მაჰმუდი (შეჰზადე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შეჰზადე მაჰმუდი
მშობ. სახელი Şehzade Mahmud
დაბ. თარიღი 1584
მანისა, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 7 ივნისი, 1603
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. მიზეზი სიკვდილით დასჯა
დაკრძალულია შეჰზადეს მეჩეთი
წინამორბედი მეჰმედ III
მემკვიდრე შეჰზადე აჰმედი
რელიგია ისლამი
მშობლები მამა: მეჰმედ III
დედა: ჰალიმე სულთანი

შეჰზადე მაჰმუდი (თურქ. Şehzade Mahmud; დ. 1584, მანისა — გ. 7 ივნისი, 1603, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, მეჰმედ III-ის უფრო ვაჟი და იმპერიის ტახტის მემკვიდრე გარდაცვალებამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჰზადე მაჰმუდი დაიბადა 1584 წელს. იმ პერიოდში, მამამისი, მეჰმედ III ჯერ არ იყო ტახტზე ასული და განაგებდა მანისას. მაჰმუდის დედა იყო წარმოშობით აფხაზი ჰალიმე სულთანი. მაჰმუდს ჰყავდა ძმა — მუსტაფა და ნახევარძმები — სელიმი და აჰმედი. 1597 წელს სელიმი გარდაიცვალა.

1595 წელს მურად III გარდაიცვალა და ტახტზე მეჰმედ III ავიდა. შეჰზადე მაჰმუდი თოფქაფის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად. ოსმალური ტრადიციის მიხედვით, ყველა შეჰზადეს უნდა ემართა ანატოლიაში მდებარე ერთ-ერთი სანჯაყი, მაგრამ მაჰმუდი ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო და თოფქაფის სასახლის ჰარამხანაში ცხოვრობდა. იგი გამოცხადებული იყო მამის მემკვიდრედ. ამასთან ერთად, მაჰმუდი იანიჩრების დიდი სიყვარულით სარგებლობდა. შეჰზადე სელიმის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტახტზე ასვლის შანსები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

1603 წლისთვის დედაქალაქში გავრცელდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ მაჰმუდი მამის ტახტიდან ჩამოგდებას და მის მოკვლას აპირებდა. იმპერიის ვეზირები ორად იყოფოდნენ — ზოგი მათგანი მაჰმუდს უჭერდა მხარს, ხოლო ზოგი — შეჰზადე აჰმედს. აგრეთვე, არსებობდა ვერსია, რომ თუ სულთან მეჰმედის მკვლელობის მცდელობა უშედეგოდ დასრულდებოდა, მაჰმუდს მალულად გაიყვანდნენ დედაქალაქიდან, სადაც უფრო გაუიოლდებოდა ჯარის შეკრება და ტახტისთვის ბრძოლა. ამ ყველაფერმა მეჰმედ III-ის ყურამდე მიაღწია. სულთანმა დაიჯერა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მაჰმუდის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. სავარაუდოდ, მისი გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა დედა სულთანმა, საფიემ მოახდინა, რომელსაც არ სურდა მაჰმუდის ტახტზე ასვლა.

7 ივნისის ღამეს, ჰარამხანაში, შეჰზადე მაჰმუდის ოთახში ოთხი ჯალათი შევიდა. თავად მეჰმედ III გარეთ იდგა და ელოდებოდა მაჰმუდის სიკვდილს. მას შემდეგ, რაც ჯალათები მაჰმუდის ოთახიდან გამოვიდნენ, იგი შევიდა და დარწმუნდა, რომ მაჰმუდი მკვდარი იყო. მაჰმუდის სიკვდილით დასჯის შემდგომ, ყველა მისი მხარდამჭერი მეჰმედის ბრძანებით ზღვაში გადაყარეს. 22 დეკემბერს თავად მეჰმედ III-ც გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი სწორედ შვილზე დარდმა იმსხვერპლა. ტახტზე მაჰმუდის უმცროსი ძმა, აჰმედ I ავიდა. აჰმედის ბრძანებით, მაჰმუდი შეჰზადეს მეჩეთში დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Uzuncarsili, Ismail Hakki (1960). III Mehmed’in oglu sehzade Mahmud’un ölümü (tr). Belleten. 
  • Peirce, leslie P. (1993). The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. Oxford University Press. ISBN 978-0-195-08677-5. 
  • Tezcan, Baki (September 13, 2010). The Second Ottoman Empire: Political and Social Transformation in the Early Modern World. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-51949-6. 
  • (2007) International Journal of Turkish Studies - Volume 13. University of Wisconsin.