მდინარის კალმახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მდინარის კალმახი
Bachforelle Zeichnung.jpg
მდინარის კალმახი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
ქვეოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  ორაგული
სახეობა:  კუმჟა
ლათინური სახელი
Salmo trutta fario

მდინარის კალმახი, ნაკადულის კალმახი (ლათ. Salmo trutta fario) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა.[1] კუმჟას ქვესახეობა ან მორფი. მისი სხეულის სიგრძეა 20–80 სმ (იშვიათად 1 მ), წონა დაახლოებით 13 კგ. ზურგი წენგოსფერ-ყავისფერი და მოვერცხლისფრო-მოლურჯოა, მუცელი მოთეთრო-მოყვითალო. მუცლის მხარეს წითელი ლაქები გასდევს. ჩვეულებრივ, იწონის 2 კგ-მდე და ცხოვრობს 18 წლამდე. გვერდითი ხაზი შეიცავს 115–132 ქერცლს.[2]

გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპაში, პორტუგალიიდან ვოლგამდე (ცენტრალური ანატოლიის გამოკლებით). მოიპოვება ლაპლანდიაშიც. აგრეთვე გვხვდება ამიერკავკასიის და ჩრდილო კავკასიის მდინარეებში, შავი, აზოვის, კასპიის, ბალტიის, თეთრი ზღვების აუზებში. არ გვხვდება საბერძნეთში, კორსიკაზე, სარდინიასა და სიცილიაში. ტოფობს სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, უმეტესწილად ოქტომბერ-ნოემბერში. სატოფედ, ქვირითის დასაყრელად ხშირად მდინარეებისა და ნაკადულების ზემოთებში ადის. ქვირითს ყრის თავისივე მომზადებულ ორმოში და დაყრილ ქვირითს ქვიშის საფარველით ფარავს. ნაყოფიერება საშუალოდ 200–1500 ქვირითი. ხელსაყრელ პირობებში ორ წელიწადში აღწევს 500 გრ-ს.[2]

იკვებება წვრილი კიბოსნაირებით, მწერების მატლებითა და სხვა. მდინარის კალმახი საქართველოში ბინადრობს მთის ცივ, ჩქარ მდინარეებში, სუბალპურ და ზოგჯერ ალპურ ზონაშიც, იშვიათად ბარის მდინარეებშიც, მტკვარში, ტაშისკარიდან მდინარე ოკამამდე და ზევით. მტკვრის შენაკადებში: ხრამში, არაგვში საგურამოდან ქსნამდე, ლიახვში, ბორჯომულაში, ფოცხოვისწყალში, ფარავანში, ალაზანსა და მის შენაკადებში, ჭოროხში; წალკის, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში.[3]

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ შაორის წყალსაცავში 600 ცალი მდინარის კალმახი გაუშვა.[4] 2020 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ პოპულაციის აღდგენის მიზნით 700-მდე ნაკადულის კალმახი მდინარე ხრამში, დაშბაშის კანიონის ხეობაში გაუშვა. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]