შინაარსზე გადასვლა

მესინის მიწისძვრა (1908)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მესინის ნანგრევები მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ. გადაღებულია ნავსადგურთან.

მესინის მიწიძვრა1908 წლის 28 დეკემბერს სამხრეთ იტალიაში, სიცილიასა და კალაბრიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 7.1 იყო, მაქსიმალური მერკალის ინტენსივობა კი XI (ექსტრემალური). ეპიცენტრი მესინას სრუტეში იყო, რომელიც სიცილიას იტალიის მატერიკისგან ჰყოფს. მესინასა და რეჯო-დი-კალაბრიას ქალაქები თითქმის განადგურდა და დაახლოებით 120 000 ადამიანი დაიღუპა, რაც მას ევროპის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრად აქცევს.

მიწისძვრის გამომწვევი მიზეზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, მიწისძვრა გამოიწვია დიდმა, დაბალი კუთხით სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილმა, ბრმა ნორმალურმა ნაპრალმა, რომელიც ძირითადად მესინის სრუტის ოფშორულ ზონაში, ტექტონიკურ ფილებს შორის მდებარეობს.[1] მისი ზედა პროექცია დედამიწის ზედაპირს სრუტის დასავლეთ, სიცილიურ მხარეს კვეთს.[2] 2019 წელს ლონდონის ბირკბეკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს მიწისძვრაზე პასუხისმგებელი აქტიური ნაპრალი. კვლევის დროს, რომელსაც მარკო მეშისი ხელმძღვანელობდა, ნაპრალი იდენტიფიცირებული იქნა როგორც მანამდე რუკაზე დატანილი, მაგრამ ნაკლებად შესწავლილი მესინა-ტაორმინას ნაპრალი, რომელიც სიცილიის სანაპიროსთან მდებარეობს და მესინის სრუტის გასწვრივ მიყვება. გუნდმა გამოიყენა 1907–1908 წლების მონაცემები მესინისა და კალაბრიის რეგიონში დაფიქსირებული ფილების მოძრაობის გამოსაკვლევად, რომლებიც ძლიერ ჰგავდა ნორმალური ნაპრალებით გამოწვეული სხვა ძლიერი მიწისძვრების შედეგებს. ცნობილ ნაპრალებზე მოძრაობის მიმართულებისა და მასშტაბის შედარების შემდეგ მესინასა და კალაბრიაში დაფიქსირებულ ზედაპირულ მოძრაობებთან, მკვლევრებმა დაადგინეს სავარაუდო აქტიური ნაპრალი, რომელმაც კატასტროფული მიწისძვრა გამოიწვია, ასევე მოძრაობების მიმართულება და ზომა.[3]

იტალია მდებარეობს აფრიკის ფილის სასაზღვრო ზონაში და ეს ფილა 25მმ/წელიწადში სიჩქარით აწვება ევროპის ქვეშ არსებულ ზღვის ფსკერს. ეს იწვევს ვერტიკალურ გადაადგილებას, რამაც შესაძლოა მიწისძვრები გამოიწვიოს.[4] მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით 110-მა სეისმოგრაფიულმა სადგურმა დააფიქსირა,[5] და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ინსტრუმენტულად ჩაიწერა.

მესინის სრუტე წარმოადგენს რეგიონული ტექტონიკური სტრუქტურის, ე.წ. კალაბრიის რკალის ნაწილს. ეს არის დიფერენცირებული აზევების არეალი, რომელიც გამომდინარეობს იონიისა და სამხრეთ ტირენიის ტექტონიკური ერთეულების დინამიკიდან — ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ ლითოსფერული მიკროფილების ბლოკებს, რომლებიც იდენტიფიცირებულია აფრიკა-ევრაზიის კონტაქტის ძლიერ ფრაგმენტირებულ იტალიურ ნაწილში.[6] ბოლო საუკუნეების ზოგიერთი უძლიერესი მიწისძვრა სწორედ კალაბრიის რკალში მოხდა, მაგალითად, 1783 და 1905 წლების კალაბრიის მიწისძვრები.[6]

ჩანაწერები მოწმობს, რომ 28 დეკემბრამდე რამდენიმე თვით ადრე მესინის სრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი სეისმური აქტივობა შეინიშნებოდა; ინტენსივობა გაიზარდა 1 ნოემბრიდან. 10 დეკემბერს 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ დააზიანა რამდენიმე შენობა ნოვარა-დი-სიცილიასა და მონტალბანო-ელიკონაში, ორივე მესინის პროვინციაში მდებარეობს.[7]

1908 წლის 28 დეკემბრიდან 1909 წლის 11 მარტამდე პერიოდში სულ 293 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.[8]

2008 წელს გაჟღერდა მოსაზრება, რომ თანმხლები ცუნამი არა უშუალოდ მიწისძვრამ, არამედ მის მიერ გამოწვეულმა დიდმა წყალქვშა მეწყერმა წარმოქმნა. ცუნამის სავარაუდო წყარო იყო ჯარდინი-ნაქსოსთან (მესინიდან 40 კმ სამხრეთით), სიცილიის სანაპიროზე, სადაც იონიის ზღვის ფსკერის ბათიმეტრიულ რუკაზე აშკარად ჩანდა დიდი წყალქვეშა მეწყერული სხეული.[9] სხვა კვლევამ ცუნამის წყაროდ მიიჩნია მეწყერი, რომელიც ჩამოწვა ჩრდილო-აღმოსავლეთ სიცილიისა და სამხრეთ კალაბრიის სანაპიროებთან, სავარაუდოდ, კალაბრიაში, სან-ლეოსა და ბოკალეს შორის.[10]

მესინის მიწისძვრის სეისმოგრამა
მესინის პორტი დაახლოებით 1900 წელს, მიწისძვრამდე და ცუნამამდე

