შინაარსზე გადასვლა

მელისენდა იერუსალიმელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელისენდა იერუსალიმელი
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1105
დაბ. ადგილი შანლიურფის პროვინცია
გარდ. თარიღი 11 სექტემბერი, 1161 (56 წლის)
გარდ. ადგილი იერუსალიმი
დასაფლავებულია ღვთისმშობლის საფლავი
მოქალაქეობა იერუსალიმის სამეფო
საქმიანობა პოლიტიკოსი
მეუღლე ფულკი
მამა ბალდუინ II იერუსალიმელი
დედა მორფია მელიტენელი
შვილ(ებ)ი ბალდუინ III იერუსალიმელი[1] და ამალრიკი

მელისენდა (დაახლ. 111011 სექტემბერი, 1161 წლის) — იერუსალიმის დედოფალი 1131-1152 წლებში. იგი იყო იერუსალიმის სამეფოს პირველი ქალი მმართველი და პირველი ქალი, რომელსაც საჯარო თანამდებობა ეკავა ჯვაროსნულ სამეფოში. თავისი სიცოცხლის მანძილზევე ის უკვე ლეგენდად იქცა სამეფოში არსებული ქრისტიანული თემების გულუხვი მხარდაჭერის გამო. მისი თანამედროვე ქრონიკოსი ვილჰელმ ტვიროსელი (უილიამ ტვირელი) მას აქებდა მისი სიბრძნისა და უნარ-ჩვევების გამო, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები განსხვავებულად აფასებენ მის მოღვაწეობას.

მელისენდა იყო მეფე ბალდუინ II-ისა და დედოფალ მორფიას უფროსი ქალიშვილი. 1120-იანი წლების ბოლოს, როცა ცხადი გახდა, რომ მამამისს ვაჟი აღარ ეყოლებოდა, მელისენდა გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ და დაქორწინდა ფულკ ანჟუელზე. ბალდუინ II გარდაიცვალა 1131 წლის 21 აგვისტოს და სამეფო გადასცა მელისენდას, ფულკსა და მათ ვაჟს, ბალდუინ III-ს. მელისენდა და ფულკი ერთად დაიგვირგვინნენ 14 სექტემბერს.

თავიანთი ერთობლივი მმართველობის დასაწყისში ფულკმა სცადა, მელისენდას გარეშე ემართა ქვეყანა. ბარონებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა მელისენდას ნათესავი, გრაფი ჰუგო II იაფელი, აჯანყება მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰუგო დამარცხდა და გადასახლდა, მელისენდამ გავლენა მოიპოვა და ფულკსა და მის მომხრეებს იქამდე აშინებდა, სანამ ფულკი არ დათანხმდა, მართვის ძალაუფლების ნაწილი მისთვისაც მიენიჭებინა. შერიგების შემდეგ მათ მეორე ვაჟიც შეეძინათ — ამალრიკი, ხოლო ამის შემდეგ ფულკი სამეფოში არცერთ გადაწყვეტილებას აღარ იღებდა მელისენდას თანხმობის გარეშე. მათი ერთობლივი მმართველობის პერიოდში მელისენდა აქტიურად მართავდა ეკლესიის საქმეებს და იყო ეკლესიური პატრონაჟის წამყვანი ფიგურა. ფულკი გარდაიცვალა 1143 წლის 10 ნოემბერს და მელისენდამ სრული ძალაუფლება მიიღო. 25 დეკემბერს ის ხელმეორედ აკურთხეს თავის უფროს ვაჟ ბალდუინ III-თან ერთად, რომელიც ჯერ არასრულწლოვანი იყო. 1145 წელს ბალდუინი სრულწლოვანი გახდა, მაგრამ მელისენდამ უარი თქვა მისთვის ხელისუფლების დათმობაზე. მისი მმართველობის დროს ქრისტიანებმა განიცადეს ორი დიდი კატასტროფა მუსლიმებთან ბრძოლაში: ედესის დაცემა 1144 წელს და წარუმატებელი მცდელობა დამასკოს ასაღებად 1148 წელს მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, რასაც, სავარაუდოდ, მელისენდა თავადაც ეწინააღმდეგებოდა.

მელისენდასა და ბალდუინ III-ის ურთიერთობა გაუარესდა 1150 წელს, როცა მან კიდევ უფრო შეამცირა ბალდუინის როლი სახელმწიფო საქმეებში. 1152 წლის აპრილის დასაწყისში უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სამეფო დედასა და ვაჟს შორის გაყოფილიყო. რამდენიმე კვირაში ბალდუინმა დაიპყრო მელისენდას ტერიტორია და ალყა შემოარტყა მას დავითის კოშკში. აპრილის ბოლოს მელისენდამ დათმო ძალაუფლება და გადავიდა ნაბლუსში. იგი აქტიურად ერთვებოდა ოჯახის საქმეებში, რომლებიც ასევე მართავდნენ ჯვაროსნულ სახელმწიფოებსანტიოქიასა და ტრიპოლის საგრაფოში. მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა იერუსალიმში შემცირდა, ის კვლავაც რჩევებს აძლევდა ბალდუინს და მისი არყოფნის დროს წარმატებით უხელმძღვანელა სამხედრო კამპანიას. იგი ასევე განაგრძობდა ეკლესიის მხარდაჭერას და მფარველობას. 1161 წელს ის მძიმედ დაავადდა, სავარაუდოდ, ინსულტის შედეგად, და 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

ახლო აღმოსავლეთის რუკა
ჯვაროსნული სახელმწიფოები გარშემორტყმული იყვნენ მტრული მუსლიმური ძალებით.

ლევანტის ოთხი ჯვაროსნული სახელმწიფოიერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლის საგრაფო და ედესის საგრაფო — შექმნეს ფრანკებმა, ლათინმა ქრისტიანებმა, რომლებმაც დაიპყრეს რეგიონი და დაამარცხეს მისი მუსლიმი მმართველები პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს 1098–99 წლებში.[2] მელისენდა იყო ფრანკი ჯვაროსნის ბალდუინ ბურკელისა და მორფია მელიტენელისსომეხი დიდგვაროვნისა და ბერძნული მართლმადიდებლური სარწმუნოების მატარებლის — უფროსი ქალიშვილი.[3] ლევანტის ადგილობრივი ქრისტიანები ეთნიკურად და აღმსარებლობით მრავალფეროვანი იყვნენ, მათ შორის იყვნენ ბერძენი მართლმადიდებლები, სომხური სამოციქულო ეკლესიის, სირიული მართლმადიდებელი, მარონიტული, კოპტური, აღმოსავლეთ სირიული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევრები.[4] ისტორიკოსი იაროსლავ ფოლდა აღნიშნავს, რომ მელისენდას შერეული წარმომავლობა ასახავდა რეგიონის ეთნო-რელიგიურ მრავალფეროვნებას.[5]

ისტორიკოს ბერნარდ ჰამილტონის მიხედვით, მელისენდას მშობლები, სავარაუდოდ, 1100 წელს დაქორწინდნენ.[3] ფოლდა მელისენდას დაბადების თარიღად მიიჩნევს დაახლოებით 1110 წელს ან ოდნავ ადრეულ პერიოდს.[6] ის და მისი ორი და, ალისა და ჰოდიერნა, დაიბადნენ მაშინ, როცა მათი მამა, ასევე ცნობილი როგორც ბალდუინ II, ედესის გრაფი იყო.[3] შესაბამისად, ფოლდა მიიჩნევს, რომ მელისენდა ედესაში დაიბადა.[6] 1118 წელს ბალდუინმა დაიწყო პილიგრიმობა იერუსალიმში. ამ მოგზაურობისას იერუსალიმის მეფე ბალდუინ I გარდაიცვალა და ბალდუინ II აირჩიეს მის მემკვიდრედ.[7] 1119 წელს ახალი მეფე დაბრუნდა ედესაში, რათა გრაფად დაენიშნა თავისი ბიძაშვილი ჟოსლინ კურტენელი და იერუსალიმში გადმოეყვანა მეუღლე და ქალიშვილები.[8] მელისენდას კიდევ ერთი და, იოვეტა, შეეძინათ მის მშობლებს, როცა ისინი მეფე-დედოფლად აკურთხეს 1119 წელს.[9]

