მარია ფრანსისკა დე სალეს პორტოკარერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ფრანსისკა დე სალეს პორტოკარერო
F. de Madrazo - 1855, Francisca de Sales Portocarrero y Palafox, Duquesa de Alba (Palacio de las Dueñas, Sevilla).jpg
წოდებები
ალბას ჰერცოგინია
პენიარანდას ჰერცოგინია
დაიბადა 29 იანვარი, 1825
გრანადა, ესპანეთი
გარდაიცვალა 16 სექტემბერი, 1860, (35 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე(ები) იაკობ ფიც-ჯეიმზ სტიუარტი
შვილ(ებ)ი კარლოსი, ალბას ჰერცოგი
მარია, გალისტეოს ჰერცოგინია
ლუისა, მონტოროს ჰერცოგინია
მამა სიპრიანო პალაფოქს ი პორტოკარერო
დედა მარია მანუელა კირკპატრიკი
რელიგია კათოლიციზმი

მარია ფრანსისკა დე სალეს პორტოკარერო (ესპ. María Francisca de Sales Portocarrero), მეტსახელად პაკა დე ალბა (ესპ. Paca de Alba; დ. 29 იანვარი, 1825, გრანადა, ესპანეთი — გ. 16 სექტემბერი, 1860, პარიზი, საფრანგეთი) — ესპანელი არისტოკრატი. საფრანგეთის იმპერატრიცა ეუხენია დე მონტიხოს ერთადერთი და. მარკიზა, გრაფინია, ვიკონტესა და ჰერცოგინია მამის დანატოვარი უზარმაზარი პროვინციებისა. ალბას ჰერცოგინია როგორც იაკობ ფიც-ჯეიმზ სტიუარტის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ფრანსისკა დაიბადა 1825 წლის 29 იანვარს გრანადაში. იგი იყო ადგილობრივი ესპანელი დიდებულის, სიპრინაო პალაფოქს ი პორტოკარეროსა და მისი მეუღლის, მარია მანუელა კირკპატრიკის უფროსი ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უმცროსი და, ეუხენია ჰყავდა, რის გამოც იგი მამამისის უზარმაზარი ქონების მემკვიდრე იყო. დედამისი წარმოშობით შოტლანდიელი, თუმცა გაესპანელებული მალაგას კონსულის ასული იყო, რომელიც იქცა პროსპერ მერიმეს ნოველა „კარმენის“ ინსპირაციად.

როდესაც იგი ბავშვი იყო, მისი მშობლები საფრანგეთში გადასახლდნენ, სადაც 1839 წელს სიპრიანო გარდაიცვალა. ამის გამო მარია მანუელა თავის ქალიშვილებთან ერთად დაბრუნდა ესპანეთში, სადაც მარია ფრანსისკამ მემკვიდრეობით მიიღო მამის მთელი ქონება. მარია მანუელა სასოწარკვეთაში იყო ჩავარდნილი, რადგან ქალიშვილების გათხოვება მეტად გაუპრობლემდა. თავიანთი სილამაზისა და დახვეწილობის გამო მარია ფრანსისკა და ეუხენია მადრიდულ არისტოკრატიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მოგვიანებით მისი ხელი ალკანიესის მარკიზმა თავისი ვაჟის, ალბუკერკეს ჰერცოგ ხოსე ოსორიოსთვის ითხოვა. სამწუხაროდ მათი ნიშნობა მალევე ჩაიშალა, მაგრამ მარია და ხოსე მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ახლო მეგობრებად დარჩნენ. რამდენადაც ცნობილია, ხოსეს შეუყვარდა მარია ფრანსისკა, ხოლო როდესაც მისგან პასუხად იგივე ვერ მიიღო თვითმკვლელობა სცადა ფოსფორიანი რძით, თუმცა კუჭი ამოურეცხეს და გადარჩა.

მარია ფრანსისკა 1854 წელს

მარია ფრანსისკას მამისაგან მემკვიდრეობით ერგო შემდეგი წოდებები: პენიარანდა-დე-დუეროს მე-12 ჰერცოგინია, ვალდერაბანოს მე-10 მარკიზა, ვილანუევა-დელ-ფრანკოსა და ბარკაროტას მე-17 მარკიზა, ლა-ალგაბას მე-13 მარკიზა, ლა-ბანიესას მე-15 მარკიზა, მირაიოს მე-15 მარკიზა, ვალდუნკიოს მე-14 მარკიზა, მონტიხოს მე-9 გრაფინია, მირანდა-დელ-კასტანიარის მე-17 გრაფინია, ფუენტიდუენიას მე-18 გრაფინია, კასარუბიოს-დელ-მონტეს მე-13 გრაფინია, სან-ესტებან-დე-გორმასის მე-20 გრაფინია და პალასიოს-დე-ლა-ვალდუერნას მე-18 მარკიზა. 1848 წლის 14 თებერვალს, მადრიდში მარია ფრანსისკა დაქორწინდა ალბას ჰერცოგ იაკობ ფიც-ჯეიმზ სტიუარტზე, რის შემდეგაც მთელი ეს ტიტულები და მიწები ალბას ოჯახს გადაეცა. მარია ფრანსისკასა და იაკობს სულ სამი შვილი შეეძინათ:

  1. კარლოს მარია ფიც-ჯეიმზ სტიუარტ ი პალაფოქსი, ალბას მეთექვსმეტე ჰერცოგი, ცოლად შეირთო სირუელას მეთორმეტე გრაფინია მარია დელ როსარიო ფალკო ი ოსორიო;
  2. მარია დე ლა ასუნსიონ ფიც-ჯეიმზ სტიუარტ ი პალაფოქსი, გალისტეოს მესამე ჰერცოგინია, ცოლად გაჰყვა ხოსე მესია პანდოს, რომელიც იყო მადრიდის მაიორი და ტამამესის მეოთხე ჰერცოგი;
  3. მარია ლუისა ფიც-ჯეიმზ სტიუარტ ი პალაფოქსი, მონტოროს მეთოთხმეტე ჰერცოგინია, ცოლად გაჰყვა მედინასელის მეთოთხმეტე ჰერცოგ ლუის ფერნანდეს დე კორდობა ი პერეს დე ბარადასს;

1853 წელს მისი უმცროსი და, ეუხენია დე მონტიხო ცოლად გაჰყვა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ს, რითაც მათი ოჯახი მსოფლიო მონარქთა ასპარეზზე გამოვიდა. ერთმანეთს დაშორებული დები ხშირად სწერდნენ წერილებს და ერთხელ ერთმანეთს თავ-თავიანთი პორტრეტებიც კი გაუგზავნეს. თავისი კეთილშობილური წარმომავლობის გამო, მარია ფრანსისკა გახდა რიგით ას მეცხრამეტე ქალი (1194-დან) რომელსაც მიენიჭა დედოფალ მარია ლუიზას სახელობის ორდენი, რომელიც მხოლოდ დიდგვაროვან ესპანელ ქალებსა და სამეფო ოჯახის წევრებს ენიჭებათ.

1859 წელს მარია ფრანსისკას ტუბერკულიოზის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც სულ მალე ლეიკემიაც დაერთო. როდესაც ეს ამბავი მისმა დამ, დედოფალმა ეუხენიამ შეიტყო, მისი მადრიდიდან დაუყოვნებლივ ჩაყვანა მოითხოვა პარიზში, რათა მისთვის საუკეთესო ექიმებს ემკურნალათ. დედის თანხლებით, რომელმაც არ იცოდა მისი ქალიშვილის დაავადების სიმძიმის შესახებ, მარია ფრანსისკა პარიზში ჩავიდა. სწორედ აქ გაატარა მან დარჩენილი თვეები თავისი დედისა და დის გვერდით, თუმცა მისი განკურნება ფრანგმა ექიმებმა ვერაფრით მოახერხეს. ამის გამო, იგი 1860 წლის 16 სექტემბერს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, პარიზში. იგი პარიზშივე, წმინდა მადლენის სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს, თუმცა მისი ძველი მეგობრის, მადრიდის მაიორ ხოსე ოსორიოს მეთაურობით იგი მალევე გადაასვენეს მშობლიურ ესპანეთში და იქ, მადრიდში დიდი პატივით დაკრძალეს. იგი სანტა მარია ლა ანტიგუას კათედრალში დაკრძალეს. როგორც ცნობილია, მის დასაფლავებას ესწრებოდა თავად ესპანეთის დედოფალი ისაბელ II და სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც. რამდენიმე წელიწადში მისი ნეშტი გადაასვენეს ალბას საგვარეულო, წმინდა იმაკულატას სახელობის ბაზილიკაში და იგი დღემდე იქ განისვენებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ana de Sagrera (1990). Una rusa en España: Sofía, duquesa de Sesto. Espasa-Calpe. ISBN 84-239-2236-7.
  • David Baguley, Napoleon III and his regime - an Extravaganza. Louisiana State University Press, 2000. ISBN 0-8071-2624-1.
  • John Bierman, Napoleon III and his Carnival Empire. St. Martin's Press, 1988. ISBN 0-312-01827-4.
  • Colin Carlin, William Kirkpatrick of Malaga, The Grimsay Press, 2011. ISBN 978-1-84530-071-5