შინაარსზე გადასვლა

მარი ზეფირინ ფრანგი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი ზეფირინ ფრანგი
„პატარა მადამი“

პორტრეტი, ჟან-მარკ ნატიე, 1751 წ.
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 აგვისტო, 1750
დაბ. ადგილი: ვერსალის სასახლე, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 2 სექტემბერი, 1755 (5 წლის)
გარდ. ადგილი: ვერსალის სასახლე, საფრანგეთის სამეფო
დაკრძ. ადგილი: სენ-დენის ბაზილიკა
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი დე ბურბონი
დედა: მარია ჟოზეფა საქსონიელი

მარი ზეფირინი, საფრანგეთის პრინცესა (დ. 26 აგვისტო, 1750 — გ. 2 სექტემბერი, 1755) — საფრანგეთის დოფინის, ლუის და მარია ჟოზეფა საქსონიელის ქალიშვილი, მეფე ლუი XV შვილიშვილი. ცნობილი იყო, როგორც „la petite madame“ („პატარა მადამი“).

მარი ზეფირინი ვერსალის სასახლეში, წმინდა პაპ ზეფირინუსის ხსენების დღეს დაიბადა, რომლის პატივსაცემადაც ზეფირინი დაარქვეს. ის მარია ჟოზეფას მესამე შვილი იყო. მანამდე საფრანგეთის დოფინის მეუღლეს ორი მკვდარი ვაჟი გაეჩინა, რის გამოც წარჩინებული საზოგადოება შეშფოთებას დაუფარავად გამოხატავდა.[1] მეტიც, პრინცესის ჯანმრთელი შვილების დაბადების შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით ის ფორჟ-ლეს-ოს მინერალური წყლების კურორტზეც კი იყო გაგზავნილი.[2] სამეფო კარს იმედი ჰქონდა, რომ ბურბონის გვარის გასაგრძელებლად, პრინცესა ვაჟს გააჩენდა, რადგან დოფინი მეფე ლუის ერთადერთი ვაჟი გახლდათ. ჯანსაღი ვაჟის დაბადების აღსანიშნავად წინასწარ ნახატიც კი იქნა შეკვეთილი, რომელიც ქალიშვილის გაჩენის გამო გადაკეთდა. 26 აგვისტოს, დილით, როდესაც მარია ჟოზეფას მშობიარობა დაეწყო, მეფე გააღვიძეს, რომელმაც სასწრაფოდ პრინცესას ოთახისაკენ გასწია „ვერსალის ყველა სხვა მაცხოვრებელთან“ ერთად. სამეფო კარის ზოგიერთ წარმომადგენელს სადღესასწაულოდ ჩაცმაც კი მოეხერხებინა.[3] ბავშვი საღამოს ექვს საათზე დაიბადა, და იმან, რომ ის გოგონა იყო, დამსწრეთა შორის დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.[1] მართალია მოვლენის ფორმალური აღნიშვნა მაინც დაიგეგმა, თუმცა როგორც თანადროული წყაროები იუწყება – პარიზელებს აღნიშვნისას არავითარი „სიხარული“ ან „ბედნიერება“ არ ეტყობოდათ.

პრინცის დაბადებისათვის შეკვეთილი ნახატი, რომელიც მარის გაჩენის გამო მისი დაბადების ალეგორიად აქციეს.

მისი ოჯახის წეს-ჩვეულებების მიხედვით, დაბადებისას მარი არ მოუნათლავთ; სადღესასწაულო ცერემონიალი მთლიანად არ ჩაუტარებიათ და არც სახელი დაურქმევიათ ოფიციალურად. კარდინალ დე სუბიზემ[4] მხოლოდ ნათლობის ის მოკლე რიტუალი ჩაატარა, რომელსაც უმთავრესად იმ ახალშობილებს უწყობდნენ, რომელთაც მალე გარდაცვალების საფრთხე ემუქრებოდათ. ცერემონია მხოლოდ შესაბამისი სასულიერო პირის მიერ წმინდა წყლის შესხურებითა და აუცილებელი სიტყვების: „მე შენ გნათლავ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით[5]“ წარმოთქმით იფარგლებოდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში გოგონა ცნობილი იყო როგორც „პატარა მადამი“ ან „მადამი“; იგი გარდაცვალების წინა დღეს მოინათლა და მხოლოდ მაშინ დაერქვა მარი ზეფირინი.[6]