ჯვაროსნული სახელმწიფოები მუდმივად ომის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათი დაცვა კი მამაკაცებს ეკისრებოდათ.[10] ბალდუინ II იყო იერუსალიმის პირველი ფრანკი მმართველი, რომელსაც შვილები შეეძინა, თუმცა მისი ოთხივე შვილი გოგონა იყო და ჯვაროსნულ სახელმწიფოებში ჯერ კიდევ არ არსებობდა ქალთა მემკვიდრეობის წესები.[11] მელისენდას მშობლებს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ სამეფოს მამაკაცი მემკვიდრე არ ჰყავდა.[3] ისევე როგორც ბალდუინ I-ის ცოლები, არდა სომეხი და ადელაიდა დელ ვასტო, მორფია სახელმწიფოს საქმეებში არ მონაწილეობდა.[12]

დედოფალი მორფია გარდაიცვალა 1 ოქტომბერს, სავარაუდოდ, 1126 ან 1127 წელს. რადგანაც მეფე ბალდუინი აღარ ელოდა ვაჟის შეძენას, მან დაიწყო თავისი ქალიშვილების მომავლის უზრუნველყოფა და მემკვიდრეობის საკითხის მოგვარება.[11] უფროსი ქალიშვილი მელისენდა გამოცხადდა მის მემკვიდრედ. ალისა, მეორე ქალიშვილი, 1126 წელს დაქორწინდა პრინც ბოემონდ II ანტიოქიელზე. ჰოდიერნა, მესამე ქალიშვილი, სავარაუდოდ უკვე დანიშნული იყო რაიმონ ტრიპოლელზე. უმცროსი ქალიშვილი, იოვეტა, გაგზავნეს წმინდა ანას მონასტერში. ისტორიკოსი ჰანს ე. მაიერი მიიჩნევს, რომ ეს იყო „ყველაზე უსაფრთხო გზა“, რათა მისი სტატუსი, როგორც პორფიროგენეტისა(გვირგვინოსანი მშობლების შვილი), არ დამუქრებოდა მელისენდას პრეტენზიას ტახტზე.[13]

1127 წლის ბოლოს, ან ნაკლებ სავარაუდოდ, 1128 წლის დასაწყისში, ელჩობა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გალილეის პრინცი ვილჰელმ I ბიურელი და დიდგვაროვანი გი I ბრიზბარი, გაემგზავრენ საფრანგეთში მელისენდას ქორწინების მოსაწყობად. საფრანგეთის მეფე ლუი VI-თან შეხვედრის შემდეგ, ელჩობა 1128 წლის დასაწყისში ჩავიდა გრაფ ფულკ ანჟუელის კარზე.[13] ზოგიერთი ისტორიკოსის, მათ შორის სტივენ რანსიმანის აზრით,[14] ფულკი — ლუიმ შეარჩია. მაიერი კი მიიჩნევს, რომ ფულკი შეირჩა იერუსალიმში გამართული კრების მიერ, რასაც ადასტურებს XII საუკუნის ქრონიკოსი უილიამ ტვირელი, ხოლო ელჩობა მხოლოდ ლუის თანხმობისთვის გაემგზავრა, რაც აუცილებელი იყო, რადგან ფულკი ლუის ვასალი იყო.[13] ფულკი უკვე გამოცდილი მმართველი იყო.[15] ის 1120 წელს პილიგრიმად იმყოფებოდა იერუსალიმში და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ერთი წლის განმავლობაში პირადად უზრუნველყოფდა 100 რაინდის შენახვას.[16] მისი მეუღლე, ერემბურგა მაინელი, გარდაიცვალა 1126 წლის ბოლოს[16], მას უკვე ზრდასრული შვილები ჰყავდა.[15]

საშუალო საუკუნეების ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ცხენზე ამხედრებული ადამიანი
ფულკი, გამოსახული თავის ბეჭედზე როგორც ანჟუს გრაფი, უკვე გამოცდილი მმართველი იყო, როცა იგი შეირჩა მელისენდას მეუღლედ.

ელჩობის ევროპაში ყოფნისას ბალდუინმა დაიწყო ოფიციალურ დოკუმენტებში მელისენდას თავის თანამდებობაზე ასოცირება: 1129 წლის მარტის ქარტიაში იგი მოწმეებს შორის წინ უსწრებს მთელ სასულიერო პირებს, ხოლო სხვა დოკუმენტში კვლავ მოწმეების სიის სათავეშია და პირდაპირ მოიხსენიება როგორც „მეფის ქალიშვილი და სამეფოს მემკვიდრე“.[17][5] მაიერი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ მელისენდა მემკვიდრედ გამოცხადდა საფრანგეთში ელჩობის გაგზავნამდე, თუმცა საბოლოოდ დაასკვნა, რომ მისი ოფიციალური აღიარება იყო პირობა, რომელიც ფულკმა წამოაყენა ქორწინების კონტრაქტის გაფორმებამდე და იერუსალიმში ჩასვლამდე.[18] მაიერის აზრით, ფულკმა გამოიყენა მაგალითი იმპერატრიცა მატილდას ოფიციალური აღიარებისა, რომელიც 1128 წლის ივნისში დაქორწინდა ფულკის ვაჟ ჟოფრუა პლანტაგენეტზე, როგორც მემკვიდრე ინგლისის მეფე ჰენრი I-ის შემდეგ.[19]

ანჟუსა და მაინეს საგრაფოების ვაჟისთვის გადაცემის შემდეგ, ფულკი ელჩებთან ერთად ჩავიდა იერუსალიმში 1129 წლის მაისში.[16] მათი ქორწინება აღინიშნა 2 ივნისამდე.[20] რანსიმანი მიიჩნევს, რომ ქორწილი იერუსალიმში შედგა, მაგრამ ფოლდა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს მოხდა აკრაში და თანამედროვე ისტორიკოსები თავს იკავებენ დაზუსტებისგან.[5] მეფე ბალდუინმა, როგორც მზითვი, მელისენდას გადასცა ქალაქები აკრა და ტვიროსი, რაც სამეფო დომენის ყველაზე შემოსავლიანი ტერიტორიები იყო. ეს ქალაქები წყვილს მეფის სიცოცხლეში უნდა ჰქონოდა.[16] 1130 წლის პირველ ნახევარში მელისენდას ვაჟი შეეძინა, ბალდუინი.[15]

ტახტზე მჯდომი წყვილი, რომელთაც სასულიერო პირი აკურთხებს
ფულკისა და მელისენდას კორონაცია პირველი იყო, რომელიც მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში გაიმართა.

ანტიოქიის პრინცი ბოემონდ II, მელისენდას დის, ალისას ქმარი, გარდაიცვალა 1130 წელს. მას და ალისას ერთადერთი შვილი ჰყავდათ, კონსტანსი, რომელიც მამის გარდაცვალების დროს ორი წლის იყო. ალისამ სცადა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, თუმცა ბალდუინი ანტიოქიაში გაემართა და ამის საშუალება არ მისცა.[21] მან ედესის გრაფი ჟოსლენ I დატოვა სამთავროს მმართველად, სანამ კონსტანსისთვის შესაფერის ქორწინებას მოაწყობდა.[22] უკან დაბრუნების შემდეგ მეფე მძიმედ დაავადდა. 1131 წლის აგვისტოში მან მოითხოვა, რომ იერუსალიმის ლათინი პატრიარქის სახლში გადაეყვანათ, რათა მაცხოვრის საფლავის ეკლესიის სიახლოვეს გარდაცვლილიყო. იქ მან იხმო მელისენდა, ფულკი და მათი ჩვილი ვაჟი ბალდუინი, რის შემდეგაც სამეფო გადასცა სამივეს ერთად. მეფე ბალდუინ II გარდაიცვალა 21 აგვისტოს. ფულკი და მელისენდა მეფე-დედოფლად აკურთხეს მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე. ისინი იყვნენ პირველი მონარქები, რომლებიც ამ ეკლესიაში აკურთხეს.[23]