ორშაბათს, 1908 წლის 28 დეკემბერს, 5:20:27 საათზე[11] მოხდა 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა.[12] მისი ეპიცენტრი მესინის სრუტეში მდებარეობდა, რომელიც აცალკევებს დატვირთულ სიცილიურ საპორტო ქალაქ მესინას კონტინენტურ იტალიაში მდებარე რეჯო-კალაბრიისგან. მისი ზუსტი ეპიცენტრი დაფიქსირდა იონიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, სრუტის ყველაზე ვიწრო სექციასთან ახლოს, მესინასთან.[9] მისი სიღრმე დაახლოებით 9 კილომეტრს შეადგენდა.[13]

მიწისძვრამ მესინა თითქმის მიწასთან გაასწორა. მესინაში ნაგებობების სულ მცირე 91% განადგურდა ან გამოუსწორებლად დაზიანდა, ხოლო ქალაქსა და მის გარეუბნებში 75,000 ადამიანი დაიღუპა.[14][15] რეჯო-კალაბრიამ და კალაბრიის სხვა დასახლებებმა ასევე მძიმე ზარალი განიცადეს, სადაც დაახლოებით 25,000 ადამიანი დაიღუპა.[14] რეჯოს ისტორიული ცენტრი თითქმის მთლიანად განადგურდა. მსხვერპლის რაოდენობა ეფუძნება 1901 და 1911 წლების აღწერის მონაცემებს. ეს იყო ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა ევროპის ისტორიაში.[16][17] მიწა 37 წამის განმავლობაში ირყეოდა,[5] ხოლო ნგრევა მასშტაბური იყო და გავრცელდა 4300 კმ² ფართობზე.[8]

კალაბრიაში მიწა ძლიერ ირყეოდა შილადან რეჯოს სამხრეთით,[8] რამაც გამოიწვია მეწყერები რეჯოს მიმდებარე ტერიტორიებსა და ზღვისპირა კლდეებზე შილადან ბანიარამდე. კალაბრიის კომუნაში, პალმიში, ტირენიის სანაპიროზე, ნგრევამ 600 ადამიანი იმსხვერპლა. ზიანი მიადგა სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროსაც, თუმცა მხოლოდ მესინა დაზარალდა ისევე მძიმედ, როგორც კალაბრია. მეზოსეისმური ზონა შემოიფარგლებოდა სანაპიროს გასწვრივ 4 კილომეტრიანი ზოლით, რომელმაც დაანგრია მესინა და მიმდებარე სოფლები. კატანიას, აღმოსავლეთ სიცილიის უდიდეს ქალაქს, მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია.[8]

ახალგაზრდა ექიმი, რომელიც გადარჩა, მოგვიანებით იხსენებდა: „ღრმა სიჩუმე გაკვეთა არაჩვეულებრივმა ხმაურმა, რომელიც ათასი ბომბის აფეთქებას ჰგავდა, რასაც მოჰყვა ნიაღვარი და თავსხმა წვიმა“. შემდეგ მან გაიგო „საზარელი სტვენის ხმა“, რომელიც შეადარა „ათასობით გახურებული რკინის შიშხინს წყალში“.[18][19] სხვა გადარჩენილები აღნიშნავდნენ, რომ 37-წამიანი მთავარი ბიძგის დროს სამი ცალკეული და განსხვავებული მოძრაობა იგრძნობოდა: პირველი წინ და უკან რყევა, მეორე — ძლიერი ვერტიკალური დარტყმა ზემოთ, ხოლო მესამე — წრიული მოძრაობა. ანგარიშების უმეტესობა თანხმდება, რომ სწორედ მეორე, ზემოთ მიმართულმა ბიძგმა გამოიწვია მასობრივი ნგრევა მესინაში; თანმხლები ხმაური აღწერილი იყო, როგორც „ზუსტად ისეთი, როგორსაც გვირაბში სწრაფი მატარებელი გამოსცემს“.[20]

მსხვერპლის დიდი რაოდენობა განპირობებული იყო იმით, რომ ადამიანების უმეტესობას ეძინა და ისინი ან მყისიერად დაიღუპნენ, ან ცოცხლად ჩაიმარხნენ საკუთარ საწოლებში, როდესაც სახლები თავზე ჩამოენგრათ.[21] ათასობით ადამიანი ნანგრევებში აღმოჩნდა მოყოლილი და მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.[22] მიწისძვრამდე ერთი კვირით ადრე, მესინის მთელ კომუნაში 160,000 მცხოვრები იყო დათვლილი.[23] 28 დეკემბერს მესინა ჩვეულებრივზე მეტად იყო გადატვირთული, რადგან ქალაქში უამრავი სტუმარი ჩამოვიდა მეზობელი რაიონებიდან ჯუზეპე ვერდის ოპერის, „აიდა“ სანახავად, რომელიც წინა საღამოს ვიტორიო ემანუელე II-ის თეატრში დაიდგა.[24][25]

რეჯო-კალაბრიის განადგურებული სანაპირო

მიწისძვრიდან დაახლოებით ათ წუთში, სრუტის ორივე მხარეს ზღვამ მოულოდნელად უკან დაიხია, რასაც მოჰყვა 12 მეტრი სიმაღლის ცუნამი, რომლის სამმა ტალღამ მეზობელ სანაპიროებს დაარტყა. ყველაზე ძლიერი დარტყმა კალაბრიის სანაპირომ მიიღო — მას შემდეგ, რაც ზღვამ ნაპირიდან 70 მეტრით დაიხია და მხარე დატბორა. რეჯოს მთელი სანაპირო ზოლი განადგურდა და იქ შეკრებილი ხალხი დაიღუპა. ასევე მძიმედ დაზარალდა ახლოს მდებარე ვილა-სან-ჯოვანი. ლაზაროსა და პელაროს შორის სანაპიროზე სახლები და სარკინიგზო ხიდი წყალმა წაიღო.[26]

