მეი უესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეი უესტი

უესტი 1923 წელს
დაბადების სახელი მეი ჯეინ უესტი
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1893
ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 22 ნოემბერი, 1980 (87 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მომღერალი
  • დრამატურგი
  • სცენარისტი
  • კომიკოსი
აქტიური 1907–1980
მეუღლე(ები) ფრენკ უოლესი (იქ. 1911; გან 1943)
პარტნიორ(ებ)ი პოლ ნოვაკი (1954–1980)

მეი უესტი (დ. 17 აგვისტო, 1893 — დ. 2 ნოემბერი, 1980) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, დრამატურგი, სცენარისტი, კომიკოსი და სექს-სიმბოლო, რომელიც შვიდი ათწლეულის მანძილზე მოღვაწეობდა. იგი მსუბუქი და ვულგარული ხასიათის ქარაგმული მეტყველებითა და სექსუალური თავისუფლებით იყო ცნობილი. უესტი აქტიურად მოღვაწობდა ვოდევილისა და ნიუ-იორკის სცენებზე, სანამ ლოს-ანჯელესში გადავიდოდა და კინოკანიერას დაიწყებდა.

უესტი თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კინოვარსკვლავი იყო. მოღვაწეობის მანძილზე იგი არაერთ პრობლემას შეჯახებია, მათ შორის განსაკუთრებით ხშირად ‒ ცენზურას. სასცენო და კინომოღვაწეობის გარდა უესტი წერდა წიგნებსა და პიესებს, გამოდიოდა რადიოსა და ტელევიზიაში და წერდა მუსიკალურ ალბომებს როკ-ენ-როლის ჟანრში. 1999 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა კლასიკური ამერიკული კინოს ქალ ლეგენდებს შორის უესტი მე-15 ადგილზე დაასახელა.

ადრეული ცხოვრება, კარიერა და პატიმრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი ჯეინ უესტი 1893 წლის 17 აგვისტოს ბრუკლინში ჯონ პატრიკ უესტისა და მატილდა დელკერის ოჯახში დაიბადა.[1] დელკერი აშშ-ში 1866 წელს ოჯახთან ერთად ბავარიიდან ემიგრირდა[2] და ჯონ უესტზე 1889 წელს დაქორწინდა. მათ შვილები პროტესტანტულად აღზარდეს.[3][4][5]

უესტის დედა ყოფილი მოდელი იყო,[6] ხოლო მამა – მოკრივე, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი საგამოძიებო სააგენტო დააარსა.[7] მამის მხრიდან უესტი ირლანდიური და ინგლისურ-შოტლანდიური წარმოშობის იყო.[8][9][10]

უესტის უმცროსი და, კეიტი, ბავშვობის ასაკშივე გარდაიცვალა. 1896 წელს მას და, მილდრედ კეტრინი უესტი, ხოლო 1900 წელს ძმა, ჯონ უესტ უმცროსი შეეძინა.[11]

უესტის პირველი პროფესიონალური შესრულება 1907 წელს ვოდევილის სცენაზე შედგა,[12] სადაც მან სხვადასხვა ადამიანების პაროდია შეასრულა.[13] უესტი ბროდვეის სცენაზე პირველად 1911 წელს გამოჩნდა. მის შესახებ The New York Times-მა დაწერა, რომ „გოგონამ, სახელად მეი უესტმა, მაყურებელი გროტესკული და ხალისიანი სიმღერითა და ცეკვით ასიამოვნდა.“[14] მალევე უესტმა მონაწილეობა მიიღო ოპერეტაში Vera Violetta. 1912 წელს იგი მიუზიკლის A Winsome Widow გამხსნელ სცენაში გამოჩნდა.[15]

უესტის ფოტო სანოტო გამოცემის „Ev'rybody Shimmies Now“ გარეკანზე, 1918 წელი

უესტის კარიერული გარღვევა 1918 წელს თეატრალურ დადგმაში Sometime შედგა,[16] რომელში მონაწილეობის შემდეგაც მისი ფოტო სანოტო გამოცემის ცნობილი ნომრის „Ev'rybody Shimmies Now“ გარეკანზე დაიბეჭა.

მალევე უესტმა, ფსევდონიმით ჯეინ მასტი, თავადაც დაიწყო პიესების წერა.[17] 1926 წელს ბროდვეიზე მისი პიესა სექსი დაიდგა, რომელშიც მან მთავარი როლი შეასრულა. იგი აგრეთვე დადგმის რეჟისორი და პროდიუსერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატიული შეხედულებების მქონე კრიტიკოსებმა პიესა მკაცრად გააკრიტიკეს, მაყურებელთა რიცხვი მაინც მაღალი იყო. პიესის გამო გარკვეულმა რელიგიურმა ჯგუფებმა ქალაქის ხელმძღვანელობას შესჩივლეს, რის შემდეგაც თეატრში სამართალდამცავები შეიჭრნენ და უესტი სხვა მსახიობებთან ერთად დააპატიმრეს.[18] უესტი ჯეფერსონ მარკეტის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც იგი მორალური ბრალდების საფუძველზე გაასამართლეს. 1927 წლის 18 აპრილს მსახიობს „ახალგაზრდობის გარყვნისთვის“ ათდღიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. უესტს შეეძლო, გირაოს საფუძველზე თავისუფლება მოიპოვებინა, თუმცა მან გადაწყვიტა, თავი არ აერიდებინა სასჯელისთვის, რადგან ეს მის ცნობადობას გაზრდიდა.[19] მსახიობის პატიმრობამ რვა დღეს გასტანა. გათავისუფლების შემდეგ მან მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა, რამაც მის კარიერაზე დადებითაც იმოქმედა.