ჟოსლინი მალევე გარდაიცვალა ბალდუინ II-ის შემდეგ და ალისამ კვლავ სცადა ძალაუფლების ხელში აღება ანტიოქიაში. ფულკმა ანტიოქიელი ბარონების მოწვევით წამოიწყო სამხედრო კამპანია და სამთავროში ახალი მთავრობა დაამყარა.[24]

დედოფლობის დასაწყისშივე მელისენდა აღმოჩნდა იმ ძალაუფლების გარეშე, რომელსაც მამამისის სიცოცხლის პერიოდში ფლობდა. ფულკი მმართველობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში არ ასოცირებდა მას არცერთ საჯარო აქტთან.[15] მან მიზანმიმართულად სცადა მელისენდას ჩამოშორება ძალაუფლებისგან,[25] რაც ეწინააღმდეგებოდა როგორც მათ ქორწინების კონტრაქტს, ასევე ბალდუინ II-ის ბოლო ნებას.[26] მელისენდას ძალაუფლებიდან გამორიცხვა მხოლოდ პროტოკოლური საკითხი არ იყო: მთავრობის გარეშე მას არ შეეძლო თანამდებობებისა და მიწების განაწილება.[27] 1134 წელს დიდგვაროვნები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა მელისენდას მეორე ბიძაშვილი და ვასალი გრაფი ჰუგო II იაფელი, აჯანყდნენ ფულკის წინააღმდეგ.[28] მიზეზები ბოლომდე გარკვეული არაა.[29] ჰამილტონი იზიარებს მაიერის დასკვნას, რომ კონფლიქტი წარმოიშვა ფულკის მიერ სამეფოს ძველი დიდებულების ჩანაცვლებით ანჟუდან ჩამოსული ახალბედებით.[27][30] მაიერის მიხედვით, დიდებულებს, სავარაუდოდ, იმედი ჰქონდათ, რომ დედოფალი დაიცავდა მათ მეფის ქმედებებისგან, თუკი შეძლებდნენ მისი დაბრუნებას მმართველობაში იმ ადგილას, რომელიც მამამისს მისთვის ჰქონდა განსაზღვრული.[30] ისტორიკოსი მალკოლმ ბარბერი ფიქრობს, რომ მელისენდა აუცილებლად იყო ჩართული აჯანყებაში, თუმცა აღიარებს, რომ მისი როლი უცნობია.[31]

უილიამ ტვირელმა ჩაიწერა ჭორი, რომ დედოფალს „ახალგაზრდა და ძალიან ლამაზ“ გრაფ ჰუგოსთან საიდუმლო ურთიერთობა ჰქონდა, რამაც მეფის რისხვა გამოიწვია.[32] ჰამილტონი და მაიერი ორივე უარყოფენ ამ ჭორს. მაიერი მიიჩნევს, რომ თვითონ უილიამსაც არ სჯეროდა ამ ჭორის[33] და შუა საუკუნეების დედოფალს, რომელსაც მუდამ თან ახლდა კარის ხალხი, ძალიან გაუჭირდებოდა საიდუმლო საყვარლის ყოლა.[34] ჰამილტონის აზრით, საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეკლესია, დაიჭერდა ფულკის მხარეს და არა მელისენდას, როგორც მოხდა, თუ ეს უკანასკნელი მართლაც ღალატობდა ქმარს.[27] მაიერს ეჭვი აქვს, რომ ჭორები თავად ფულკმა გაავრცელა ჰუგოს მოშორებისა და მელისენდას მონასტერში გამოკეტვის მიზნით, რითაც გვერდს აუვლიდა ბალდუინ II-ის ნებას.[25]

ორი მჯდომარე ადამიანი, რომლებზეც თავდასხმა ხდება
რაინდი ქუჩაში კამათლის მოთამაშე გრაფ ჰუგოს ხანჯლით ჭრის. ეჭვი იყო, რომ თავდასხმა სამეფო კარის მიერ იყო შეკვეთილი.

ჰუგოს გერსმა, ვალტერ I გრენიემ, კესარიის ლორდმა, იგი ღიად დაადანაშაულა სასამართლოში, ღალატში.[15] მაიერი ვარაუდობს, რომ ვალტერი შესაძლოა წამქეზებელი იყო ამ ბრალდების წამოყენებაში. ჰუგომ უარყო ბრალდება და გამოიწვიეს სასამართლო ბრძოლაზე, თუმცა ის არ გამოცხადდა. ამით მეფემ იურიდიული საფუძველი მიიღო, რათა დაეკავებინა ჰუგო იაფის საგრაფო. ფულკმა ალყა შემოარტყა იაფას, მაგრამ პატრიარქმა ჩაერია და მშვიდობა დაამყარა: ჰუგო გადასცემდა იაფას მეფეს და უკან დაიბრუნებდა მას სამი წლის გადასახლების შემდეგ. სანამ ის ევროპაში გაემგზავრებოდა, ჰუგოს ქუჩაში რაინდი დაესხა თავს.[33] გამოჯანმრთელების შემდეგ ჰუგო გადასახლდა და ქვეყნიდან წავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.[35] მკვლელობის მცდელობაში ფართოდ ეჭვობდნენ მეფე ფულზე,[27] თუმცა მისი ბრალეულობა არასოდეს დამტკიცებულა, მაგრამ მისი რეპუტაცია ძლიერ დაზარალდა.[36]

მელისენდა, ძლიერ განარისხა ფულკის დამოკიდებულებამ ჰუგოს მიმართ და მისი პატივის შელახვამ.[27][37] ფულკის მომხრეები ვერც კი ბედავდნენ მის წინაშე გამოჩენას.[36] დედოფლის რისხვა ძირითადად მიმართული იყო ვიცეგრაფ როჰარდ უფროსისკენ, რომელსაც ყველაზე მეტად ადანაშაულებდა ფულკზე გავლენის მოხდენაში.[36] ფულკსაც კი საკუთარი სიცოცხლის შიში ჰქონდა.[38] მაიერი ვარაუდობს, რომ ამის გამო 1135 წელს, ფულკი ანტიოქიაში დარჩა.[34] საბოლოოდ სასამართლო დასრულდა, რის შემდეგაც ფულკი მელისენდას თანხმობის გარეშე „წვრილმან საქმეშიც კი აღარ იღებდა ინიციატივას“, როგორც უილიამ ტვირელმა აღნიშნა.[27]

ერთობლივი მმართველობა ფულკთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაქარგი წიგნის ყდა
მელისენდას ფსალმუნი განიხილება, როგორც მეფის მცდელობა ცოლის გულის მოგებისა.

შერიგების შემდეგ, ფულკი აღარასდროს გამოსცემდა იერუსალიმის სამეფოს ქარტიებს, მელისენდას თანხმობის გარეშე.[25] თუმცა, იქ, სადაც მას ამის ვალდებულება არ ჰქონდა, მელისენდას თანხმობას არ ითხოვდა. მაგალითად, მან ანტიოქიაში მელისენდას დისშვილის, კონსტანსის რეგენტობა უბოძა სამთავროს ბარონების გადაწყვეტილების საფუძველზე, რაზეც მელისენდას პრეტენზია არ ჰქონდა.[39] ბარბერის მიხედვით, შერიგების შემდეგ მელისენდას ინტერესში აღარ შედიოდა ფულკთან მტრობის გაგრძელება. ის აღნიშნავს, რომ მელისენდას სჭირდებოდა თავისი მემკვიდრეობის გამყარება, რომელიც მანამდე მხოლოდ ერთ ვაჟზე იყო დამოკიდებული, და სურდა გავლენა ჰქონოდა ფულკის პოლიტიკაზე ანტიოქიაში, სადაც მისი და ალისა კვლავ ძალაუფლებას ფლობდნენ. მელისენდამ წარმატებით დაიყოლია ფულკი, რომ ალისას ქმედებებში აღარ ჩარეულიყო. ფულკი ანტიოქიიდან დაბრუნდა 1135 წლის ბოლოს, რის შემდეგაც სამეფო წყვილს კიდევ ერთი შვილი შეეძინა.[31] ვაჟი, ამალრიკი, დაიბადა 1136 წელს.[40] ის მელისენდას ყველაზე საყვარელი შვილი გახდა.[41]

