მერი ფიტონი
მერი ფიტონი (ან ფაიტონი) (მონათლული 25 ივნისი, 1578 — გ. 1647) — ელისაბედის პერიოდის მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ქალი, რომელიც დედოფლის საპატიო მოახლე გახდა. ცნობილია უილიამ ჰერბერტთან, პემბროკის მე-3 ერლთან, ვიცე-ადმირალ სერ რიჩარდ ლევესონთან და სხვებთან თავისი სკანდალური რომანებით. ზოგი მას შექსპირის სონეტების „ბნელ ქალბატონად“ მიიჩნევს.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიტონი სერ ედვარდ ფიტონისა და ელის ჰალკროფტის ქალიშვილი გახლდათ. მას სულ მცირედ სამი და-ძმა მაინც უნდა ჰყოლოდა: უფროსი და ანა, რომელიც 1587 წელს, 12 წლის ასაკში, ჯონ ნიუდიგეიტზე დაქორწინდა, და ორი ძმა. ერთ-ერთ ძმას ედვარდ ფიტონი უნდა რქმეოდა.[1]
ცხოვრება სამეფო კარზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მერი ფიტონი, დაახლოებით 1595 წელს, დედოფალ ელიზაბეთის საპატიო მოახლე გახდა. მამამისმა ის სერ უილიამ ნოლისის, დედოფლის საცხოვრებლის მსახურთუფროსს ჩააბარა. ნოლისი დაჰპირდა: „მასთან ისე ფრთხილად ვიქნები, თითქოს მისი ნამდვილი მამა ვიყო“-ო,[2] მაგრამ საბოლოოდ, 50 წლის ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი იყო, მერის საყვარელი გახდა. მან თავისი ვნების შესახებ დასაც კი მისწერა და მერის დისშვილს, ქალის სეხნიას და საკუთარ ნათლულს, სახელი თავად დაარქვა. სამეფო კარზე მისი გატაცება ძალიან კარგად იყო ცნობილი, და ამის გამო ხშირადაც დასცინოდნენ.
1598 წელს სამეფო თავლაში ცხენი, სახელად „გრეი ფიტონი“, სპეციალურად მერისთვის ინახებოდა.[3] 1599 წლის იანვარში გოგონა იძულებული გახდა სამეფო კარი დაეტოვებინა და მამის სახლში, ჩარინგ-კროსში დაბრუნებულიყო, რადგან თავს ცუდად გრძნობდა და „კომფორტულად ვერ ბრძანდებოდა“.[4] მას ფიზიკური და გონებრივი სიმპტომების ის ნაზავი აწუხებდა, რომელიც იმ ეპოქაში „დედის დახრჩობა“, სავარაუდოდ ისტერიის რომელიმე ფორმა უნდა ყოფილიყო. როდესაც ის სამეფო კარზე დაბრუნდა, ნოლისს, ყოფილ საყვარელს, მტკიცედ განუდგა და უარყო.
1600 წლის ივნისში მერი ლედი ენ რასელის, ბედფორდის გრაფის შვილიშვილის ჰენრი სომერსეტზე გათხოვებისათვის დაგეგმილ ნიღბიან ცეკვას ხელმძღვანელობდა. მერის მოთავეობით მოახლეებმა ალეგორიული ცეკვა შეასრულეს და შემდეგ აუდიტორიიდან საკუთარი შემცვლელები გამოიძახეს.[5] გადმოცემის თანახმად, მერიმ თავად დედოფალზე შეაჩერა არჩევანი.[6] მსგავსი მასკარადი, სავარაუდოდ, უჩვეულო უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა შემთხვევებში კეთილშობილური მოცეკვავეები (განსაკუთრებით ქალები) ცეკვისას მეტად იშვიათად საუბრობდნენ.[7]
ცნობილია, რომ ამ ცეკვას უილიამ ჰერბერტი, მოგვიანებით პემბროკის ერლი ესწრებოდა. მერი ფიტონი მისი საყვარელი გახდა და მალე დაორსულდა. 1601 წლის თებერვალში პემბროკი ფლიტის ციხეში, ბავშვის მამობის აღიარების, მაგრამ მერის ცოლად მოყვანაზე უარის თქმის შედეგად გაგზავნეს.[8] მერი ფიტონი ლედი მარგარეტ ჰოპკინსთან, სერ ჯონ ჰოპკინსის ქვრივთან, შინაპატიმრობის მოსახდელად გაამწესეს. 1601 წლის მარტში მან გააჩინა ბიჭი, რომელიც მაშინვე გარდაიცვალა (შესაძლოა სიფილისისგან, რომელიც, სავარაუდოდ, პემბროკს აწუხებდა).
