მარტიანის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარტიანის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტიანის მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

მდ. ცხრაძმის მარჯვენა ნაპირას მდებარეობს დარბაზული ეკლესია ჩრდილოეთი მინაშენით, რომელიც ადგილობრივი წარმოშობის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობაში ჩაყოლებულია უხეშად დამუშავებული დიდი ზომის კვადრები. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში ერთ ღერძზე ორი არქიტრავული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი ნიშაა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში შემორჩენილია კანკელის ბუდეები. ეკლესიის სამხრეთ კედელში ერთი ნიშაა. ამავე კედელზე მოთავსებულია ოთხსტრიქონიანი მხედრული წარწერა: "ქ. ღმერ... წმინდავ სამება შეიწყალე მუ... ფ... იად... დვი... სარ... გ.... აფ.... ". მესამე და მეოთხე სტრიქონი დაზიანების გამო არ იკითხება. მხედრული წარწერის კვალია დასავლეთ კედელზეც. ეკლესიის მთელ პერიმეტრს ერთსაფეხურიანი ხარისხი მიუყვება. კამარა ცილინდრულია. დასავლეთ კედელში მოთავსებულია სწორკუთხა სარკმელი. იატაკი მიწაყრილია. ჩრდილოეთი შესასვლელი არქიტრავულია. კარი ნაოთხალია. მინაშენს არქიტრავული და ნაოთხალი შესასვლელი ჩრდილოეთ კედელში აქვს. ანალოგიურია აღმოსავლეთი სარკმელიც. მინაშენის კედლები შემორჩენილია დაახლოებით 2 მეტრზე. ეკლესიის საბურავად გამოყენებულია ფიქალი. კარნიზი მარტივპროფილიანია. ძეგლის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 116-117