შინაარსზე გადასვლა

მედეა ჯუღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯუღელი.
მედეა ჯუღელი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი მედეა (მზია) ნიკოლოზის ასული ჯუღელი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1925
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 8 იანვარი, 2016 (90 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
სიმაღლე 158 სმ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ტანვარჯიში
კლუბი „დინამო“ (თბილისი)
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1957 საქართველოს ღირსების ორდენი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1952

მედეა (მზია) ნიკოლოზის ასული ჯუღელი (დ. 1 აგვისტო, 1925, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი — გ. 8 იანვარი, 2016, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, სპორტული ტანმოვარჯიშე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი,[1] საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1946), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1979).[2][3]

დაიბადა ქუთაისში თერაპევტ ნიკოლოზ ჯუღელისა და სტომატოლოგ თამარ ღამბაშიძის ოჯახში. 8 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად განაწილებით ქუთაისიდან გურჯაანში გადავიდა. 1938 წლის 23 თებერვალს მამა, ნიკოლოზ ჯუღელი საბჭოთა უშიშრობამ დააპატიმრა და მოგვიანებით დახვრიტა. მამის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დააკავეს და გადაასახლეს დედა.[4]

1959 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი (1947–1954), საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი (1946, 1947, 1952–1955 — ბჯენით ხტომაში, 1953 — რგოლებზე), მსოფლიო სტუდენტთა სპორტული თამაშების (1951), XV ოლიმპიური თამაშების (1952, ჰელსინკი) ჩემპიონი (გუნდურში). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ოქროს და ვერცხლის მედალოსანი, მრავალი საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორი, მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.

1962–1965 წლებში წვრთნიდა საქართველოს ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრებს. 1965–1970 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრების მწვრთნელი. 1971 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელის წოდება. 1972–1991 წლებში საქართველოს უმაღლესი სპორტული დაოსტატების რესპუბლიკური სკოლის დირექტორი. 1973 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1991–2005 წლებში იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

1992 წლიდან იყო საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედე­რაციის ვიცე-პრეზიდენტი. 1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი. 1999 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესდა მედეა ჯუღელის სახელობის სტიპენდია. 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

2005 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის დიპლომი გადასცა; იმავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა თენგიზ გაჩეჩილაძის წიგნი „მზია ჯუღელი“.

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
სპორტული ტანვარჯიში ჰელსინკი, ფინეთი ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები (1952) 2nd
სპორტული ტანვარჯიში ჰელსინკი, ფინეთი ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები (1952) 1st
ოლიმპიური ჩემპიონი
  • 1st 1952 (ჰელსინკი; გუნდური)
ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1952 (ჰელსინკი; საგნით ჯგუფური ვარჯიში)
მსოფლიოს ახალგაზრდული სტუდენტური ფესტივალი
  • 1st 1951 (ბჯენით ხტომა; გუნდური)
  • 1st 1954 (ჯგუფური ვარჯიში; გუნდური)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1st 1946 (ბჯენით ხტომა)
  • 1st 1947 (ბჯენით ხტომა)
  • 1st 1951 (ბჯენით ხტომა)
  • 1st 1952 (ბჯენით ხტომა)
  • 1st 1953 (ბჯენით ხტომა და რგოლები)
  • 1st 1954 (ბჯენით ხტომა)
  • 1st 1955 (ბჯენით ხტომა)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1952 (მრავალჭიდი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1950 (ნაირსიმაღლის ორძელი)
  • 3rd 1952 (ნაირსიმაღლის ორძელი და რგოლები)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ვინ იყვნენ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები. players.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-12. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2022
  2. Джугели Медея Николаевна. sportgymrus.ru. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022
  3. Джугели Медея Николаевна. gymnast.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-26. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2022
  4. მზია /მედეა/ ჯუღელი. feminism-boell.org. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2014
  5. საქართველოში ტანვარჯიშის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  6. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 22.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022