ეფემია მესხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მესხი, ეფემია)
ეფემია მესხი
დაბადების თარიღი 11 ივლისი, 1862
ქუთაისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 28 თებერვალი, 1941 (78 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ივანე გეპნერი

ეფემია სიმონის ასული მესხი (დ. 11 ივლისი,1862, ქ. ქუთაისი — გ. 28 თებერვალი, 1941, თბილისი, დიდუბის პანთეონი) — ქართველი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1922).

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფემია მესხი სიმონ მესხისა და მაგდანა მარჯანიშვილის ცამეტშვილიანი ოჯახის მეათე შვილი იყო. ამ ოჯახმა ქართულ კულტურას შესძინა რამდენიმე მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მწერალი: გიორგი მესხი (პედაგოგი, მისი შვილიშვილი იყო მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე), სერგეი მესხი (მწერალი, პუბლისცისტი, საზოგადო მოღვაწე), ივანე მესხი (მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი), ანა მესხი (მსახიობი, მთარგმნელი), კოტე მესხი (მსახიობი, რეჟისორი), დავით მესხი (მთარგმნელი, ჟურნალისტი), მარიამ მესხი (მსახიობ ბარბარე გამრეკელის და რეჟისორ ნინო გამრეკელის დედა). მაგდანა მარჯანიშვილი იყო მსახიობ კოტე მარჯანიშვილის მამიდა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველდაწყებითი განათლება ეფემიამ ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. 1877 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლე, თბილისში უფროს ძმასთან, სერგეისთან გადავიდა საცხოვრებლად. სერგეი მესხი ამ დროს გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო და რედაქციაც ბინაზე ჰქონდა. „დროების“ რედაქციაში ხშირად იკრიბებოდნენ იმდროინდელი საქართველოს ცნობილი მწერლები, პოეტები და მიუხედავად იმისა რომ ეფემიამ ვერ მოახერხა გიმნაზიის დამთავრება, ეს საზოგადოებრივი წრე შესანიშნავი სკოლა იყო მისთვის. თბილისში ეფემიას სიმღერას ფილიმონ ქორიძე ასწავლიდა. ეფემიამ თავისი ნიჭი ლიტერატურაშიც სცადა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული თეატრის მიმართ, რომ უარი თქვა ყველაფერზე და თავისი ცხოვრება სცენას დაუკავშირა.

თეატრალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფემია 1882 წლის 13 იანვარს, პირველად გამოვიდა სცენაზე თბილისის პროფესიულ თეატრში. შეასრულა ლუიზას როლი კომედიაში „პარიზელი ბიჭი“. ეფემია მესხის დებიუტი სცენაზე განსაკუთრებული აღმოჩნდა და დაიწყო მისი წარმატებული და ხანგრძლივი გზა ქართულ თეატრში. ამავე წელს ეფემიამ მონაწილეობა მიიღო კოტე ყიფიანის ბენეფისში, შეასრულა შვილის როლი (ო. ვაკერის „ჟან ბოდრი“).

ქუთაისის დრამატული დასი. 1902 წელი. ფოტოზე ცენტრში — ეფემია მესხი

1885 წელს კოტე მესხმა ქუთაისში ჩამოაყალიბა მუდმივი პროფესიული ქართული დასი და ეფემიაც თან წაიყვანა. კვირაში ორჯერ მართავდნენ წარმოდგენებს ხარაზიშვილის ძველ თეატრში, სადაც იდგმებოდა კომედიები, დრამები, მელოდრამები, ალექსანდრე სუმბათაშვილ–იუჟინის, ავქსენტი ცაგარელის, გიორგი ერისთავის, პიესები. ქუთაისის სცენაზე ეფემია მესხის მიერ შესრულებული პირველი საპასუხისმგებლო როლი იყო პეპოს დედის შუშანას როლი „გაბრიელ სუნდუკიანის“ პიესაში „პეპო“ (1886). სწორედ ქუთაისის სცენაზე ყალიბდება ეფემია დრამატული როლების შესანიშნავ შემსრულებლად, რომელმაც შექმნა მარგარიტა გოტიეს, მედეას, კატრინ იუბშეს, დალილას დაუვიწყარი სახეები.

1893 წელს თბილისის დრამატული საზოგადოების მოწვევით კოტე და ეფემია მესხები საგასტროლოდ თბილისში ჩადიან. იმდროინდელ გაზეთებში რეცენზენტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეფემია მესხი ქართული თეატრის დიდი შენაძენია და ულოცავდნენ ქართულ სცენას მის გამოჩენას.