მელისენდასა და ფულკის შერიგების ხელშესახები შედეგი იყო მდიდრული მელისენდას ფსალმუნი.[42] ფსალმუნი არის პირადი სამლოცველო წიგნი, რომელიც შეკვეთილი იყო დაახლოებით 1135 წელს[42] და ფოლდას მიერ აღქმულია, როგორც ფულკის ენერგიული მცდელობა, მოეგო მელისენდას გული.[43] ის ასახავს დასავლური, ბერძნული და სომხური კულტურების შერწყმას ჯვაროსნულ სახელმწიფოებში.[44] ფოლდა მიიჩნევს, რომ ფსალმუნი მიუთითებს მისი მფლობელის, როგორც მრავალფეროვანი მოსახლეობის დედოფლის, მხატვრულ გემოვნებაზე, ინტერესებსა და მგრძნობელობაზე.[45]

მელისენდას ჩარევამ ვერ უზრუნველყო ალისას წარმატება დიდი ხნით: მან საბოლოოდ დაკარგა რეგენტობა ანტიოქიაში, როდესაც რაიმონდ პუატიელი 1136 წელს იქ ჩავიდა, რათა ცოლად შეერთო მისი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ქალიშვილი, კონსტანსი.[46] დედოფალი ასევე ზრუნავდა თავისი უმცროსი დების, ჰოდიერნასა და იოვეტას უზრუნველყოფაზე, რომლებიც მამამისის გარდაცვალებისას ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. ჰოდიერნა ტრიპოლის გრაფ რაიმონდ II-ზე დაქორწინდა დაახლოებით 1138 წლამდე. ბარბერი მიიჩნევს, რომ ეს ქორწინება მელისენდას მიერ იყო ორგანიზებული, რათა ჯვაროსნული სახელმწიფოების მმართველი სახლები ერთმანეთთან დაეკავშირებინა. იოვეტა, რომელიც მონასტერში გაიზარდა, მონაზონი გახდა დაახლოებით 1134 წელს.[47] უილიამ ტვირელის ქრონიკის მიხედვით, მელისენდას მიაჩნდა, რომ იოვეტა ზედმეტად მაღალი წარმომავლობის იყო უბრალო მონაზვნობისთვის და გადაწყვიტა ის აბატისა გამხდარიყო.[40] ბარბერის თქმით, ძნელია განსაზღვრა, რამდენად დიდი იყო მელისენდას სითბო დებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ „უცნობია“, სურდა თუ არა იოვეტას სამონასტრო ცხოვრება, თუ ეს იყო მელისენდას გადაწყვეტილება პოლიტიკური საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელსაც იოვეტა, როგორც მეფობის დროს დაბადებული და, შესაძლოა წარმოადგენდა.[47]

მელისენდას ოჯახის გენეალოგიური ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • გაბრიელ მელიტენელის შვილი იყო მორფია მელიტენელი.
  • მორფია მელიტენელი დაქორწინდა ბალდუინ II იერუსალიმელზე.
  • მათი შვილები იყვნენ:
  • მელისენდა იერუსალიმელი (დაქორწინდა ფულკ V ანჟუელზე)
  • ალისა იერუსალიმელი (დაქორწინდა ბოემონდ II ანტიოქიელზე)
  • ჰოდიერნა იერუსალიმელი (დაქორწინდა რაიმონდ II ტრიპოლელზე)
  • იოვეტა იერუსალიმელი (აბატისა)
  • მელისენდასა და ფულკ V ანჟუელს ორი შვილი ჰყავდათ:
  • ბალდუინ III იერუსალიმელი
  • ამალრიკ I იერუსალიმელი
  • ალისა იერუსალიმელსა და ბოემონდ II *ანტიოქიელს ჰყავდათ შვილი:
  • კონსტანს ანტიოქიელი
  • ჰოდიერნა იერუსალიმელსა და რაიმონდ II ტრიპოლელს ჰყავდათ შვილები:
  • რაიმონდ III ტრიპოლელი
  • მელისენდა ტრიპოლელი
  • მელისენდა მონლერისი დაქორწინდა ჰუგო I რეთელზე.
  • მათი შვილები იყვნენ:
  • ჰოდიერნა რეთელი (დაქორწინდა ჰუგო I იაფელზე.
  • მათი შვილი იყო ჰუგო II იაფელი) ჟოსლინ I ედესელი (მისი შვილი იყო ჟოსლინ II ედესელი)
  • ოჯახის ნათესავი იყო მანასე იერჟელი.

ეკლესიური ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიწისქვეშა ეკლესიის ინტერიერი
იოსაფატის ეკლესია, რომელიც მელისენდას მიერ იყო მხარდაჭერილი. მელისენდა და მისი დედა დაკრძალულნი არიან ნიშებში, შესაბამისად, მარცხნივ და მარჯვნივ.

ფოლდას აზრით, 1130-იანი წლების დასაწყისში მელისენდამ მონაწილეობა მიიღო წმინდა ანას მონასტრის რესტავრაციაში, სადაც მისი და იოვეტა ცხოვრობდა.[48] თუმცა, მელისენდას პატრონაჟის ერთადერთი ნარატიული აღწერა ეხება მონასტრის მშენებლობას ბეთანიაში,[49] რომელიც საკმარისად ახლოს იყო იერუსალიმთან, რათა დედოფალს მუდმივი კონტაქტი ჰქონოდა.[50] 1138 წლის თებერვალში მან და ფულკმა დაარწმუნეს პატრიარქი და მაცხოვრის საფლავის კანონიერი პირები, რათა დაეთმოთ ბეთანიის ეკლესია და მისი მიმდებარე სოფლები, რათა იქ ახალი რელიგიური საზოგადოება შეექმნათ. წმინდა ლაზარეს მონასტერი, როგორც იგი ცნობილი გახდა, ექვსი წლის განმავლობაში შენდებოდა. მელისენდამ იმდენად გულუხვად დაასაჩუქრა მონასტერი ქონებით, ოქროსა და ვერცხლის საეკლესიო ჭურჭლით, ძვირფასი ქვებით, აბრეშუმითა და ეკლესიური სამოსით, რომ ეს მონასტერი სამეფოში ყველაზე მდიდარი გახდა.[51] თავდაპირველად მელისენდამ ხანდაზმული აბატისა დანიშნა, მონასტრის წინამღძღვრად. როდესაც აბატისა გარდაიცვალა, მელისენდას სურვილისამებრ იოვეტა გახდა აბატისა და მელისენდამ მონასტერს დამატებითი საჩუქრები გაუგზავნა: წიგნები, სამკაულები და ბარძიმები.[44] ჰამილტონი მიიჩნევს, რომ ბეთანიის მონასტრის მშენებლობა და მისი უზრუნველყოფა არის მელისენდას პატრონაჟის „შთამბეჭდავი“ მაგალითი.[40]

1138 წელს მეფემ და დედოფალმა დაიწყეს უფროსი ვაჟის, ბალდუინის, ჩართვა სახელმწიფო აქტებში.[40] ფულკი მუდმივად მუშაობდა სამეფოს საზღვრების დაცვაზე ეგვიპტის ფატიმიდების[52] და მოსულის ათაბაგის ზენგის წინააღმდეგ.[53] ამავდროულად, მელისენდა ინარჩუნებდა მტკიცე კონტროლს ეკლესიაზე.[54] 1130-იანი წლების ბოლოდან მან ხელი შეუწყო რელიგიური ინსტიტუტების გაფართოებას, მათ შორის უფლის ტაძრისთვის ფართო მიწების გადაცემას სამარიაში,[54] რამდენიმე მიწის გრანტს მაცხოვრის საფლავის ეკლესიისთვის,[55] აგრეთვე გრანტებს იოსაფატის ღვთისმშობლის მონასტრისთვის, ჰოსპიტალიერთა ორდენისთვის, წმინდა ლაზარეს კეთროვანთა ჰოსპიტლისთვის და პრემონსტრატელთა წმინდა სამუელის ეკლესიისთვის მაუნტჯოიში.[56] ბარბერის აზრით, სწორედ მისი მხარდაჭერით 1137 წელს ტაძრის პრიორი ჟოფრუა აბატად დაინიშნა.[54]

