მელიტონ ქანთარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელიტონ ქანთარია
დაბადების სახელი მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1920
ჯვარი
გარდაცვალების თარიღი 26 დეკემბერი, 1993 (73 წლის)
მოსკოვი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
მეუღლე(ები) ბარბარე ჯალაღონია
მშობლები მამა: ვარლამ ქანთარია
დედა: ლიდია შონია - ქანთარია
მელიტონ ქანთარია

მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია (დ. 5 ოქტომბერი, 1920, ჯვარი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 26 დეკემბერი, 1993, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) — საბჭოთა კავშირის გმირი (8 მაისი, 1946), საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი, რომელმაც ოფიციალური ცნობებით გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე 1945 წლის 30 აპრილს, 21.50 საათზე.

მელიტონ ქანთარიას მამა — ვარლამ ქანთარია (1890-1963)
მელიტონ ქანთარიას დედა — ლიდია შონია - ქანთარია (1896-1985)

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელიტონ ქანთარია დაიბადა 1920 წელს გლეხის ოჯახში იმჟამად სოფელ ჯვარში, სამეგრელო. 1933 წელს მუშაობა დაიწყო ჯვრის კოლმეურნეობა „განთიადში“. 1937 წლიდან იყო აფხაზეთის ასსრ-ის ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიის ორჯონიკიძის რაიონის კოლმეურნეობის წევრი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა 756-ე მსროლელთა ბატალიონში, მე-3 არმიის 150-ე მსროლელთა დივიზია, პირველ ბელორუსულ ფრონტზე. მან სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად აღმართა საბჭოთა წითელი დროშა დაცემული რაიხსტაგის თავზე ბერლინისთვის ბრძოლისას, 1945 წლის 30 აპრილს.[1]

1946 წელს დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა. 1947 წელს კენჭი იყარა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად ოჩამჩირის რაიონის №203 ოლქში, რომელშიც ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული საქართველოს სსრ-ის II, III, IV, V, VI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა (1993 წლის სექტემბერს). ქანთარია ოჯახითურთ მოსკოვში გადავიდა, სადაც ორ თვეში გარდაიცვალა.

საბრძოლო გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს მელიტონ ქანთარია გაიწვიეს არმიის რიგებში, მას მალე მოუსწრო ომმა. პირველად კავკასიაში შეერკინა მტერს. მონაწილეობას იღებდა სმოლენსკის ოლქის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. აქ მელიტონ ქანთარია მძიმედ იქნა დაჭრილი. გამოჯანმრთელების შემდეგ იგი ისევ ფრონტზეა. მან სახელოვანი გზა გავნლო პოლონეთის ტერიტორიაზე, მონაწილეობდა მდინარეების ვისლასა და ოდერის, ნეისესა და შპრეეს გადალახვაში, დუბლინის, ლატვიის და ბელორუსიის განთავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში. ომის დროს იდრიცკის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზიის 776-ე მსროლელი პოლკის მამაცი მზვერავი მელიტონ ქანთარია სამჯერ იქნა მძიმედ დაჭრილი .

ომის შემდგომი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ მელიტონ ქანთარია მუშაობდა სოფელ აგუბედიის კოლმეურნეობაში, შემდეგ მეშახტედ ტყვარჩელში. იყო საქართველოს სსრ მე-2 - მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენით, წითელი დროშის, მარქსის (გდრ) ორდენითა და მედლებით.

საფლავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელიტონ ქანთარია 1993 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა ქ. მოსკოვში. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მოადგილის ირაკლი მენაღარიშვილის თავმჯდომარეობით შეიქმნა მისი დამკრძალავი კომისია. მელიტონ ქანთარია დაკრძალული იქნა ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ეზოში, გამარჯვებული ჯარისკაცის ძეგლის გვერდით, 1994 წლის 5 იანვარს,.

მელიტონ ქანთარიას სახლი ოჩამჩირეში (1993 წელი)

„ყველა ოკუპაცია დასრულდება და დამარცხდება“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. 2011 წლის 9 მაისს იგი ჯვარის საჯარო სკოლისთვის ქანთარიას სახელის მინიჭების ღონისძიებას დაესწრო და გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკო. პრეზიდენტმა აღნიშნა: „მელიტონ ქანთარია იყო ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ბედის ლეგენდარული მებრძოლი, რომელმაც გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა“. სააკაშვილმა ქანთარიას ლტოლვილი უწოდა, რადგან იგი აფხაზეთიდან იყო, „ისინი კი, ვისთან ერთადაც გამარჯვებისთვის იბრძოდა, ოკუპანტებად იქცნენ“.[2]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელიტონ ქანთარიას მეუღლე ბარბარე ჯალაღონია დასაფლავებულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში. გმირს დარჩა სამი შვილი: მირიანი, რეზო და ციალა, რომლებიც მრავალრიცხოვან შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დღეს, დევნილობის გამო [3], ცხოვრობენ საზღვარგარეთ.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბჭოთა კავშირის გმირი (8.05.1946);
  • წითელი დროშის ორდენი
  • 1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის
  • ბერლინის აღებისათვის
  • ლენინის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • თარგი:მარქსის (გდრ) ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩინჩილაკაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 454.
  • მელიტონ ქანთარია, გმირი მედროშე, შემდგენელი ბექა ქანთარია, თბ. 2003 წ; გამომცემლობა „მოლოდინი“
  • გამარჯვების სიმბოლო, ავტორები სერგო წურწუმია და ზაურ შეროზია, თბ. 2005 წელი
  • ბექა ქანთარია, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 2000 წელი, 9 მაისი
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]