მერი ნესბიტი
| მერი ნესბიტი | |
|---|---|
|
მერის პორტრეტი, ჯოშუა რეინოლდზის მიერ შესრულებული 1781 წელს, უოლესის კოლექცია, ლონდონი | |
| დაბადების სახელი | მერი დეივისი |
| დაბადების თარიღი |
1742 წ. კოვენტ-გარდენი (სავარაუდოდ), ლონდონი, ინგლისი |
| გარდაცვალების თარიღი |
1825 (82-83 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
| ეროვნება | ინგლისელი |
| საქმიანობა | კურტიზანი |
მერი ნესბიტი (დ. 1742/3 — გ. 1825) — ინგლისელი არისტოკრატთა კლასის წარმომადგენელი და კურტიზანი, XVII საუკუნის ბოლოს დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი. მისი სახლი, ნორვუდ ჰაუსი, ზემო ნორვუდში, (ახლა სამხრეთ ლონდონში) მრავალი წლის განმავლობაში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სალონი იყო, სადაც მდიდარი და ძლევამოსილი ადამიანები იკრიბებოდნენ.[1]
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნესბიტი უკიდურეს სიღარიბეში დაიბადა. უცნობია მისი მშობლების ვინაობა და წარმომავლობა. მისი სახელი იმთავითვე მერი დევისი გახლდათ. მისი მოშურნეები და მტრები მოგვიანებით ხმებს ყრიდნენ და ავრცელებდნენ, რომ ქალი კოვენტ-გარდენში, ურიკაში დაბადებულიყო. კარიერის ადრეულ წლებში სახელი გადაირქვა და მერი ნესბიტის დარქმევამდე საკუთარ თავს პოლი დევისს უწოდებდა.[1]
მისი გამოჩენა საზოგადოებაში 1764 წელს, მხატვარ სერ ჯოშუა რეინოლდზის ნამუშევრებისთვის ნატურად მუშაობას უკავშირდება. სერ ჯოშუასთან ნაცნობობის შედეგად მან კურტიზანობა დაიწყო. საიმონ ლუტელი, ე.წ. „ჯოჯოხეთის მეფე“ და მოგვიანებით კარჰემპტონის პირველი ერლი, შესაძლოა მისი პირველი საყვარელი და ის ადამიანი ყოფილიყო, რომელმაც მერის ამ კარიერისაკენ უბიძგა. ასევე სავარაუდოა, რომ სწორედ საიმონთან ასოციაციამ მოუტანა მერის მეტსახელი - „ჯოჯოხეთის-ცეცხლა დევისი“.[1]
ლუტრელის მეშვეობით ის გაეცნო შეძლებულ ალექსანდრე ნესბიტს (მოინ. 1730 – გ. 1772), ლონდონელი ვაჭრისა და ლონდონის სიტის ბანკირის, თომას ნესბიტის სამი ვაჟიდან უმცროსს.
მერი ალექსანდრეზე 1768 წლის 25 თებერვალს, სენტ-მარტინ-ინ-ფილდსში დაქორწინდა. ქორწინებას მოწმედ ლუტელი ესწრებოდა. ნესბიტმა მერის გადააბარა თავისი სახლი და ქონება ზემო ნორვუდში, სურეიში. წყვილს ასევე ჰქონდა რეზიდენცია ლონდონში, ბუკინგემის ქუჩა 10-ში.[1]
მისტერ ნესბიტს 1769 წელს ფსიქიკური აშლილობა დაემართა და ბლექფრაიარის მახლობლად, კერძო საცხოვრებელში ჩაკეტეს, სადაც 1772 წელს, 42-43 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდეც. მის ნესბიტის მოშურნეებმა, გაზეთმა „Tête-à-tête“ და ანონიმურმა კრიტიკულმა წერილებმა, ხელმოწერით „იუნიუსი“, ქმრის გაგიჟება მერის მიერ მისადმი უხეშად მოპყრობას და აგრესიას მიაწერეს.[1]
დაახლოებით 1771 წელს, მერი ავგუსტუს ჯონ ჰერვის, (1724–1779), საზღვაო ოფიცრის, ლორდ ჰერვი იკვორტის (1696–1743) მეორე ვაჟის საყვარელი გახდა. ჰერვი 1775 წელს ბრისტოლის მესამე ერლი გახდა, და მან და მერიმ ნორვუდ ჰაუსში ერთად ცხოვრება დაიწყეს. მათ ასევე ჰქონდათ რეზიდენციები ლონდონის სენტ ჯეიმსის მოედანზე და საფოლკში, იკვორთ ჰაუსში. მიუხედავად მცდელობებისა, ისინი ვერ დაქორწინდნენ, რადგან ერლის 1779 წლის განქორწინების პეტიცია მმართველობამ უარყო.[1]