მელისენდა მუდმივად უჭერდა მხარს სირიულ ეკლესიას და უზრუნველყოფდა მათთვის იმ ქონების დაბრუნებას, რომელიც ფრანკული დაპყრობისას დაკარგეს.[57][55] ის ასევე მუშაობდა სომხურ ეკლესიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე; მისი ლიდერი, სრულიად სომეხთა კათალიკოსი, 1140 წელს დაესწრო ლათინური ეკლესიის სინოდის კრებას იერუსალიმში. ბერძნული მართლმადიდებელი წმინდა საბას მონასტერიც ასევე იღებდა მელისენდას მხარდაჭერას.[55] მისი გულუხვი საჩუქრები ლეგენდარული გახდა და მას ღრმად რელიგიური ქალის რეპუტაცია მოუტანა, თუმცა მაიერი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ის იყო ჭკვიანი პოლიტიკოსი და თავისი შემოწირულობებით ის ეკლესიის პოლიტიკურ მხარდაჭერას ყიდულობდა.[58]

ერთპიროვნული მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელისუფლების მოპოვება და გამყარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1143 წლის ბოლოს სამეფო კარი აკრაში იმყოფებოდა და მშვიდობიან პერიოდს განიცდიდა. 7 ნოემბერს მელისენდამ სურვილი გამოთქვა პიკნიკზე წასვლის შესახებ. სოფლად ცხენით სეირნობისას ფულკი კურდღლის დევნაში ჩაერთო, ცხენი დაუცდა და მეფე ჩამოვარდა, მძიმე უნაგირი კი თავში დაეცა. იგი უგონოდ გადაიყვანეს აკრაში, სადაც 10 ნოემბერს გარდაიცვალა.[59] მელისენდამ საჯაროდ გამოხატა მწუხარება და მთავრობის მართვის სრული კონტროლი საკუთარ თავზე აიღო.[60] სამეფო არჩევნები არ ჩატარებულა, რადგან 1131 წელს დაწყებული ერთობლივი მმართველობა გაგრძელდა მელისენდასა და მის ვაჟ ბალდუინ III-ს შორის.[61]

მელისენდას, რომელიც 1131 წელს უკვე იყო კურთხეული და გვირგვინდადგმული, მეორედ ჩაუტარდა კორონაცია 1143 წლის შობას, ამჯერად ბალდუინ III-თან ერთად, რომელიც ასევე აკურთხეს.[62] რიტუალი ჩაატარა პატრიარქმა უილიამ მესინელმა.[63] მთელი ძალაუფლება მელისენდას ხელში იყო;[60] იმ დროს ბალდუინი 13 წლის იყო და მელისენდა მისი მეურვე გახდა.[62] ხშირად მიიჩნევა, რომ დედოფალი მოქმედებდა ვაჟის რეგენტად, მაგრამ არც მელისენდა და არც ქრონიკოსი უილიამ ტვირელი არ განიხილავდნენ მის მმართველობას, როგორც რეგენტობას. ჰამილტონის აზრით, ის იყო „არა რეგენტი, არამედ მმართველი დედოფალი“, რაც ეფუძნება უილიამ ტვირელის სიტყვებს, რომ სამეფო ძალაუფლება მელისენდას მემკვიდრეობითი უფლებით ეკუთვნოდა.[60] ბალდუინმა დაიწყო ქარტიების გამოცემა, უახლეს შემთხვევაში 1144 წელს, როდესაც მან ქარტია გამოსცა დედის თანხმობის გარეშე; ამის შემდეგ ყველა ქარტია დედისა და ვაჟის ერთობლივი სახელით გამოდიოდა, რაც მაიერს აფიქრებინებს, რომ მელისენდამ აუკრძალა ვაჟს ქარტიების დამოუკიდებლად გამოცემა.[64]

მელისენდას პირველი მოქმედება, ისევე როგორც მისი ქმრისა ან სხვა თანამედროვე მმართველისა, იყო მხარდამჭერების დანიშვნა სამეფოს თანამდებობებზე.[65] როგორც ქალს, მელისენდას არ შეეძლო არმიის სარდლობა.[60] მან თავის პირველ ბიძაშვილ მანასე იერჟელს, რომელიც ახლახან ჩამოვიდა სამეფოში, სამხედრო საქმეების წარმართვა დაავალა კონსტაბლის თანამდებობით.[65] მანასეს არჩევით, მელისენდამ უზრუნველყო სამეფო ხელისუფლების დაცვა.[60] დედოფლის უახლოესი გარემოცვა შედგებოდა ნაბლუსის ლორდ ფილიპე მილელისგან, გალილეის პრინც ელინანდ ტიბერიადელისგან და ვიცეგრაფ როჰარდ უფროსისგან.[65] ფილიპეს ოჯახი დასუსტდა ფულკის მმართველობის დასაწყისში, რაც შესაძლოა ხსნის მის ერთგულებას მელისენდას მიმართ. ელინანდს სამეფოში ყველაზე მეტი რაინდი ემორჩილებოდა. როჰარდი ადრე, 1130-იან წლებში, ფულკის მხარეს იდგა, თუმცა, როგორც ჩანს, ორივე მხარეს სურდა შერიგება. ფილიპეს, ელინანდისა და როჰარდის მხარდაჭერით, მელისენდას კონტროლი ჰქონდა იერუსალიმზე, სამარიასა და გალილეაზე, რომლებიც სამეფო დომენის ნაწილებს შეიცავდა.[54]

ეკლესიის სამრეკლო
მაცხოვრის საფლავის ეკლესიის (XII საუკუნის სამრეკლო სურათზე) რეკონსტრუქცია განხორციელდა მელისენდას დროს.

მელისენდასა და ბალდუინ III-ის კორონაციის შემდეგ დაიწყო მაცხოვრის საფლავის ეკლესიის გაფართოების სამუშაოები.[66] ფოლდას აზრით, პროექტმა დიდი მხარდაჭერა მიიღო დედოფალ მელისენდასგან და ის თანამშრომლობდა პატრიარქ ფულშესთან.[67] ისტორიკოსი ნურით კენან-კედარი მიიჩნევს, რომ იერუსალიმში არსებული წმინდა იაკობის საკათედრო ტაძრის სომხური მახასიათებლები სწორედ მელისენდას მხარდაჭერასა და გავლენას უკავშირდება.[68]

1144 ან 1145 წელს მელისენდამ მიიღო გამამხნევებელი წერილი ცნობილ მონაზონ ბერნარ კლერვოელისგან, თუმცა შემდეგ წერილში ბერნარმა აღნიშნა, რომ მის ყურამდე მიაღწია „გარკვეულმა ცუდმა ხმებმა“ მელისენდას შესახებ.[69] ბარბერის აზრით, ამ „ცუდ ხმებს“ შესაძლოა უკავშირდებოდეს ანონიმი ფრანგი პრემონსტრატელი მონაზვნის ბრალდება, რომელმაც დაწერა, რომ 1148 წელს მელისენდამ მოწამლა ტულუზის გრაფი ალფონს ჟორდანი და მოაწყო მისი ვაჟის, ბერტრანის დატყვევება მუსლიმების მიერ. მონაზონი წერდა, რომ დედოფალმა ეს გააკეთა იმისთვის, რომ ალფონს ჟორდანს, რომელსაც ნათესაური კავშირი ჰქონდა ტრიპოლის გრაფებთან, საფრთხე არ შეექმნა ტრიპოლისათვის, რომელსაც მისი სიძე რაიმონდი და და ჰოდიერნა მართავდნენ.[70] თუმცა, მელისენდას პრემონსტრატელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ ბარბერი მონაზვნის მტრულ დამოკიდებულებას მიაწერს „სამონასტრო სამყაროს ენდემურ მიზოგინიას“.[69]