ეფემია მესხის პორტრეტი

ეფემია მესხის მიერ განსახიერებული როლების რაოდენობა ორასამდე აღწევს. იგი ასრულებდა როგორც კომედიურ, ისე დრამატულ როლებს: ქეთევან დედოფალი (ალექსანდრე ყაზბეგის „ქეთევან წამებული“), ტურფა (აკაკი წერეთლის „პატარა კახი“), ქეთევანი (დავით ერისთავის „სამშობლო“), დედა (ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“), თამარი (აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერი“), ზეინაბი (ალექსანდრე სუმბათაშვილ–იუჟინის „ღალატი“), ოფელია, დეზდემონა (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“, „ოტელო“), მარგარიტა გოტიე (ალექსანდრე დიუმას „მარგარიტა გოტიე“).

1898 წელს ეფემია მესხი მეუღლესთან, ივანე გეპნერთან ერთად ქ. ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად. 1900–1902 წლებში ბაქოში დაარსდა დრამატული წრე, მოგვიანებით კი ქართული თეატრი, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი ეფემია იყო. ემსახურებოდა რა ქართულ თეატრს, ეფემია მესხი მოგზაურობდა ბაქოდან თბილისში, შემდეგ ქუთაისში, ბათუმში და ისევ ბაქოში.

1908 წელს ეფემია მესხი ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნდა და ექვსი წლის განმავლობაში ზუბალაშვილების სახალხო სახლში მუშაობდა. 1910 წელს მიიწვიეს თბილისის დრამატულ თეატრში, რომლის დაწვის შემდეგ, მოღვაწეობდა ქუთაისისა და ბათუმის თეატრებში. 1913–1914 წლის სეზონში ბათუმის თეატრში ითამაშა შალვა დადიანის რეჟისორობით განხორციელებულ სპექტაკლებში: მედეა (ა. სუვორინის, ვ. ბურენინის „მედეა“), მადამ სანჟენი (ვ. სარდუს, ა. მოროს „მადამ სან-ჟენი“), ბეატრიჩე (ოსკარ უაილდის „პადუის დედოფალი“) და სხვ.

1917 წლიდან ეფემია მესხი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922 წელს მას სასცენო მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადეს და ერთ–ერთ პირველთაგანს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. მსახიობის იუბილე აღინიშნა თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ჭიათურაში. ქართული თეატრის სცენაზე ეფემია მესხმა 50 წელი იღვაწა, რომელიც დავით მესხმა ასე შეაფასა: „კოტემ და ფეფიკომ ქართული თეატრის ეპოქა შექმნეს, ეპოქა მომხიბლავი თამაშისა, რაც მანამდის ქართულ სცენას არ ენახა. ფეფიკომდე და არც მის შემდეგ უკეთესი ზეინაბის ამსრულებელი არ უხილავს ჩვენს სცენას. ქართულ თეატრში არც ადრე და არც შემდეგ სცენიდან არ მსმენია მე ასეთი ტკბილი, მომაჯადოებელი ხმა, როგორც ფეფიკოს ჰქონდა“.[1]

საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფემია მესხი იყო არა მარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ აქტიური საზოგადო მოღვაწეც იყო. თავისუფლებისა და კავკასიელ ხალხთა გაერთიანების მიზნით პირველმა გამოთქვა სურვილი ჩამოეყალიბებინა კავკასიელ ქალთა საზოგადოება, რომელშიც ქართული ავტონომიურ სექციად მოიაზრებოდა. ყრილობამ ეფემია მესხი ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედაც აირჩია, მაგრამ საბოლოოდ მან უარი განაცხადა. ამგვარად, ეფემია მესხი იყო საქართველოში ქართველი ქალების პირველი საზოგადო ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატორი.

ასევე დიდი იყო ეფემია მესხის წვლილი საქართველოში სინემატოგრაფიის ჩამოყალიბების საქმეში. ეფემია მესხის ხელშეწყობით ქუთაისელმა ვასილ ამაშუკელმა მოსკოვში შეისწავლა კინომატოგრაფია და მოსკოვიდან დაბრუნებულმა ჯერ ბაქოში დაიწყო მიკრო დოკუმენტური ფილმების გადაღება და საბოლოოდ – ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ შექმნა.

1941 წელს ღრმად მოხუცი ეფემია მესხი თბილისში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ეფემია მესხი“, შემდგ. მაყვალა ცხომარია, თბ., 1957
  • რამაზ სურმანიძე, „ივანე მესხი“, თბ., 2013

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ეფემია მესხი : [მოგონებები, სტატიები და წერილები მსახიობისა / შემდგ. შეს. სტატია და შენიშვნები მაყვალა ცხომარიასი]. - თბ. : ხელოვნება, 1957