1779 წელს, ჰერვის გარდაცვალების შემდეგ, მერიმ მემკვიდრეობით ივდონის მამული, ლინკოლნშირის მიწები და 5000 ფუნტი სტერლინგი, საფოლკში, დაახლოებით 186 ჰექტრის (0,75 კმ2) გაყიდვიდან მიიღო. მას ასევე უანდერძეს აქციებისა და ავეჯის წილი სენტ ჯეიმსის მოედანზე არსებულ სახლში და იკვორტში, რომელიც £7378 ღირდა. მან ცხოვრება საკუთარ სახლში, ზემო ნორვუდში განაგრძო, რომელიც გააფართოვა კიდეც.[1]
მის ნორვუდის სალონს ხშირად სტუმრობდნენ ისეთი გავლენიანი მამაკაცები, როგორებიც იყვნენ ჯორჯ როუზი - ხაზინის მდივანი; ასევე პოლიტიკური თანამდებობების მაძიებელი ახალგაზრდა ასპირანტების დიდი რაოდენობა. საფრანგეთის რევოლუციის დროს ის სხვადასხვა სამეფო კარზე ჩნდებოდა, ევროპის სხვადასხვა დიპლომატიურ წრეებთან. შესაძლოა მერი ინგლისის პრემიერ-მინისტრის უილიამ პიტის მიერ აგენტადაც იყო გაშვებული, იმ საიდუმლო მისიით რომელსაც ინგლისი აწარმოებდა და რომელიც საფრანგეთის მონარქიის აღდგენისათვის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. მისადმი ადრე გავრცელებული ჭორების საპირისპიროდ ამჯერად საზოგადოება მერისადმი კეთილგანწყობილი იყო. 1797 წლის 25 სექტემბერს, გაზეთმა „დილის ქრონიკამ“ (The Morning Chronicle) აღიარა, რომ „ამ სახელგანთქმულმა ქალმა“, მიუხედავად „მისი ცხოვრების მრავალფეროვნებისა“, „შეიძინა ამაღლება ... რომელიც მან ღირსეულად შეინარჩუნა“ და გამოიყენა „საკუთარი გავლენა უბედურთა სოციალური ფენის სასარგებლოდ“.[1]
მერი იძულებული გახდა ნორვუდის სახლი XIX საუკუნის დასაწყისში, ხელმოჭერილი ფინანსური მდგომარეობის გამო დაეტოვებინა. ამის შემდეგ ის უცხოეთში გადასახლდა, სადაც 1808 წელს ცნობილი ცვილის ფიგურებზე მომუშავე მადამ ტიუსო გაიცნო, და კრისტალ-პალასში მისთვის სახლი შეიძინა.[1]
ნესბიტი სავარაუდოდ 82 წლის ასაკში, პარიზში ცხოვრებისას გარდაიცვალა, და ის ასევე პარიზში, 1825 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mary Nesbitt. Oxford Biography Index (2004). ციტირების თარიღი: 6 April 2009.
- Mary Nesbitt – Collection of letters. Royal Academy of Arts. ციტირების თარიღი: 6 April 2009.
- de Loriol, Peter (2004). „Chapter 25“, Famous and Infamous Londoners. The History Press, გვ. 37. ISBN 978-0-7509-3822-8.
- Coulter, John (1996). Norwood Past. Historical Publications. ISBN 978-0-948667-37-4. Review by the Norwood Society
- Stevenson, Janet H. (1994). „'The Nesbitts of Norwood House : a footnote to Junius'“. Surrey Archaeological Collections. 82: 169–79. doi:10.5284/1069197. ISSN 0309-7803.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://artvee.com.
- www.wallacecollection.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-03. ციტირების თარიღი: 2025-03-01.