შინაარსზე გადასვლა

მესინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მესინა
იტალ. Messina
სიცილ. Missina
ბერძ. Μεσσήνη[1]
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი სიცილია
პროვინცია მესინა
შიდა დაყოფა First Quarter (Messina), Second Quarter, Third Quarter, Fourth Quarter, Fifth Quarter და Sixth Quarter
კოორდინატები 38°11′37″ ჩ. გ. 15°33′15″ ა. გ. / 38.19361° ჩ. გ. 15.55417° ა. გ. / 38.19361; 15.55417
დაარსდა ძვ. წ. 757
ფართობი 213.23 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3±1 მ
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 216 918[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 1017.29 კაცი/კმ²
აგლომერაცია 595,948
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 090
საფოსტო ინდექსი 98121–98168
საავტომობილო კოდი ME
ოფიციალური საიტი comune.messina.it
მესინა — იტალია
მესინა
მესინა — სიცილია
მესინა

მესინა (იტალ. Messina) — ქალაქი და ნავსადგური იტალიაში, კუნძულ სიცილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მესინის სრუტესთან. მესინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ზომით მესამე ქალაქი სიცილიაზე და მეცამეტე იტალიაში. ქალაქის მოსახლეობა 216 ათასზე მეტს შეადგენს, ხოლო მეტროპოლია 595 ათას ადამიანს მოიცავს.[2]

მდებარეობს სიცილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან, მესინის სრუტესთან და არის მატერიკზე, კერძოდ რეჯო-კალაბრიის პროვინციაში, ვილა სან ჯოვანიში გადასასვლელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ტერმინალი. მესინის მეტროპოლიტენის გაფართოებულ ურბანულ ზონას 2014 წელს 277,584 მოსახლე ჰყავდა.[3]

ქალაქში განვითარებულია საკრუიზო ტურიზმი, ქიმიური, საკონსერვო, საფეიქრო მრეწველობა, კომერციული და სამხედრო გემების რემონტი და გემთმშენებლობა. გააქვთ ციტრუსები, ღვინო, ზეთისხილი, ბოსტნეულისა და ხილის კონსერვები. ხშირია მიწისძვრა. შემორჩენილია XII-XVI საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები. 1548 წლიდან მოყოლებული ქალაქში არის რომაული კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი და არქიმანდრიტი. მდებარეობს მესინის უნივერსიტეტი, რომელიც 1548 წელს იგნატიუს ლოიოლამ დააარსა.

ქალაქი სიკელებმა ძვ. წ. 757 წელს ზანკლის სახელით დააარსეს, რაც მათ ენაზე ნამგალს ნიშნავდა. ქალაქი დიდი საბერძნეთის ბერძენი კოლონისტებით ხელახლა დასახლდა და მესანა ეწოდა. ბიზანტიურ ხანაში ქალაქს მესინა ეწოდა. ის მნიშვნელოვანი რომაული, შემდეგ კი ბერძნულ-ბიზანტიური ქალაქი იყო, მაგრამ 843 წელს არაბებმა მთლიანად გაანადგურეს. ისლამური პერიოდის განმავლობაში თითქმის მიტოვებული, ნორმანების ხანაში კვლავ აღდგა და თავისი დიდებულების პიკს გვიან შუა საუკუნეებსა და XVII საუკუნის შუა პერიოდს შორის მიაღწია, როდესაც სიცილიის სამეფოს დედაქალაქის როლისთვის პალერმოს ეჯიბრებოდა.

1678 წელს ანტიესპანური აჯანყების შემდეგ, რომელმაც მისი მმართველი კლასის განადგურება გამოიწვია, ქალაქი ააოხრეს და გადაწვეს. ამას დაემატა 1783 წლის მიწისძვრით მიყენებული ზიანი. 1908 წელს კიდევ ერთმა მიწისძვრამ ქალაქი თითქმის მთლიანად გაანადგურა, რამაც მოსახლეობის დაახლოებით ნახევრის სიკვდილი გამოიწვია. აღდგენა 1912 წელს დაიწყო,[4] ძირითადად არტ-ნუვოს სტილში და აშენდა ფართო და სწორი ქუჩების მოწესრიგებული ქსელი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. მესინა, მესინის სრუტის გამო სტრატეგიული სამიზნე იყო, რის გამოც მძიმედ დაბომბეს მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეებმა 1943 წელს სიცილიაში დესანტის დროს. ჯამში დაახლოებით 6,500 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს დაახლოებით 2,800 საჰაერო და ოთხი საზღვაო დაბომბვის დროს. ამ მოვლენამ ქალაქს სამხედრო სიმამაცის ოქროს მედალი მოუტანა.

  • ზანკლი, სიკილიურ ენაზე „ნამგალს“ ნიშნავს, რაც მესინას ბუნებრივი პორტის უნიკალური ფორმაა. ქალაქის სახელი დაარსებიდან სიკელელების მიერ ძვ. წ. 757 წელს „დიდი საბერძნეთის“ ეპოქამდე;
  • ზანკლისი (Ζάγκλης), ბერძნულად „ნამგალს“ ნიშნავს. ქალაქს ერქვა „დიდი საბერძნეთის“ ეპოქაში;
  • მესინი (Μεσσήνη), სახელი, რომელიც ქალაქს დიდი საბერძნეთის ეპოქაში რეგიუმელ ანაქსილამ მიანიჭა, როდესაც მან მესენიიდან ლტოლვილები ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისში დაასახლა;
  • მესანა, რომაულ ეპოქაში;
  • მესინა, ბიზანტიური ეპოქიდან დღემდე.
მესინაში მოჭრილი ძველი რომაული ბრინჯაოს მონეტა, ძვ.წ. 264 წელი
მე-13 საუკუნის მონეტები, მოჭრილი ფრიდრიხ II-ის, საღვთო რომის იმპერატორის დროს, მესინაში

