მაჩხაურის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაჩხაურის სასახლე — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ლაფანყურის სამხრეთ-დასავლეთით 2,5 კმ-ზე მდინარე ლოპოტის მარჯვენა შენაკადის მაჩხაურისხევის ხეობაში, ტყეში. ესაა მოზრდილი ნაგებობის ნანგრევები, რომელსაც ადგილობრივები „სასახლეს“ უწოდებენ. სავარუდოდ თარიღდება IX-X საუკუნეებით.

შენობის შემორჩენილი კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწითა და მცენარეულობებით ისეა დაფარული, რომ მისი გეგმის ზუსტად დადგენა გასუფთავების გარეშე შეუძლებელია. ნაგებობა ორი სხვადასხვა ზომის, ოთკუთხა ნაწილისგან შედგება. მათ შორის ერთი აღმოსავლეთით მდებარე შედარებით დიდია იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებითაა წაგრძელებული და გრძივი კედლით გამიჯნულ სხვადასხვა სიგანის, ორ სადგომს შეიცავს. ამ ნაწილს დასავლეთიდან ეკვრის ოდნავ უფრო მოკლე, მაგრამ შედარებით განიერი ნაწილი რომელიც ორსართულიანია.

შენობა ნაგებია დიდი ზომის, რიყის ქვით. ზომისა და ფორმის მიხედვით შერჩეულია და დაწყობილია წესიერ, სწორხაზოვნად გამავალ რიგებად. აღმოსავლეთ ნაწილის სადგომებიდან, სამხრეთით მდებარე, თითქმის 2-ჯერ ვიწროა მეორეზე და გარეთკენ სწორკუთხა ბურჯებზე გადაყვანილი თაღებით იყო გახსნილი. შემორჩენილია აღმოსავლეთ განაპირა თაღის ერთი გვერდი - შესაბამისს წირთხრილთან ერთად და ორი ბურჯის ნაშთი. ჩრდილოეთ სადგომიდან კი, მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილიღა დგას. დანარჩენი კედლებისა მხოლოდ კვალი იკითხება.

ნაგებობის დასავლეთ ნაწილის ორივე სართული შედგება ერთმანეთთან თაღოვანი გასასვლელებით დაკავშირებული, სამ-სამი კვადრ. ოთახისგან. ქვემოთა სართულის ოთახებიდან ორი ნანგრევებითაა სავსე და მათი არქიტექტორული გადაწყვეტა არ ირკვევა. მესამე, სამხრეთით მდებარე ოთახი, კამაროვანია. ოთახის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია საშუალო ზომის სწორკუთხა ნიშა. მეორე სართულის დიდი ნაწილი დანგრეულია. ოთახების გამმიჯნავ ორივე კედელს თაღოვანი გასასვლელის წირთხრილები და თაღაღის ქუსლების ნაწილები შემორჩა. ჩრდ-ის განაპირა ოთახში ადსიდის მსგავსი. აღმოსავლეთით ორნამენტული მომრგვალებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]