მეგან ფოლოვსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეგან ფოლოვსი
დაბადების თარიღი 14 მარტი, 1968
ტორონტო, ონტარიო, კანადა
ეროვნება კანადელი
მოქალაქეობა კანადა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1977-დღემდე
მეუღლე(ები) კრისტოფერ პორტერი
(ქ. 1991; განქ. 1996)
პარტნიორ(ებ)ი სტიუარტ ჰიუჯისი
(1996-2010)
შვილ(ებ)ი 2

მეგან ფოლოვსი (ინგლ. Megan Follows; დ. 14 მარტი, 1968, ტორონტო, ონტარიო, კანადა) — კანადელი მსახიობი. სახელი გაითქვა ენ შირლის როლით მინი-სერიალში „ენი მწვანე სახურავებიდან“ და სერიალში „სამეფო“ შესრულებული დედოფალ ეკატერინე დე′ მედიჩის როლით.

ბავშვობა და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეგან ფოლოვსი დაიბადა 1968 წლის 14 მარტს ტორონტოში, კანადაში. იგი ოჯახში მეოთხე შვილი იყო. მამამისი თეატრის მსახიობი და რეჟისორი ტედ ფოლოვსია, ხოლო დედამისი კანადელი მსახიობი დაუნ გრინჰოლჯი. მოგვიანებით მისი მშობლები განქორწინდნენ[1].

მისი სამივე დედმამიშვილი კინო-ინდუსტრიაშია ჩაბმული. მისი უფროსი და, ედვინა ფოლოვსი, მსახიობთან ერთად მწერალიცაა, ხოლო მისი ძმა, ლორენსი და მისი და, სამანტა, ასევე მსახიობები არიან[2].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეგან ფოლოვსი 2012 წელს.

მეგან ფოლოვსმა მუშაობა ჯერ კიდევ ცხრა წლის ასაკში, 1977 წლიდან დაიწყო. იგი მონაწილეობდა ისეთ საბავშვო კანადურ გადაცემებში, როგორებიცაა: „მეტი და ჯენი“, „ბაქსტერები“ და „უპატარავესი ჰობო“.

უკვე 1983 წელს იგი გადაიღეს ფილმში „ბიჭები და გოგონები“, სადაც მან ეპიზოდური როლი შეასრულა. 1985 წელს იგი მინი-სერიალში „ენი მწვანე სახურავებიდან“ დაამტკიცეს მთავარ, ენ შირლის როლზე. რეჟისორმა ამ როლისათვის იგი 3,000 გოგონადან აირჩია. ენ შირლის როლმა მას საოცარი პოპულარობა და აღიარება მოუტანა, რის გამოც იგი ენ შირლიზე გადაღებულ კიდევ სამ ფილმში გადაიღეს[3]. 2008 წელს გამოვიდა მეოთხე ფილმიც, თუმცა ენის როლის შესასრულებლად მას ასაკი აღარ უწყობდა ხელს, რის გამოც როლზე სხვა გოგონა დაამტკიცეს.

2005 წელს ფილმში „რობსონის მხრები“ შეასრულა ჯენის კენელის როლი. ამას მოჰყვა სერიალში „გახსენი გული“ შესრულებული როლი.

შემდეგი წლების განმავლობაში მან რამდენიმე მეორეხარისხოვანი და ეპიზოდური როლი შეასრულა. ასევე თამაშობდა ფილმში „ძმები და დები“ (2011 წელს) როგორც მიწვეული მსახიობი.

2013 წელს ისტორიულ სერიალში „სამეფო“ მეგანი დაამტკიცეს საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე დე′ მედიჩის როლზე. სერიალი ძირითადად შოტლანდიის დედოფალ მარიამ სტიუარტზეა, თუმცა მეგანიც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს განასახიერებს. იგი სერიალის ბოლომდე, ანუ 2017 წლამდე თამაშობდა.[4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს მეგან ფოლოვსი დაქორწინდა კანადელ ფოტოგრაფ კრისტოფერ დევიდ პორტერზე. წყვილი 1996 წელს განქორწინდა. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ: ლილა ენ პორტერი (დაიბადა 1991 წელს) და რასელ პორტერი (დაიბადა 1994 წელს)[5]. განქორწინების შემდეგ მას საკმაოდ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ სტიუარტ ჰიუჯთან, რომელსაც 2010 წელს დაშორდა[6].

მეგან ფოლოვსი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი ცუნამისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად, მან დიდი თანხები გაიღო[7]. 2007 წელს იმოგზაურა კამბოჯაში, რის შემდეგაც იგი ზრუნავს კამბოჯელი ღარიბი ბავშვების განათლებითა და საკვებით უზრუნველყოფაზე[8]. იგი ასევე აქტიურად იბრძვის რასიზმის წინააღმდეგ[9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Megan Follows Biography (1968–)". Filmreference.com. Retrieved September 10, 2016.
  2. "Megan Follows profile". hollywood.com. Retrieved July 6, 2016.
  3. "Interesting facts about Anne of Green Gables" დაარქივებული 2021-02-06 საიტზე Wayback Machine. , Ctv.ca; accessed April 10, 2014.
  4. Kondolojy, Amanda (February 13, 2014). "'Reign', 'Arrow', 'Supernatural', 'The Originals' & 'The Vampire Diaries' Renewed by The CW" დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine. . TV by the Numbers. Retrieved July 6, 2016.
  5. "Cast: Then and Now" დაარქივებული 2015-10-16 საიტზე Wayback Machine. . anne.sullivanmovies.com. Retrieved July 8, 2015.
  6. "From Anne to Penelope: Green Gables star is inspired choice for Atwood's Penelopiad". Toronto Star, January 12, 2013.
  7. "Talent, Hosts, Radio and Television Stations Still Signing up to be Part of Benefit Event Canada for Asia" დაარქივებული 2010-02-08 საიტზე Wayback Machine. Archived February 8, 2010, at the Wayback Machine, Channelcanada.com; accessed April 10, 2014.
  8. "Small Voices Crew". Smallvoicesmovie.com. Retrieved July 8, 2015.
  9. http://artistsagainstracism.org/artists/