მესამე
მესამე — მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთხრობაში მოქმედება 1912-1926 წლებში ვითარდება. 32 წლის ირინე — მოთხრობის პროტაგონისტი — თავის წარსულ ცხოვრებას იხსენებს. მისი ახალგაზრდობის წლები დაემთხვა დრამატულ მოვლენებს მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში — პირველ მსოფლიო და რუსეთის სამოქალაქო ომებს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას და დაცემას და ბოლოს — საქართველოს გასაბჭოებას. ირინემ ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ მშვიდად ეცხოვრა და ეპოვა თავისი წილი ბედნიერება, მაგრამ, ომებმა, პოლიტიკურმა არეულობამ და ეპიდემიამ ამაო გახადა მისი მონდომება: დაკარგა მშობლები, დაენგრა ორი ოჯახი და გულიდან მოსწყდა ორი შვილი. მოთხრობის უკანასკნელ თავში ეს რეტროსპექტიული მონათხრობი წარმოდგება, როგორც ირინეს აღსარება თავისი ძველი ნაცნობის — სანდროს წინაშე, ამ უკანასკნელისაგან სიყვარულის ახსნის პასუხად, რათა წარსულმა კითხვის ნიშნები არ დატოვოს მათ ურთიერთობაში და ცხოვრებისაგან ტანჯულმა ორმა ადამიანმა ერთად შეძლოს ბედნიერი მომავლის შენება.
ეპოქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთხრობა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების ე.წ. მეორე პერიოდს მიეკუთვნება, მაგრამ, მწერალმა მასში უხვად გამოიყენა ის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც უშუალოდ მიიღო ჯერ კიდევ 1905-1907 წლებში, ჟურნალისტური მოღვაწეობის დროს, შემდგომ კი — საფრანგეთში ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდში[1]. მწერალი კარგად იცნობდა ალავერდის სპილენძის მაღაროების სამუშაო პირობებს და თავის დროზე წერილიც კი უძღვნა მას ("ორიოდე დღე ალავერდის მადანში"), ხოლო პარიზში გატარებულმა რამდენიმე წელმა კი მას ფრანგული ე.წ. ბურჟუაზიული საზოგადოების, მისი ბუნებისა და ჩვევების ცოდნაც შესძინა. მოთხრობაში მოკლე, მაგრამ, მრავლისმეტყველი რეპლიკებით აისახება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რთული პოლიტიკური ვითარება, მისი ძლიერი დამოკიდებულება "დიდ მოთამაშეებზე" — გერმანიაზე, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთზე, რაც რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
პროტაგონისტი ქალის ცხოვრების მხატვრული აღწერით მიხეილ ჯავახიშვილმა მკითხველის განსასჯელად გამოიტანა ქალთა ემანსიპაციის საკითხიც, რითიც მწერალი ჯერ კიდევ თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობის დროს იყო დაინტერესებული (წერილები: "ქალთა მოძრაობის ისტორიიდან"[2], "ქალთა საარჩევნო უფლებები ავსტრალიაში".. )[1]. განათლებამ ხელი შეუწყო ქალებს, რომ უფრო თამამად წარმოეჩინათ საკუთარი თავი როგორც საზოგადოებრივ, ისე — პირად ურთიერთობებში. თუმცა, ამას მხარი ვერ აუბა ერთი მხრივ იმდროინდელი საზოგადოების მკაცრმა მორალმა, რომელიც ქალისაგან ქმრის მორჩილებასა და ოჯახში ყოფნას ითხოვდა, მეორე მხრივ კი — კანონმდებლობამ, რომელიც ქალს უუფლებოდ ტოვებდა განქორწინების შემთხვევაში.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირინე — პროტაგონისტი, მთხრობელი
- ჟან შოვერი — ფრანგი ინჟინერი, ირინეს პირველი ქმარი
- ეჟენი — ირინესა და ჟან შოვერის ვაჟი
- სანდრო — ღარიბი ოჯახის შვილი, ჟან შოვერის მოსამსახურე და მოწაფე, შემდეგ — ინჟინერი და "წითელი დირექტორი".
- შალვა შურმანიძე — ირინეს დანიშნული, შემდეგ — მეორე ქმარი
- სანდრიკო — ირინესა და შალვას ვაჟი
- ელო — ირინეს ნათესავი და უახლოესი მეგობარი, შემდეგ — შალვა შურმანიძის ცოლი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 ბექა ქურხული. მიხეილ ჯავახიშვილი.
- ↑ ქალთა მოძრაობის ისტორიიდან.