ის მოსავლელად ტალარდის ჰერცოგინიას, მარი იზაბელ დე როჰანს[4] გადაეცა, რომელიც 1735 წელს „საფრანგეთის შვილების“ აღმზრდელად დანიშნულიყო, და დოფინის სამი და გაეზარდა. მომდევნო წლებში მარიას შეემატნენ ძმები: ლუი ჟოზეფ ქსავიე, ბურგუნდიის ჰერცოგი; ქსავიერ მარი ჟოზეფი, აკვიტანიის ჰერცოგი, რომელიც დაბადებიდან ხუთ თვეში გარდაიცვალა; და ლუი ოგიუსტი, ბერის ჰერცოგი, მომავალი მეფე ლუი XVI. მარი ყველაზე მეტად მასთან ასაკით ახლო ძმას - ბურგუნდიის ჰერცოგს დაუახლოვდა.[1]

მარი ზეფირინი ძალიან ჰგავდა დედას, მაგრამ ძალიან სუსტი იყო. 1751 წლის ივნისში, როდესაც ის ათი თვის იყო, დედამისის მეგობარმა მას "ცოცხალი და ლამაზი" უწოდა, უკვე რვა კბილის ქონის გამო. პრინცესას თანამედროვეები იშვიათად ახსენებდნენ, მაგრამ ჩაწერილი წყაროები მეტყველებდა, რომ მარია ჟოზეფა ყურადღებიანი და მოსიყვარულე დედა იყო მის მიმართ. 1751 წლის სექტემბერში, როდესაც მარიამ აკვიტანიის ჰერცოგზე იმშობიარა, ის უზომოდ გახარებული იყო, როდესაც შვილები საწოლთან მიუყვანეს, და მათ მრავალჯერ აკოცა და მიეფერა.[1]

„ის ძალიან პატარა და მეტად ნაზია, ძალიან მახინჯია, ამბობენ, რომ წყლის ორი წვეთივით ვგავართ ერთმანეთს, ძალიან ნებიერი და ბოროტია, როგორც პატარა დრაკონი.“
- მარის დედა, მარია ჟოზეფა, შვილის შესახებ

1754 წლის თებერვალში მარი ზეფირინი, გავრცელებული ინფორმაციით, „უნაკლო სიჯანსაღის იყო“ და უკვე რამდენჯერმე დასწრებოდა სამეფო ოჯახის სახალხო ვახშამსაც. მას აღწერდნენ, როგორც მომხიბვლელ, სწრაფ ბავშვს, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა ცეკვა. შემორჩენილია სცენა, რომელშიც ავტორი აღწერს თუ როგორი „ნდომით“ უყურებდა მარი მედალს, რომლითაც მეფე ბაბუამისი უცხო დიდებულს ასაჩუქრებდა, რისი დანახვისასაც მისმა ძმამ, ბურგუნდიის ჰერცოგმა, მას მაშინვე საკუთარი სამკერდე ლენტი შესთავაზა.[1]

მიუხედავად მარის ადრინდელი სიჯანსაღისა, 1754 წლის მაისში პრინცესამ შემაშფოთებელი სიმპტომები გამოავლინა: მან სიარული შეწყვიტა და დაეტყო, რომ ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. ამ დროისათვის ჯერ კიდევ კარგად ეძინა და ჯანსაღი მადა ჰქონდა, მაგრამ ექიმები ძლიერ შეშფოთდნენ, რადგან ვერაფრით ხსნიდნენ მის უეცარ ფიზიკურ უუნარობას ფეხით სიარულთან დაკავშირებით. თანამედროვე გადასახედიდან შესაძლოა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ პრინცესას შესაძლოა ართრიტი ან ზრდის შეფერხების პრობლემა აწუხებდა, რასაც ექიმების მიერ გამოწერილი წამლები ვერ შველოდა.[1]

პრინცესის ფაიფურის ბიუსტი.

