მარკო ფიდელ სუარესი
| მარკო ფიდელ სუარესი | |
|---|---|
| ესპ. Marco Fidel Suárez | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 23 აპრილი, 1855 |
| დაბადების ადგილი | ბელიო |
| გარდაცვალების თარიღი | 3 აპრილი, 1927 (71 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ბოგოტა |
| მოქალაქეობა |
|
| მამა | José María Barrientos Jaramillo |
| შვილ(ებ)ი | María Antonia Suárez |
| ჯილდოები | ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი[1] |
მარკო ფიდელ სუარესი ( დ. 23 აპრილი, 1855 — გ. 3 აპრილი, 1927) — კოლომბიელი პოლიტიკური ფიგურა. იგი მსახურობდა კოლომბიის პრეზიდენტად 1918 წლიდან 1921 წლამდე. იგი დაიბადა 1855 წლის 23 აპრილს ქალაქ ჰატოვიეხოში, ანტიოქია. მისი მშობლები იყვნენ როსალია სუარესი და ხოსე მარია ბარიენტოსი.[2]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუარესი წარმოშობით ძალიან ღარიბი ფენიდან იყო; იგი დაიბადა ოროთახიან ქოხში ჰატოვიეხოში, დღევანდელ ქალაქ ბელიოში, ანტიოქიაში, რომელიც ესაზღვრება მედელინს ანტიოქიის მაღალმთიან დეპარტამენტში. იგი იყო უკანონო შვილი იმ დროს, როდესაც ოფიციალური ჩანაწერები ყოველთვის განასხვავებდნენ „ბუნებრივ შვილებსა“ და „კანონიერ შვილებს“ (ხოლო პირველი სტატუსი მთელი ცხოვრების მანძილზე ნაკლს წარმოადგენდა); დედამისი მრეცხავი იყო; მისმა მდიდარმა მამამ უარი თქვა მის აღიარებაზე ან რაიმე ფორმით შენახვაზე. ვინაიდან დედამისს არ შეეძლო დაეფარა ხარჯები მისი ადგილობრივ დაწყებით საჯარო სკოლაში სწავლისთვის, იგი სკოლის ფანჯარასთან იდგა, რათა გაკვეთილებს დაკვირვებოდა. გარკვეული დროის შემდეგ მან დაიწყო მასწავლებლის კითხვებზე პასუხების შეძახება, როდესაც სხვა მოსწავლეები პასუხს ვერ სცემდნენ. საბოლოოდ, მასწავლებელმა, რომელიც სათანადოდ მოიხიბლა, მიიწვია იგი გაკვეთილებზე დასასწრებად საფასურის გადახდის გარეშე. მოგვიანებით იგი შეუერთდა კათოლიკურ სემინარიას, მაგრამ მღვდლობის ხარისხს ვერ მიაღწია, რადგან სემინარია დაიხურა.
სუარესმა დაწყებითი განათლება ჰატოვიეხოს საჯარო სკოლაში მიიღო. მოგვიანებით იგი სწავლობდა ქალაქ ლა-სეხას სემინარიაში, ანტიოქიაში.[3] შემდეგ იგი გადავიდა მედელინის მთავარ სემინარიაში (Seminario Mayor de Medellín), სადაც მღვდლობისთვის ფილოსოფიას, ლიტერატურასა და თეოლოგიას სწავლობდა. მას ცოტა დააკლდა კურთხევამდე.[2]
1870-იან წლებში იგი მონაწილეობდა სამოქალაქო კონფლიქტში, რომელიც ანტიოქიაში მიმდინარეობდა; იგი იბრძოდა პოლკოვნიკ ბრაულიო ხარამილიოს მხარეს და ბრძოლის ველზე ლეიტენანტის წოდება მიიღო.
ფილოსოფოსი, პოეტი და მწერალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუარესი გახდა ძალიან ცნობილი და გამორჩეული ფილოლოგი, ფილოსოფოსი, პოეტი, მწერალი და მასწავლებელი.[4] მარკო ფიდელი, რუფინო ხოსე კუერვოსა და მიგელ ანტონიო კაროსთან ერთად, ითვლება ესპანური გრამატიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან მკვლევარად კოლომბიაში.[5] მისი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოები იყო "los Sueños de Luciano Pulgar" (1926).[6]
პრეზიდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც პრეზიდენტმა, სუარესმა გაატარა „ჩრდილოეთის ვარსკვლავის“ პოლიტიკა, რომელმაც კოლომბიის საგარეო პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან დააკავშირა.[7]
იგი იდევნებოდა კონსერვატორი ოპონენტების, ძირითადად ლაურეანო გომესის მიერ, რომელმაც მისი უკანონო შობადობის საკითხის პოლიტიზება მოახდინა და ცდილობდა იგი წარმოეჩინა, როგორც კორუმპირებული პოლიტიკოსი. მის დასაცავად სახელმწიფო მდივანმა ანტონიო გომეს რესტრეპომ განაცხადა: „თქვენ ყოველთვის იქნებით კოლომბიის ლეგიტიმური პრეზიდენტი“.[8]
მისი ინიციატივით, 1918 წელს კანონის სახით მიიღეს კანონმდებლობა საშემოსავლო გადასახადის შესახებ. მოგვიანებით, 1919 წელს, ქვეყანა ერთმანეთთან დაკავშირდა უსადენო ტელეგრაფიის მოწინავე სისტემით.[9]
სუარესს ძალიან უყვარდა ავიაცია. 1919 წელს მან დაამტკიცა 126-ე კანონი, რომლითაც დაარსდა და ნებადართული გახდა კომერციული ავიაცია, რაც ითვალისწინებდა საერთაშორისო მოგზაურობასა და საფოსტო სამსახურის ფუნქციონირებას. ერთი წლის შემდეგ მან ქვეყანაში ჩამოიყვანა ფრანგული მისია კოლომბიის სამხედრო-საჰაერო ძალების ჩამოსაყალიბებლად და მოსამზადებლად.[7]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუარესმა ისაბელ ორანტია ი ბორდაზე 1895 წლის აგვისტოში იქორწინა. მათ ორი შვილი შეეძინათ. მისი ცოლი ექვსი წლის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მისი ვაჟი ნიუ-იორკში 1918 წელს დაიღუპა. დედამისი, როსალია სუარესი, 1918 წლის მარტში გარდაიცვალა. ამგვარად, 1918 წლის 7 აგვისტოს, კოლომბიის 35-ე პრეზიდენტად მისი ინაუგურაციის დღეს, იგი განიცდიდა ღრმა ტკივილსა და მწუხარებას თავისი საყვარელი დედის, მეუღლისა და ვაჟის გარდაცვალების გამო.[7] მისი ვაჟი პიტსბურგში სწავლისას გარდაიცვალა და მას აეკრძალა ცხედრის რეპატრიაცია სახელმწიფო სახსრების გამოყენებით.
