მესიე 73
| ასტერიზმი | |
|---|---|
| მესიე 73 | |
| ინგლ. Messier 73 | |
|
| |
| დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
| თანავარსკვლავედი | მერწყულის თანავარსკვლავედი |
| პირდაპირი აღვლენა (α) |
20სთ 58წთ 55.97წმ [1][2] |
| დახრილობა (δ) | −12° 38′ 07.81″[1][2] |
| მანძილი მზის სისტემიდან |
1685 სინ. წელი (516.6 პს) |
| ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე (m) |
9.0[1][2] |
| კუთხური სიდიდე | 2.8′[2] |
| აღმოჩენის ისტორია | |
| აღმომჩენ(ებ)ი | შარლ მესიე |
| აღმოჩენის წელი | 1780 |
| სხვა აღნიშვნები | M 73, NGC 6994, Cr 426 |
| მესიე 73 ვარსკვლავიერ ცაზე | |
მესიე 73 | |
მესიე 73 ან M73 (ასევე ცნობილი, როგორც NGC 6994) — ოთხი ვარსკვლავისგან შემდგარი ასტერიზმი მერწყულის თანავარსკვლავედში. მას დიდი ხნის განმავლობაში მცირე ზომის ღია ვარსკვლავთგროვად მიიჩნევდნენ. იგი მდებარეობს სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა M72-დან აღმოსავლეთით, რამდენიმე კუთხური წუთის დაშორებით. Gaia EDR3-ის მონაცემებით, ეს ვარსკვლავები მზისგან 1030±9, 1249±10, 2170±22 და 2290±24 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობენ, თანაც მეორე მათგანი ორმაგი ვარსკვლავია.[3]
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]M73 აღმოაჩინა შარლ მესიემ 1780 წელს. თავდაპირველად მან ეს ობიექტი აღწერა, როგორც ოთხი ვარსკვლავისგან შემდგარი ვარსკვლავთგროვა, რომელსაც გარკვეული ნისლეულოვანი ბუნება ახასიათებდა. გაცილებით გვიან ჩატარებულმა დაკვირვებებმა (ჯონ ჰერშელის მიერ) ვერანაირი ნისლეულოვნება ვერ გამოავლინა. უფრო მეტიც, ჰერშელმა აღნიშნა, რომ M73-ის გროვად მიჩნევა საეჭვო იყო. მიუხედავად ამისა, ჰერშელმა M73 შეიტანა თავის „გროვების, ნისლეულებისა და გალაქტიკების ზოგად კატალოგში“, ხოლო ჯონ დრეიერმა — ახალ ზოგად კატალოგში.[4]
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]M73-ს გარკვეულ პერიოდში განიხილავდნენ, როგორც პოტენციურ, მცირერიცხოვან ღია ვარსკვლავთგროვას, რომელიც შედგება ვარსკვლავებისგან, რომლებიც ფიზიკურადაც არიან დაკავშირებულნი სივრცეში და ცის სფეროზეც ერთმანეთის სიახლოვეს მდებარეობენ. საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა ეს ვარსკვლავები ასტერიზმს თუ ღია ვარსკვლავთგროვას, 2000-იანი წლების დასაწყისში კამათის საგანი იყო.
2000 წელს ლ. პ. ბასინომ, ს. ვალდჰაუზენმა და რ. ე. მარტინესმა გამოაქვეყნეს M73-სა და მის შემოგარენში არსებული ვარსკვლავების ფერისა და ნათობის ანალიზი. მათ დაასკვნეს, რომ ოთხი კაშკაშა ცენტრალური ვარსკვლავი და ზოგიერთი სხვა მეზობელი ვარსკვლავი ემორჩილებოდა ფერისა და ნათობის იმ კანონზომიერებას, რომელიც ღია ვარსკვლავთგროვების ვარსკვლავებისთვისაა დამახასიათებელი (რაც ჩანს ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე). მათი დასკვნით, M73 იყო ძველი ღია ვარსკვლავთგროვა, რომლის ზომაც 9 კუთხურ წუთს შეადგენდა.[5] თუმცა, იმავე წელს ჯ. კარარომ გამოაქვეყნა მსგავს ანალიზზე დაფუძნებული შედეგები და დაასკვნა, რომ ეს ვარსკვლავები არ ემორჩილებოდნენ ფერისა და ნათობის არანაირ კანონზომიერებას. კარაროს დასკვნით, M73 ასტერიზმს წარმოადგენდა.[6] დავის გასაღრმავებლად, ე. ბიკამ და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ M73-ის ცენტრში ხილული ოთხი კაშკაშა ვარსკვლავისა და მათთან ახლოს მდებარე კიდევ ერთი ვარსკვლავის შემთხვევითი განლაგება ნაკლებსავარაუდო იყო, შესაბამისად, M73, სავარაუდოდ, მეჩხერი ღია ვარსკვლავთგროვა უნდა ყოფილიყო.[7] საკითხი 2002 წელს გადაწყდა, როდესაც მ. ოდენკირხენმა და კ. სუბირანმა გამოაქვეყნეს ცენტრიდან 6′-ის რადიუსში მდებარე ექვსი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის მაღალი გარჩევადობის სპექტრების ანალიზი. მათ აჩვენეს, რომ დედამიწიდან ამ ექვს ვარსკვლავამდე მანძილები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ვარსკვლავები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდნენ. აქედან გამომდინარე, მათ დაასკვნეს, რომ ეს ვარსკვლავები მხოლოდ ასტერიზმს წარმოადგენდა.[8]
მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა, რომ M73 მხოლოდ ვარსკვლავთა შემთხვევითი განლაგება იყო, ასტერიზმების შემდგომი ანალიზი კვლავ მნიშვნელოვანია მეჩხერი ღია ვარსკვლავთგროვების იდენტიფიცირებისთვის. მსგავსი მრავალი გროვის სრულმასშტაბიანი კვლევა გვაჩვენებდა, თუ როგორ, რა სიხშირითა და რა ხარისხით ხდება ღია ვარსკვლავთგროვების დაშლა ირმის ნახტომის გრავიტაციული ძალების ზემოქმედებით, და გამოავლენდა ამ ძალების წყაროებს.
| სახელწოდება | პირდაპირი აღვლენა | დახრილობა | ვარსკვლავიერი სიდიდე | მანძილი (პარსეკი) |
|---|---|---|---|---|
| Cl* NGC 6994 BWM 5 | 20სთ 58წთ 53.326წმ | −12° 37′ 54.404″ | 11.70 ± 0.18 | 665 ± 7 |
| BD-13 5808 | 20სთ 58წთ 54.798წმ | −12° 38′ 03.916″ | 11.86 ± 0.19 | 316 ± 3 |
| BD-13 5809 | 20სთ 58წთ 56.772წმ | −12° 38′ 30.310″ | 10.297 ± 0.056 | 702 ± 7 |
| HD 358033 | 20სთ 58წთ 57.601წმ | −12° 37′ 45.709″ | 11.237 ± 0.054 | 383 ± 3 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- SEDS: Messier Object 73
- Messier 73, LRGB CCD image based on two-hours total exposure
- Messier M73 on WikiSky: DSS2, SDSS, GALEX, IRAS, Hydrogen α, X-Ray, Astrophoto, Sky Map, Articles and images
- Messier 73 SIMBAD. Centre de données astronomiques de Strasbourg.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 M 73. SIMBAD. Centre de données astronomiques de Strasbourg. ციტირების თარიღი: 2006-12-21
- 1 2 3 4 Messier 73. SEDS Messier pages. ციტირების თარიღი: 2010-02-28
- ↑ Brown, A. G. A.; et al. (Gaia collaboration) (2021). "Gaia Early Data Release 3: Summary of the contents and survey properties". Astronomy & Astrophysics. 649: A1. arXiv:2012.01533. Bibcode:2021A&A...649A...1G. doi:10.1051/0004-6361/202039657. S2CID 227254300. (Erratum: doi:10.1051/0004-6361/202039657e).
- ↑ K. G. Jones (1991). Messier's Nebulae and Star Clusters, 2nd, Cambridge University Press. ISBN 978-0-521-37079-0.
- ↑ L. P. Bassino; S. Waldhausen & R. E. Martinez (2000). „CCD photometry in the region of NGC 6994: The remains of an old open cluster“. Astronomy & Astrophysics. 355: 138–144. arXiv:astro-ph/0001238. Bibcode:2000A&A...355..138B.
- ↑ G. Carraro (2000). „NGC 6994: An open cluster which is not an open cluster“. Astronomy & Astrophysics. 357: 145–148. arXiv:astro-ph/0003372. Bibcode:2000A&A...357..145C.
- ↑ E. Bica; B. X. Santiago; C. M. Dutra; H. Dottori; M. R. de Oliveira & D. Pavani (2001). „Dissolving star cluster candidates“. Astronomy & Astrophysics. 366 (3): 827–833. arXiv:astro-ph/0011280. Bibcode:2001A&A...366..827B. doi:10.1051/0004-6361:20000248. S2CID 10979809.
- ↑ M. Odenkirchen & C. Soubiran (2002). „NGC 6994: Clearly not a physical stellar ensemble“. Astronomy & Astrophysics. 383 (1): 163–170. arXiv:astro-ph/0111601. Bibcode:2002A&A...383..163O. doi:10.1051/0004-6361:20011730. S2CID 15545816.
| ||||||||||