ნგრევის მასშტაბები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მსხვერპლთა ცხედრები მძიმედ დაზიანებული და ნაწილობრივ დანგრეული „პალაცატას“ წინ, კორსო ვიტორიო ემანუელეზე, რომელიც მესინის პორტს გადაჰყურებს

მესინამ მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა, ხოლო ქალაქის მთელი ისტორიული ცენტრი განადგურდა, მათ შორის მისი ნორმანული ტაძარი, რომელმაც გაუძლო წინა მიწისძვრებს, მაგალითად 1783 წლის ძლიერ მიწისძვრას; მხოლოდ მისი პერიმეტრის კედლები და აფსიდები დარჩა.[24]

მესინის სანაპირო ზოლი შეუქცევადად შეიცვალა, რადგან სანაპიროს დიდი სექციები რამდენიმე მეტრით ზღვაში ჩაიძირა.[21] სახლები, ეკლესიები, სასახლეები და მონუმენტები, სამხედრო ყაზარმები, კომერციული, მუნიციპალური და საზოგადოებრივი შენობები ან მთლიანად ჩამოინგრა, ან სერიოზულად დაზიანდა. ბევრი ნაგებობისგან ნანგრევები დარჩა.[24] მაუროლიკოს პანსიონი კორსო კავურზე დაინგრა და სტუდენტები ნანგრევებში მოიყოლა. სულ 348 რკინიგზის თანამშრომელი დაიღუპა ორი რკინიგზის სადგურის ჩამონგრევისას.

ამერიკის საკონსულო, რომელიც ნავსადგურს გადაჰყურებდა, ნანგრევების გროვად იქცა;[27] ბრიტანეთის საკონსულომ გარედან მცირე დაზიანება მიიღო (მისი დროშა კვლავ ფრიალებდა), მაგრამ მისი ინტერიერი განადგურდა.[28] ამერიკელი კონსული არტურ ს. ჩენი და მისი მეუღლე ლორა დაიღუპნენ.[19][29] საფრანგეთის კონსული და მისი შვილებიც გარდაიცვალნენ, ხოლო მისმა მეუღლემ გადარჩენა მოახერხა.[30] ეთელ ოგსტონი, ბრიტანეთის ვიცე-კონსულის მეუღლე, მყისიერად დაიღუპა ჩამოვარდნილი აივნის დაცემის შედეგად, როდესაც ის ქმართან, ალფრედთან და ქალიშვილთან ერთად ქუჩაში გაქცევას ცდილობდა; ორივე მათგანი გადარჩა.[31] აშშ-ის ყოფილი ვიცე-კონსული ჯოზეფ პირსი, რომელიც Associated Press-ის მესინის კორესპონდენტი იყო, და მისი ოჯახი დაიღუპნენ, როდესაც მათი დაზიანებული სახლი ვია პორტა რეალ ბასოზე, ნავსადგურთან ახლოს, ცუნამის მიერ წარმოქმნილი ტალღების ძალამ დაანგრია.[32]

დაღუპულ იტალიელებს შორის იყვნენ მოქანდაკე გრეგორიო ძაპალა; მესინის მთავარი პროკურორი კრეშენცო გრილო; ჯაკომო მაკრი, მესინის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი; პოლიტიკოსები ნიკოლა პეტრინა, ნიკოლო ფულჩი და ჯოვანი ნოე; ასევე იტალიის გაერთიანების ადგილობრივი პატრიოტები, თავადაზნაურობის, აკადემიური და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები. სოციალისტი ისტორიკოსი გაეტანო სალვემინი გადარჩა, მაგრამ დაკარგა ცოლი, ხუთი შვილი და და. კვესტორი (პოლიციის უფროსი) პაოლო კარუზო თავის კაბინეტში ჩამოვარდნილმა კოჭმა მოკლა.[33] ანგლიკანელი მღვდელი და ფეხბურთის პიონერი ჩარლზ ბაუსფილდ ჰიულიტი ოჯახთან და მესინის საფეხბურთო კლუბის სხვა მოთამაშეებთან ერთად დაიღუპა. კომპოზიტორი რიკარდო კაზალაინა და მისი მეუღლე ერთად დაიღუპნენ თავიანთ საწოლში. ტენორი ანჯელო გამბა, რომელიც მიწისძვრის წინა საღამოს „აიდაში“ მღეროდა, ასევე დაიღუპა მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად სასტუმრო „ევროპას“ ჩამონგრევისას.[34] უნგრელი სოპრანო პაოლა კორალეკი (რომელიც აიდას პარტიას ასრულებდა) ფხიზლად იყო, როდესაც მიწისძვრა მოხდა. ის დაზიანებული სასტუმრო „ტრინაკრიას“ ფანჯრიდან გადახტა და ვარდნისას ორივე მკლავი მოიტეხა.[35]

მიწისძვრამ გაანადგურა კომერციული სექცია მესინის კორსო ვიტორიო ემანუელეს გასწვრივ, რომელიც სანაპიროს მიუყვებოდა. სექცია მოიცავდა ელეგანტურ „პალაცატას“, დიდებული შენობების გრძელ რიგს, რომელიც ნამგლისებრ ნავსადგურს გადაჰყურებდა.[36] პალაცატა თავდაპირველად ბაროკოს სტილში აშენდა მეცხრამეტე საუკუნეში და ძირითადად სიმონე გულის ნამუშევარი იყო. ბაროკოს შენობების უმეტესობა 1783 წლის მიწისძვრის დროს განადგურდა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ნეოკლასიკურ სტილში აღადგინეს. სწორედ ეს შთამბეჭდავი ნეოკლასიკური პალაცატა, ზოგიერთ გადარჩენილ ბაროკოს შენობასთან ერთად, მძიმედ დაზიანდა 1908 წელს. რყევები განსაკუთრებით ინტენსიური იყო პორტის ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია ქვის საფარის მუდმივი გადაადგილება „ტალღისებურად“.[8] ზიანი ყველაზე მძიმე იყო ძველ ისტორიულ ცენტრში და ქალაქის დაბალ, ვაკე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, რბილი ქვიშიანი ნიადაგის გამო; ნაკლებად მძიმე იყო მთიან დასავლეთ ნაწილში, რადგან ნაგებობები უფრო მყარ ნიადაგზე იყო აშენებული, როგორიცაა მესინის გონზაგას ციხე, რომელიც უვნებელი დარჩა.[37] საკათედრო ტაძრის მოედანსა და მე-16 საუკუნის სამოქალაქო ჰოსპიტალს შორის არსებული ტერიტორია, რომელიც ტორენტე პორტალენის გადაჰყურებდა, მთლიანად განადგურდა; მიმდებარე ვია პორტა იმპერიალე განსაკუთრებით ძლიერ დაზიანდა ორივე მხარეს. ტორენტე ბოჩეტას ზონამ ასევე სერიოზული ზიანი მიიღო.[23]

