მაყაშვილების მეორე ციხე-დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაყაშვილების მეორე ციხე-დარბაზი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ რუისპირის აღმოსავლეთ განაპირას, თელავიდან ახმეტისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, ასიოდე მეტრის მანძილზე. ციხე-დარბაზი ადგილობრივ ფეოდალებს მაყაშვილებს ეკუთვნოდა.

მასში შედის სასახლე, კარის ეკლესია, მარანი, ორი საცხოვრებელი. ნაგებობა და გალავანი, თარიღდება XVIII საუკუნეების შუა ხანებით. ეკლესია უფრო ადრე დაახლოებით XVIII საუკუნის I ნახევარში, უნდა იყოს აგებული. ციხე-დარბაზი გეგმით მოგრძო ოთხკუთხედია, რომლის სამ კუთხეში კოშკებია ჩართული მეოთხე, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კუთხე მოშლილია, თანაც, აქ მრავალჯერ გადაკეთებული სასახლე დგას, რის გამოც, გაურკვეველია, იდგა თუ არა ამ კუთხეშიც კოშკი ამჟამად ციხის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში მდგარი კოშკები ცილინდრულია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის კოშკი კი, შიგნიდან თითქმის კვადრატულია, ხოლო გარედან — ხუთწახნაგა. შედარებით კარგად არის შემორჩენილი გალავნის ჩრდილოეთ კედლის შუაში ჩართული ეკლესია და გალავნის აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილზე მიდგმული მარანი საცხოვრებელი ორსართულიანი ნაგებობები კი გადაკეთებულია. ორივე მათგანი ციხის დასავლეთ ნაწილში, გალავნის დასავლეთ კელის გასწვრივ არის აგებული. მათ შორის ერთი — ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია, ხოლო მეორე — სამხრეთ მონაკვეთში. ციხის ჭიშკარი ჩრდილოეთითაა, მდინარე ალაზნის ველის მხარეს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხის კოშკსა და ეკლესიას შორის აღმოსავლეთით, მდინარე თურდოს მხარეს, სასახლესა და მარანს შორის, სათადარიგო გასასვლელია. ციხის კედლები ორიარუსიანია. ნაგებია რიყის ქვით. ქვედა იარუსის კედლები ყრუა, მის თავზე გადიოდა მებრძოლთა სასიარულო, ხის ბილიკი. ზედა იარუსის კედლებში პირდაპირი და ძირს დახრილი ცალმაგი სათოფურებია დასავლეთ კედელში, ცალმაგი სათოფურების გარდა, შეწყვილებული სათოფურებიცაა. ციხის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების უმეტესი ნაწილი კვლავ დგას. სამხრეთ კედლიდან მცირე მონაკვეთია შემორჩენილი. ჩრდილოეთ კედლიდან კი — მხოლოდ ქვედა ნაწილი. გალავანს ქონგურები არ ჰქონია. კოშკებიდან მთავარია გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდგარი, ოთხსართულიანი კოშკი. იგი ყველაზე დიდია და სხვებზე მაღლაც დგას. ძეგლი სავარაუდოდ, ქონგურებიანი, საბრძოლო ბანით იყო დასრულებული. კოშკის I და II სართულს შესასვლელი ცალ-ცალკე, ეზოდან ჰქონდა. ორივეგან, კარის მოპირდაპირედ ბუხარია. I სართული უსარკმლოა, კედელში მოწყობილია სამი, სწორკუთხა ნიშა, გალავნის შესაბამისი კედლების მხარეს კი — თითო სათოფური. II სართულზე ორი სარკმელია. ერთი — კარის თავზე, მეორე შედარებით მოზრდილი — ჩრდილოეთით კედლის ქვედა ნაწილში ოთხი ცალმაგი, ძირს დახრილი სათოფურია. ამდენივე შეწყვილებული სათოფურია ზედა ნაწილში. მათ გვერდებზე კი თითო, ცალმაგი სათოფურია გაჭრილი. III სართულის სამხრეთ კედელში ერთი მოზრდილი სარკმელია. მეორე მცირე სარკმელი ეზოსკენაა. სართულის კედელში, ორ რიგად ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურებია მოწყობილი ჩრდილო-დასავლეთით ბუხარია. IV სართულზე, ფასადის მხრიდან, თითქმის თანაბრად განლაგებული, ოთხი, ნისკარტა სალოდეა, მათ შორის კი მოთავსებულია ძირს დახრილი, ცალმაგი და პირდაპირი. შეწყვილებული სათოფურები. კოშკის შიდა კედლები შელესილია ქვედა სამი, სართულის კედლებში ირმის მრავალი რქაა ჩასმული, რომელსაც სავარაუდოდ, იარაღისა და ტანისამოსის ჩამოსაკიდად იყენებდნენ.

ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის კოშკიდან მხოლოდ ორი სართულია შემორჩენილი. I სართული მიწის დონიდან 2 მეტრ სიმაღლეზე იწყება, სართულის შესასვლელის მარცხნივ წირთხლში ზემოთ მიმავალი კიბის უჯრედია. მარჯვენაში კი, სიღრმეში — საპირფარეშო. აღმოსავლეთით შუაში საშუალო ზომის სარკმელია გაჭრილი. ოთხივე კედელში მოწყობილია სხავადასხვა, ზომისა და დანიშნულების, სწორკუთხა ნიშები, მათგან ზოგში სათოფურია გაჭრილი, ზოგი კი სამეურნეო დანიშნულებისაა, ნიშები გარდა დასავლეთისა, გადახურულია შეისრული თაღით. II სართულის კედლებიდან ქვედა ნაწილებიღაა შემორჩენილი, კედლების ცენტრში დიდი სარკმლებია გაჭრილი. რომლის გამოყენება საზარბაზნედაც შეიძლებოდა დასავლეთ და სამხრეთ კედლების ბოლოებში კიბიდან გამოსასვლელია, მეორე ბოლოში კი — დიდი ნიშა. კოშკს ხის სართულს შუა გადახურვა ჰქონდა. ჩრდილო-დასავლეთ კოშკი საცხოვრებელ სახლთანა გაერთიანებული, კოშკიდან მოღწეულია მხოლოდ ორი სართული ორივე სართულს ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს. I სართულზე თანაბრად განაწილებული, ოთხი სარკმელია. მათგან ორი სარკმლის ქვედა ნაწილში სათოფურებია გაჭრილი. კარის პირდაპირ შეისრულთაღიანი ბუხარია. სართული კონუსისებრი გუმბათითაა გადახურული. კოშკის II სართული ნაწილობრივაა შემორჩენილი ჩრდილო-აღმოსავლეთით და დასავლეთით მოზრდილი, სწორკუთხაა სარკმლებია გაჭრილი. ბუხარი ამ სართულზედაცაა — კარის პირდაპირ კედელზე მრავალი, სხვადასხვაგვარი სათოფურია გაჭრილი. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდგარ საცხოვრებელ სახლს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა, მისი დასავლეთ კედელი, რომელიც იმავდროულად ციხის კედელიცაა — ყრუა. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები კი გადატვირთულია სხვადასხვა ზომის, ნახევარწრიული და სწორკუთხა ნიშებით. ამავე კედლებშია გაჭრილი სახლის სარკმლებიც II სართული მორღვეულია. ეკლესია მცირე ზომისაა, დარბაზული ნახევარწრიული აფსიდით აღმოსავლეთით კედლები, ძირითადად, ნაგებია რიყის ქვით კამარა, თაღები და კარ-სარკმლები — აგურით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. დასავლეთიდან და სამხრეთიდან კარები შეისრულთაღიანია და ორივე მხრიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში შიგნიდან შეისრული, ხოლო გარედან ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელია გაჭრილი. მსგავსი, თითო სარკმელი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელშია. მოგვიანებით, აღმოსავლეთ სარკმელი გარედან გაუგანიერებიათ და თარაზულად გადაუხურავთ აფსიდში, სარკმლის გვერდებზე მოწყობილია თითო, მაღალი, შეისრულთაღოვანი ნიშა. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც. იგი თლილი ქვით არის გამოყვანილი და წინიდან, მთელ სიგრძეზე, ლილვი გასდევს.

იატაკი მოგებულია ექვსგვერდა, ანგობით დაფარული აგურით ეკლესიაში ერთ-ერთი მაყაშვილის საფლავია, თარიღით — 1765 წელი. ის, რომ ეკლესიას სარკმელი ჩრდილოეთით, ციხის გარეთკენ აქვს გაჭრილი და არ გააჩნია სათოფურები, იმის დამადასტურებელია, რომ იგი ციხემდე იყო აგებული. ეკლესიის ფასადები რიყის ქვითაა ნაგები კუთხეები და მორთულობის ელემენტები გამოყვანილია აგურით, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებზე, საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი თითო, მაღალი ჯვარია გამოსახული დასავლეთ შესასვლელი სწორკუთხედშია ჩასმული, რომელსაც ზემოთ აგურის კბილანა წყობა გასდევს კარის გვერდებზე სწორკუთხედში ჩასმული თითო ნიშაა. კედლები დასრულებულია სპეციალურად დამზადებული აგურით გამოყვანილი, მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თარო შეზნექილი მრუდი და ლილვი. სახურავი ორფერდაა, დაბურულთა ღარისებრი კრამიტით. მარანი რიყის ქვითაა ნაშენი იგი გეგმით სწორკუთხაა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებითაა წაგრძელებული შენობის შიგნით ქვევრებია, მათგან რამდენიმე ძველია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]