მაქსიმ კარლოტ კორმანი
| მაქსიმ კარლოტ კორმანი | |
|---|---|
| ინგლ. Maxime Carlot Korman | |
| დაბადების თარიღი | 26 აპრილი, 1941[1] (84 წლის) |
| დაბადების ადგილი | პორტ-ვილა, ახალი ჰებრიდები |
| მოქალაქეობა |
|
მაქსიმ კარლოტ კორმანი ( დ. 26 აპრილი, 1941) — ვანუატუელი პოლიტიკოსი, რომელიც წარსულში მსახურობდა პარლამენტის სპიკერად და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. იგი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში იყო ვანუატუს პრემიერ-მინისტრი, თავდაპირველად 1991 წლის 16 დეკემბრიდან 1995 წლის 21 დეკემბრამდე, ხოლო მეორედ — 1996 წლის 23 თებერვლიდან 1996 წლის 30 სექტემბრამდე. პრემიერ-მინისტრობის ვადების განმავლობაში იგი იყო „ზომიერ პარტიათა კავშირის“ წევრი, თუმცა ამჟამად ხელმძღვანელობს „ვანუატუს რესპუბლიკურ პარტიას“. ის იყო პარლამენტის პირველი სპიკერი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1980 წლის ივლისიდან 1983 წლის ნოემბრამდე, და ასევე მსახურობდა ამავე თანამდებობაზე უშუალოდ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე.[2][3]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორმანი პრემიერ-მინისტრი გახდა მას შემდეგ, რაც 1991 წლის არჩევნებში „ზომიერ პარტიათა კავშირმა“ გაიმარჯვა, ეს კი მმართველი პარტიის, „ვანუააკუს“, გაყოფას მოჰყვა. იგი იყო ვანუატუს პირველი ფრანკოფონი პრემიერ-მინისტრი 1980-იან წლებში უოლტერ ლინის ანგლოფონური მთავრობის შემდეგ.
კორმანის საგარეო პოლიტიკა ლინის კურსისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. მან „შეცვალა ქვეყნის ცალსახა მხარდაჭერა ახალ კალედონიაში არსებული 'კანაკის ეროვნული განთავისუფლების ფრონტის' მიმართ “.[4]
1995 წლის არჩევნების შემდეგ კორმანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სერჟ ვოჰორმა, მისივე პარტიის დისიდენტმა ლიდერმა შეცვალა. ორი თვის შემდეგ კორმანმა შეძლო საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება ვოჰორის გადასაყენებლად და პარტიასა და პრემიერ-მინისტრობაზე კონტროლის დასაბრუნებლად, თუმცა შვიდი თვის შემდეგ იგი კვლავ გადააყენეს უნდობლობის ვოტუმით (27 ხმა 22-ის წინააღმდეგ) და ისევ ვოჰორით ჩაანაცვლეს. კორმანმა ვეღარასოდეს შეძლო „ზომიერ პარტიათა კავშირის“ ლიდერობის დაბრუნება. იგი ასევე მსახურობდა საგარეო საქმეთა მინისტრად 1993-დან 1995 წლამდე. პრემიერ-მინისტრობის შემდეგ კორმანი გამოეყო „ზომიერ პარტიათა კავშირს“ და ჩამოაყალიბა „ვანუატუს რესპუბლიკური პარტია“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. 2004 წლის ივლისის არჩევნების შემდეგ კორმანი ვოჰორის მთავრობაში ვიცე-პრემიერი გახდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ ისიც შეიცვალა, როდესაც ხელისუფლებაში ეროვნული კოალიცია მოვიდა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი იყო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურების მინისტრი, მაგრამ 2005 წლის ივლისში ამ თანამდებობიდან გადააყენეს და ედუარდ ნატაპეით ჩაანაცვლეს.[5]
კორმანი და რესპუბლიკური პარტია მმართველ კოალიციაში დარჩნენ და მაქსიმ კარლოტ კორმანი საბოლოოდ მიწის რესურსების მინისტრი გახდა. 2007 წლის ივლისში მაქსიმ კარლოტ კორმანსა და მის ვაჟს კორუფციაში დასდეს ბრალი მიწის გარიგებებთან დაკავშირებით, რასაც კორმანი კატეგორიულად უარყოფდა.[6]
2008 წლის სექტემბრის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, 22 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო კენჭისყრაზე კორმანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო, თუმცა ნატაპეისთან დამარცხდა — მან 25 ხმა მიიღო ნატაპეის 27 ხმის წინააღმდეგ.[7]
მიუხედავად ამისა, იგი აირჩიეს პარლამენტის სპიკერად. 2009 წლის 18 აგვისტოს, როდესაც ვანუატუს პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, კორმანი, როგორც პარლამენტის სპიკერი, 2009 წლის 2 სექტემბერს გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მემკვიდრის არჩევამდე.