მე-17 საუკუნის მესინის ციტადელი, რომელიც ნავსადგურს იცავდა, ნაწილობრივ დაინგრა. ქუჩებში უზარმაზარი ნაპრალები გაჩნდა; ამან, ნანგრევების გროვებთან და ჩამოცვენილ ქვებთან ერთად, შეაფერხა გადარჩენილები, რომლებიც დანგრეული სახლებიდან უსაფრთხო ადგილის საძებნელად გარბოდნენ.[38] ორი მთავარი არტერია — ვია გარიბალდი და კორსო კავური — გაუვალი გახდა ნანგრევების გამო, რომელთა სიმაღლე 5 მეტრს აღწევდა.[8][39] ოჯახები ერთმანეთს დაცილდნენ, ხოლო თავსხმა წვიმამ, რომელიც მიწისძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო, კიდევ უფრო გაზარდა ქაოსი, რაც სიბნელესა და მტვრის სქელ ღრუბლებთან ერთად ხილვადობას ზღუდავდა.[38] ქალაქის ჩრდილოეთ ბოლოში მდებარე გაზის დიდი რეზერვუარები აფეთქდა, რამაც ცოცხლად გადარჩენილებიც და დაღუპულებიც ნანგრევების ქვეშ მოაქცია.[38] გაზის გაწყვეტილი მილების გამო გაჩნდა ხანძრები, რამაც გაზარდა ქაოსი და ნგრევა. მიწა კვლავ აგრძელებდა რყევას განმეორებითი ბიძგებით, რაც იწვევდა დარჩენილი სტრუქტურების ჩამოშლას ნანგრევებზე. ამან იმსხვერპლა როგორც მაშველები, ისე ძირითად ბიძგს გადარჩენილი ადამიანები.[40]

გადარჩენილები აღწერდნენ საშინლად დასახიჩრებულ ცხედრებს და დაშავებულ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. მეწაღე ფრანჩესკო მისიანი და მისი ოჯახი წააწყდნენ ორ მომაკვდავ გოგონას, რომლებსაც თავისა და გულმკერდის საშინელი დაზიანებები ჰქონდათ. ქუჩებში გამოჩნდნენ შიშველი გადარჩენილების პროცესიები, რომლებსაც წმინდანების ხატები მიჰქონდათ.[41] ხალხი შიშველი ხელებით ეძებდა ნანგრევებში მოყოლილ საყვარელ ადამიანებს. მაშველებმა მოახერხეს ზოგიერთი ადამიანის გადარჩენა, რომლებიც სახიფათოდ იყვნენ ჩამოკიდებულნი ზედა სართულებზე, ფანჯრებსა და მორყეულ აივნებზე, თოკების გამოყენებით.[42] მესინის მსგავსი სცენები განმეორდა რეჯო-კალაბრიაშიც. მისი ისტორიული ცენტრი განადგურდა, ხოლო მონუმენტური არაგონული ციხესიმაგრე, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ნაგებობათაგანი, რომელმაც 1783 წლის მიწისძვრას გაუძლო, მძიმედ დაზიანდა. ერთი სასახლის გარდა, მისი მთავარი არტერიის, კორსო გარიბალდის ყველა ნაგებობა განადგურდა, მათ შორის რეჯო კალაბრიის საკათედრო ტაძარი, მუნიციპალური შენობები და პალაცოები. რეჯოში მხოლოდ 50-მდე სახლი დარჩა.[37][43]

მესინის სამოქალაქო და სამხედრო ჰოსპიტლები, ისევე როგორც რეჯო-კალაბრიის საქალაქო ჰოსპიტალი, ნანგრევებად იქცა; თითქმის ყველა ექიმი და მედდა დაიღუპა. ორ ქალაქში დაშავებულებს არ ჰქონდათ სამედიცინო დახმარება ან მედიკამენტები, სანამ გარე დახმარება არ მოვიდა და საველე კარვები არ მოეწყო.[44] ტელეგრაფის ხაზები გაწყდა და სარკინიგზო ლიანდაგები დაზიანდა, რამაც კომუნიკაცია შეუძლებელი გახადა. მესინის ჩინოვნიკების უმეტესობა დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა, თითქმის მთელ პოლიციასთან[45] და გარნიზონის ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ყაზარმების ჩამონგრევისას დაიღუპნენ.[46] გარნიზონის ბევრი ოფიცერი გადარჩა, რადგან მათი საცხოვრებლები უფრო მყარი იყო.[47] პატიმრებმა, რომლებიც ციხის დანგრევისას გადარჩნენ, დაიწყეს ქონების ძარცვა და ცხედრებისთვის სამკაულების მოხსნაც კი.[48] რეჯოში, ციხის დანგრევისას, სავარაუდოდ 1,800 მსჯავრდებული დაიღუპა.[49] მძარცველებს შეუერთდნენ გლეხები მიმდებარე სოფლებიდან. მალე მესინაში ჯარები გაიგზავნა და გენერალ ფეირა დი კოსატოს მიერ გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა.[33]