დიდი საბერძნეთის პერიოდის ბერძენი კოლონისტების მიერ ძვ. წ. VIII საუკუნეში დაარსებულ მესინას თავდაპირველად ზანკლი (ძვ. ბერძნ. Ζάγκλη) ერქვა, ბერძნული სიტყვიდან ζάγκλον, რაც „ცელს“ ნიშნავს, მისი ბუნებრივი ნავსადგურის ფორმის გამო (თუმცა ლეგენდის თანახმად, სახელს მეფე ზანკლოსს მიაწერენ). მეტროპოლიტენის კომუნას, რომელიც მესინის სრუტის სამხრეთ შესასვლელთან მდებარეობს, დღემდე „სკალეტა ზანკლეა“-ს უწოდებენ. სოლინუსი წერდა, რომ ქალაქი მეტავროსი, დღევანდელი რეჯო-დი-კალაბრიას ტერიტორიაზე ზანკლილებმა დააარსეს.[5]

ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისში რეგიუმელმა ანაქსილამ მას სახელი შეუცვალა და ბერძნული ქალაქი მესინის პატივსაცემად მესინი (Μεσσήνη) დაარქვა. მოგვიანებით, მიკითოსი რეგიუმისა და ზანკლის მმართველი იყო და მან ასევე დააარსა ქალაქი პიქსუსი.[6] ქალაქი ძვ. წ. 397 წელს კართაგენელებმა გაძარცვეს, შემდეგ კი სირაკუზელმა დიონისე I-მა ხელახლა დაიპყრო.

ძვ. წ. 288 წელს მამერტინებმა ღალატით აიღეს ქალაქი, მოკლეს ყველა მამაკაცი და ქალები ცოლებად წაიყვანეს. ქალაქი გახდა ბაზა, საიდანაც ისინი ანადგურებდნენ სოფლის მეურნეობას. ამან გამოიწვია კონფლიქტი სირაკუზის გაფართოებად რეგიონულ იმპერიასთან. სირაკუზის ტირანმა ჰიერო II-მ დაამარცხა მამერტინელები მილასთან ახლოს, მდინარე ლონგანუსთან და ალყა შემოარტყა მესინას. კართაგენი დაეხმარა მამერტინებს სიცილიაზე სირაკუზასთან ხანგრძლივი კონფლიქტის გამო. როდესაც ჰიეროს მეორე შეტევის დროს, ძვ. წ. 264 წელს, მამერტინებმა რომის რესპუბლიკას ალიანსის თხოვნით მიმართეს, იმ იმედით, რომ უფრო საიმედო დაცვას მიიღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ერიდებოდნენ დახმარებას, რომს არ სურდა კართაგენის ძალაუფლების სიცილიაზე განმტკიცება და შემდგომ იტალიის დანარჩენ ნაწილზე გავრცელება. ამიტომ, რომმა ალიანსი დადო მამერტინებთან. ძვ. წ. 264 წელს რომაული ჯარები განლაგდნენ სიცილიაში, რაც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რომის არმია იტალიის ნახევარკუნძულის გარეთ მოქმედებდა. პირველი პუნიკური ომის დასასრულს ქალაქი გათავისუფლდა. რომაულ ეპოქაში მესინაში, რომელიც მაშინ მესანას სახელით იყო ცნობილი, მნიშვნელოვანი ფაროსი (შუქურა) იყო. მესანა ოქტავიანეს წინააღმდეგ ომის დროს სექსტუს პომპეუსის ბაზა იყო.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ქალაქს 476 წლიდან გოთები მართავდნენ, შემდეგ 535 წელს ბიზანტიის იმპერია, 842 წელს არაბები და 1061 წელს ნორმანელი ძმები რობერტ გიისკარდი და როჯერ გიისკარდი (მოგვიანებით სიცილიის გრაფი როჯერ I). 1189 წელს ინგლისის მეფე რიჩარდ I („ლომგული“) მესინაში გაჩერდა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისას წმინდა მიწაზე მიმავალ გზაზე და ქალაქი მცირე ხნით დაიკავა თავისი დის მზითვის გამო დავის შემდეგ, რომელიც სიცილიის მეფე უილიამ II კეთილზე იყო დაქორწინებული.

მესინა აქტიურად იყო ჩართული ნეაპოლში ანჟუს დინასტიასა და ბარსელონას არაგონულ სახლს შორის მეტოქეობაში. თავდაპირველად ქალაქი იყო სიცილიაზე ანჟუს მხარდაჭერის დასაყრდენი, თუმცა 1282 წელს შეუერთდა სიცილიურ აჯანყებას, რის შედეგადაც ქალაქს კარლ I-მა ალყა შემოარტყა. მესინა ოცწლიანი სიცილიური ღამეების ომის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მთავარ საზღვაო ბაზად იქცა და 1301 წელს მეორედ მოექცა ალყაში.

1345 წელს მესინას სტრატეგოსი იყო ორლანდო არაგონელი, სიცილიელი ფრიდრიხ II-ის უკანონო ვაჟი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Delimiting the territory of the Greek linguistic minority of Messina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-03. ციტირების თარიღი: 2016-05-12
  2. 2.0 2.1 Resident population. ISTAT.
  3. Population on 1 January by age groups and sex - functional urban areas [urb_lpop1]. ციტირების თარიღი: 12 July 2019
  4. La catastrofe sismica del 28 dicembre 1908. ციტირების თარიღი: 21 August 2017
  5. Solinus, Polyhistor, 2.10
  6. Diodorus Siculus, Library, § 11.59.1
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: