შინაარსზე გადასვლა

მაჯორეს კარიბჭე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაჯორეს კარიბჭე (იტალ. Porta Maggiore) — რომის ძველი, მაგრამ კარგად შემონახული მე-3 საუკუნის ავრელიანეს კედლების ერთ-ერთი აღმოსავლეთი კარიბჭეა.[1] კარიბჭის გავლით ორი ძველი გზა გადიოდა: ვია პრენესტინა და ვია ლაბიკანა. ვია პრენესტინა იყო აღმოსავლეთის გზა, რომელიც ძველ ქალაქ პრენესტესკენ (თანამედროვე პალესტრინა) მიემართებოდა. ვია ლაბიკანის (ამჟამად ვია კასილინას) ქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიემართება.

პორტა მაჯორე უდავოდ მნიშვნელოვანი ურბანული ღირსშესანიშნაობაა ძველი აკვედუკების შესასწავლად და დასათვალიერებლად. ეს არის მონუმენტური ორმაგი თაღი, აგებული თეთრი ტრავერტინისგან. თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც პორტა პრენესტინა, შესაძლოა იმ გზის გამო, რომელიც მასზე გადის (ვია პრენესტინა). „კარიბჭე“, აშენებული ჩვ.წ. 52 წელს იმპერატორ კლაუდიუსის მიერ, თავდაპირველად განკუთვნილი იყო ორი აკვედუკის - აკვა კლაუდიასა და ანიო ნოვუსის - დეკორატიული საყრდენი ნაწილის უზრუნველსაყოფად. იმ დროს ეს აკვედუკები კვეთდა ძველ ვია ლაბიკანასა და პრენესტინას გზებს, რითაც შესაძლებელი გახდა ამ ადგილას ერთგვარი ტრიუმფალური თაღის შექმნა ბუნებაზე გამარჯვებისა და მისი დამპყრობლის, იმპერატორ კლაუდიუსის პატივსაცემად. ამ ორი აკვედუკის (აკვა კლაუდიასა და აკვა ანიო ნოვუსის) არხები, რომელთაგან ერთი მეორეზეა განლაგებული, შეიძლება დავინახოთ კარიბჭის ზედა ნაწილში, ტრავერტინის ატიკში გამავალი განივკვეთის დათვალიერებისას.

კარიბჭე ჩართული იქნა ავრელიანეს კედელში ჩვ.წ. 271 წელს იმპერატორ ავრელიანეს მიერ, რითაც ის ნამდვილად გადაიქცა ქალაქში შესასვლელად (კარიბჭედ). ექსპერტები ამას „არქიტექტურული გადამუშავების“ ადრეულ მაგალითად მიიჩნევენ, რაც გულისხმობს არსებული სტრუქტურის სხვა დანიშნულებისთვის მისადაგებას, ამ შემთხვევაში კი - აკვედუკის კედლად გამოყენებას.

კარიბჭე შემდგომში მოდიფიცირებულ იქნა, როდესაც იმპერატორმა ჰონორიუსმა 405 წელს კედლები გააძლიერა. ჰონორიუსის მიერ დამატებული საგუშაგოს საფუძვლები კვლავ ხილულია, ხოლო კარიბჭის ზედა ნაწილი, როგორც ის ჰონორიუსმა ააშენა, გადატანილია კარიბჭის მარცხენა მხარეს.

ამჟამად ის ცნობილია როგორც პორტა მაჯორე, შესაძლოა იმიტომ, რომ გზა, რომელიც კარიბჭეზე გადის, ბაზილიკა დი სანტა მარია მაჯორეს მიემართება. ეკლესია მნიშვნელოვანი სალოცავი ადგილია, რომელიც ღვთისმშობელს ეძღვნება.

