შინაარსზე გადასვლა

მაცუმაე ტაკაჰირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაცუმაე ტაკაჰირო
იაპონ. 松前崇広
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1829(1829-12-10)
დაბადების ადგილი Fukuyama Castle
გარდაცვალების თარიღი 9 ივნისი, 1866(1866-06-09) (36 წლის)
გარდაცვალების ადგილი Fukuyama Castle
მოქალაქეობა იაპონია
მამა Matsumae Akihiro
მეუღლე/ები Q109186711?

მაცუმაე ტაკაჰირო (იაპონ. 松前崇広, დ. 10 დეკემბერი, 1829 – გ. 9 ივნისი, 1866) — იაპონელი სახელმწიფო მოღვაწე ედოს პერიოდის ბოლოს, მაცუმაე-ჰანის მე-12 დაიმიო (1849-1865).

დაიბადა მაცუმაეს ციხესიმაგრეში კუნძულ ჰოკაიდოზე. ის იყო მაცუმაე აკიჰიროს (1775-1833), მაცუმაე-ჰანის მე-9 დაიმიოს (1792-1799, 1821-1833), მეექვსე ვაჟი. ბავშვობაში მას ტამეკიტი ერქვა. 1833 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ, ის ოთხი წლის ასაკში გაგზავნეს საგვარეულო მამულში, ედოში. მის განათლებაში შედიოდა ინგლისური ენის შესწავლა.

1849 წელს მე-11 დაიმიომ მაცუმაე მასაჰირომ (1839-1849) უარი თქვა ძალაუფლებაზე თავისი ბიძის, ტაკაჰიროს (1849-1865) სასარგებლოდ. იმავე 1849 წელს მაცუმაე ტაკაჰირომ სიოგუნის მთავრობისგან (ბაკუფუსგან) მიიღო განკარგულება თავის სამფლობელოებში ციხესიმაგრის მშენებლობის შესახებ. 1854 წელს დაიმიო მაცუმაემ პირველად ოფიციალურად მიიღო საკუთარი ციხესიმაგრის ფლობის უფლება.

1855 წელს, საერთაშორისო ვაჭრობისთვის იაპონური პორტების, მათ შორის ეძოზე მდებარე პორტების გახსნის გამო, შოგუნის მთავრობამ კვლავ აიღო ჰოკაიდოს ტერიტორია პირდაპირი მმართველობის ქვეშ, ხოლო მაცუმაეს მთავარს კუნძულის მხოლოდ მცირე ნაწილი დაუტოვა. სანაცვლოდ, მას გადასცეს მიწები მუცუს (დატეს მაზრა) და დევას (მუროიამას მაზრა) პროვინციებში, რომლებიც 30 ათასი კოკუს ოდენობის შემოსავალს იძლეოდა. ამის გარდა, მაცუმაე ტაკაჰიროს ეძლეოდა ყოველწლიური კომპენსაცია 18 ათასი რიოს ოდენობით.

1863 წლის აპრილში ტოძამა-დაიმიო მაცუმაე ტაკაჰირო დაინიშნა სიოგუნის მთავრობაში ტაძრებისა და სალოცავების უწყების უფროსად, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში თანამდებობიდან გადააყენეს. 1864 წლის ივლისში მან მიიღო ფლოტისა და არმიის უწყების უფროსის თანამდებობა. იმავე წლის ნოემბერში მაცუმაე ტაკაჰიროს მიენიჭა როძიუს (უფროსი სახელმწიფო მრჩევლის) რანგი. ამავე თვეში მას დაუბრუნეს კუნძულ ეძოზე მიწების ნაწილი (კუმაისიდან სირიუტიმდე ტერიტორია), მაგრამ სანაცვლოდ მისი ყოველწლიური კომპენსაციის ოდენობა 700 რიოთი შეუმცირეს.

1865 წელს საერთაშორისო ვაჭრობისთვის კიოტოს პორტის გახსნამ გამოიწვია კიოტოში იმპერიული კარის უკმაყოფილება. პორტის გახსნისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრა მაცუმაე ტაკაჰიროს, ისევე როგორც აბე მასატოს, რომელიც ასევე იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილიდან იყო. ისინი თანამდებობებიდან გადააყენეს და როძიუს რანგი ჩამოართვეს. მაცუმაე ტაკაჰიროს უბრძანეს, თავის სამთავროში წასულიყო. იმავე 1865 წელს ტაკაჰირომ უარი თქვა თავის დომენში ძალაუფლებაზე ნორიჰიროს (1844-1869), თავისი ძმისშვილისა და ნაშვილევი შვილის, სასარგებლოდ, რომელიც მაცუმაე-ჰანის მე-13 დაიმიო გახდა.

1866 წლის ივნისში 36 წლის მაცუმაე ტაკაჰირო, ცხელებით დაავადებული, გარდაიცვალა საკუთარ მაცუმაეს ციხესიმაგრეში ჰოკაიდოზე. ტაკაჰიროს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მისმა შვილიშვილმა ნაგაჰირომ (1865-1905) შუამდგომლობით მიმართა იმპერიულ კარს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა ყველა წოდებისა და რანგის აღდგენასთან ერთად.

  • Totman, Conrad. The Collapse of the Tokugawa Bakufu. — Honolulu: University of Hawai’i Press.
  • Beasley, W.G. (2002). The Perry Mission to Japan, 1853-1854 London: Routledge.
  • Totman, Conrad. The Collapse of the Tokugawa Bakufu. Honolulu: University of Hawai'i Press.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]