El Hijo de la Choza
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინორეჟისორმა და პროდიუსერმა ენოკ როლდანმა 1959 წელს გადაიღო მხატვრული ფილმი მარკო ფიდელ სუარესის ცხოვრების შესახებ. ფილმი, სახელწოდებით „El Hijo de la Choza“ („ქოხის შვილი“), თავისი დროის ბესტსელერი გახდა და შიდა გაყიდვებით „ათ მცნებასაც“ კი გადაასწრო. ფილმი მოიცავდა ისტორიას მისი მშობლების, როსალია სუარესისა და ხოსე მარია ბარიენტოსის რომანტიკული ურთიერთობიდან, მის უკანონო შობადობას, მის ბრძოლასა და გაჭირვებას, საზოგადოების მხრიდან მის უარყოფას და მთელ გზას 1918 წელს კოლომბიის პრეზიდენტად მის ინაუგურაციამდე.[10]
გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1881 წელს სუარესმა მოიპოვა საუკეთესო კოლომბიელი მწერლის ჯილდო „კოლომბიის ენის აკადემიის“ (Academia Colombiana de la Lengua) მიერ. მისი ლიტერატურული ნაშრომი ეძღვნებოდა დონ ანდრეს ბელიოს დაბადებიდან მეასე წლისთავს. მისი ღვაწლის აღსანიშნავად, ქალაქ ჰატოვიეხოს სახელი შეეცვალა და ეწოდა ბელიო, ანტიოქია.[2]
ქოხი, სადაც იგი დაიბადა და ბავშვობაში ცხოვრობდა, დაცულია როგორც მუზეუმი ქალაქ ბელიოში, ანტიოქიაში.
პოპულარული კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლომბიელებისთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ, სავარაუდოდ, „პრეზიდენტის თანამდებობა უფრო მეტ პოეტს ეკავა, ვიდრე ჯარისკაცს“; როგორც მწერალი, სუარესი პირველ კატეგორიას განეკუთვნება.
სუარესის შესახებ სხვადასხვა პოპულარულ ამბავს ყვებიან. კონგრესში გამართული დებატების დროს ოპონენტმა მიანიშნა მის უკანონო შობადობაზე, რაზეც მან უპასუხა: „ბატონო: მე სიყვარულის შვილი ვარ, ეს მართალია. თქვენ კი ვალდებულების შვილი ხართ“.
სუარესი მოხსენიებულია გაბრიელ გარსია მარკესის რომანში „სიყვარული ჟამიანობის დროს“.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Biography at http://www.lablaa.org/blaavirtual/biografias/suarmarc.htm დაარქივებული 2012-11-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://hemerotecadigital.bne.es/issue.vm?id=0001053270&search=&lang=es
- 1 2 3 Gobernantes Colombianos, Ignacio Arismendi Posada, Interprint Editors Ltd., Italgraf, Segunda Edición, Page 167, Bogotá, Colombia, 1983
- ↑ Historia de Antioquia, Jorge Orlando Melo, Editorial Presencia Ltd, Page 372, Bogotá, Colombia, November, 1988
- ↑ Historia de Antioquia, Jorge Orlando Melo, Editorial Presencia Ltd, Page 377, Bogotá, Colombia, November, 1988
- ↑ Historia de Antioquia, Jorge Orlando Melo, Editorial Presencia Ltd, Page 378, Bogotá, Colombia, November, 1988
- ↑ Historia de Antioquia, Jorge Orlando Melo, Editorial Presencia Ltd, Page 288, Bogotá, Colombia, November, 1988
- 1 2 3 Gobernantes Colombianos, Ignacio Arismendi Posada, Interprint Editors Ltd., Italgraf, Segunda Edición, Page 168, Bogotá, Colombia, 1983
- ↑ Gobernantes Colombianos, Ignacio Arismendi Posada, Interprint Editors Ltd., Italgraf, Segunda Edición, Page 170, Bogotá, Colombia, 1983
- ↑ Gobernantes Colombianos, Ignacio Arismendi Posada, Interprint Editors Ltd., Italgraf, Segunda Edición, Page 169, Bogotá, Colombia, 1983
- ↑ Historia de Antioquia, Jorge Orlando Melo, Editorial Presencia Ltd, Page 458, Bogotá, Colombia, November, 1988