შემდეგი წარწერები, რომლებიც იმპერატორების კლაუდიუსის, ვესპასიანესა და ტიტუსის აკვედუკებზე მუშაობის შესახებ მოგვითხრობს, თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი პორტა მაჯორეს იატაკზე:

ვიკიციტატა
„TI. CLAUDIUS DRUSI F. CAISAR AUGUSTUS GERMANICUS PONTIF. MAXIM., / TRIBUNICIA POTESTATE XII, COS. V, IMPERATOR XXVII, PATER PATRIAE, / AQUAS CLAUDIAM EX FONTIBUS, QUI VOCABANTUR CAERULEUS ET CURTIUS A MILLIARIO XXXXV, / ITEM ANIENEM NOVAM A MILLIARIO LXII SUA IMPENSA IN URBEM PERDUCENDAS CURAVIT.“
([ჩვ.წ. 52 წელს] იმპერატორმა კლაუდიუსმა [და ა.შ.] საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო აკვა კლაუდიას წყლების რომში ჩამოყვანა წყაროებიდან, რომელთაც კაერულეუსი და კურტიუსი ეწოდებოდათ 45-ე მილის ნიშნულიდან, ასევე ანიო ნოვუსი 62-ე მილის ნიშნულიდან.)
ვიკიციტატა
„IMP. CAESAR VESPASIANUS AUGUST. PONTIF. MAX. TRIB. POT. II IMP. VI COS. III DESIG. IIII P. P. / AQUAS CURTIAM ET CAERULEAM PERDUCTAS A DIVO CLAUDIO ET POSTEA INTERMISSAS DILAPSASQUE / PER ANNOS NOVEM SUA IMPENSA URBI RESTITUIT.“
([ჩვ.წ. 71 წელს] იმპერატორმა ვესპასიანემ [და ა.შ.] საკუთარი ხარჯებით აღადგინა ქალაქისთვის კურტიასა და კაერულეას წყლები, რომლებიც ქალაქში შემოიყვანა ღვთაებრივმა კლაუდიუსმა, მაგრამ შემდეგ ცხრა წლის განმავლობაში დაზიანებისა და უყურადღებობის გამო წყვეტილად ფუნქციონირებდა.)
ვიკიციტატა
„IMP. T. CAESAR DIVI F. VESPASIANUS AUGUSTUS PONTIFEX MAXIMUS TRIBUNIC. / POTESTATE X IMPERATOR XVII PATER PATRIAE CENSOR COS. VIII / AQUAS CURTIAM ET CAERULEAM PERDUCTAS A DIVO CLAUDIO ET POSTEA / A DIVO VESPASIANO PATRE SUO URBI RESTITUTAS CUM A CAPITE AQUARUM A SOLO VETUSTATE DILAPSAE ESSENT NOVA FORMA REDUCENDAS SUA IMPENSA CURAVIT.“
([ჩვ.წ. 81 წელს] იმპერატორმა ტიტუსმა [და ა.შ.] საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო კურტიასა და კაერულეას წყლების ახალი სტრუქტურებით აღდგენა, რომლებიც თავდაპირველად შემოიყვანა ღვთაებრივმა კლაუდიუსმა და შემდეგ გაარემონტა ქალაქისთვის ტიტუსის ღვთაებრივმა მამამ ვესპასიანემ, მას შემდეგ რაც აკვედუკი თავისი წყაროდან მოყოლებული საფუძვლამდე დაინგრა სიძველის გამო.)

ახლომდებარე არქეოლოგიური ნაშთები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლოს კარიბჭესთან, კედლის გარეთ, მდებარეობს უჩვეულო მცხობელის აკლდამა, რომელიც მარკუს ვირგილიუს ეურისაკესის მიერაა აშენებული.

1917 წელს ვია პრენესტინაზე, კარიბჭესთან ახლოს აღმოაჩინეს მიწისქვეშა ნეოპითაგორული პორტა მაჯორეს ბაზილიკა, რომელიც პირველი საუკუნით თარიღდება. საძირკვლის გეგმა გვიჩვენებს სამ ნავსა და აფსიდას, პროექტს, რომელიც მსგავსია იმ დიზაინისა, რომელიც მე-4 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანულ ბაზილიკებში დაიწყეს დანერგვა. კამარები მოჩუქურთმებულია თეთრი სტუკოთი, რომელიც ნეოპითაგორულ რწმენას განასახიერებს, თუმცა დეკორაციის ელემენტების ზუსტი მნიშვნელობა კვლავ განხილვის საგანია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Parker 1874.