2010 წლის იანვარში სპიკერის თანამდებობაზე იგი ჯორჯ უელსმა შეცვალა, თუმცა დეკემბერში უელსის გადადგომის შემდეგ კორმანი კვლავ აირჩიეს ამ თანამდებობაზე.[8]
2011 წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც მან „მკაცრად გამოიყენა რეგლამენტი კილმანის მთავრობის მიერ დამატებითი ბიუჯეტის შემოტანის შესაჩერებლად“, იგი მთავრობის საპარლამენტო უმრავლესობამ სპიკერის თანამდებობიდან გადააყენა. ირონიულია, რომ როგორც „პარლამენტის უხუცეს წევრს“, მას დაევალა ახალი სპიკერის არჩევნების თავმჯდომარეობა, რაზეც, გავრცელებული ინფორმაციით, იგი „სიამოვნებით დათანხმდა“. მთავრობის კანდიდატი, დანსტან ჰილტონი, უალტერნატივოდ აირციეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ წამოაყენა წინადადება კორმანის პარლამენტიდან სრულად გარიცხვის შესახებ ვადის ამოწურვამდე, რაც Radio New Zealand International-მა აღწერა, როგორც მთავრობის გზა „დაესაჯა იგი მისი საკამათო გადაწყვეტილებების გამო“. წინადადება ორმოცდათორმეტიდან ოცდაექვსი ხმით იყო მიღებული. კორმანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.[2][9]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორმანი დაიბადა ერაკორში, პორტ-ვილას მახლობლად მდებარე სოფელში (არ აგერიოთ ამავე სახელწოდების კუნძულში) და მას აქვს შერეული ევროპული და მელანეზიური წარმოშობა. მამის მხრიდან იგი ერაკორის ბელადის შთამომავალია, რომელმაც ცოლად სამოელი ქალი შეირთო. ახალგაზრდობაში იგი დადიოდა როგორც ფრანკოფონულ, ისე ანგლოფონურ სკოლებში. მისი მეუღლე მელედან არის.[10] 1960-იან წლებში იგი თანამშრომლობდა ლინგვისტ ჟან-კლოდ რივიერესთან სამხრეთ ეფატეს ენის სიტყვების სიის შესადგენად.[11] როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა, მან თავის სახელს, მაქსიმ კარლოტს, დაამატა ტრადიციული სახელი „კორმანი“.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://parliament.gov.vu/index.php/members/96-hon-maxime-carlot-korman
- 1 2 "Veteran Speaker removed", Vanuatu Daily Post, 7 September 2011
- ↑ „Vanuatu parliament elects Korman as new speaker“. 19 June 2009. ციტირების თარიღი: 22 October 2011.
- 1 2 Miles, William F.S. Miles, Bridging Mental Boundaries in a Postcolonial Microcosm: Identity and Development in Vanuatu, Honolulu: University of Hawaii Press, 1998, ISBN 0-8248-2048-7, pp.25-7
- ↑ "Vanuatu PM sacks party leader from Cabinet" დაარქივებული 2005-12-29 საიტზე Wayback Machine. , ABC Radio Australia, 18 July 2005.
- ↑ „Vanuatu lands minister rejects corruption allegations“. Radio New Zealand International. 5 July 2007. ციტირების თარიღი: 22 October 2011.
- ↑ „Vanuatu lawmakers elect Natapei as prime minister“. Associated Press. International Herald Tribune. 22 September 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-22.
- ↑ "Court requested conspiracy investigation against Kilman" დაარქივებული 9 September 2011 საიტზე Wayback Machine. , Vanuatu News, 20 June 2011
- ↑ „Former Vanuatu speaker Korman suspended until end of term“. Radio New Zealand International. 9 September 2011. ციტირების თარიღი: 22 October 2011.
- ↑ Aaron, Daniel Bangtor; Macdonald-Milne, Brian; Thomas, Pamela (1981). Yumi stanap: leaders and leadership in a new nation. Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, გვ. 15. OCLC 8485767.
- ↑ Thieberger, Nick (2006). A Grammar of South Efate: An Oceanic Language of Vanuatu. University of Hawaii Press, გვ. 37. ISBN 9780824830618.