მარი დე მონპელიე
მარი დე მონპელიე | |
---|---|
![]() მარისა და პედრო II-ის ქორწინების კონსუმაცია | |
არაგონის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 ივნისი, 1204 |
მმართ. დასასრული: | 21 აპრილი, 1213 |
წინამორბედი: | სანჩა კასტილიელი |
მემკვიდრე: | ლეონორ კასტილიელი |
სხვა წოდებები: | მონპელიეს ქალბატონი (1204-1213) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1182 |
დაბ. ადგილი: | მონპელიე, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 21 აპრილი, 1213 (30-31 წლის) |
გარდ. ადგილი: | რომი, იტალია |
მეუღლე: |
ბარალ მარსელელი (ქ. 1192 - გარდ. 1192) ბერნარ IV, კომინჟის გრაფი (ქ. 1197 - განქ. 1201) პედრო II, არაგონის მეფე (ქ. 1204) |
შვილები: |
მატილდა, ბარტის ვიკონტესა პეტრონილა, ასტარაკის გრაფინია სანჩა ხაიმე I, არაგონის მეფე |
დინასტია: | გუილემები |
მამა: | გუილემ VIII, მონპელიეს გრაფი |
დედა: | ევდოკია კომნენოსი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარი დე მონპელიე (ფრანგ. Marie de Montpellier, ესპ. María de Montpellier; დ. 1182, მონპელიე, საფრანგეთი – გ. 21 აპრილი, 1213, რომი, იტალია) — ფრანგი არისტოკრატი და მონპელიეს ქალბატონი. არაგონის მეფე პედრო II-ის მეუღლე და მეფე ხაიმე I დამპყრობლის დედა. სამი სხვადასხვა ქორწინების პერიოდში ფლობდა მარსელის ვიკონტესის, კომინჟის გრაფინიისა და არაგონის დედოფლის წოდებებს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარი 1182 წელს დაიბადა და მონპელიეს მმართველ გულიემ VIII-ისა და მისი მეუღლის, ევდოკია კომნენოსის ასული იყო. დედის მხრიდან იგი ბიზანტიის იმპერატორ მანუელ I-ის ნათესავი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მშობლების საქორწინო კონტრაქტის მიხედვით მთელი ქონება და მემკვიდრეობა მათ პირმშოს უნდა დარჩენოდა (მიუხედავად იმისა, გოგონა იქნებოდა ის თუ ვაჟი), მარი, როგორც მათი პირველშობილი შვილი, მათი მემკვიდრე გახდა დაბადებიდანვე.
1187 წელს გულიემი ევდოკიას გაეყარა და ცოლად არაგონის მეფის ნათესავი აგნესა შეირთო. მასთან კიდევ რვა შვილი შეეძინა, ექვსი ვაჟი და ორი გოგონა. ამან მარის მემკვიდრეობის საკითხი შეარყია. მართალია ევდოკია კომნენოსი განქორწინების შემდეგ ბენედიქტელთა ორდენის მონაზონი გახდა ანიანეს მონასტერში, გულიემ VIII-ის მეორე ქორწინება აგნესა არაგონელთან რომის პაპმა საბოლოოდ ბათილად ცნო, ამ ქორწინებაში დაბადებული ყველა ბავშვი კი უკანონოდ, რითაც მარი მონპელიეს უპირობო მემკვიდრედ დარჩა.
1192 წელს მარი მარსელის ვიკონტ ბარალზე დაქორწინდა, რა დროსაც იგი მხოლოდ 9-10 წლის იყო, თუმცა ბარალთან მისი ქორწინება სულ რამდენიმე თვეში დასრულდა მისი ქმრის გარდაცვალებით. პირველი ქორწინებიდან ბუნებრივი მიზეზების გათვალისწინებით მარის მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომაც 1197 წელს იგი მეორედ დაქორწინდა, ამჯერად უკვე კომინჟის გრაფ ბერნარ IV-ზე. ქორწინების შემდეგ, მამის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, მარიმ უარი თქვა მონპელიეზე არსებულ საკუთარ მემკვიდრეობაზე თავისი უმცროსი ნახევარ-ძმის სასარგებლოდ, რომელიც მამამისს მეორე ცოლის, აგნესასგან ჰყავდა.
