მატნის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაღსრის კოშკი

მატნის არქეოლოგიური ძეგლები — სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. მატანსა და მისა შემოგარენში. მატნის არქეოლოგიური ძეგლებს შორის საყურადღებოა:

  • იაღსრის სამაროვანი, V-VII საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს იაღსრის ქედის სამხრეთ ბოლოზე. სამაროვანზე აღმოჩნდა კურქვისა და ქვიშაქვის ფილებით ნაგები ქვის სამარხები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები. ამ უკანასკნელში კიდევ გვხვდება გვერდზე დასვენებული, ხელფეხმოკეცილი მიცვალებული (წინაქრისტიანული წესით დაკრძალვა). სამარხთა უმრავლესობა ინდივიდუალურია. გვხვდება კოლექტიური სამარხებიც. მათში აღმოჩნდა ბრინჯაოს წვრილღერძიანი, მარჯნისთავიანი საკინძები, ბეჭდები და სხვა.
  • „ერელაანთ ეკლესია“, V-VI საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს მატნის ველზე. იაღსრის სამაროვნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 300 მ-ზე. აღმოჩნდა 1966 წელს. გაითხარა 1967-1968 წლებში. ეკლესია ნაგებია კლდის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით დუღაბზე. ცენტრალური-გუმბათიანი ნაგებობა გეგმით ტოლმკლავება ჯვარს წარმოადგენს. ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიაში და მის ეზოში გამოვლინდა შუა საუკუნეების სამარხები.
  • იაღსრის მარანი, XII-XIII საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს იაღსრის სამაროვნის ზემოთ. შემორჩენილია შენობათა ნაშთები, კოშკი და შედარებითგვიანდელი ეკლესია. გაითხარა 1 კომპლექსი. ორსართულიანი სახლის 1 სართული (სარდაფი) მარანია, შედგება 2 სათავსისა და მიშენებული დერეფნისაგან. ერთ სათავსში (55 მ2) აღმოჩნდა 2 საწნახელი და დაახლოებით 2 ქვევრი. ქვევრები მეორე სათავსში და დერეფანშიც იყო. როგორც ჩანს, მარანი გვიანდელი შუა საუკუნეებშიც მოქმედებდა. გაუქმებულია ძლიერი ხანძრის შედეგად, სავარაუდოა შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს.
  • მლაშების გორის მარანი და კოშკი, IX-X საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს სოფ. მატანსა და იაღსრის სამაროვანს შორის მთის ძირში. მარანი სწორკუთხა შენობაა (100 მ2), რომლის კედლები ნაგებია კლდისა და კირქვის ლოდებით დუღაბზე. ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულია ორგანყოფილებიანი საწნახელი (8,6-1,4 მ). ფორმით იყალთოს საწნახელს მიაგავს. იქვე გაითხარა იმავე დროის ოთხკუთხა კოშკის ნანგრევები.
  • ჟამთა საყდარი (ჯანთა საყდარი). IX-X საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს სოფ. მატნის ჩრდილო-დასავლეთით. გაითხარა 1967-1969 წლებში. დარბაზული ტიპის ეკლესიაა. კამარა ჩაქცეულია. სამხრეთი მინაშენის გასწვრივ აღმოჩნდა სამაროვანი, რომელიც შეიცავდა სხვადასხვა დროის სამარხებს. გათხრილია IX-X საუკუნეების შირიმის ფილებით ნაგები სამარხები. XI-XIII საუკუნეების ქვის სამარხები, რომლებიც ქვიშაქვითაა ნაგები. გვიანდელი შუა საუკუნეების უინვენტარო სამარხები. საყდრის ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ აღმოჩნდა გალავნიანი ღია ტიპის მარანი.
  • სასახლის გორის „ნამოსახლარი“, მდებარეობს ჟამთა საყდრის ჩრდილო-დასავლეთით. გაითხარა 1967-1969 წლებში. გამოვლინდა ნამოსახლარი, საჯინიბო, გალავნის ნაშთები და სხვა ნაშთები. 1979 წელს სასახლის გორის ძირში აღმოჩნდა ადრინდელი შუა საუკუნეების სამაროვანი.

მატნის სამხრეთით შემორჩენილია ციხე-გალავნის ნაშთი. იქვეა გვიანდელი არმაზული სამაროვანი. სოფელში არის ჩოლოყაშვილების გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე-დარბაზი, ღვთისმშობლის ეკლესია და სამაროვანი. შემთხვევითი მონაპოვრის მიხედვით აქ სავარაუდოა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ფენების აღმოჩენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1969 წლის საველე მუშაობის შედეგები, კრ.: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს, თბ., 1971;
  • Рамишвили Р., Исследование раннефеодального могильника «Иагсари», Труды Кахетинской археологической экспедиции, т. 1, Тб., 1969;
  • Чубинашвили Г. Н., Вопросы истории искусства.Исследования и заметки, т. 1, Тб., 1970;
  • რამიშვილი რ., ქსე, ტ. 6, გვ. 494-495, თბ., 1983