ვია სანტა მარია დელე ტრომბე, ტიპური საცხოვრებელი ქუჩა მჭიდროდ დასახლებულ ზონაში, მიწისძვრამდე რამდენიმე წლით ადრე, რომელმაც გაანადგურა სახლები და ამავე სახელწოდების ეკლესია

მაშველები კვირების განმავლობაში ეძებდნენ ხალხს ნანგრევებში და მიწისძვრიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი მთელი ოჯახები ამოჰყავდათ ცოცხლად, თუმცა ათასობით ადამიანი დარჩა ჩამარხული და მათი ცხედრების პოვნა ვერ მოხერხდა. მესინაში შენობები არ იყო აგებული მიწისძვრის მიმართ მდგრადობის გათვალისწინებით; ისინი აშენებული იყო პატარა ქვებითა და დაუდევრად წასმული დუღაბით, ჰქონდათ მძიმე კრამიტის სახურავები, ორნამენტული კარნიზები, საყრდენის გარეშე დატოვებული კოჭები და მოწყვლადი საძირკვლები რბილ ნიადაგზე. ბევრი მათგანი ოთხ ან ხუთსართულიანი იყო. ქალაქის ყველაზე დასახლებული ადგილები კონცენტრირებული იყო ვია დეი მონასტერის (დღეს ვია XXIV მაჯო), ვია კაზა პიას (დღეს ვია მონსინიორ დ'არიგო) და ვია პორტა იმპერიალეს გარშემო; ყველა მათგანი ისტორიულ ცენტრში მდებარეობდა. გარდა ცუდად ნაგები შენობებისა, მესინასა და რეჯო-კალაბრიაში ფართომასშტაბიანი ნგრევა განპირობებული იყო იმით, რომ ტექტონიკური მოძრაობა ზედაპირთან ძალიან ახლოს მოხდა.[13]

დახმარების ღონისძიებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნანგრევებით ჩახერგილი ვია კარდინესი. იმ პერიოდში ის მესინის ერთ-ერთი მთავარი არტერია იყო

კატასტროფის შესახებ პრემიერ-მინისტრ ჯოვანი ჯოლიტის იტალიურმა ნაღმოსნებმა აცნობეს, რომლებიც მესინიდან ნიკოტერაში გაემგზავრნენ, სადაც ტელეგრაფის ხაზები ჯერ კიდევ მუშაობდა, თუმცა ეს მხოლოდ დღის ბოლოს, შუაღამისას მოხერხდა. რეგიონში სარკინიგზო ხაზები განადგურებული იყო, ხშირად რკინიგზის სადგურებთან ერთად.[15] პაპმა პიუს X-მ სამოციქულო სასახლე ლტოლვილებით შეავსო.[50]

იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი და არმია დაუყოვნებლივ ჩაერთნენ სამუშაოებში: დაიწყეს ძებნა, დაშავებულების მკურნალობა, საკვებითა და წყლით მომარაგება და ლტოლვილების ევაკუაცია (რასაც ყველა გემი აკეთებდა). ჯოლიტიმ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა გენერალ ფრანჩესკო მაცას ხელმძღვანელობით; გაიცა ბრძანება ყველა მძარცველის ადგილზე დახვრეტის შესახებ, რაც ხანდახან ვრცელდებოდა გადარჩენილებზეც, რომლებიც საკვებს ეძებდნენ ან ნანგრევებში მოყოლილი ოჯახის წევრების პოვნას ცდილობდნენ. მეფე ვიქტორ ემანუელ III და დედოფალი ელენა მიწისძვრიდან ორი დღის შემდეგ ჩავიდნენ მსხვერპლთა და გადარჩენილთა დასახმარებლად.[15]

საერთაშორისო გამოხმაურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუსი მეზღვაურები ჯავშნოსან „სლავადან“ ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ ვია იდრიაზე, დანგრეულ საქალაქო ჰოსპიტალთან ახლოს

კატასტროფა მსოფლიო მედიის მთავარ თემად იქცა და დაიწყო საერთაშორისო დახმარების კამპანია. წითელი ჯვრისა და რუსული და ბრიტანული ფლოტების მეზღვაურების დახმარებით, სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები დაჩქარდა. რუსულ ჯავშნოსნებს — „ცესარევიჩსა“ და „სლავას“, ასევე კრეისერებს — „ადმირალ მაკაროვსა“ და „ბოგატირს“, ბრიტანულ ჯავშნოსან „ექსმუტსა“ და კრეისერებს — „ევრიალუსს“, „მინერვასა“ და „სატლეჯს“ დახმარების გაწევა დაევალათ; გერმანული გემი „აფონვენი“ (SS Afonwen) მიწისძვრის დროს მესინის პორტში იმყოფებოდა და ლტოლვილთა ევაკუაციაში მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის ჯავშნოსნებმა — „ჟუსტისმა“ და „ვერიტესმა“, ასევე სამმა ნაღმოსამა გემმა ასევე მესინისკენ აიღო გეზი. აშშ-ის საზღვაო ფლოტის „დიდი თეთრი ფლოტის“ ორმა ჯავშნოსანმა, USS Connecticut-მა და USS Illinois-მა, მომმარაგებელ გემებთან — USS Celtic-თან და USS Culgoa-თან ერთად, ასევე მიიტანეს მესინაში დახმარება. ამერიკულმა მომამარაგებელმა გემებმა, მათ შორის USS Yankton-მა, რომელიც დამატებითი სამედიცინო პერსონალითა და მედიკამენტებით იყო აღჭურვილი, ლტოლვილებისთვის განკუთვნილი მარაგი ჩაიტანეს და ადგილზე დარჩნენ სამედიცინო დახმარების გასაწევად.[51] სხვა ქვეყნების ხომალდებიც ანალოგიურად გამოეხმაურნენ მომხდარს.[15]

