მარტინ შლაფი
| მარტინ შლაფი | |
|---|---|
| გერმ. Martin Schlaff | |
| დაბადების თარიღი | 6 აგვისტო, 1953[1] (72 წლის) |
| დაბადების ადგილი | ვენა[1] |
| მოქალაქეობა |
|
| ჯილდოები | Decoration of Honour in Gold for Services to the State of Vienna |
მარტინ შლაფი (გერმ. Martin Schlaff, დ. 6 აგვისტო, 1953) — ებრაული წარმოშობის ავსტრიელი ბიზნესმენი, კომპანია RHI Magnesita-ს მთავარი აქციონერი. 2023 წლისთვის იგი ითვლება ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ავსტრიაში — მისი ქონება შეფასებულია 2.8-დან 3.2 მილიარდ ევრომდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შლაფი დაიბადა ვენაში, მეწარმის ოჯახში. მან ისწავლა ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში, სადაც 1975 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.1976 წელს მეუღლის დახმარებით მარტინ შლაფმა მიიღო წილი ვენურ კომპანიაში „Robert Placzek“, რომელიც 1987 წელს გადაკეთდა აქციონერულ საზოგადოებად. აქ შლაფმა დაიკავა უმცროსი მენეჯერის პოზიცია. კომპანია სპეციალიზდებოდა ხის და ქაღალდის ვაჭრობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან — ძირითადად გდრ-თან, უნგრეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან და პოლონეთთან. მარტინ შლაფმა თანდათანობით გააფართოვა საქმიანობა და შემოიტანა ახალი პროდუქტები, მათ შორის ტექსტილი და გამოთვლითი ტექნიკა. მიუხედავად დასავლეთის მიერ ვარშავის ბლოკის ქვეყნების მიმართ ემბარგოს დაწესების, შლაფი წარმატებით პოულობდა ლეგალურ გზებს ამ შეზღუდვების გადასალახად.
„რკინის ფარდის" დაცემის შემდეგ შლაფმა შეძლო ბიზნესის გადაფორმირება ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობის შესაბამისად. 1997 წელს მან გახსნა კაზინო იერიქონში — ბიზნესი, რომლის შემოსავლის ნაწილი გადაეცემოდა პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებას. კაზინო აქტიურად მუშაობდა ისრაელიდან ჩამოსულ კლიენტებზე, სადაც აზარტული თამაშები კანონით აკრძალულია. თუმცა 2000 წელს, მეორე ინტიფადის დროს, კაზინო დაიხურა უსაფრთხოების მოსაზრებების გამო.
2001 წელს მარტინ შლაფმა ბულგარეთის მობილური ოპერატორი „Mobiltel“ მიხაილ ჩერნოსგან 800 მილიონ ევრად შეიძინა. რამდენიმე წლის შემდეგ მან ეს კომპანია ორმაგ ფასად გაყიდა. მსგავსი გარიგება განახორციელა ასევე სერბეთის „Mobtel“-თან, თუმცა ამ შემთხვევაში მოგება შედარებით მცირე იყო.
2007 წელს შლაფმა დატოვა კომპანია „Robert Placzek Aktiengesellschaft“, სადაც მუშაობდა 30 წლზე მეტი ხნის განმავლობაში. 2010 წელს მან დააარსა „Sigma Bank“ ლიხტენშტაინში.
RHI Magnesita
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წელს მარტინ შლაფმა თავისი კომპანიის, „MS Private Foundation“-ის საშუალებით შეიძინა დაახლოებით 6% აქციები კომპანია „RHI AG“-ში (Radex-Heraklith Industriebeteiligungs AG), რომელიც სპეციალიზდება მაგნეზიტის მოპოვებასა და გადამუშავებაში. 2007 წლის სექტემბრისთვის მისი წილი გაიზარდა და შეადგინა უკვე 26.47%.
2017 წელს მოხდა „RHI AG“-ის და მისი მთავარი კონკურენტის, ბრაზილიური „Magnesita“-ს შერწყმა. გაერთიანებულ კომპანიას დაერქვა „RHI Magnesita“. კომპანიის მთავარი ოფისი დარჩა ვენაში, თუმცა ფირმამ დატოვა ვენის საფონდო ბირჟა და დარეგისტრირდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ასევე შევიდა FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაში.
პოლიტიკური და ჰუმანიტარული საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარტინ შლაფი მონაწილეობდა რამდენიმე ცნობილ და საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ საქმეებში, სადაც მისი პირადი კავშირები და გავლენა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: 2003 წელს მისი კავშირების დახმარებით, განსაკუთრებით ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან, დაეხმარა ავსტრიისა და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზაციაში. ამით 2000 წელს ვენიდან გაწვეული ისრაელის ელჩი ავსტრიაში დაბრუნდა.
2007 წელს მისი შუამავლობით ლიბიაში სიკვდილით დასჯილი 5 ბულგარელი მედდა ქალი გაათავისუფლეს, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ბავშვების HIV ვირუსით განზრახ ინფიცირებაში. 2010 წელს ლიბიიდან გათავისუფლდა ებრაელი რაფაელ ჰადადი, რომელიც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, შლაფის შუამავლობის და გავლენების დამსახურებაა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარტინ შლაფი სამჯერ იყო დაქორწინებული: პირველი ცოლი, სიუზი ვიზელია, რომელიც ფრიდრიხ ვიზელის, კომპანიის „Robert Placzek“ მფლობელის ქალიშვილი იყო. სწორედ მისი დახმარებით შლაფმა მიიღო წილი ამ კომპანიაში. მათ ჰყავთ სამი შვილი.
მეორე ცოლი იყო ანდრეა, მათ ჰყავთ ორი შვილი. წყვილი 2008 წელს დასორდა, რის სანაცვლოდ შლაფმა გადაიხადა 200 მილიონი ევროს „გამოსასყიდი".
მისი მიმდინარე ცოლი ბარბარა კენიგია. ისინი დაქორწინდნენ 2009 წელს და ჰყავთ ერთობლივი ბავშვი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://www.profil.at/home/portraet-der-weg-martin-schlaff-103907
- https://ru.biographs.org/martin-schlaff
- https://powerbase.info/index.php/Martin_Schlaff
- https://www.diepresse.com/334290/martin-schlaff-der-einzige-oligarch-oesterreichs
- https://bstudy.net/755014/ekonomika/martin_shlaff