მარტინი (კოქტეილი)
მარტინი კოქტეილია რომელიც ჯინისა და ვერმუტისგან მზადდება. ის გაფორმებულია ზეთისხილით ან დახვეული ლიმონის ქერქით. წლების განმავლობაში მარტინი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შერეული ტიპის ალკოჰოლურ სასმელელად იქცა.
ჰენრი ლუის მენკენმა მარტინის "ერთადერთი ამერიკული გამოგონება, რომელიც ისევე უნაკლოა როგორც სონეტი" უწოდა,[1] ხოლო ელვინ ბრუქს ვაითმა "სიმშვიდის ელექსირი".[2]
მომზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1922 წლისთვის, მარტინიმ მის ყველაზე ცნობილ ფორმას მიაღწია. ეს არის ლონდონური მშრალი ჯინისა და მშრალი ვერმუტის ნაზავი შეფარდებით 2:1. ეს ყინულის კუბიკებთან ერთად მოსარევ ჭიქაში ირევა და შემდეგ წინასწარ გაგრილებულ კოქტეილის ჭიქაში ისხმება.[3] დროთა განმავლობაში მოსალოდნელ გაფორმებად, კლიენტის სურვილის მიხედვით, მწვანე ზეთისხილი ან ლიმონის დახვეული ქერქი იქცა.
მშრალი მარტინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშრალი, თეთრი ვერმუტისგან მზადდება. "ხმაურიანი 20-იანი წლებისთვის" მშრალი მარტინი ჩვეულ სასმელად იქცა. მე-20 საუკუნის განმავლობაში, კოქტეილში ვერმუტის შემცველობა მუდმივად კლებულობდა. 1930-იანი წლებისთვის შეფარდება 3:1 იყო (ჯინი ვერმუტთან), 1940-იანი წლებისთვის კი 4:1. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ისეთი შეფარდებები, როგორებიცაა 6:1, 8:1, 12:1, 15:1 ("მონტგომერი", დაერქვა ბრიტანელი მარშალის ბერნარდ მონტგომერის გამო, რომელიც შეტევას მხოლოდ დიდი რიცხობრივი უპირატესობის დროს ახორციელებდა[4]), 50:1 და 100:1 ნორმად იქცა.[5]
ასევე არსებობს შემდეგი სახეობები:
• სველი მარტინი - მეტი ვერმუტისგან შედგება
• 50-50 მარტინი - ჯინისა და ვერმუტის თანაბარი რაოდენობისგან შედგება
• ამოტრიალებული მარტინი - მას მეტი ვერმუტი აქვს ვიდრე ჯინი
• იდეალური მარტინი - ტკბილი და მშრალი ვერმუტის თანაბარი ოდენობით მზადდება
ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიციული მარტინის მრავალი ნაირსახეობა გვხვდება. ჯეიმზ ბონდი წიგნებსა და ფილმებში ზოგჯერ ითხოვს ვოდკა მარტინის, რომელშიც ჯინის ნაცვლად არაყი გამოიყენება.
პორნოვარსკვლავი მარტინი ვოდკა მარტინის პოპულარული ვარიაციაა. ტრადიციულად არაყი ვანილის არომატისაა და შერეულია პასოასთან (ვნების ხილისგან დამზადებული ფრანგული ლიქიორი) და ვნების ხილის წვენთან. მორთმეულია მარტინის ჭიქით, რომელსაც გვერდს პატარა ჭიქით პროსეკო უმშვენებს.[6]
მარტინი ასევე შესაძლოა ყინულის კუბიკებით იყოს მორთმეული. ამ შემთხვევაში ინგრედიენტები ყინულებზე "ოლდ ფეშენ" ჭიქაშია დასხმული.
გიბსონი სტანდარტული მშრალი მარტინია, რომელსაც ზეთისხილების ნაცვლად ე.წ კოქტეილის ხახვები აფორმებს. გიბსონი 1907 წელს, სან-ფრანცისკოს Bohemian Grove Club-ში დაიბადა.
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარტინის ზუსტი წარმოშობის დრო და ადგილი უცნობია. მისი სახელი შესაძლოა ვერმუტის ბრენდ მარტინისგან მოდიოდეს.[7] ერთ-ერთი პოპულარული თეორიის მიხედვით მარტინი კოქტეილ მარტინესისგან წარმოიშვა. მარტინესი ქალაქია კალიფორნიაში, სადაც სან-ფრანცისკოს სასტუმრო "ოქსიდენტალის" სტუმრები საღამოობით ბორნებით მიემგზავრებოდნენ. 1860-იანი წლების დასაწყისში, სწორედ ამ სასტუმროში მიირთმევდნენ სტუმრები კოქტეილს სახელად მარტინესს. ამის საპასუხოდ მარტინესის მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ სასმელი მათი ქალაქში მცხოვრებმა ბარმენმა შექმნა.[8][9]
ზოგიერთი ახალი სასმელი სახელში შეიცავს სუფიქს "ტინი"-ს ან სიტყვა მარტინის. მაგალითად: აპლეტინი, ატმის მარტინი, შოკოლადის მარტინი, ესპრესო მარტინი და ა.შ . მათ როგორც წესი, მარტინისთან ძალიან ცოტა აქვთ საერთო და ეს სახელები ჰქვიათ იმიტომ, რომ მარტინის ჭიქით არიან მორთმეულნი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Edmunds, Lowell (1998) Martini, Straight Up: The Classic American Cocktail (Revised ed.). Johns Hopkins University Press. ISBN 9780801859717. LCCN 98018257
- ↑ Conrad, Barnaby, III (1995). The Martini: The Illustrated History of an American Classic Chronicle Books. pp. 10–11. ISBN 9780811807173. LCCN 94017325
- ↑ McElhone, Harry (1922). Harry's ABC of Mixing Cocktails დაარქივებული 2019-07-13 საიტზე Wayback Machine. (PDF). Dean & Son. p. 67.
- ↑ John Taylor (19 October 1987). "The Trouble With Harry's". New York Magazine. p. 62.
- ↑ Drink Recipes: How to make a Dry Martini, Classic Cocktails Thirsty NYC. 6 February 2014. Archived from the original on 6 February 2014. Retrieved 6 February 2014.
- ↑ Abraham, Lena (12 October 2018). Porn Star Martinis Delish.com. Retrieved 29 August 2019.
- ↑ Martini at the Online Etymology Dictionary
- ↑ Taylor, David (2002) Martini Silverback Books. p. 8. ISBN 978-1-930603-03-5.
- ↑ The Martini Story დაარქივებული 2020-11-11 საიტზე Wayback Machine. cityofmartinez.org. City of Martinez. Retrieved 14 July 2013.