შინაარსზე გადასვლა

მეაბრეშუმეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეაბრეშუმეობასოფლის მეურნეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა თუთის აბრეშუმხვევიას მოშენება პარკის მისაღებად, რომლისგანაც ღებულობენ ნატურალური აბრეშუმის ხამ ძაფს. აბრეშუმის ჭიას კვებავენ თუთის ფოთლით, ამიტომ თუთის აბრეშუმხვევიას მოშენება მჭიდროდაა დაკავშირებული მეთუთეობის განვითარებასთან. ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, კორეასა და სხვა ქვეყნებში ნატურალური აბრეშუმის დასამზადებლად იყენებენ აგრეთვე ზოგიერთი გარეული აბრეშუმხვევიას (მუხის, აილანტის, აბუსალათინისა და სხვა) პარკს.

თუთის აბრეშუმხვევიას მოშენება პირველად ჩინეთში დაიწყო 5 ათასი წლის წინთ. სხვა ხალხებში მისი გავრცელება V-VII საუკუნეებიდან იწყება უმთავრესად ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში მეაბრეშუმეობა უძველესი სასოფლო-სამეურნეო დარგია. ქართულ წერილობითი წყაროების მიხედვით, აბრეშუმის კულტურა V საუკუნეში დასტურდება. ამ პერიოდის წყაროებში მოხსენიებული „ჭიჭნაური-ჭიჭნაუხტრი“ ზოგადად აბრეშუმსაც აღნიშნავდა და აბრეშუმის ქსოვილსაც. „შუშანიკის წამებაში“ მოხსენიებული „ჯიჭნაუხტის საქმე“ საქალო საქმედ არის მიჩნეული. აბრეშუმის პარკიდან ამოხვეულ აბრეშუმის ძაფს უპირატესად ქსოვილების (დარაია – დასავლეთ საქართველო; თავთა, მერდინი –აღმოსავლეთ საქართველო) დასამზადებლად იყენებდნენ, ხოლო აბრეშუმის ხამი ძაფისაგან ე. წ. „საქულადე“ და „საჩოხე“ ქსოვილს ამზადებდნენ. 1881 წელს თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობის საცდელი სადგური, მის ბაზაზე 1930 წელს შეიქმნა ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობისა და აბრეშუმის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეაბრეშუმეობას დიდი ყურადღება მიექცა ჩვენს ქვეყანაში. მოკავშირე რესპუბლიკებსა და ოლქებში შეიქმნა მეაბრეშუმეობის სამმართველოები, რაიონული პარკსაშრობები, დამზადების პუნქტები, საგრენაჟო ქარხნები და სანაშენე სელექციური სადგურები, დაარსდა მეთუთეობის სახელმწიფო და საკოლმეურნეო სანერგე მეურნეობები, შეიქმნა პარკის პირველადი დამუშავების ბაზები და ძაფსაღების ფაბრიკა-ქარხნები. ჩამოყალიბდა სახელმწიფო საჯიშე საქმის ქსელი. მეაბრეშუმეობის დარგში კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად საქართველოსა და უზბეკეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტებთან დაარსდა მეაბრეშუმეობის ფაკულტეტები, აგრეთვე სამეცნიერო-კვალიფიციური დაწესებულებები ამიერკავკასიის, შუა აზიის, რსფსრ, უკრაინის რესპუბლიკებში. მეაბრეშუმეობის განვითარების სტიმულირების მიზნით დააწესეს პრემიები პარკის გადაჭარბებული რაოდენობით ჩაბარებისათვის; შემოიღეს კრედიტების გაცემა კოლმეურნეობებისათვის გრენის, ინვენტარის, მასალის შესაძენად, საჭიე ბინების აშენებისათვის, ამასთან ერთად სამეცნიერო დაწესებულებებმა გამოიყვანეს აბრეშუმის ჭიის ახალი მაღალპროდუქტიული სელექციური ჯიშები და ჰიბრიდები. ყოველივე ამის შედეგად სსრკ-ში 4-ჯერ გაიზარდა აბრეშუმის პარკის დამზადება და 1938 წლიდან ნატურალური აბრეშუმის პარკის მიღების მხრივ სსრკ, იაპონიისა და ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში III ადგილზე იყო. სსრკ-ში აბრეშუმის პარკის დამზადების მხრივ საქართველოს 1965 წლამდე II ადგილი ეკავა (4390 ტ – 14%), ხოლო 1966 წლიდან ოუთის ფოთლის დაავადების (ფოთლის სიხუჭუჭე) გავრცელების გამო პარკის დამზადება რამდენადმე შემცირდა.

მეაბრეშუმეობა მოიცავს შემდეგ საწარმოო პროცესებს: თესლნერგებისა და ნერგების გამოზრდას, თუთის ნარგაობათა (პლანტაციების) ან ერთეულ ნარგაობათა (მეთუთეობა) გაშენებას, გრენის დამზადების წარმოებას (გრენაჟი), გრენის ინკუბაციასა და ჭიის მოვლა-პატრონობას (აბრეფუმხვევიას ჭიის კვება), აბრეშუმის პარკის პირველად გადამუშავებას (პარკსაშრობი), აბრეშუმის ჭიის ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანა-გაუმჯობესებას.

საბჭოთა საქართველოში მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეაბრეშუმეობის ფაკაკულტეტი და ქუთაისის ზონალური საცდელი სადგური. საქართველოს მეაბრეშუმეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვით ი. ქუთათელაძეს, შ. ცქიტიშვილს, შ. ღვინეფაძეს, ნ. სანაძეს და სხვ.