შინაარსზე გადასვლა

მარკუს ომოფუმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკუს ომოფუმას მემორიალური ქვა ვენის ცენტრში

მარკუს ომოფუმა (ინგლ. Marcus Omofuma) — ნიგერიელი თავშესაფრის მაძიებელი, რომელიც ავსტრიაში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად დეპორტაციის დროს დაიღუპა. მისი სიკვდილი ავსტრიაში რასიზმის წინააღმდეგ მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.

ნიგერიაში მარკუს ომოფუმა იორუბას ხალხის რელიგიური საძმო „ოგბონის“ (ინგლ. Ogboni), დღეს ოფიციალურად აკრძალულია, მაგრამ მაინც მოქმედი) წევრი იყო. როდესაც მან საძმოს ერთ-ერთი შიდა წესი დაარღვია და მას სასტიკი განაჩენი ელოდებოდა, იგი ქვეყნიდან გაიქცა.

1994 წელს გაყალბებული დოკუმენტებით იგი გერმანიაში ჩავიდა, მაგრამ გერმანულმა ხელისუფლებამ მის თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი თქვა. 1998 წლის ნოემბერში მან მსგავსი განცხადება ავსტრიაში შეიტანა, რელიგიური დევნის მითითებით, მაგრამ აქაც უარი მიიღო. 1998 წლის დეკემბერში, დეპორტაციას დაქვემდებარებული ომოფუმა დროებით ტრაისკირხენის ლტოლვილთა ბანაკში განათავსეს.[1][2] 1999 წლის 1 მაისს 25-წლის არალეგალი ომოფუმა „Balkan Bulgarian Airlines“-ის რეისით ბულგარეთში დეპორტაციას ექვემდებარებოდა. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ომოფუმა, რომელსაც თვითმფრინავში ჯდომა არ სურდა, პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამის გამო პოლიციამ ძალისმიერი ზომებს მიმართეს: ხელები უკან შეუკრეს, პირი და ცხვირი (მინიმუმ ერთი ნესტო) ლენტით დაუხურეს, ხოლო თავად „აგრესორი“ სავარძელთან მიაკრეს. ფრენის დროს ომოფუმა შეშუპებით (სხვა ვერსიით – გულის შეტევით) გარდაიცვალა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ სოფიაში ჩაფრენის შემდეგ გაიგეს.[1][2]

ომოფუმას სიკვდილმა ავსტრიაში აფრიკული თემის საპროტესტო ტალღა გამოიწვია და ავსტრიული მედიის ფართო ყურადღება მიიქცია. ყველაზე მასშტაბური აქცია 1999 წლის 8 მაისს ვენაში გაიმართა. გაზეთმა „Kronen Zeitung“ მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა რასისტული სტატიებისთვის, რომლებშიც პოლიციის მოქმედებები გამართლებული იყო, ხოლო თავად დაღუპული ბრალდებული იყო, როგორც კრიმინალური საქმიანობის მონაწილე.[3] 1999 წლის 27 მაისს, ნარკოტიკებთან ბრძოლის საბაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერაცია „გაზაფხული“ (გერმ. Frühling) წამოიწყო. მის ფარგლებში დაახლოებით 100 აფრიკელი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა პროტესტების აქტიური მონაწილე იყო.[3]

ომოფუმას სიკვდილისთვის პასუხისმგებელი სამი პოლიციელი სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს. თუმცა, 2001 წლის თებერვალში მათი მოუხსნეს დისციპლინარული პასუხისმგებლობა. 2002 წელს მათ მიუსაჯეს 8-თვიანი პირობითი პატიმრობა „გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა განსაკუთრებით საშიში გარემოებების დროს“. აღსანიშნავია, რომ სამივე მოხელეს, რვა თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, უფლება მიენიჭა სამუშაოდ დაბრუნებულიყო პოლიციაში.[4] ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს, როგორც ზედმეტად რბილი სასჯელი.[5]

2003 წლის 10 ოქტომბერს ვენის სახელმწიფო ოპერის მახლობლად დაიდგა ომაფუმას ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. იმის გამო, რომ ეს მოხდა ხელისუფლების შესაბამისი ნებართვის გარეშე, 15 ოქტომბერს ძეგლი გადმოიტანეს ვენის ცენტრში მდებარე მუზეუმების კვარტალში, სადაც ის დღემდე იქ რჩება.[6]

მემორიალური ქვის დამონტაჟებამ ვენის საზოგადოებრივი ურბანული სივრცის ცენტრში მრავალი კამათი გამოიწვია. განსაკუთრებით მწვავედ ამის წინააღმდეგ გამოვიდა ავსტრიის „თავისუფლების პარტია“, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თავშესაფრის მაძიებლის ხსენებას საზოგადოებრივ ადგილებში. სკულპტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, როგორც რასიზმისა და არაჰუმანური თავშესაფრის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძეგლზე, მეტყველებს ის ფაქტი, რომ მარკუს ომოფუმას ქვა ხშირად ხდებოდა რასისტებისა და ნეონაცისტების თავდასხმის ობიექტი, განსაკუთრებით მის დადგმიდან პირველ წლებში: საინფორმაციო დაფას ფისი დაასხეს და თვითონ ქვა — ლაქით გადაღებეს, ხოლო 2004 წელს მასზე, სხვა ზიანთან ერთად, დახატეს სიმბოლო „KKK“, რაც „კუ-კლუქს-კლანს“ აღნიშნავს.[7]

2020 წლის 6 დეკემბერს ავსტრიული მემარჯვენე რადიკალური მოძრაობის — „Identitäre Bewegung Österreich“ („ავსტრიის იდენტობის მოძრაობა“) — წევრებმა, 2020 წლის 2 ნოემბრის ტერაქტებზე პასუხად, მარკუს ომოფუმას მემორიალი დაფარეს ფარებით, რომლებზეც ტერორის მსხვერპლთა სურათები იყო გამოსახული და მიამაგრეს წარწერა: „White Lives Matter Wien“ („თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ვენა“).[8]

  1. 1.0 1.1 Antonio Šećerović. (2024-05-01) Als Marcus Omofuma bei seiner Abschiebung aus Wien starb. ციტირების თარიღი: 2025-03-26.
  2. 2.0 2.1 Erster Wiener Protestwanderweg - Der Fall Marcus Omofuma. ციტირების თარიღი: 2025-03-26.
  3. 3.0 3.1 May 1st 2009: 10th anniversary of the death of Marcus Omofuma (2009-04-27). ციტირების თარიღი: 2025-04-01.
  4. В Австрии есть проблемы с жестокостью со стороны полиции (2020-06-11). ციტირების თარიღი: 2025-04-01.
  5. Clara Akinyosoye, Ilona Antal. (2009-05-04) Zehn Jahre später: Der Fall Omofuma wirkt noch nach. ციტირების თარიღი: 2025-04-01.
  6. omofuma stein. ციტირების თარიღი: 2025-04-01.
  7. Gedenkorte. ციტირების თარიღი: 2025-04-01.
  8. Rechtsradikale Aktivisten verhüllen Flüchtlings-Denkmal (2020-12-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-06.