ბერნარ IV-სთან არსებული ოხწლიანი ქორწინებიდან მარის სულ ორი ქალიშვილი შეეძინა - მატილდა და პეტრონილა. მიუხედავად საერთო შვილებისა, ცნობილი იყო, რომ ბერნარი მარის ხშირად ღალატობდა და არსებობდა ჭორები იმის შესახებ, რომ მას საიდუმლოდ კიდევ ორი ცოლი ჰყავდა. აქედან გამომდინარე, 1201 წელს მარის დაჟინებული მოთხოვნით იგი ბერნარს გაეყარა. განქორწინების შემდეგ მარიმ მამას მონპელიეზე თავისი მემკვიდრეობის უფლების აღდგენა სთხოვა, თუმცა ამაოდ.
1202 წელს გულიემ VIII გარდაიცვალა და მონპელიეს ბატონი მარის ნახევარ-ძმა, გულიემ IX გახდა. 1204 წლის 15 ივნისს მარიმ მოახერხა, რომ არაგონის მეფე პედრო II-ზე დაქორწინებულიყო, რომლის დახმარებითაც მან აჯანყება წამოიწყო მონპელიეში, დაამხო ნახევარ-ძმის მმართველობა და საგრაფოს მმართველი თავად გახდა. მისი მშობლების საქორწინო კონტრაქტიდან გამომდინარე, მარის მმართველობა სუვერენულად სცნეს.
პედროსთან ქორწინებით მარის კიდევ ორი შვილი შეეძინა: პრინცესა სანჩა და ინფანტი ხაიმე (მომავალი მეფე). ვაჟის დაბადებისთანავე პედრომ დედოფალ მარისთან განქორწინება სცადა, რადგანაც მას იერუსალიმის დედოფალ მარია მონფერატელზე დაქორწინება სურდა, რათა შემდგომში მონპელიეს თავად დაპატრონებოდა. ამის გამო მარიმ ცხოვრების უკანასკნელი წლები პედროსთან ბრძოლაში, ქორწინების შენარჩუნებასა და დავაში გაატარა. განქორწინების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ რომის პაპმა ინოკენტი III-მ პროცესი საბოლოოდ მარის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მეფე პედროს უარი უთხრა ცოლთან გაყრაზე. მარი დე მონპელიე მალევე, 1213 წლის 21 აპრილს სწორედ რომში გარდაიცვალა. პედრო II კი უკან დაბრუნებიდან სულ რამდენიმე თვეში, 1213 წლის 14 სექტემბერს მოკლეს მურეტის ბრძოლაში, რა დროსაც იგი მონპელიეს დაპატრონებას ცდილობდა. ამის შემდეგ ტახტს მათი საერთო ვაჟი, ხაიმე I იკავებს, რომელმაც მშობლების მემკვიდრეობის დამსახურებით მიიღო, როგორც არაგონის სამეფო, ისე მონპელიეს საგრაფო.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- J. M. Lacarra, L. Gonzalez Anton, 'Les testaments de la reine Marie de Montpellier' in Annales du Midi vol. 90 (1978) pp. 105–120.
- Nique, Christian (2013), Les deux visages de Marie de Montpellier (1182-1213) (PDF) (in French), Montpellier: Académie des Sciences et Lettres de Montpellier
- M. Switten, 'Marie de Montpellier: la femme et le pouvoir en Occitanie au douzième siècle' in Actes du Premier Congrès International de l'Association d'Etudes Occitanes ed. P. T. Ricketts (London: Westfield College, 1987) pp. 485–491.
- Varzos, Konstantinos (1984). Η Γενεαλογία των Κομνηνών [The Genealogy of the Komnenoi] (PDF) (in Greek). Vol. B. Thessaloniki: Centre for Byzantine Studies, University of Thessaloniki. pp. 346–359.
|