მევის გალანტი
მევის გალანტი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 აგვისტო, 1922 |
დაბადების ადგილი | მონრეალი, კვებეკი, კანადა |
გარდაცვალების თარიღი | 18 თებერვალი, 2014 (91 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
საქმიანობა | რომანისტი[1] , ჟურნალისტი[1] , მწერალი[2] , ესეისტი[1] , ნოველისტი[1] [2] და დრამატურგი[1] |
ენა | ინგლისური ენა |
ეროვნება | კანადელი |
მოქალაქეობა | კანადა[3] |
ჟანრი | მოკლე რომანი |
ჯილდოები | მოლსონის პრემია[4] , კანადის ორდენის კომპანიონი[4] , გენერალ-გუბერნატორის პრემია საუკეთესო ინგლისურენოვანი მხატვრული ნაწარმოებისთვის[4] , რეას პრემია მოკლე ისტორიისთვის[4] , PEN/Nabokov Award[4] , Prix Athanase-David, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, მეტ კოენის პრემია და გენერალ-გუბერნატორის ლიტერატურული პრემია[5] |
მევის ლესლი დე ტრეფორდ გალანტი (დ. 11 აგვისტო, 1922 — გ. 18 თებერვალი, 2014) — კანადელი მწერალი, რომელიც ცხოვრების უდიდესი დროის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში.[6] ცნობილია მოთხრობებით, თუმცა ასევე წერდა რომანებს, პიესებსა და ესეებს.[6]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალანტი 1922 წელს კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში სტიუარტ იანგისა და ბენედიქტინ უაიზმენის ოჯახში დაიბადა. მამამისი მხატვარი და ავეჯით მოვაჭრე იყო.[7] იგი 1932 წელს ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა, რის შემდეგაც გალანტის დედა მალევე ხელახლა დაქორწინდა და ნიუ-იორკში გადავიდა, ქალიშვილი კი მეურვესთან დატოვა.[6] გალანტმა მამის სიკვდილის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო. მოგვიანებით მან The New York Times-თან ინტერვიუში აღნიშნა: „მე მყავდა დედა, რომელსაც უბრალოდ შვილები არ უნდა ჰყოლოდა.“[8]
გალანტმა განათლება კანადისა და აშშ-ის საჯარო, კერძო და სამონასტრო სკოლებში მიიღო.[8] 1935-1940 წლებში იგი ძირითადად ნიუ-იორკში იმყოფებოდა. მის ადრეულ მოთხრობათა უმეტოსობაში მოქმედება სწორედ ამ ქალაქში ვითარდება.[9]
1942 წელს მევისი ჯონ გალანტზე, უინიპეგელ მუსიკოსზე, დაქორწინდა.[6] წყვილი 1947 წელს გაიყარა.[10] გალანტის ბიოგრაფის მიხედვით, მწერლის ქორწინება „ბევრად უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე ამას თარიღები მოწმობენ, რადგან მისი ქმარი უმეტესი დროის მანძილზე სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა.“[11]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხანმოკლე დროით გალანტი კანადის ეროვნულ კინოსაბჭოში მუშაობდა,[10] სანამ 1944 წელს გაზეთის Montreal Standard რეპორტიორი გახდებოდა.[6] ამ პერიოდში იგი მოთხრობებს აქვეყნებდა, როგორც გაზეთში, ასევე სხვადასხვა ჟურნალებში.[12]
1950 წელს გალანტმა ჟურნალისტობას თავი გაანება, რათა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო.[6] იგი ევროპაში გადავიდა და საფრანგეთში დასახლებამდე, სადაც მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატარა,[7] ხანმოკლე დროით ესპანეთში ცხოვრობდა.[13] მიუხედავად იმისა, რომ გალანტი პარიზში დამკვიდრდა, მას არც კანადის მოქალაქეობაზე უთქვამს უარი და არც საფრანგეთის მოქალაქეობა მიუღია.[12]
