მელიორაცია
მელიორაცია (ლათ. melioratio — „გაუმჯობესება“) — ორგანიზაციულ-სამეურნეო და ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია მიწების ძირეული გაუმჯობესებისაკენ.
მელიორაცია იყოფა 3 ჯგუფად: 1. არახელსაყრელი წყლის რეჟიმიანი მიწების მელიორაცია; 2. ცუდი ფიზიკური და ქიმიური თვისებების მიწების მელიორაცია; 3. მიწებისა, რომლებიც განიცდიან წყლისა და ქარის უარყოფით ზემოქმედებას.
ყველაზე მეტად გავრცელებულია პირველი ჯგუფის მიწების მელიორაცია. ჭაობებისა და ჭარბტენიანი ნიადაგების მელიორაციის მიზანია ღია და დახურული დამშრობი ქსლით ნიადაგიდან ჭარბი წყლის მოცილება; აერაციისა და ტემპერატურული რეჟიმის გაუმჯობესება; ორგანული ნივთიერებების დაშლის აერობული პროცესის გაძლიერება; მშრალი მიწათმოქმედების რაიონებში (სადაც ნალექები მცირეა, აორთქლება კი ძლიერი) ნიადაგში ტენის მარაგის გაზრდა ხელოვნური რწყვით, რისთვისაც აშენებენ ღია და დახურულ, სარწყავ სისტემებს; უდაბნოებისა და ნახევჯრუდაბნოების, მშრალი ველებისა და მთის საძოვრების გაწყლიერება; მცირეწყლიან რაიონებში მდინარეთა ჩამონადენის რეგულირება, რისთვისაც აწყობენ წყალსაცავებს, გარდა ამისა ერთი მდინარის აუზიდან წყალს უშვებენ მეორეში და სხვა. მელიორაციულ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც აუმჯობესებს არახელსაყრელ წყლის რეჟიმიან მიწებს, ჰიდროტექნიკური ანუ წყლისმიერი მელიორაცია ეწოდება.
მეორე ჯგუფის მიწების მელიორაცია მოიცავს ველისა და უდაბნოს მშრალი რაიონების მლაშობების ჩარეცხვის საშუალებით ნიადაგიდან საზიანო მარილების მოცილებას, ბიცობების გამოთაბაშირიანებას, ნიადაგის გათიხიანებას დიდი რაოდენობით ორგანული სასუქი შეტანას, სიდერატების თესვას, მძიმე ნიადაგებში ქვიშის შეტანასა და ფართობის მოსწორებას (მოშანდაკებას).
მესამე ჯგუფის მიწების მელიორაცია გულისხმობს ზედაპირული ჩამონადენი წყლების რაოდენობისა და სიჩქარის შემცირებას. ნიადაგის წინააღმდეგობის გაზრდას ჩამორეცხვისა და ქარული ეროზიისაგან. ამისათვის იყენებენ აგროტექნიკურ, ფიტომელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ღონისძიებებს, აწყობენ ხელოვნურ ტერასებს, წყალშემკავებელ მიწაყრილებს; წყალშემკავებელ თხრილებს, წყალდა8გყერ არხებს, ხრამების ზრდის საწინააღმდეგოდ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, ეროზიასაშიში, ძლიერ დამრეცილი ფერდობების გატყიანებას, მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენებას და სხვა.
საქართველოში უძველესი დროიდანაა ცნობილი სარწყავი არხების მშენებლობა და საირიგაციო ტექნიკური საშუალებები. საქართველოში მელიორაციის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი პროფესორმა ი. ჩხენკელმა, დიდი ღვაწლი მიუძღვით აგრეთვე პროფესორებს ც. მირცხულავას, მ. გაგოშიძეს, ა. მოწერელიას, ვ. ვოზნესენსკის; სოფლის მეურნეობის მეცნიერ კანდიდატებს ვ. ჩხიკვიშვილს, ვ. ბუაჩიძესა და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხენკელი ი. სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია, გამოც. მე-5, თბ., 1970.
- ცუცუნაშვილი ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 557.