მასიჰ ალინეჯადი
| მასიჰ ალინეჯადი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 11 სექტემბერი, 1976 (49 წლის) |
| დაბადების ადგილი | Qomi Kola |
| საქმიანობა | ჟურნალისტი, ბლოგერი და მწერალი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | Oxford Brookes University |
მასუმეჰ „მასიჰ“ ალინეჯადი (სპარს. مسیح علینژاد, დ. 11 სექტემბერი, 1976, ქემიკოლა, ბაბოლი, მაზანდარანი, ირანი) — ირანელი ჟურნალისტი, მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი, რომელიც დევნილობაში ცხოვრობს ნიუ-იორკში, აშშ-ში. ის არის ონლაინ მოძრაობების „ჩემი ფარული თავისუფლება“, „კაცები ჰიჯაბში“ და „თეთრი ოთხშაბათების“ დამფუძნებელი. ყოფილი მუსლიმი და ისლამის კრიტიკოსი. ცნობილია ირანის ხელისუფლების კრიტიკით, განსაკუთრებით ირანში ქალთა უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1976 წლის 11 სექტემბერს, სოფელ ქემიკოლაში, ქალაქ ბაბოლის სამხრეთ-დასავლეთით, მაზანდარანის პროვინციაში.
ახალგაზრდობაში პოლიტიკურ აქტივიზმით იყო დაკავებული. 1994 წელს დააპატიმრეს მთავრობის კრიტიკული შინაარსის ფურცლების დამზადებისთვის.
2001 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად თეირანის ყოველდღიურ გაზეთ „Hambastegi“-ში, შემდეგ კი საინფორმაციო სააგენტო „Iranian Labour News Agency“-ში. ასევე აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებში „Shargh“, „Bahar“, „Vaghaye Ettefaghiye“, „Ham-Mihan“ და ირანის ეროვნული ნდობის პარტიის პარტიულ გაზეთში. იყო საპარლამენტო რეპორტიორი ირანის მეჯლისის მე-6 და მე-7 მოწვევებზე. 2005 წელს მან დაწერა სტატია, სადაც აკრიტიკებდა მთავრობას იმის გამო, რომ მინისტრები, მართალია, ამტკიცებდნენ ხელფასების შემცირებას, მაგრამ სინამდვილეში სხვადასხვა საბაბით მნიშვნელოვან პრემიებს იღებდნენ. სტატიამ სკანდალი გამოიწვია და ირანის მეჯლისში მისი აკრედიტაციის გაუქმება მოჰყვა. 2008 წელს ირანის ეროვნული ნდობის პარტიის გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში მან პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მომხრეები შეადარა მშიერ გაწვრთნილ დელფინებს, რომლებიც ხრიკებს ასრულებენ საკვების სანაცვლოდ. ამ სტატიამ ასევე გამოიწვია სკანდალი. ირანის ეროვნული ნდობის პარტიის ლიდერმა მეჰდი ქარუბიმ სტატიისთვის ბოდიში მოიხადა.
2009 წლის ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრა, რათა პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ინტერვიუ აეღო. მას ინტერვიუზე უარი ეთქვა. აშშ-ში ყოფნისას მონაწილეობდა ირანის მთავრობის საწინააღმდეგო აქციებში და გამოვიდა სან-ფრანცისკოში. ინტერვიუ მისცა „ამერიკის ხმას“.
მან დაამთავრა ოქსფორდის საზოგადოებრივი უნივერსიტეტი „Oxford Brookes University“ ოქსფორდში, მიიღო ხარისხი „კომუნიკაციის კვლევების“ სპეციალობით.
2016 წელს ამერიკელმა მოჭადრაკემ, რომელიც წარმოშობით ირკუტსკიდან იყო, აშშ-ის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა ნაზი პაიკიძემ უარი თქვა მონაწილეობაზე ქალთა შორის მსოფლიო საჭადრაკო ჩემპიონატში, რომელიც 2017 წელს თეირანში გაიმართა. მასიჰ ალინეჯადმა მხარი დაუჭირა ნაზი პაიკიძეს და დაიწყო ჩემპიონატის ბოიკოტის კამპანია. ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვეს ასევე მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა უკრაინელმა მარია მუზიჩუკმა და რეიტინგის მეოთხე ნომერმა ინდოელმა კონერუ ჰამპიმ.[1]
2019 წლის 4 თებერვალს მასიჰ ალინეჯადი შეხვდა სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს. შეხვედრა 35 წუთს გაგრძელდა, პომპეომ ალინეჯადს მადლობა გადაუხადა მისი სიმამაცისა და ირანში ქალთა უფლებების დაცვის მუდმივი სწრაფვისთვის.
