მარჯანიძეების სახლი-დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახლის შიდა ხედი

მარჯანიძეების სახლი-დარბაზი — არქიტექტურული ძეგლი შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის ძველ უბანში, ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად. აგებულია XVIII-XIX საუკუნეებში. ნაშენია რიყის ქვით. დარბაზს სამხრეთით აქვს ფასადი. დანარჩენი კედლები მიწაშია ჩამჯდარი. საცხოვრებელი ოთახი გეგმით კვადრატულია (6,2X6 მ), იგი აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება სათონეს (3,85X3,8 მ),ხოლო სათონის სამხრეთ კედელში გაჭრილია ბოსელში (3,5X5,5 მ) გასასვლელი კარი. საცხოვრებელ ოთახში შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის წინ პატარა დერეფანია.

დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სამ-სამი დიდი თახჩაა, ხოლო მათ ზემოთ, კედლის მთელ სიგრძეზე — თითო დაბალი ნიში. დარბაზის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლები და ჭერი ორი მასიური კოჭითა და მათი საყრდენი ბოძებით დაახლოებით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. გადახურვა კოჭებსა და გვერდით კედლებს ეყრდნობა. კოჭებს შორის სივრცე პარალელური წყობით ამოყვანილი ოთხკუთხა გვირგვინითაა გადახურული. ორივე ბოძის ბაზისს დიდი ზომის რიყის ქვა წარმოადგენს. ბოძები სადაა, მათზე ირმის რქებია მიმაგრებული. ბოძებს შორის გვირგვინის ქვემოთ კერაა. დარბაზში ბევრი ძველი საოჯახო ნივთია. სათონეში, დაახლოებით შუა ნაწილში, თონეა მოწყობილი. ამ სათავსის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებშიც თახჩებია. სათონის ჭერი ორი კოჭით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ კოჭს შუა ნაწილში ბოძი აქვს შეყენებული. ბოძები სათონის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებთანაცაა, მაგრამ ისინი გადახურვის გასამაგრებლად მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. კოჭებს შორის სივრცე გადახურულია პარალელური წყობით ამოყვანილი სწორკუთხა გვირგვინით. ბოსელი გადაკეთებულია მარნად. ამ სათავსის სამხრეთ ნაწილში ჩადგმულია ქვევრები. კედლებში მცირე ზომოს რამდენიმე თახჩაა. გადახურვა სამი გრძივი კოჭით ოთხ ნაწილად იყოფა. კოჭებს შორის იყო პარალელური წყობით ამოყვანილი ორი გვირგვინი. სვეტები ამ სათავსშიც გადახურვის გასამაგრებლად მოგვიანებით უნდა იყოს გაკეთებული. დარბაზში შესასვლელის აღმოსავლეთით შემორჩენილია ოთახის ნანგრევები. სავარაუდოა, რომ ეს ადრე საძინებელი ოთახი იყო. დასავლეთ კედელს გარედან ბანზე ასასვლელი ქვის კიბე მიჰყვება. ბანი თიხისა და დატკეპნილი მიწისაა. მარჯანიძეების სახლი XVIII-XIX საუკუნეების ე.წ. ქართლის დარბაზის ნიმუშია.

მარჯანიძეების სახლ-დარბაზს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]