შინაარსზე გადასვლა

მაყვალა მრევლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მრევლიშვილი.
მაყვალა მრევლიშვილი
დაბადების თარიღი 14 თებერვალი, 1909(1909-02-14)
დაბადების ადგილი სიღნაღი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 სექტემბერი, 1992(1992-09-05) (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა საბავშვო მწერალი და მწერალი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები რუსთაველის პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

მაყვალა ალექსანდრეს ასული მრევლიშვილი (დ. 14 თებერვალი, 1909, სიღნაღი — გ. 5 სექტემბერი, 1992, თბილისი) — ქართველი საბავშვო პოეტი.

დაიბადა გამოჩენილი მხატვრის ალექსანდრე მრევლიშვილის ოჯახში. მას ბავშვობიდანვე მწერალთა და ხელოვანთა გარემოცვაში მოუწია აღზრდა, რამაც განაპირობა მისი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება, პოეტური გემოვნების დახვეწა. 1925 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილება. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლად, იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. პირველი ლექსი „წერილი აბასთუმნიდან“ 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი „ლექსები“ 1940 წელს. ქართველმა ბავშვებს შორის პოპულარული იყო მისი ლექსები „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ პატარავ“, პოემები „ჭანჭიკელა“, „გოგია და ტოლია“, „მიყვარს ყველა ცისარტყელა“ და მრავალი სხვა. მან გადაამუშავა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები „ირმისა“ და „კომბლე“.

მაყვალა მრევლიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. ქართულ მკითხველს გააცნო ფრანგული ხალხური საბავშვო ლექსები, შარლ დე კოსტერის რომანი „ულენშპიგელის ლეგენდა“, ლიტვური ზღაპარი „მზის დამხსნელი“.

მინიჭებული ჰქონდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, დაჯილდოებული იყო იაკობ გოგებაშვილის მედლით, საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 278, თბ., 1994