1951 წელს გალანტის მოთხრობა „მედლინის დაბადების დღე“ ჟურნალში The New Yorker გამოქვეყნდა.[14] მალევე ჟურნალმა გალანტის სხვა მოთხრობებიც გამოაქვეყნდა, მათ შორის „ივნისის დილა“ და „პიკნიკი“,[15] თუმცა მწერალმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან მისმა ლიტერატურულმა აგენტმა ჰონორარი თავად მიითვისა, მას საავტორო უფლებებისთვის 1,535 დოლარი გადასცა, და უთხრა, რომ ჟურნალმა მოთხრობები დაიწუნა. იგი ჟურნალს არ აწვდიდა ცნობებს გალატის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რათა მისი წარმომადგენლები უშუალოდ მას არ დაკავშირებოდნენ.[13] გალანტმა თავისი მოთხრობების გამოქვეყნების შესახებ შემთხვევით შეიტყო, როცა ჟურნალს ბიბლიოთეკაში კითხულობდა. იგი The New Yorker-ის მხატვრული განყოფილების რედაქტორ უილიამ მაქსველს დაუკავშირდა, რამაც მწერალსა და ჟურნალს შორის მტკიცე თანამშრობლობის ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი.[13] მოღვაწეობის მანძილზე გალანტმა The New Yorker-ში 116 მოთხრობა გამოაქვეყნა. ელის მანროსთან ერთად გალანტი იმ რამდენიმე კანადელ მწერალს შორისაა, რომელთა ნაშრომებიც ჟურნალში რეგულარულად ქვეყნდებოდა.[13]
გალანტის კალამს ორი რომანი ეკუთვნის, ესენია: „მწვანე წყალი, მწვანე ცა“ (1959) და „საკმაოდ კარგი დრო“ (1970). 1984 წელს მან დაწერა პიესა „რა უნდა გაკეთდეს?“. მწერლის შემოქმედება არაერთ აღიარებულ მოთხრობათა კრებულს მოიცავს, მათ შორისაა „სხვა პარიზი“ (1956), „ჩემი გული გატეხილია“ (1964), „სამყაროს დასასრული და სხვა მოთხრობები“ (1974), „მეთხუთმეტე რაიონიდან“ (1979) და სხვები. მოთხრობათა სერია „Linnet Muir“ მწერლის ის ნაშრომია, რომელშიც ავტობიოგრაფიული მოტივები ყველაზე აშკარად იგრძნობა.[16]
კარიერის ადრეულ პერიოდში, კანადელი ლიტერატურული კრიტიკოსები გალანტის შესახებ წერდნენ, რომ ემიგრანტის სტატუტის გამო მის შემოქმედებას კანადელი მკითხველი არ იცნობდა.[6][17] 1970-იან წლებამდე გალანტის წიგნები არც ერთ კანადურ გამომცემლობას არ გამოუცია და მხოლოდ ძვირადღირებული და იშვიათი ამერიკული ექსპორტის სახით ხვდებოდა ქვეყანაში,[18] სანამ გამომცემლობამ Macmillan of Canada მოთხრობათა კრებულის „მეთხუთმეტე რაიონიდან“ საავტორო უფლებები არ შეისყიდა.[19] ჟურნალისტი დაგლას გიბლონი წერს, რომ აღნიშნულ პრობლემაში წვლილი ორივე მხარეს მიუძღოდა, რადგან გალანტს არასოდეს უცდია კანადურ გამომცემლობებთან თანამშრობლობა, სანამ მას 1970-იანი წლების დასასრულს მაკმილანის რედაქტორი დაგლას გიბსონი არ დაუკავშირდა.[18] წიგნის „მეთხუთმეტე რაიონიდან“ გამოცემის შემდეგ გიბსონმა შეადგინა კრებული „შინაური ჭეშმარიტებები: რჩეული კანადური მოთხრობები“, რათა გალანტის შემოქმედებაში კანადური თემების არსებობისთვის გაესვა ხაზი.[20] წიგნმა 1981 წელს ინგლისურენოვანი პროზისთვის გენერალ-გუბერნატორის პრემია მოიპოვა.[6]
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალანტი 91 წლის ასაკში 2014 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა.[7][21]
კრიტიკული გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრაცია მერლერი თავის წიგნში „მევის გალანტი: ნარატიული ნიმუშები და საშუალებები“ წერს: „მევის გალანტის მოთხრობებში მთავარი როლს არც სიუჟეტური ხაზის და არც პერსონაჟის ფსიქოლოგიური განვითარება ასრულებს. მწერლის მთავარი მიზანი სპეციფიკური სიტუაციის განვითარება და სულიერი თუ გონებრივი მდგომარეობის რეკონსტრუქციაა.“ გალანტის მოთხრობებში ხშირად ვხვდებით ემიგრანტ პერსონაჟებს, რომლებიც თავს დაკარგულად ან იზოლირებულად გრძნობენ. მწერალი აგრეთვე წერს ილუზიებსა და რეალობას შორის მოქცეულ ცხოვრებაზე.
1978 წელს ჟურნალში Books in Canada ჯეფ ჰენკოკმა გალანტს ერთ-ერთი საუკეთესო კანადელი პროზაიკოსი უწოდა. მან მწერლის შემოქმედება „დამარხულ საგანძურს“ შეადარა, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება.
