მარტიანის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარტიანის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ზე, ნასოფლარ ყველდაბაში მდებარე ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია ჩრდილოეთი მინაშენით გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით გააჩნია მოკლე, შებრტყელებული აბსიდი, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშაა. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი ნაოთხალია. ინტერიერში მიწის დონე აწეულია. ეკლესია მინაშენს არქიტრავული შესასვლელით უკავშირდება. მინაშენის გადახურვა კამაროვანია. დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში მოწყობილია მცირე ზომის ნიშა. ეკლესიის ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ.,119-120