იტალიის მეფემ მოგვიანებით დააწესა სამახსოვრო მედალი 1908 წლის მიწისძვრისას გაწეული დახმარებისთვის, რომელიც მოჭედილი იყო ოქროში, ვერცხლსა და ბრინჯაოში.[52][53]

მესინის რამდენიმე ქუჩას რუსი მეზღვაურების სახელი ეწოდა, მათ შორის არის „რუსი მეზღვაურების მოედანი“.[54] 2012 წელს ქალაქში დაიდგა რუსი მეზღვაურების მონუმენტი, რომელიც პიეტრო კუფერლემ 1911 წელს დააპროექტა, ხოლო ტაორმინაში გაიხსნა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბიუსტი;[55] 2013 წელს კი აღიმართა ადმირალ ფედორ უშაკოვის ბიუსტი.[56]

სანტისიმა ანუნციატა დეი კატალანის ეკლესია, აგებული XII საუკუნეში — ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ნაგებობათაგანი, რომელიც მიწისძვრას გადაურჩა

როდესაც 1909 წლიდან მესინის რეკონსტრუქცია დაიწყო, ხელისუფლებამ დააწესა არქიტექტურული ნორმები, რომლებიც სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრებზე იქნებოდა გათვლილი. თავდაპირველად მიიღეს გეგმა, რომლის მიხედვითაც მესინის გადარჩენილი ნაგებობები უნდა დაენგრიათ, ხოლო ქალაქი და მისი პორტი სიცილიის სხვა ადგილას გადაეტანათ, თუმცა მესინელების მძაფრმა პროტესტმა ეს პროცესი შეაჩერა.[23]

რამდენიმე ნაგებობა გადაურჩა მიწისძვრას — მათ შორის იყო გუმბათოვანი შუა საუკუნეების სანტისიმა ანუნციატა დეი კატალანის ეკლესია, გოთური სანტა მარია ალემანას ეკლესია, ბიზანტიური სან ტომაზო აპოსტოლო ილ ვეკიოს ეკლესია, სან რანიერის შუქურა, მესინის წმინდა მაცხოვრის ციხე, XVIII საუკუნის პალაცო კალაპაი-დ'ალკონტრესი, ჯოვანი მონტორსოლის ნეპტუნის შადრევანი[57] და ბარბერას სართავი ფაბრიკა (რომელიც მოგვიანებით მუზეუმად გადაკეთდა ნანგრევებიდან გადარჩენილი ხელოვნების ნიმუშების შესანახად). ვიტორიო ემანუელეს თეატრი, მატეგრიფონეს ციხესიმაგრის სექციები და მონტი დი პიეტა კვლავ იდგა, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანებები ჰქონდათ მიღებული. XVI საუკუნის რინგოს ეკლესიამ, რომელიც ამავე სახელწოდების მეთევზეთა კვარტალში, მესინის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, გაუძლო ბიძგებს და დღემდე შემორჩენილია. „სკალინატა სანტა ბარბარა“, მურო კარლო V-ის დიდი ნაწილები და ტირონეს უძველეს კვარტალში მდებარე რამდენიმე XVIII და XIX საუკუნის სახლი გადარჩა; გარდა ამისა, ფატა მორგანასა და ჯორდანო ბრუნოს ქუჩებზე მდებარე რამდენიმე სახლი კვლავ დგას და დღესაც გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ავიონიონის ღარიბულ უბანში მდებარე ზოგიერთი საცხოვრებელი (ადგილობრივ დიალექტზე ცნობილი როგორც le mignuni) შედარებით უვნებლად გადარჩა, ისინი მოგვიანებით დაანგრიეს.[58] რეჯო-კალაბრიაში პალაცო ნეში იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან XIX საუკუნის ნაგებობათაგანი, რომელმაც მიწისძვრას გაუძლო.

XVIII საუკუნის შემორჩენილი სახლების სექცია ტირონეს ძველ კვარტალში, რომლებმაც მიწისძვრას გაუძლეს

ახალი ქალაქი ძველი ქალაქის ნანგრევებზე აშენდა თანამედროვე დაგეგმარების მიხედვით, როგორც „ჭადრაკის დაფასავით რეგულარულად დაჭრილი ქალაქი“, ერთიანი ზომისა და სიმაღლის შენობებით, რაც 1911 წელს არქიტექტორმა ლუიჯი ბორძიმ (1853–1919) წარადგინა. ამან გამოიწვია იმ შენობების დემონტაჟი, რომელთა აღდგენაც შესაძლებელი იყო, მაგრამ არ შეესაბამებოდნენ ახალ ურბანულ გეგმას. მათ შორის იყო პალაცატა, მონასტრის ქუჩის ზემოთ მდებარე ბაროკოს სტილის სან გრეგორიოს ეკლესია და XVIII საუკუნის ანიმე დელ პურგატორიოს ეკლესია, რომელიც ვია კარდინესსა და ლარგო პურგატორიოზე მდებარეობდა. ეს უკანასკნელი მძიმედ დაზიანდა, თუმცა ძირითადად აფსიდის ნაწილში და ექვემდებარებოდა რემონტს. იგი დაანგრიეს ვია გარიბალდის სამხრეთით გასაგრძელებლად.[58]

მძიმედ დაზიანებული, მაგრამ აღდგენადი ანიმე დელ პურგატორიოს ეკლესია გარიბალდის ქუჩიდან. იგი შემდგომში დაანგრიეს ქუჩების ახალი გეგმის გამო

