მდედრიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მდედრიონი - 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში სამოქალაქო არეულობის პერიოდში გაჩენილი ტერმინი; მიუთითებს გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე ეგზალტირებულ ადამიანთა ჯგუფზე, რომლის წევრები ძირითადად ქალები იყვნენ; სიტყვა "მხედრიონის" ერთგავარი პერიფრაზი.

პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკური ძალა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, მანამდე არსებული განხეთქილება ე. წ. ეროვნულ მოძრაობაში უფრო გაღრმავდა. დაიწყო მძლავრი ოპოზიციური გამოსვლები გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ. მიმდინარეობდა მრავალათასიანი დემონსტრაციები და მიტინგები. ხელისუფლება პერმანენტულად კარგავდა მოკავშირეებს და მხარდამჭერებს. ოპზიციაში გადავიდა ხელისუფლების მრავალი წევრი.

ამ პერიოდში ჩამოყალიბდა სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფება მხედრიონი, უაღრესად კოლორიტული ფიგურის, ყოფილი კანონიერი ქურდის, ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით. მხედრიონი მოკლე დროში საყოველთად ცნობილი სახელი გახდა და მასზე უამრავი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობდა. მის პოპულარიზაციაში უდიდესი როლი თავად ჯაბა იოსელიანის პიროვნებას ეკუთვნის.

ყოველივე ამის საპირისპიროდ გამსახურდიას ხელისუფლების მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იწყებენ მიტინგს, სადაც ხელისუფლების წევრებიც ხშირად გამოდიოდნენ სიტყვით. ამ მიტინგს უწყვეტი ხასიათი ჰქონდა. მიმდინარეობდა დღე და ღამე და უწყვეტად გრძელდებოდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში. მომიტინგეები ძირითადად ერთი და იგივე პირებისგან შედგებოდა. ეს ჯგუფი უკიდურესი აგრესიულობით გამოირჩეოდა, მათ მიერ ფიზიკური ანგარიშსწეორების ზღვარზე იდევნებოდა ნებისმიერი განსხვავებული აზრი.[საჭიროებს წყაროს მითითებას] მათი აგრესიის მსხვერპლი ხშირად ჩვეულებრივი გამვლელებიც ხდებოდნენ.

მდედრიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომიტინგეების ბირთვს ე.წ. კარვის ქალები შეადგენდნენ. პარლამენტის კიბესთან გაშლილი იყო კარვები, სადაც მუდმივად ცხოვრობდა მომიტინგე ქალთა გარკვეული ჯგუფი, ძირითადად შუახანს გადაცილებულნი. როგორც ამბობდნენ, ამ ქალებს, გადამეტებული საზოგადო მოღვაწეობის გამო, თავის ოჯახებთან მთელი რიგი უსიამოვნებებიც ჰქონდათ. სწორედ ეს ქალები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიულობით. მათი აქტიურობა და აგრესიულობა იმდენად თვალში საცემი იყო, რომ ხალხში ზედმეტ სახელებითაც კი მოიხსენიებოდნენ, მაგ. ცნობილი ”ბეტეერა”, ”მაჯლაჯუნა”, ”შტურმავიკი” და ა.შ. ეს აგრესიულობა, იმ დროის თბილისელებისათვის სრულიად უცხო მენტალიტეტი, არაადექვატური გამოხდომები ქალაქის მოსახლეობაში ანტიპათიას იწვევდა. ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ ბევრი ხალხის ერთ ადგილზე დიდი ხნით ყოფნა, მიმდებარე ტერიტორიის სანიტარული მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას იწვევდა.

ყოველივე ამას თბილისის მოსახლეობამ, ჩვეულ სტილში, იუმორით უპასუხა. მოხდა მრისხანე ორგანიზაციის, ”მხედრიონის” სახელის პერიფრაზირება. ამგვარად შეიქმნა ცნება მდედრიონი.