უესტის მომდევნო პიესა The Drag ჰომოსექსუალიზმის თემაზე იყო, რომლის პრემიერის ჩატარებასაც იგი ნიუ-იორკში გეგმავდა,[20] თუმცა ბიწიერებასთან მებრძოლი ნიუ-იორკის საზოგადოების ძალისხმევის შედეგად პიესა ბროდვეიზე ვერ დაიდგა. ამასთან დაკავშირებით უესტმა კომენტარი გააკეთა: „ქალაქის ხელმღვანელებმა მთხოვეს ჩემი პიესა ნიუ-იორკში არ დამედგა, რადგან ისინი მზად არ იყვნენ იმ არეულობასთან გასამკლავებლად, რაც ამას მოჰყვებოდა.“[21] უესტი ქალთა გათავისუფლების მოძრაობის მხარდამჭერი იყო. 1920-იანი წლებიდან იგი მხარს უჭერდა ჰომოსექსუალთა უფლებებს და საჯაროდ გმობდა სამართალდამცავთა სისასტიკეს გეი ადამიანების მიმართ. უესტი იზიარებდა ფსიქოლოგიურ განმარტებას, რომლის მიხედვითაც გეი ადამიანები კაცების სხეულში მოთავსებული ქალები არიან და შესაბამისად, გეიზე ძალადობა ქალზე ძალადობის ტოლფასია. 1975 წლის წიგნში On Sex, Health and ESP იგი წერს: „მჯერა, რომ სამყაროს ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ მეტი გაგება მოეთხოვება. ჩემი ფილოსოფიაა: იცხოვრე და სხვასაც მიეცი უფლება, იცხოვროს. მჯერა, რომ პირად სივრცეში ყველას აქვს უფლება გააკეთოს ის, რაც სურს.“[22]

უესტი აგრძელებდა პიესების წერას, რომლებიც ხშირად საჯარო განხილვის საგანი ხდებოდა, რაც მის ცნობადობას, ეს უკანასკნელი კი მის დადგმებზე მაყურებელთა სიმრავლეს უზრუნველყოფდა. უესტის 1928 წლის პიესა Diamond Lil ბროდვეის ჰიტი გახდა.[23] პიესამ დიდი პოპულარობა და წარმატება მოიპოვა, რის გამოც კარიერის მანძილზე უესტმა იგი არაერთხელ დადგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mae West Biographical Timeline. PBS (2020).
  2. Wortis Leider, Emily (2000). Becoming Mae West. Da Capo Press, გვ. 23. ISBN 978-0-306-80951-4. 
  3. The religion of Mae West, actress. adherents.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-17. ციტირების თარიღი: 2021-03-04.
  4. Gross, Max. (February 6, 2004) Playwright Examines Mae West's Legal Dramas. forward.com.
  5. Wortis Leider, Emily (2000). Becoming Mae West. Da Capo Press, გვ. 23–24. ISBN 978-0-306-80951-4. 
  6. Wortis Leider, Emily (2000). Becoming Mae West. Da Capo Press, გვ. 21. ISBN 978-0-306-80951-4. 
  7. Watts, Jill (2003). Mae West: An Icon in Black and White. Oxford University Press US, გვ. 12. ISBN 978-0-19-516112-0. 
  8. Musgrove, Stanley (1982). Mae West. William Morrow & Co., გვ. 20. ISBN 978-0-688-00816-1. 
  9. Louvish 2006, p. 6.
  10. 1870, 1880, 1900 US censuses.
  11. Watts, Jill (2003). Mae West: An Icon in Black and White. Oxford University Press US, გვ. 12, 289. ISBN 978-0-19-516112-0. 
  12. Louvish 2006, pp. 9–10.
  13. Eells, George (1982). Mae West: A Biography. Morrow, გვ. 38, 170. ISBN 978-0-688-00816-1. 
  14. Maurice Leonard. Mae West Empress of Sex. ISBN 0-00-637471-9; pp. 33–34
  15. Louvish 2006, p. 50.
  16. Tuska, Jon (1992). The Complete Films of Mae West. Citadel Press, გვ. 25–26. ISBN 978-0-8065-1359-1. 
  17. Stenham, Polly (2017). „Brutal! Vulgar! Dirty! Mae West and the gay comedy that shocked 1920s America“. The Guardian.
  18. Watts, Jill (2003). Mae West: An Icon in Black and White. Oxford University Press US, გვ. 88–89. ISBN 978-0-19-516112-0. 
  19. Bunyan, Patrick (1999). All Around the Town: Amazing Manhattan Facts and Curiosities. Fordham University Press, გვ. 317. ISBN 978-0-8232-1941-4. 
  20. Chauncey, George (1995). Gay New York: Gender, Urban Culture, and the Making of the Gay Male World, 1890–1940. Basic Books, გვ. 312. ISBN 978-0-465-02621-0. 
  21. Eells, George (1982). Mae West: A Biography. Morrow, გვ. 66–68. ISBN 978-0-688-00816-1. 
  22. West, Mae. Goodness Had Nothing to Do With It.
  23. Eells, George (1982). Mae West: A Biography. Morrow, გვ. 78, 79, 81. ISBN 978-0-688-00816-1.