მიწისძვრის შემდეგ მესინისა და კალაბრიის ბევრი უსახლკაროდ დარჩენილი მცხოვრები გადაასახლეს სიცილიის სხვადასხვა ნაწილსა და კონტინენტური იტალიის რეგიონებში. 1909 წელს გემი SS Florida, რომელსაც ნეაპოლიდან 850 ემიგრანტი გადაჰყავდა, ნისლში შეეჯახა RMS Republic-ს. „ფლორიდაზე“ მყოფი სამი ადამიანი შეჯახებისას დაიღუპა. მგზავრებს შორის პანიკა დაიწყო და კაპიტანს ჰაერში სროლა მოუხდა მათ დასამშვიდებლად. გემი საბოლოოდ გადაარჩინეს და იგი ნიუ-იორკში ჩავიდა.[59]

2025 წლის კვლევამ შეისწავლა, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ემიგრაციის ზრდა შეერთებულ შტატებში; კვლევამ ვერ აღმოაჩინა მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მიწისძვრის შემდეგ ემიგრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.[60]

გავლენა საზოგადოებაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიწისძვრას გადარჩენილები მესინაში, დაახლოებით დაახლ.1909 წელს

კატასტროფამ დააზარალა ადგილობრივი ეკონომიკა და მესინა დროებითი დეპოპულაციის წინაშე დადგა, რადგან უსახლკაროდ დარჩენილმა ბევრმა გადარჩენილმა თავშესაფრის ძებნა სხვაგან დაიწყო, კერძოდ კატანიასა და პალერმოში, სადაც ბევრმა ხელოსნად დაიწყო მუშაობა. ვარაუდობენ, რომ ქალაქში მხოლოდ 19,000 ადამიანი დარჩა, ძველ ისტორიულ ცენტრში კი მხოლოდ 2000.[23] თუმცა, მალევე დაიწყო მიგრანტების დიდი ნაკადის შემოსვლა, ძირითადად მეზობელი სიცილიური და კალაბრიული დასახლებებიდან, რომლებიც მუშახელად სჭირდებოდათ რეკონსტრუქციისთვის. 1911 წლის აღწერის მიხედვით, მესინის მოსახლეობა 127,000-მდე გაიზარდა. მათ შორის იყვნენ მესინელებიც, რომლებიც მშობლიურ ქალაქში დაბრუნდნენ. მამაკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებდა ქალებისას, რამაც ქორწინებების რაოდენობის შემცირება გამოიწვია.[23]

2021 წლამდეც კი, ოჯახები კვლავ ცხოვრობდნენ ხის ყაზარმებში, რომლებიც ცნობილია როგორც Baraccopoli; ისინი 1909 წელს აშენდა უსახლკარო გადარჩენილების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.[61]

ისტორიული შენობების სიმცირის გამო, რაც 1908 წლის კატასტროფულმა მიწისძვრამ და მეორე მსოფლიო ომის დროს 1943 წლის მოკავშირეთა დაბომბვამ გამოიწვია, მესინას „მეხსიერების გარეშე დარჩენილ ქალაქს“ უწოდებენ.[62]