მერი და პემბროკი სამეფო კარიდან დაითხოვეს.
ცხოვრება სამეფო კარის გარეთ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერი ამ ამბებით იმდენადაც არ შეწუხებულა, როგორც მამამისი, რომელიც ამ ყველაფერს სოციალურ სიკვდილად მიიჩნევდა. ნოლისმა კიდევ ერთხელ სცადა ქალის მოხიბვლა, მაგრამ მერი მტკიცე უარზე იდგა. მან სანაცვლოდ რომანი გააბა დაქორწინებულ ვიცე-ადმირალ სერ რიჩარდ ლევესონთან, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა.[9] 1605 წელს, სიკვდილის შემდეგ, რიჩარდმა მერის 100 ფუნტი დაუტოვა (ლევესონის მეუღლე, რომელიც მძიმე ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა, მამის მზრუნველობას ჩააბარეს).
ამის შემდეგ მას ჰქონდა რომანი კაპიტან უილიამ პოლველთან, ლევესონის ერთ-ერთ ოფიცერთან. მას შეეძინა ვაჟი, რომელიც სავარაუდოდ უილიამის იყო. დედამისი მეტად დამცირებულად გრძნობდა თავს, და თავის მეორე, დაქორწინებულ ქალიშვილს სწერდა: „ისეთი სირცხვილი, როგორიც არასდროს უჭამია ჩეშირის ქალს, ახლა ვჭამე. მეტს ნუ მომწერთ მის შესახებ.“[10] მერის პოლველთან ქორწინებამ ქალი ოდნავაც არ მოარბილა. ის ახალ სიძეს „ნაბიჭვარს“ უწოდებდა.
როდესაც მისი ქმარი 1610 წელს გარდაიცვალა, მერის ვაჟი და ქალიშვილი დარჩა. იგი კვლავ დაქორწინდა პემბროკშირის კაპიტანზე, სახელად ჯონ ლოუერზე. ლოუერი „ჯენტლმენი ადვოკატი“ და ყოფილი პარლამენტარი იყო, რომელიც ოდესღაც იორკის უმაღლესი კომისიის სასამართლოში მსახურობდა.[11] ის 1636 წელს გარდაიცვალა. თავად მერი 1647 წელს გარდაიცვალა და გავსვორთში დაკრძალეს; უელსის პატარა ქონება თავის ქალიშვილს დაუტოვა, რომელიც დაქორწინდა და შვილები შეეძინა. მისი მოჩვენება, მრავალი გადმოცემით, გავსვორტის ძველ ჰოლს ხშირად უნდა სტუმრობდეს.[12]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Haynes, Alan. Sex in Elizabethan England. Gloucestershire: Sutton Publishing Limited, 1997. ISBN 0-905778-35-9
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [1], The National Archives: Court of Star Chamber STAC 5/H25/2, Retrieved 8 August 2018
- ↑ Haynes, Alan: Sex in Elizabethan England 1997:44.
- ↑ HMC Manuscripts of the Earl of Salisbury, vol. 8 (London, 1899), p. 415.
- ↑ Michael Brennan, Noel Kinnamon, Margaret Hannay, The Letters of Rowland Whyte to Sir Robert Sidney (Philadelphia, 2013), pp. 404, 427, 436.
- ↑ Roy Strong, Cult of Elizabeth: Elizabethan Portraiture and Pageantry (London, 1977), pp. 29-30.
- ↑ Michael Brennan, Noel Kinnamon, Margaret Hannay, Letters of Rowland Whyte to Sir Robert Sidney (Philadelphia, 2013), p. 501.
- ↑ Peter Davidson & Jane Stevenson, 'Elizabeth's Reception at Bisham', Jayne Elisabeth Archer, Elizabeth Goldring, & Sarah Knight, The Progresses, Pageants, & Entertainments of Queen Elizabeth (Oxford, 2007), pp. 221-2.
- ↑ Letters of Robert Cecil to George Carew (London, 1864), p. 65.
- ↑ Sam Schoenbaum, Shakespeare's Lives, Oxford University Press, 1991, p. 329.
- ↑ Haynes, Alan. Sex in Elizabethan England 1997:49.
- ↑ Rosemary O'Day, "Mary Fitton", The Routledge Companion to the Tudor Age, Routledge, 2012.
- ↑ Ash, Russell (1973). Folklore, Myths and Legends of Britain. Reader's Digest Association Limited, გვ. 368. ISBN 9780340165973.