მაღალი ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღალი ხატი, კოშკიარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით კვადრატულია (4 x 4 მეტრი), ორსართულიანი (სიმაღლე 6,5 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, მეორე — საცხოვრებელი. პირველი სართულის ოთხივე კედელი ყრუა. კოშკში შესასვლელი მეორე სართულის ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ კიდეშია. ღიობი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. შესასვლელის მოპირდაპირედ, სამხრეთ კედელში, ღრმა სწორკუთხა ნიშია. თითო, მაგრამ ბევრად უფრო მცირე ზომის ნიშია სამხრეთ და ჩრდილო კედლების დასავლეთ კიდეებთან. აღმოსავლეთ კედლის შუაში, იატაკიდან 1,5 მეტრ სიმაღლეზე, ტოლფერდა სამკუთხედის ფორმის, გარეთკენ შევიწროებული პატარა სარკმელია. სართული გადახურულია სხმული კამარით, რომელსაც განივკვეთში კვერცხისებრი ფორმა აქვს. კოშკს ხის სართულშუა გადახურვა ჰქონია (აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილია ხის ძელების საყრდენი ბუდეები). გარედან კოშკი ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. იგი კრამიტის ორფერდა სახურავითაა გადახურული. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით, რომელსაც აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე, ფრონტონის ფუძეებთან, ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. კოშკს ირგვლივ დაბალი გალავანი ჰქონია შემორტყმული, შემორჩენილია მხოლოდ მისი ნაწილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]