მედეა ღამბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მედეა ღამბაშიძე (1899-1975) — პირველი სტუდენტი ქალი, ვინც განცხადება შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ემიგრანტი.

მედეა ღამბაშიძე
Medea Ghambashidze with her daughter Luxemburg, 1994

მედეა ღამბაშიძე ქალიშვილთან ნათელა ნიკოლაძესთან ერთად. ლუქსემბურგი, 1944
დაბადების თარიღი 1899
გარდაცვალების თარიღი 1975
ცნობილია როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი ქალი

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედეა ღამბაშიძის მამა იყო ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პარიზის ქართული სათვისტომოს მეორე თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე. ხოლო დედა ვანდა ღამბაშიძე. მედეას მშობლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს უსასყიდლოდ კითხულობდნენ. მამამისი ჰიგიენის კათედრას ხელმძღვანელობდა, ხოლო დედა - სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა ივანე ჯავახიშვილის მოწვევით. საქვეყნოდ ცნობილმა ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ კურორტი ცემი დააარსა.[1]

სტუდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედეა ღამბაშიძე იყო პირველი, ვინც 1918 წელს დაარსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 19 წლის ასაკში მან პირველმა შეიტანა განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პირველი სტუდენტური ბარათიც მისცეს. მედეა ღამბაშიძე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა.

ემიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედეა ღამბაშიძეს მიერ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ჩაბარებიდან სამი წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა ოკუპაცია და მას მთელი ოჯახით ემიგრაციაში მოუწია წასვლა, რის გამოც მედეა ღამბაშიძემ უნივერსიტეტის დამთავრება ვერ შეძლო.

ოჯახი კონსტანტინოპოლში გადასახლდა, სადაც მედეა ღამბაშიძემ და მისმა მშობლებმა წითელ ჯვარში დაიწყეს მუშაობა, ხოლო შემდეგ საბჭოთა რეპრესიებს გაექცნენ საფრანგეთში, პარიზში. ნოსტალგიური გრძნობებით გამსჭვალულ მედეა ღამბაშიძეს პარიზში ძალიან უჭირდა, თუმცა მშობლიურ საქართველოში ვერ დაბრუნდა.

მედეა ღამბაშიძეს ჰყავდა მეუღლე – შოთა ნიკოლაძე და შვილები – ნათელა და რეზო ნიკოლაძეები.

2018 წელს გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნულ ღონისძიებას მედეა ღამბაშიძის შვილი ნათელა ნიკოლაძე დაესწრო. ის საფრანგეთში ცხოვრობს და  საქართველოში სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდა. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მისთვის საამაყო იყო ღონისძიებაზე დასწრება, რადგან დედამისი, ბაბუამისი და ბებიამისი, მთელი მისი ოჯახი იყო ეს უნივერსიტეტი. (იხილეთ, ინტერვიუ[2]).

ამონარიდები მედეა ღამბაშიძის დრიურიდან:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ჩავეწერე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. მახსოვს, მინდოდა ყველა ლექციის მოსმენა, აკაკი შანიძის ლექციით დავიწყე. მისივე რჩევით დავიწყე სომხური ენის სწავლა. 3 გაკვეთილის შემდეგ გადავედი არაბულზე. გ.ახვლედიანთან დავიწყე სანსკრიტის სწავლა. ძალიან მომწონდა ლურსმული წერა. მახსოვს კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონ ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ".[3]

"პირველ საათზე, დიდი ზეიმით გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი. აუარებელ საზოგადოებას ვეღარ იტევდა ქართული უნივერსიტეტის შენობის კედლები. პარაკლისის შემდეგ, უნივერსიტეტი გახსნა ქუთაისის მკვიდრმა და შემდგომ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა: „ეს დღე დაუვიწყარ დღედ დარჩება ქართველი ერისათვის… ამ უნივერსიტეტმა უნდა აღანთოს ქართველ ერში გონებრივი განახლებისა და აღორძინების ლამპარი. მან უნდა გადმონერგოს ჩვენში ევროპის გონების საგანძური. არასოდეს არ ყოფილა ასე საჭირო და ძვირფასი ჩვენთვის სამეცნიერო ტაძარი, როგორც დღეს – ამ ძველის დანგრევისა და ახალის წარმოშობის ჟამს – როდესაც ქართველმა ერმა უნდა მოიპოვოს არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლება, არამედ უნდა განახლდეს მისი სულიც და ფართოდ გაშალოს ფრთები მისი შემოქმედების გენიამ…"[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.tsu.ge/ka/event/3422
  2. https://edu.aris.ge/news/es-ocneba-isev-ocnebad-darcha-interviu-tsuis-pirveli-studentis-shtamomavaltan.html
  3. https://www.facebook.com/TbilisiStateUniversity/posts/10154713676102233
  4. https://www.forbeswoman.ge/post/medeaghambashidze