1755 წლის 30 აგვისტოს მარი ზეფირინს, სავარაუდოდ პერიტონიტის შედეგად, კრუნჩხვები დაეწყო. 1 სექტემბერს ის სწრაფად მონათლეს და რამდენიმე საათის შემდეგ, 2 სექტემბრის ღამის პირველის ნახევარზე, გოგონა ვერსალში გარდაიცვალა.[7] პრინცესის მშობლები „სევდით გაოგნებულნი“ იყვნენ. მისი გარდაცვალების საღამოს, მარის ცხედარი ტიუილრის სასახლეში გადაასვენეს, თორმეტი მცველის თანხლებით, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, სანამ ის შენობაში იწვა. მისი გული ვალ-დე-გრასის ეკლესიაში, ხოლო მისი ცხედარი საფრანგეთის მეფეთა ნეკროპოლისში, სენ-დენის ბაზილიკაში დაკრძალეს. მისი დაკრძალვა 1748 წელს გარდაცვლილი უფროსი ნახევარ-დის დაკრძალვის მსგავსად წარიმართა. კორტეჟს ლუიზ დიანა, ჩიმასა და კონტის პრინცესა ხელმძღვანელობდა. მისმა გარდაცვალებამ ოჯახს მძიმე დარტყმა მიაყენა, მაგრამ სამეფო კარზე საყოველთაო გლოვა არ გამოცხადებულა, რადგან საფრანგეთის სამეფო ოჯახის ქალიშვილების გარდაცვალების გამო საერთო მწუხარება მხოლოდ მაშინ ცხადდებოდა, თუ ბავშვი უკვე შვიდი წლის შესრულებულიყო.[8] შვილის გარდაცვალების დროს მარია ჟოზეფა ორსულად იყო და 1755 წლის ნოემბერში ლუი სტანისლავ ქსავიე, პროვანსის გრაფი, მომავალი ლუი XVIII მოევლინა ქვეყანას. ამის შემდეგ წყვილს შეეძინა ორი მკვდარი ვაჟი და სამი ცოცხალი შვილი, მათ შორის მომავალი შარლ X.

საფრანგეთის რევოლუციის პირველი წლისთავის აღსანიშნავად სენ-დენის საფლავები გაიძარცვა და წაიბილწა. ამ საფლავებს შორის მარი ზეფირნის საფლავიც მოხვდა, ის 1793 წლის 15 ოქტომბერს ამოთხარეს და მისი ძვლები ბურბონების ძვლებისათვის გათხრილ ორმოში ჩაყარეს, რომელიც კალციუმ ოქსიდით დაფარეს. 1817 წელს, დინასტიის რესტავრაციის დროს, მისმა ძმამ, ლუი XVIII თავისი ოჯახის წევრების მიმოფანტული ფრაგმენტები, მათ შორის ამოუცნობი ნეშტის ნაწილებიც, ორ ყუთში მოათავსა და ბაზილიკაში გადაასვენა.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 Geeraert, Anaïs. (3 April 2019) Marie-Zéphyrine, sœur de Louis XVI fr. ციტირების თარიღი: 2023-03-17
  2. ↑ Eckstaedt 1867, pp. 206–207.
  3. ↑ Dussieux & Soulié 1862, pp. 321–322.
  4. 1 2 Dussieux & Soulié 1862, p. 322.
  5. ↑ Brero, Thalia (2010). „Le baptême des enfants princiers (XVe et XVIe siècles)“, Le strategie dell'apparanza. Ceremoniali, politica e società alla corte dei Savoia in età moderna (fr). Turin: Silvio Zamorani, გვ. 20. ISBN 9788871581828. 
  6. ↑ Dussieux & Soulié 1862, p. 252.
  7. ↑ Dussieux & Soulié 1864, p. 252.
  8. ↑ Spawforth, Tony (2008). Versailles: A Biography of a Place (en). New York: St. Martin's Press, გვ. 200–201. ISBN 978-0-312-60346-5. OCLC 213451442. 
  9. ↑ Glover Lindsay, Suzanne (2014). „The Revolutionary Exhumations at St-Denis, 1793“. MAVCOR Journal. doi:10.22332/con.ess.2015.2. ISSN 2475-2428. ციტირების თარიღი: 2023-03-17.