სანდო ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნისას მელისენდას ყურადღება ასევე ჰქონდა მიმართული კანცელარიისკენაც.[71] მას არ სურდა კანცლერის პოსტზე ელიასის დატოვება,[71] რომელიც მისი ქმრის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.[72] ამიტომ მან დანიშნა ტიბერიადის ეპისკოპოსად, რაზეც ელიასი უარს ვერ იტყოდა.[71] 1145 წელს მელისენდამ კანცლერად დანიშნა რალფი, კიდევ ერთი ახალმოსული პირი.[54] 1146 წლის იანვარში, ტვიროსის არქიეპისკოპოსი ფულშე ანგულემელი პატრიარქად აირჩიეს და შეცვალა უილიამ მესინელი, რომელიც გარდაიცვალა 1145 წლის სექტემბერში.[73] მელისენდა მოითხოვდა, რომ რალფი დანიშნულიყო ტვიროსის ვაკანტურ ეპარქიაში. ბარბერის აზრით, ფულშემ მელისენდას მხარდაჭერით მიაღწია პატრიარქობას, თუმცა მანვე წინააღმდეგობა გაუწია დედოფლის კანდიდატურას, რალფს.[57] ტვიროსის ეპარქიის გამო კონფლიქტი ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მელისენდას დაპირისპირება მოუხდა ეკლესიასთან.[58]

ბალდუინ III-ემ კორონაციის შემდეგ დაუყოვნებლივ სცადა საკუთარი თავის სამხედრო საქმეში დამკვიდრება, რომელშიც მას უპირატესობა ჰქონდა დედასთან შედარებით. 1144 წელს მან ჩაახშო აჯანყება ვადი მუსაში.[71] დედოფალმა და კონეტაბლმა უკვე ნოემბერში გადაიტანეს პირველი კრიზისი, როდესაც მოსულის ზენგიმ ედესას ალყა შემოარტყა.[74] ედესელებმა დახმარება ახალგაზრდა მეფეს სთხოვეს, მაგრამ გადაწყვეტილებები მელისენდამ მიიღო.[71] მან მოიწვია საბჭო და გადაწყდა, რომ დახმარების ძალებს გაუძღვებოდნენ მანასე, ფილიპე და ელინანდი.[75] მაიერის აზრით, ახალგაზრდა მეფე არ გაიგზავნა, რადგან მელისენდას არ მოსწონდა მისი წარმატება ვადი მუსაში.[71] იგი მიიჩნევს, რომ დედოფალს არ სურდა, ვაჟს სამხედრო ლიდერის რეპუტაცია შეეძინა, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნიდა მის პოლიტიკურ ლიდერობას.[76] ბარბერი ვარაუდობს, რომ მელისენდამ ბალდუინი გამოცდილების ნაკლებობის გამო არ გაგზავნა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯარმა დროულად ვერ მიაღწია ედესას.[75] ქალაქი დაეცა თურქების ხელში, რომლებმაც დაინდეს სომხური და ბერძნული მოსახლეობა, თუმცა „ფრანკები ყველგან დახოცეს, სადაც კი იპოვეს“, – აღნიშნავს ქრონიკოსი მიქაელ სირიელი.[74] მელისენდა დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ანტიოქიას, რათა გაეგზავნათ დელეგაცია პაპთან და მოეთხოვათ ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება.[77] ბალდუინ III სრულწლოვანი გახდა 1145 წლის დასაწყისში, თავის მე-15 დაბადების დღეს,[62] თუმცა ეს მოვლენა საჯაროდ არ აღინიშნა.[60]

ზენგი მოკლეს 1146 წლის სექტემბერში.[78] გრაფმა ჟოსლინ II ედესელმა სცადა ედესის დაბრუნება, ხოლო მეფე ბალდუინმა ჰაურანზე ილაშქრა, მაგრამ ორივე დამარცხდა ზენგის ვაჟ ნურ ად-დინთან.[79] მაიერის აზრით, მელისენდამ ბალდუინს დასდო ბრალი ჰაურანის დაპყრობისას, მარცხში, და ეს ფაქტი გამოიყენა, რათა მომდევნო ქარტიაში ჩაერთო თავისი უმცროსი ვაჟი, ამალრიკი. მაიერის თქმით, ამალრიკის ჩართვა იყო divide et impera („გათიშე და იბატონე“) პრინციპის გამოყენება, რამაც გააძლიერა მელისენდას ძალაუფლება ბალდუინის ხარჯზე.[80]

სამი მჯდომარე მეფე; რაინდები მიემართებიან გამაგრებული ქალაქისკენ
სამი მეფის შეხვედრა აკრაში (ზემოთ) დამასკოს ალყის დასაგეგმად (ქვემოთ)

ედესის დაცემის ამბავმა ევროპა შოკში ჩააგდო[81] და პაპი ევგენი III ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწოდებით გამოვიდა.[82] მეფეები ლუი VII და კონრად III ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრნენ თავიანთი ჯარებით და თანმხლები პირებით, პაპის წარმომადგენლებთან ერთად.[83] ჯვაროსნებს აკრასთან 1148 წლის 24 ივნისს შეხვდა იერუსალიმის დელეგაცია, რომელშიც იყვნენ დედოფალი მელისენდა, მეფე ბალდუინი, პატრიარქი ფულშე, არქიეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, ჰოსპიტალიერთა და ტამპლიერების ორდენების ოსტატები და მთავარი დიდებულები; ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი შეკრება ლათინურ აღმოსავლეთში.[83] დამასკოზე თავდასხმის გადაწყვეტილება უკვე აპრილში მიიღეს ბალდუინმა, კონრადმა და ფულშემ.[84] მაიერი ვარაუდობს, რომ მელისენდა, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო, რადგან დამასკო ღირებული მოკავშირე იყო ნურ ად-დინის წინააღმდეგ.[85]

დამასკოს ალყისას ჯვაროსნები მცდარი რჩევებით გააცურეს, რასაც სწრაფი და დამამცირებელი მარცხი მოჰყვა.[86] 1149 წელს, ანტიოქიის დამარცხების შემდეგ, ბალდუინმა სასწრაფოდ აიღო პასუხისმგებლობა ანტიოქიაზე.[87] მელისენდამ გამოიყენა ბალდუინის მარცხი და მნიშვნელოვნად შეამცირა მისი გავლენა: 1149 წლიდან ის ქარტიებს მხოლოდ საკუთარი სახელით გამოსცემდა, ვაჟს მხოლოდ თანხმობის უფლება ჰქონდა.[88]

კონფლიქტი ბალდუინ III-თან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გვირგვინდადგმული კაცი მიმანიშნებს ტახტზე მჯდომ ქალისკენ
ბალდუინ III კამათობს მელისენდასთან, XIV საუკუნის უილიამ ტვირელის „Historia“-დან

ეკლესიასთან კონფლიქტმა მელისენდასა და კანცლერ, რალფის, ტვიროსის ეპარქიაში დანიშვნის გამო, მწვერვალს მიაღწია 1149 წლისთვის და მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა მელისენდასა და ბალდუინ III-ს შორის არსებულ უთანხმოებაში.[58] ეკლესიის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად მან რალფი ან გაათავისუფლა, ან აიძულა გადამდგარიყო კანცლერის თანამდებობიდან.[89] თუმცა, ის ვერ დანიშნავდა ახალ კანცლერს თანამმართველის თანხმობის გარეშე, რის გამოც კანცელარია დაიშალა.[90] ამის შემდეგ დედამ და შვილმა ცალკე მწერლები დაიქირავეს, რამაც თავიდან აიცილა მათი ერთობლივი მმართველობის ღია რღვევა, მაგრამ ეს მაინც სამეფო ძალაუფლების უპრეცედენტო გაყოფას ნიშნავდა.[91]

დაახლოებით 1149 წელს მელისენდასთვის დიდი დარტყმა იყო მისი ერთგული და მნიშვნელოვანი ვასალის, გალილეის პრინც ელინანდის გარდაცვალება.[91] 1150 წელს, ედესის გრაფის დატყვევების შემდეგ, ბალდუინმა მოუხმო დიდებულებს ანტიოქიისკენ ლაშქრობისკენ, მაგრამ მელისენდას ერთგულმა დიდებულებმა უარი თქვეს.[92] მაიერის აზრით, ეს დედოფლის მცდელობა იყო, არ მიეცა ბალდუინისთვის სამხედრო წარმატების შესაძლებლობა, კერძოდ, აღეკვეთა იერუსალიმის მეფეთა ტრადიციული როლი ჩრდილოეთ ჯვაროსნული სახელმწიფოების დაცვაში.[93] ბალდუინი მაინც წავიდა იმ მცირე ჯარით, რომლის შეკრებაც მოახერხა.[94]