  • Argnani, A.; Alessandro Pino, N. (2023). „The 1908 Messina Straits Earthquake: Cornerstones and the Need to Step Forward“. Seismological Research Letters. 94 (2A): 557–561. Bibcode:2023SeiRL..94..557A. doi:10.1785/0220220355. hdl:11581/487165. ISSN 0895-0695.
  • Belknap, Reginald Rowan (1910). American House Building in Messina and Reggio: An Account of the American Naval and Red Cross Combined Expedition, to Provide Shelter for the Survivors of the Great Earthquake of December 28, 1908. New York, New York: G. P. Putnam's Sons. 
  • Hichens, Robert (April 1909). „After The Earthquake“. The Century Illustrated Monthly Magazine. 77 (6): 928–939. ციტირების თარიღი: 11 July 2011.
  • Hobbs, W. H. (1909). „The Messina Earthquake“. Bulletin of the American Geographical Society. 41 (7): 409–422. doi:10.2307/199619. JSTOR 199619. ციტირების თარიღი: 11 July 2011.
  • Perret, Frank A. (April 1909). „The Messina Earthquake“. The Century Illustrated Monthly Magazine. 77 (6): 921–927. ციტირების თარიღი: 11 July 2011.
  • Perret, Frank A. (1909). „Preliminary Report On The Messina Earthquake Of December 28, 1908“. The American Journal of Science. XXVII (Fourth Series): 321–334. Bibcode:1909AmJS...27..321P. doi:10.2475/ajs.s4-27.160.321. ციტირების თარიღი: 11 July 2011.
  • „The Italian Earthquake“. Scientific American Supplement (1726): 71–74. 30 January 1909. ციტირების თარიღი: July 11, 2011.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bonini, L.; Di Bucci, D.; Toscani, G.; Seno, S.; Valensise, G. (2011). „Reconciling deep seismogenic and shallow active faults through analogue modelling: the case of the Messina Straits (southern Italy)“. Journal of the Geological Society. 168 (1): 191–199. Bibcode:2011JGSoc.168..191B. doi:10.1144/0016-76492010-055.
  2. Aloisi, M.; Bruno, V.; Cannavò, F.; Ferranti, L.; Mattia, M.; Monaco, C.; Palano, M. (2013). „Are the source models of the M 7.1 1908 Messina Straits earthquake reliable? Insights from a novel inversion and a sensitivity analysis of levelling data“. Geophysical Journal International. 192 (3): 1025–1041. doi:10.1093/gji/ggs062. hdl:10447/636472.
  3. Birkbeck University of London "Birkbeck Researchers Discover Source of Historic  Italian Earthquake That Killed 80,000" 8 May 2019. http://www.bbc.ac.uk.
  4. Sicilian culture: 1908 Messina – Reggio Earthquake & Earthquake Prone Italy. ციტირების თარიღი: 2007-07-12
  5. 1 2 RMS report 2008, p. 3.
  6. 1 2 Amoruso, A.; Crescentini, L.; Neri, G.; Orecchio, B.; Scarpa, R. (2006). „Spatial relation between the 1908 Messina Straits earthquake slip and recent earthquake distribution“. Geophysical Research Letters. 33 (17): L17309. Bibcode:2006GeoRL..3317309A. doi:10.1029/2006GL027227. S2CID 140613349.
  7. RMS report 2008, pp. 2–3.
  8. 1 2 3 4 5 6 RMS report 2008, p. 4.
  9. 1 2 Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  10. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  11. "Le Mani su Messina". Dario De Pasquale.2006.Sikelia
  12. Rovida, Andrea; Locati, Mario; Camassi, Romano; Lolli, Barbara; Gasperini, Paolo. 1908 December 28 04:20:27.00 Stretto di Messina. National Institute of Geophysics and Volcanology (2016). ციტირების თარიღი: 9 March 2022
  13. 1 2 Pino, N.A.; Piatanesi, A.; Valensise, G.; Boschi, E. (2009). „The 28 December 1908 Messina Straits Earthquake (Mw 7.1): A Great Earthquake throughout a Century of Seismology“ (PDF). Seismological Research Letters. 80 (2): 243–259. Bibcode:2009SeiRL..80..243P. doi:10.1785/gssrl.80.2.243.
  14. 1 2 RMS report 2008, p. 7.
  15. 1 2 3 4 Grifasi, A.. Sicily – The Messina 1908 earthquake. ციტირების თარიღი: 25 August 2016
  16. Encyclopædia Britannica
  17. Clancey, Greg (2006-05-01). Earthquake Nation: The Cultural Politics of Japanese Seismicity, 1868-1930. University of California Press, გვ. 172. ISBN 978-0-520-93229-6. 
  18. Mowbray 1909, p. 56.
  19. 1 2 „Stories Told By Survivors; Terrible Experiences in Messina and Reggio Following the Earthquake“. The New York Times. January 1, 1909.
  20. Hitchens, Robert (April 1909). November 1908 to April 1909. „After the Earthquake“. The Century Illustrated Monthly Magazine. New York City. New Series, vol. LV: 932.
  21. 1 2 28 December 1908 Worst European Earthquake in History". Retrieved 30 October 2016
  22. Mowbray 1909, p. 34.
  23. 1 2 3 4 5 "Local administrative sources on population movements after the Messina earthquake of 1908". Giuseppe Restifo. Dipartimento di Studi sulla Civilità Moderno, Università di Messina, 1995 PDF file
  24. 1 2 3 Mowbray 1909.
  25. "L'Aida, la scossa,111 nome di vittime:il filo della memoria mai spezzato". Video. Tempo Stretto. 28 Dicembre 2019
  26. RMS report 2008, p. 5.
  27. Mowbray 1909, pp. 38, 62, 67, 111.
  28. Mowbray 1909, pp. 59, 116.
  29. Mowbray 1909, pp. 67, 112.
  30. Mowbray 1909, p. 42.
  31. Mowbray 1909, p. 68.
  32. Mowbray 1909, p. 38.
  33. 1 2 Mowbray 1909, p. 46.
  34. Arakelyan, Ashot. (2012-05-13) Paola koralek (Soprano) (Budapest 1882–Viareggio 1924). ციტირების თარიღი: 2023-05-29
  35. Mowbray 1909, p. 66.
  36. Mowbray 1909, p. 113.
  37. 1 2 RMS report 2008.
  38. 1 2 3 Mowbray 1909, p. 36.
  39. Mowbray 1909, p. 71.
  40. Mowbray 1909, p. 55.
  41. Mowbray 1909, p. 12.
  42. Mowbray 1909, pp. 52–53.
  43. Mowbray 1909, p. 80.
  44. Mowbray 1909, p. 39, 60, 70, 88.
  45. Mowbray 1909, pp. 41, 98.
  46. Mowbray 1909, pp. 39, 60, 70, .
  47. Mowbray 1909, p. 39.
  48. Mowbray 1909, pp. 48, 62–63.
  49. Mowbray 1909, p. 78.
  50. Kühner, Hans (1960). Lexikon der Päpste [Dictionary of Popes] (in German). Frankfurt: Fischer, p. 183
  51. [James R. Reckner, Teddy Roosevelt's Great White Fleet (Naval Institute Press, 1988): 145-47; and, N.A., "Great White Fleet Assists Following Messian Earthquake," Naval History and Heritage Command, 3 Jan 2015. https://usnhistory.navylive.dodlive.mil/Recent/Article-View/Article/2686554/great-white-fleet-assists-following-messina-earthquake/.]
  52. Fritz Peters' first medal was for rescue work following Messina disaster (2011-12-15).
  53. Awards granted for service after the Messina Earthquake 1908. ციტირების თარიღი: 25 August 2016
  54. Messina: Intitolazione largo dei Marinai Russi. CM News. ციტირების თარიღი: 21 February 2019
  55. L'intervento dei marinai russi dopo il terremoto 1908. Tempostretto (20 September 2018). ციტირების თარიღი: 21 February 2019
  56. „Montato il busto dell'ammiraglio Ushakov. Sarà scoperto il 24 aprile“. Tempo Stretto - Messina e Reggio Calabria (იტალიური). 18 April 2013.
  57. Mowbray 1909, p. 114.
  58. 1 2 Messina Kalos Luoghi di Sicilia. Supplement n.3 May–June 1997 edition. Published by Edizioni Ariete, Palermo.
  59. Messina Earthquake, PBS, https://www.pbs.org/wgbh/americanexperience/features/rescue-messina-earthquake/. წაკითხვის თარიღი: 11 April 2022
  60. Spitzer, Yannay; Tortorici, Gaspare; Zimran, Ariell (2025). „International Migration Responses to Modern Europe's Most Destructive Earthquake: Messina and Reggio Calabria, 1908“. The Journal of Economic History (ინგლისური). 85 (3): 617–663. doi:10.1017/S0022050725100843. ISSN 0022-0507.
  61. "In Sicily Slums, 113 Year Wait For Housing May Be Over". Emma Bubola. 23 September 2021. The New York Times
  62. RMS report 2008, p. 11.