შინაარსზე გადასვლა

მარიას სასახლე (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარიის სასახლე (სანქტ-პეტერბურგი))
მარიის სასახლე
ადგილობრივი ქვიშის მოწითალო-მოყავისფრო აგურით ნაგები მარიის სასახლის ფასადი, ვასილი სადოვნიკოვის ნახატი
ილია რეპინის „სახელმწიფო საბჭოს სესია სასახლის დიდ დარბაზში“

მარიას სასახლე (რუს. Мариинский дворец) — ბოლო ნეოკლასიკურ სტილში ნაგები იმპერიული სასახლე სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი. სასახლე აშენდა 1839-1844 წლებში სამეფო კარის არქიტექტორი ანდრეი სტაკენშნეიდერის პროექტით.

სასახლე დგას წმინდა ისააკის საკათედრო ტაძრის პირდაპირ 99 მეტრი სიგანის ლურჯი ხიდის გადაღმა. მე-18 საუკუნეში ეს ადგილი ეკუთვნოდა ზახარ ჩერნიაშოვს, სადაც მისი სახლი იდგა (1762-1768), რომელსაც დროდადრო უთმობდნენ კონდეს პრინცსადა სხვა უცხოელ ძვირფას სტუმრებს რუსეთის დედაქალაქში ვიზიტისას. 1825-1839 წლებში ჩერნიაშოვის სახლში სამხედრო სკოლა იმყოფებოდა, სადაც მიხეილ ლერმონტოვი სწავლობდა ორი წელი.

სტაკენშნეიდერის სასახლის იდეა იმპერატორ ნიკოლოზ I-ს გაუჩნდა მისი ქალიშვილის დიდი გრაფინია მარია ნიკოლოზის ასულისთვის ჩუქების მიზნით, იუჟინ დე ბოჰარნესის ვაჟთან ქორწინებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მიწითალო-მოყავისფრო ფასადი კორინთული კოლონებით ტრადიციულ ნეოკლასიკურ წყობაშია გადაწყვეტილი, მთელი დიზაინი XVII საუკუნის ფრანგული ბაროკოს ზეგავლენით შეიქმნა. ასევე შეინიშნება რენესანსის ეკლექტიური ზეგავლენა ექტერიერის ორნამენტებსა და ინტერიერის დეკორაციებზე. შენობის ყოველი მთავარი დარბაზი სხვადასხვა ისტორიულ სტილშია გადაწყვეტილი.

მარიას სასახლე იმპერიის საკუთრებაში 1884 წელს დაბრუნდა, მის განკარგვაში რჩება 1917 წლამდე, და აქ განლაგებული იყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭო, სახელმწიფო კანცელარია და მინისტრთა საბჭო. სახელმწიფო საბჭოს სესიათა დიდი დარბაზის დიზაინი ეკუთვნის ლეონ ბენუას (1906). 1902 წლის 2 აპრილს ტერორისტების მიერ სასახლის ვესტიბიულში მოკლულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრი, დმიტრი სიპიაგინი.

დროებითმა მთავრობამ სასახლე საკუთარ მფლობელობაში აიღო 1917 წლის მარტში და გადასცა რუსეთის რესპუბლიკის საბჭოს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სასახლეში სხვადასხვა საბჭოთა სამინისტროები და აკადემიები სახლობდნენ. დიდი სამამულო ომის დროს მასში ჰოსპიტალი იყო განთავსებული და იგი ინტენსიური დაბომბვის ქვეშ მოჰყვა. ომის შემდეგ სასახლე ლენინგრადის საქალაქო საბჭოს მფლობელობაში გადავიდა.

1960-1970-იან წლებში ჩატარდა სასახლის პირველი კომპლექსური რესტავრაცია. 1990-იან წლებში აღადგინეს და ნაწილობრივ რესტავრაცია ჩაუტარეს ნიკოლოს სასწაულთმოქმედის ეკლესიას, რომელშიც 1929 წელს კინოთეატრი მოეწყო.

1991 წელს, აგვისტოს პუტჩის დროს სასახლე განსაკუთრებული მდგომარეობების სახელმწიფო კომიტეტის წინააღმდეგობის ცენტრი გახდა ლენინგრადში და მის ირგვლივ ბარიკადები მოეწყო. 1991-1993 წლებში სანქტ-პეტერბურგის აღმასრულებელ ასამბლეას გადაეცა. 1993 წლიდან მთელი წელი სასახლე ცარიელი იყო. მხოლოდ 1994 წლის 14 დეკემბერს შედგა სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო შეკრების პირველი სხდომა.

2010-იან წლებში სასახლეში ჩატარდა მთელი რიგი სარესტავრაციო სამუშაოები.

  • Белякова З. И. Мариинский дворец (Серия: Дворцы и особняки Санкт-Петербурга). — СПб: Белое и чёрное, 1996
  • Петров Г. Ф. Дворец у Синего моста: Мариинский дворец в Санкт-Петербурге. — СПб.: Logos, 2007. ISBN 978-5-87288-358-6
  • Т. А. Петрова Дворец великой княгини Марии Николаевны-СПб Белое и чёрное, 1997
  • Belyakova Zoia. Grand Duchess Maria Nikolayevna and her Palace in St.Petersburg,1994
  • Веретин А. И., Петров Г. Ф. Мариинский дворец в истории Санкт-Петербурга и России. СПб. 1995г

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]