მაიერი თვლის, რომ 1150 წლიდან მელისენდა მზად იყო ბალდუინთან დაპირისპირებისთვის, რაზეც მიუთითებს შემორჩენილი ქარტიები: მან ჩამოაყალიბა საკუთარი ადმინისტრაციული აპარატი და შეკრიბა ერთგული დიდებულები.[95] 1150 წელს მან უზრუნველყო თავისი ბიძაშვილისა და კონეტაბლი, მანასეს ქორწინება ჰელვის რამლელთან, მისი მხარდამჭერის, ბარისან იბელინელის ქვრივთან. ამან გააბრაზა ბარისანის ვაჟები – ჰუგო, ბალდუინი და ბალიანი, რადგან მათ რამლაში მიწა დაკარგეს.[65] ბალდუინს კი სწორედ მანასე მიაჩნდა დედასთან მისი დაპირისპირების მიზეზად.[96] 1151 წელს მელისენდამ უფრო განიმტკიცა პოზიციები ბალდუინის წინააღმდეგ, როდესაც თავის უმცროს ვაჟს, ამალრიკს, იაფას საგრაფო გადასცა.[97] ის ეკლესიის შემდეგ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი გახდა.[98]

1152 წლის დასაწყისში ბალდუინმა დაიწყო მოქმედება. მან მოითხოვა, რომ პატრიარქს აღდგომის დღესასწაულზე მხოლოდ მისთვის დაედგა გვირგვინი, მელისენდასთვის კი არა, რაც ნიშნავდა, რომ ის ხდებოდა სამეფოს ერთადერთი მმართველი.[99] პატრიარქმა ფულშემ უარი თქვა,[99] რადგან ეკლესია მელისენდას უჭერდა მხარს.[100] აღდგომის მეორე დღეს ბალდუინმა საზეიმო მსვლელობა მოაწყო იერუსალიმში, რომელიც მელისენდას ძალაუფლების ცენტრი იყო, გვირგვინის ნაცვლად დაფნის გვირგვინით.[100][96] შემდეგ მან მოიწვია უმაღლესი სასამართლო და სამეფოს დაყოფა მოითხოვა.[96] მელისენდამ განაცხადა, რომ მთელი სამეფო მემკვიდრეობით მას ეკუთვნოდა, თუმცა სამეფოს გაყოფას მაინც დაეთანხმა.[101] დედოფალმა დაიტოვა იუდეა და სამარია, ბალდუინს კი აკრა და ტვიროსი ერგო.[96][101]

სამეფოს გაყოფა დიდხანს არ გაგრძელებულა.[96][101] ბალდუინმა მალევე განაცხადა, რომ მისთვის გამოყოფილი მიწები საკმარისი არ იყო სამეფო საჭიროებებისთვის. მელისენდა ნაბლუსიდან იერუსალიმში გადავიდა. ბალდუინმა დაამარცხა მანასე მირაბელში და გადაასახლა, შემდეგ სწრაფად დაიკავა ნაბლუსი და ჯარით იერუსალიმს მიადგა. მელისენდას ერთგული დარჩნენ ამალრიკი, ფილიპე მილელი და როჰარდ უფროსი. უფროსი შვილის იერუსალიმისკენ მოძრაობის გაგებისთანავე, მელისენდა თავის სახლეულთან ერთად დავითის კოშკში გამაგრდა. პატრიარქმა ფულშემ დედოფალს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მეფემ ქალაქის კედლებს ალყა შემოარტყა, თუმცა დავითის კოშკი ვერ აიღო.[102]

რამდენიმე დღეში მოლაპარაკების შედეგად, მელისენდამ დატოვა კოშკი. შეთანხმებით მან ნაბლუსი და მიმდებარე მიწები სიცოცხლის ბოლომდე მიიღო.[103] 1152 წლის 20 აპრილს დასრულდა დედასა და შვილს შორის რვაწლიანი დაპირისპირება.[104]

მელისენდამ პენსიაზე ყოფნისას აქტიურობა არ შეწყვიტა.[105] 1152 წლის შუა პერიოდში ბალდუინმა მოიწვია კრება ტრიპოლში, სადაც მელისენდა მოუწვევლად მივიდა თავისი დის ჰოდიერნას საკითხზე.[106] ბალდუინი დედას პატივისცემით მოეპყრო, რითაც განიმტკიცა თავისი მდგომარეობა.[107] 1153 წელს მან აიღო ასკალონი, მელისენდასთან კი მშვიდობა დაამყარა.[107]

მელისენდა კვლავ მონაწილეობდა სამეფო საქმეებში, განსაკუთრებით 1156 წლიდან, როდესაც ჩაერთო პიზასთან მოლაპარაკებებში.[108] 1157 წელს მეფის არყოფნისას მან მოაწყო სამხედრო ოპერაცია ელ-ჰაბლისის ციხესიმაგრის დასაბრუნებლად.[107]

1161 წელს მელისენდა ავად გახდა, შესაძლოა, ინსულტი გადაიტანა.[109] იგი გარდაიცვალა 1161 წლის 11 სექტემბერს.[110] ის დაკრძალეს იოსაფატის ღვთისმშობლის მონასტერში, დედამისის გვერდით.[104]

დედოფალ მელისენდას ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მთავარი წყაროა მთავარეპისკოპოსი უილიამ ტვირელი. თუმცა იგი მხოლოდ 1130 წელს დაიბადა და 1127 წელს ფულშე შარტრელის გარდაცვალებიდან ჯვაროსნულ სახელმწიფოებში მუდმივად მყოფი ქრონიკოსი აღარ ყოფილა.[111] უილიამი ევროპაში სწავლობდა 1145-1165 წლებში და მხოლოდ 1167 წელს დაიწყო თავისი „ისტორია ზღვის გადაღმა გაკეთებული საქმეებისა“ წერა.[112][5] ბალდუინ II-ის მმართველობის ბოლო წლები და ფულკისა და მელისენდას მმართველობის პერიოდები, ბარბერის შეფასებით, ცუდად არის დოკუმენტირებული და „ისტორიკოსებს შორის სპეკულაციების საგანია“.[113]

კაცი წერის პროცესში
უილიამ ტვირელი, რომელიც გამოსახულია თავისი „ისტორიის“ წერისას, ღრმად იყო მოხიბლული მელისენდათი.

მელისენდასა და მის ვაჟ ბალდუინ III-ს შორის კონფლიქტის აღწერისას უილიამი დედოფლის მხარეს იკავებს. მაიერი განმარტავს, რომ უილიამი იყო მეფე ამალრიკის სამეფო ისტორიკოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა დედოფალს და ბალდუინ III-ის შემდეგ ტახტზე ავიდა. ასევე ის დიდი გავლენის ქვეშ იყო მელისენდას მიერ ეკლესიისთვის გაღებული უხვი შემოწირულობების გამო.[114] უილიამი წერდა:

ვიკიციტატა
„ის იყო ძალიან ბრძენი ქალი, სრულად გამოცდილი თითქმის ყველა სახელმწიფო საქმეში, რომელმაც წარმატებით დაძლია თავისი სქესით გამოწვეული პრობლემები(ის ხომ ქალი იყო) და მნიშვნელოვანი საკითხების მართვა შეძლო.[115]

ბარბერი აღნიშნავს, რომ უილიამის შეფასება მელისენდას შესახებ, როგორც „ქალისათვის უჩვეულოდ ბრძენისა და წინდახედულისა“, თანამედროვე მკითხველისთვის შეიძლება პატრონიზებულად ჟღერდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რადგან მთავარეპისკოპოსი, როგორც წესი, არ ამართლებდა ქალების ჩართულობას სახელმწიფო საქმეებში.[63]

ჰამილტონი ეთანხმება უილიამის შეფასებას, რომ „მელისენდა ცდილობდა დაემყარებინა საუკეთესო მონარქების დიდების მსგავსი მართვა და ეს მას ისე კარგად გამოსდიოდა, რომ სრულიად მართებულად მიიჩნეოდა წინა მმართველთა ტოლად.“ ჰამილტონის აზრით, მელისენდა იყო „ნამდვილად გამორჩეული ქალი“, რადგან იგი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა ძალაუფლებას სამეფოში, სადაც მანამდე ქალს საჯარო როლი არ ჰქონია.[115] ბარბერი აღნიშნავს, რომ უილიამის შეფასებას ყველა არ ეთანხმებოდა[63] და მის მმართველობისას მოხდა ფრანკთა ორი უმძიმესი მარცხი: ედესის დაცემა (1144) და დამასკოს აღების წარუმატებელი მცდელობა (1148). თუმცა იგი აღიარებს, რომ მელისენდას ბრალი ამ წარუმატებლობებში განსაზღვრული არ არის.[69]