2019 წლის მარტში მან გააკრიტიკა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი იმის გამო, რომ ქრაისტჩერჩის მეჩეთებში სროლების შემდეგ, მუსლიმთა მიმართ თანაგრძნობის ნიშნად, ჰიჯაბი მოირგო (ალინეჯადი მიუთითებდა, რომ ეს ქალთა ჩაგვრის სიმბოლოა).
მან გამოაქვეყნა ოთხი წიგნი სპარსულ ენაზე. 2018 წელს ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი „ქარი ჩემს თმაში“, რომელშიც მოუთხრო ირანში გაზრდის საკუთარი გამოცდილების შესახებ.
ის მუშაობს აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოში (US Agency for Global Media). არის „ამერიკის ხმის“ სპარსული სამსახურის წამყვანი და პროდიუსერი, რადიო „თავისუფლების“ სპარსული სამსახურის კორესპონდენტი, ფრილანსერი სპარსულენოვან ტელეარხ „Manoto“-ზე და ჟურნალ „IranWire“-ის მწერალი რედაქტორი.
მას მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: ქალთა უფლებების ჯილდო ჟენევის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სამიტისგან, Omid Journalism Award, და „Highly Commended“ AIB Media Excellence Award“ საერთაშორისო მაუწყებლობის ასოციაციისგან.
ჟურნალმა „Time“-მა გამოაქვეყნა 2023 წლის 12 ქალის სია, რომლებიც მუშაობენ თანასწორი სამყაროს შექმნაზე. ამ სიაში მასიჰ ალინეჯადიც მოხვდა.[2][3]
ჩემი ფარული თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის მაისში მასიჰ ალინეჯადმა დააფუძნა ონლაინ-მოძრაობა „ჩემი ფარული თავისუფლება“ (My Stealthy Freedoms). მოძრაობის Facebook-ის გვერდზე ქვეყნდებოდა ირანელი ქალების მიერ გამოგზავნილი ფოტოები, სადაც ისინი ჰიჯაბის გარეშე იყვნენ გადაღებულნი, რითაც არღვევდნენ სავალდებულო ტარების წესებს. ამასთან, მასიჰ ალინეჯადმა გაზეთ „The Guardian“-ს განუცხადა, რომ ის არ არის ჰიჯაბისა და მისი სავალდებულო ტარების მოწინააღმდეგე (მისი თქმით, დედამისი ატარებდა ჰიჯაბს), მაგრამ მხარს უჭერს არჩევანის თავისუფლებას. მოძრაობაში ათასობით ირანელი ქალი მონაწილეობდა. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, მოძრაობის გვერდს 760 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

მასიჰ ალინეჯადის ონლაინ-მოძრაობამ ირანის ხელისუფლების რეაგირება გამოიწვია. ალინეჯადი ნარკოტიკების მოხმარებასა და გარყვნილებაში დაადანაშაულეს.
2015 წლის 24 თებერვალს, მასიჰ ალინეჯადს მიენიჭა ქალთა უფლებების ჯილდო (Women’s Rights Award) ჟენევის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სამიტზე. ჯილდო გადაეცა იმისთვის, რომ მან „ხმა მისცა უხმოთ და გააღვიძა კაცობრიობის სინდისი, რათა მხარი დაეჭირა ირანელი ქალების ბრძოლისთვის ძირითადი ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისა და თანასწორობისთვის“. ჟენევის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სამიტი 20 არაკომერციული ორგანიზაციის გაერთიანებას წარმოადგენს.[4]
კამპანიის „ჩემი ფარული თავისუფლება“ გაგრძელება 2016 წლის შუა რიცხვებში გახდა კამპანია „კაცები ჰიჯაბში“ (Men In Hijab) — ირანელი მამაკაცები ათავსებდნენ სოციალურ ქსელებში სელფებს თავზე შემოხვეული თავსაფრებით, რაც სოლიდარობას უცხადებდა იმ ირანელ ქალებს, რომლებსაც არ სურთ ჰიჯაბის ტარება.[5][6]
2015 წლიდან მასიჰ ალინეჯადი ქმნის ყოველკვირეულ 15-წუთიან პროგრამას „ამერიკის ხმისთვის“, სახელწოდებით „ტაბლეტი“ (Tablet). პროგრამაში გამოიყენება ირანელების მიერ გამოგზავნილი ვიდეოები.