ფაშიზმის ასახვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალანტის მოთხრობებში ხშირად ვხვდებით ფაშიზმის თემას. მან თავისი 1973 წლის კრებულის „პენგეცის კვანძი“ შესახებ განაცხადა: „ესაა წიგნი იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა ფაშიზმი... არა ისტორიული მიზეზების, არამედ ადამიანებში არსებული შესაძლებლობების შესახებ.“ ფაშიზმის თემატიკაზე კრიტიკოსები გამოარჩევენ გალანტის მოთხრობას „სპეკის იდეა“, რომელშიც ფაშიზმის ფსიქოლოგიური მოთხოვნის ასახვას ვხვდებით.[22] მოთხრობა 1970-იანი წლების საფრანგეთში მცხოვრები არტ-დილერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თანდათან ფაშისტური იდეოლოგიის გამოხატვას იწყებს. ამასთანავე, გარკვეული დეტალები აბსოლუტურად უარყოფს მის ფაშისტურ იდეოლოგიასთან კავშირს. „სპეკის იდეა“ გალანტის ყველაზე ფართოდ ანთოლოგიზირებული ნაშრომია.
კინოკრიტიკოსი ენდი ლეიმის მიხედვით, მოთხრობის „სპეკის იდეა“ პროტაგონისტი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ფაშისტი, თუმცა „არა იდეოლოგიურ დონეზე.“ 1970-იან წლებში საფრანგეთში მიმდინარეობდა დებატები მეორე მსოფლიო ომში ქვეყნის ნაცისტებთან თანამშრობლობის შესახებ, რასაც ლეიმი გალანტის მოთხრობის ისტორიულ საფუძვლად მიიჩნევს. იგი წერს, რომ მოთხრობა „იმ ფრანგი მოსახლეობის დამოკიდებულების დრამატიზებაა, რომლებიც გულგრილობისა და პირადი ინტერესების გამო მიმღებლობას გამოხატავდნენ ფაშისტური იდეოლოგიის მიმართ.“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 408.
- ↑ 2.0 2.1 Library of Congress Authorities — Library of Congress.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Mavis Gallant, legendary short story writer, dies at 91 // Toronto Star — Canada: 2014. — ISSN 0319-0781
- ↑ https://livresgg.ca/gagnants-et-finalistes-precedents
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 „Mavis Gallant“. The Canadian Encyclopedia.
- ↑ 7.0 7.1 7.2 „Writer Mavis Gallant dies at age 91“. The Globe and Mail. 2014.
- ↑ 8.0 8.1 "Mavis Gallant, 91, Dies; Her Stories Told of Uprooted Lives and Loss". The New York Times, 2014.
- ↑ Jhumpa Lahiri, 'Introduction' to Mavis Gallant, The Cost of Living: Early and Uncollected Stories. (Bloomsbury 2009)
- ↑ 10.0 10.1 "Mavis Gallant, legendary short story writer, dies at 91". Toronto Star, 2014.
- ↑ Judith Skelton Grant, Mavis Gallant and Her Works (ECW Press, 1989), გვ. 2
- ↑ 12.0 12.1 "Mavis Gallant, short story maven, dies at 91". CBC News, 2014.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 Lisa Allardice (2009). „A life in books: Mavis Gallant 'I felt that the only thing I was on earth to do was to write'“. The Guardian.
- ↑ "Eighty-Five from the Archive: Mavis Gallant". The New Yorker, 2010.
- ↑ "The Hunger Diaries". The New Yorker, 2012.
- ↑ "Mavis Gallant dead at 91: An appreciation of the Canadian literary great" დაარქივებული 2014-02-19 საიტზე Archive-ItCategory:Webarchive template other archives. National Post, 2014.
- ↑ Abby H. P. Werlock, Companion to Literature: Facts on File Companion to the American Short Story. Facts on File, 2010. ISBN 9781438127439.
- ↑ 18.0 18.1 Robert Fulford, "A life spent abroad: Mavis Gallant's relationship with Canada was once one of mutual neglect". National Post, April 20, 2004.
- ↑ "Mysterious Mavis" დაარქივებული 2016-03-24 საიტზე Wayback Machine. . CanWest News Service, 2006.
- ↑ Christine Evain, Douglas Gibson Unedited: On Editing Robertson Davies, Alice Munro, W.O. Mitchell, Mavis Gallant, Jack Hodgins, Alistair MacLeod, etc. Peter Lang, 2007. ISBN 978-90-5201-368-8.
- ↑ "Mavis Gallant obituary". The Guardian, 2014.
- ↑ Mavis Gallant's Overhead in a Balloon: Politics and Religion, Language and Art | Woolford | Studies in Canadian Literature (1985-10-141).
- ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრები
- დაბადებული 1922
- დაბადებული 11 აგვისტო
- კანადელი ქალი რომანისტები
- პარიზელი მწერლები
- ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრები
- XX საუკუნის კანადელი ქალი მწერლები
- XXI საუკუნის კანადელი ქალი მწერლები
- კანადელი ესეისტები
- XX საუკუნის კანადელი რომანისტები
- XXI საუკუნის კანადელი რომანისტები