑ Meteora, Rock climbing (11 May 2016). ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Node: Δούπιανη (1333712611) (10 May 2020). ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Meteora-Doupiani. ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Meteora-Holy Ghost. ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ 30.0 30.1 30.2 30.3 30.4 Μετέωρα: Ικριωματικά καταφύγια. Δημοκρίτειο Πανεπιστήμιο Θράκης (Τμήμα Αρχιτεκτόνων Μηχανικών) (December 2019). ციტირების თარიღი: 2022-06-08
- ↑ Meteora-Delta Spur. ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Node: 4382627843 (22 February 2020). ციტირების თარიღი: 2022-06-21
- ↑ Meteora-Sourloti. ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Node: Άλτσος / Άλσος (3830643354) (26 April 2020). ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Way: Πυξάρι (629598668) (28 May 2022). ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Map of Monasteries, Meteora. Baedeker, PlanetWare.
- ↑ Node: Μπάντοβας (3830668064) (26 April 2020). ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Node: Αμπάρια (1333712546) (26 April 2020). ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Meteora-Ambaria. ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ ΜΕΤΕΩΡΑ el. ციტირების თარიღი: 2022-06-02
- ↑ 41.0 41.1 Provatakis, Theocharis M. (2006). Meteora: History of monasteries and monasticism. Michalis Toubis Publications S.A.. ISBN 960-540-095-2.
- ↑ 42.0 42.1 Vlioras, Spyridon. (2017) Μετεωρικές μονές: Συμβολή στον απαιτούμενο και ευκταίο διάλογο el. ციტირების თარიღი: 2022-06-02
- ↑ Node: Άγιος Δημήτριος (4332250541) (4 May 2020). ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Ερειπωμένα ναι, ξεχασμένα όχι! Μια αναφορά στις Μετεωρίτικες μονές των Αγίων Αποστόλων el. ციტირების თარიღი: 2022-06-03
- ↑ Sofianos Z. Dimitrios, Deriziotis Lazaros, The Holy Monastery of Ipapanti of Meteora. Academy of Athens, 2011, ISBN 978-960-404-218-0. // Σοφιανός Ζ. Δημήτριος, Δεριζιώτης Λάζαρος, Η Ιερά Μονή της Υπαπαντής των Μετεώρων. Δεύτερο μισό του 14ου αιώνα, εκδ. Ακαδημία Αθηνών, 2011, σελ. 184, ISBN 978-960-404-218-0.
- ↑ Nicol, Donald MacGillivray. Meteora : The Rock Monasteries of Thessaly by Donald M Nicol. Chapman and Hall, 1963. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=cat06787a&AN=chc.b1193287&site=eds-live&scope=site. p. 3
- ↑ 47.0 47.1 47.2 Meteora Tourist Information en-US (30 November 2015). ციტირების თარიღი: 2021-12-02
- ↑ 48.0 48.1 Poulios, Ioannis. Living Sites : The Past in the Present : The Monastic Site of Meteora, Greece : Towards a New Approach to Conservation. Jan. 2008. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=edsble&AN=edsble.503480&site=eds-live&scope=site. p149
- ↑ Poulios, Ioannis. Living Sites : The Past in the Present : The Monastic Site of Meteora, Greece : Towards a New Approach to Conservation. Jan. 2008. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=edsble&AN=edsble.503480&site=eds-live&scope=site. p15
- ↑ "Look inside Meteora, a Remote Complex of Monasteries Built Thousands of Feet above the Ground in Greece." The Business Insider (Blogs on Demand), June 2020. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=edsgao&AN=edsgcl.655327382&site=eds-live&scope=site.
- ↑ Nicol, Donald MacGillivray. Meteora : The Rock Monasteries of Thessaly by Donald M Nicol. Chapman and Hall, 1963. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=cat06787a&AN=chc.b1193287&site=eds-live&scope=site. p. 78
- ↑ Nicol, Donald MacGillivray. Meteora : The Rock Monasteries of Thessaly by Donald M Nicol. Chapman and Hall, 1963. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=cat06787a&AN=chc.b1193287&site=eds-live&scope=site. pg. 135–137
- ↑ Nicol, Donald MacGillivray. Meteora : The Rock Monasteries of Thessaly by Donald M Nicol. Chapman and Hall, 1963. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=cat06787a&AN=chc.b1193287&site=eds-live&scope=site. pg. 144
- ↑ Nicol, Donald MacGillivray. Meteora : The Rock Monasteries of Thessaly by Donald M Nicol. Chapman and Hall, 1963. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=cat06787a&AN=chc.b1193287&site=eds-live&scope=site. pg 147
- ↑ "Holy Monastery of Rousanou." Kalampaka.com, 10 July 2016.
- ↑ Nicol, Donald MacGillivray. Meteora : The Rock Monasteries of Thessaly by Donald M Nicol. Chapman and Hall, 1963. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=cat06787a&AN=chc.b1193287&site=eds-live&scope=site. p. 158
- ↑ "Holy Monastery of Holy Trinity." Kalampaka.com, 10 July 2016, https://www.kalampaka.com/en/meteora-monasteries/monastery-of-holy-trinity/ .
- ↑ Conder, Josiah (1830). Turkey. J. Duncan. p. 348.
- ↑ 59.0 59.1 59.2 "Holy Monastery of Saint Stephen." Kalampaka.com, 10 July 2016, https://www.kalampaka.com/en/meteora-monasteries/monastery-of-saint-stephen/ .
- ↑ Nicol, Donald MacGillivray. Meteora : The Rock Monasteries of Thessaly by Donald M Nicol. Chapman and Hall, 1963. EBSCOhost, search-ebscohost-com.holycross.idm.oclc.org/login.aspx?direct=true&db=cat06787a&AN=chc.b1193287&site=eds-live&scope=site. p. 164-166
- ↑ Meteora MTB Race – Βασίλης Ευσταθίου el. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-21. ციტირების თარიღი: 2022-06-02
- ↑ For Your Eyes Only (1981). ციტირების თარიღი: 3 April 2018
- ↑ Boy on a Dolphin (1957) – IMDb.
- ↑ Hodgson, Mark. (17 December 2010) BLACK HOLE REVIEWS: SKY RIDERS (1976) – best ever hang gliding action movie.... ციტირების თარიღი: 3 April 2018
- ↑ A breathtaking spot in Greece served as inspiration for 'Game of Thrones'
- ↑ Debi, Eline. (8 March 2020) 'De Mol': een advocaat zonder geweten en een (verdacht) blinde mol in aflevering 1 nl. ციტირების თარიღი: 10 March 2020
|