2019 წლის ივლისში, ირანის რევოლუციური სასამართლოს ხელმძღვანელმა მუსა ღაზანფარაბადიმ „Fars News Agency“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააფრთხილა საზოგადოება, რომ ნებისმიერ პირს, ვინც ალინეჯადთან ითანამშრომლებს, ემუქრება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, „მტრულ ხელისუფლებასთან“ თანამშრომლობის შესახებ კანონების საფუძველზე.
ალინეჯადის ოჯახის წევრების დევნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის მარტში ხელისუფლებამ გამომძიებელთან დაიბარა მასიჰ ალინეჯადის დედა, ზარინ ბადპა. ზარინს ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ ქალიშვილის საქმიანობის შესახებ და დაკითხვას კამერაზე იწერდნენ.[7][8]
2019 წლის 23 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ალინეჯადის ოჯახის სამი წევრი დააკავეს. ალინეჯადის ძმა, ალირეზა, თეირანში დააპატიმრეს, ხოლო ჰადი და ლეილა ლოფთი, ალინეჯადის ყოფილი ქმრის, მაქს ლოფთის ძმა და და, ბაბოლში დააკავეს. ალინეჯადის ოჯახის წევრებმა საჯაროდ დაგმეს მისი საქმიანობა.
2019 წელს მასიჰ ალინეჯადმა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ირანის მთავრობის წინააღმდეგ მისი და მისი ოჯახის წევრების დევნის გამო.
2020 წელს მასიჰის ძმას, ალირეზა ალინეჯადს, ირანის რევოლუციურმა სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის“. აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ირანის საკითხებში, ბრაიან ჰუკმა, განაცხადა, რომ ალირეზას „ერთადერთი დანაშაული“ იყო ის, რომ ჰყავდა და, რომელიც „ბედავდა კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლას“ .[9]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს ის დაქორწინდა.
ამჟამად ცხოვრობს დევნილობაში ნიუ-იორკში, აშშ-ში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Орехов, Иван. (2017-02-12) В Тегеране стартовал женский ЧМ по шахматам. Газета.Ru. ციტირების თარიღი: 2020-08-14
- ↑ Women of the Year. Time (2023-03-02). ციტირების თარიღი: 2023-10-31
- ↑ Бланшетт, Бриджес, Бассетт. Журнал Time назвал женщин года — 2023. РБК (2023-03-02). ციტირების თარიღი: 2023-10-31
- ↑ Saeed Kamali Dehghan. (2015-02-24) Iranian woman wins rights award for hijab campaign. The Guardian. ციტირების თარიღი: 2020-08-14
- ↑ Иранские мужчины в поддержку прав женщин фотографируются в хиджабах. NEWSru.com (2016-08-03). ციტირების თარიღი: 2020-08-14
- ↑ Иранские мужчины надели хиджабы в знак солидарности с женщинами. Lenta.ru (2016-08-01). ციტირების თარიღი: 2020-08-15
- ↑ Amnesty International: правозащитниц в Иране заставляют отказаться от борьбы за права женщин. Реальное время (2019-07-19). ციტირების თარიღი: 2020-08-14
- ↑ Iran: Family of women’s rights activist arrested in despicable attempt to intimidate her into silence. Amnesty International (2019-09-25). ციტირების თარიღი: 2020-08-14
- ↑ Брата иранской журналистки «Голоса Америки» приговорили к восьми годам тюрьмы. Голос Америки (2020-07-17). ციტირების თარიღი: 2020-08-14