ჰამილტონი ასკვნის, რომ მელისენდა იყო კულტურული და ღრმად მორწმუნე,[56] ხოლო ფოლდა მას XII საუკუნის იერუსალიმის სამეფოს უდიდეს ხელოვნების მფარველად მიიჩნევს.[116]

მაიერი აკრიტიკებს მელისენდას, რომ მან არ დატოვა ძალაუფლება ბალდუინ III-ის სასარგებლოდ და ამბობს, რომ „მისი ძალაუფლების სურვილი მის სიბრძნეს აღემატებოდა“.[114] მაიერი მიიჩნევს, რომ მიუხედავად უილიამ ტვირელის მიერ მელისენდას შესაძლებლობების ქებისა, მისი ვაჟი უკეთესი მმართველი იქნებოდა.[99] ჰამილტონს, პირიქით, მიაჩნია, რომ მელისენდას არ ჰქონდა მიზეზი, თავისი „გამოუცდელი“ შვილის სასარგებლოდ გადამდგარიყო, რადგან ის კარგად მართავდა სამეფოს და დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა.[96] მაიერი ასკვნის, რომ მელისენდა იყო „შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული დედოფალი“.[117]

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Hamilton, Bernard (1978). „Women in the Crusader States: The Queens of Jerusalem“, რედ. Derek Baker: Medieval Women. Ecclesiastical History Society. 
  • Mayer, Hans Eberhard (1972). „Studies in the History of Queen Melisende of Jerusalem“. Dumbarton Oaks Papers. Dumbarton Oaks. 26: 93–182. doi:10.2307/1291317. JSTOR 1291317.

წერილები დედოფალ მელისენდას მიერ და მისთვის

მელისენდა, იერუსალიმის დედოფალი BBC-ის რადიო გადაცემაში In Our Time

წინამორბედი:
{{{წინამორბედი}}}
{{{ტიტული}}}
with ფულკი
ბალდუინ III
შემდეგი:
{{{შემდეგი}}}
  1. Lundy D. R. The Peerage
  2. Barber 2012, p. 2.
  3. 1 2 3 4 Hamilton 1978, p. 147.
  4. Barber 2012, pp. 40–44.
  5. 1 2 3 4 Folda 2012, p. 434.
  6. 1 2 Folda 2012, p. 433.
  7. Barber 2012, pp. 118–119.
  8. Runciman 1952, pp. 154–155.
  9. Hamilton 1978, pp. 147–8.
  10. Hamilton 1978, p. 143.
  11. 1 2 Mayer 1985, p. 139.
  12. Hamilton 1978, p. 148.
  13. 1 2 3 Mayer 1985, p. 140.
  14. Runciman 1952, p. 177.
  15. 1 2 3 4 5 Hamilton 1978, p. 149.
  16. 1 2 3 4 Mayer 1985, p. 141.
  17. Hamilton 1978, pp. 148–9.
  18. Mayer 1985, p. 144.
  19. Mayer 1985, p. 146.
  20. Runciman 1952, p. 178.
  21. Runciman 1952, p. 183.
  22. Barber 2012, p. 152.
  23. Barber 2012, p. 149.
  24. Barber 2012, pp. 152–153.
  25. 1 2 3 Mayer 1972, p. 110.
  26. Mayer 1989, p. 1.
  27. 1 2 3 4 5 6 Hamilton 1978, p. 150.
  28. Hamilton 1978, pp. 149–150.
  29. Mayer 1989, pp. 1–2.
  30. 1 2 Mayer 1989, p. 4.
  31. 1 2 Barber 2012, p. 156.
  32. Mayer 1989, p. 2.
  33. 1 2 Mayer 1972, p. 102.
  34. 1 2 Mayer 1972, p. 107.
  35. Mayer 1972, pp. 102–103.
  36. 1 2 3 Mayer 1972, p. 103.
  37. Mayer 1972, p. 109.
  38. Mayer 1972, p. 106.
  39. Mayer 1972, pp. 109–110.
  40. 1 2 3 4 Hamilton 1978, p. 151.
  41. Mayer 1972, p. 141.
  42. 1 2 Barber 2012, pp. 160–161.
  43. Folda 2012, p. 449.
  44. 1 2 Barber 2012, p. 160.
  45. Folda 2012, p. 459.
  46. Barber 2012, p. 167.
  47. 1 2 Barber 2012, p. 157.
  48. Folda 2012, p. 465.
  49. Folda 2012, p. 443.
  50. Barber 2012, pp. 157–158.
  51. Barber 2012, pp. 158–160.
  52. Barber 2012, p. 162.
  53. Barber 2012, pp. 163–164.
  54. 1 2 3 4 5 Barber 2012, p. 177.
  55. 1 2 3 Runciman 1952, p. 232.
  56. 1 2 Hamilton 1978, p. 156.
  57. 1 2 Barber 2012, p. 178.
  58. 1 2 3 Mayer 1972, p. 131.
  59. Runciman 1952, p. 233.
  60. 1 2 3 4 5 6 Hamilton 1978, p. 152.
  61. Mayer 1972, p. 113.
  62. 1 2 3 Mayer 1972, p. 114.
  63. 1 2 3 Barber 2012, p. 174.
  64. Mayer 1972, p. 115.
  65. 1 2 3 4 Barber 2012, p. 176.
  66. Folda 2012, p. 461.
  67. Folda 2012, p. 462.
  68. Folda 2012, p. 470.
  69. 1 2 3 Barber 2012, p. 175.
  70. Barber 2012, pp. 175–176.
  71. 1 2 3 4 5 6 Mayer 1972, p. 117.
  72. Mayer 1972, p. 116.
  73. Mayer 1972, p. 126.
  74. 1 2 Barber 2012, p. 179.
  75. 1 2 Barber 2012, p. 180.
  76. Mayer 1972, p. 118.
  77. Runciman 1952, p. 247.
  78. Barber 2012, p. 182.
  79. Barber 2012, pp. 182–184.
  80. Mayer 1972, p. 124.
  81. Barber 2012, p. 184.
  82. Barber 2012, pp. 184–185.
  83. 1 2 Barber 2012, p. 188.
  84. Mayer 1972, p. 127.
  85. Mayer 1972, p. 128.
  86. Barber 2012, pp. 188–189.
  87. Mayer 1972, p. 129.
  88. Mayer 1972, p. 130.
  89. Mayer 1972, pp. 131–132.
  90. Mayer 1972, pp. 135–136.
  91. 1 2 Mayer 1972, p. 136.
  92. Mayer 1972, p. 148.
  93. Mayer 1972, pp. 148–149.
  94. Mayer 1972, p. 149.
  95. Mayer 1972, p. 147.
  96. 1 2 3 4 5 6 Hamilton 1978, p. 153.
  97. Mayer 1972, p. 162.
  98. Mayer 1972, p. 175.
  99. 1 2 3 Mayer 1972, p. 164.
  100. 1 2 Mayer 1972, p. 165.
  101. 1 2 3 Mayer 1972, p. 166.
  102. Mayer 1972, pp. 168–169.
  103. Hamilton 1978, pp. 153–154.
  104. 1 2 Mayer 1972, p. 169.
  105. Hamilton 1978, p. 154.
  106. Mayer 1972, p. 171.
  107. 1 2 3 Hamilton 1978, p. 155.
  108. Mayer 1972, p. 174.
  109. Barber 2012, p. 216.
  110. Mayer 1972, p. 179.
  111. Barber 2012, p. 144.
  112. Mayer 1972, p. 97.
  113. Barber 2012, p. 145.
  114. 1 2 Mayer 1972, p. 98.
  115. 1 2 Hamilton 1978, p. 157.
  116. Folda 2012, p. 477.
  117. Mayer 1972, p. 180.