შინაარსზე გადასვლა

მარია ტრუბნიკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ტრუბნიკოვა
დაბადების თარიღი 6 (18) იანვარი, 1835
დაბადების ადგილი Petrovsk-Zabaykalsky, ირკუტსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია ან ჩიტა, ირკუტსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 28 აპრილი (10 მაისი), 1897 (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტამბოვი, ტამბოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] ან სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
შვილ(ებ)ი Ol'ga Bulanova-Trubnikova

მარია ტრუბნიკოვა (რუს. Мари́я Васи́льевна Тру́бникова, ქალიშვილობის გვარით ივაშევა; დ. 6 (18) იანვარი, 1835, ირკუტსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 28 აპრილი (10 მაისი), 1897, ტამბოვი) — რუსი მწერალი და ქალთა განათლების თვალსაჩინო მებრძოლი (დამცველი). გადასახლებული დეკაბრისტის, ვასილი ივაშევისა და კამილა ლე დანტიუს ქალიშვილი.

ის გადასახლებაში დაიბადა. 1841 წელს, მშობლების გარდაცვალების და გადასახლების ადგილის დატოვების შესახებ უმაღლესი ნებართვის მიღების შემდეგ, ბებიის, დის — ვერას და ძმის — პეტრეს თანხლებით გადავიდა სიმბირის გუბერნიის სოფელ არხანგელსკოე-რეპიევკაში, სადაც ბავშვები მამის დის — ეკატერინა პეტრეს ასულის (ქორწინებაში თავადი კოვანსკაიას) — მეთვალყურეობით იზრდებოდნენ ვასილიევების გვარით (მამის სახელი).[2] 1856 წლის დადგენილებით, დეკაბრისტ ივაშევის ოჯახს გვარი და აზნაურობა დაუბრუნდა.

1854 წელს,[3] გამომცემელ-რედაქტორზე, გაზეთ „ბირჟევიე ვედომოსტი“-ის („Биржевые Ведомости“) ხელმძღვანელ კონსტანტინ ტრუბნიკოვზე დაქორწინების შემდეგ, ის პეტერბურგში გადავიდა. მისი სალონი პეტერბურგში ლიბერალებისა და რადიკალების შეხვედრის ადგილად იქცა. ნადეჟდა სტასოვასთან დაახლოების შემდეგ, 1860 წელს დააარსა „იაფი ბინების საზოგადოება“, ხოლო 1862 წელს — „მთარგმნელ ქალთა საზოგადოება“, რომელშიც იმ დროის ქალთა მოძრაობის გამოჩენილი წარმომადგენლები გაერთიანდნენ. საზოგადოების მიზანი იყო, რუს ქალებს მიეღოთ შესაძლებლობა, თავი მხოლოდ ინტელექტუალური შრომით ერჩინათ, ასევე რუსეთში ქალთა უმაღლესი განათლების სისტემის შექმნა. ტრუბნიკოვა და სტასოვა ამ საქმეში მეცნიერების წარმომადგენლებსა და ლიტერატურის დიდ მოღვაწეებს იზიდავდნენ.

ქორწინებაში მას ოთხი ქალიშვილი შეეძინა: ოლგა (ქორწინებაში ბულანოვა-ტრუბნიკოვა), მარია (ქორწინებაში ვირუბოვა), ეკატერინა (ქორწინებაში რეშკო) და ელენა (ქორწინებაში ნიკონოვა).

1861 წელს, ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, ტრუბნიკოვა მიმოწერას აწარმოებდა ჟენი დ’ერიკურთან, რომელმაც მას საშუალება მისცა დაემყარებინა კონტაქტები ცნობილ ევროპელ ფემინისტებთანჟოზეფინ ბატლერთან და მარია ჰეგთან. მას შემდეგ ტრუბნიკოვას არ შეუწყვეტია კავშირი ქალთა მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეებთან საფრანგეთში, ინგლისში, შვეიცარიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, რათა მათთვის ეცნობებინა რუსეთში ქალთა საკითხის მდგომარეობა. ის მონაწილეობდა ზოგიერთ უცხოურ გამოცემაში, როგორიცაა, მაგალითად, „Now a day“. ჯონ სტიუარტ მილიმ 1868 წელს მას გაუგზავნა თავისი ცნობილი წერილი „რუს ქალებს“.

მარია ტრუბნიკოვა გარდაიცვალა 1897 წლის 28 აპრილს (10 მაისს) ტამბოვში. იგი დაკრძალულია პეტერბურგში, ვოსკრესენსკოეს ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერის სასაფლაოზე (მარჯვენა ნაწილი, ბილიკი 10, ნაკვეთი 31).[4]

ლიტერატურულ-შემოქმედებითი საქმიანობა ტრუბნიკოვა თანამშრომლობდა ქმრის მიერ გამოცემულ ჟურნალ „ჟურნალი აქციონერებისთვის“ (1858) და გაზეთ „ბირჟევიე ვედომოსტი“ (1863-1869) ლიტერატურული განყოფილების, თარგმანებისა და ბიბლიოგრაფიის ხელმძღვანელის რანგში. ასევე „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტი“-ში (1869), სადაც, მაგალითად, ქალთა საკითხზე ნიკოლაი ლესკოვს დაუპირისპირდა; „ვესტნიკ ევროპი“-ში (1871-1884; არაერთი თარგმანი), „ნოვოე ვრემია“-ში (1876; უცხოური ჟურნალისტიკის მიმოხილვები და მხატვრული ნაწარმოებების თარგმანები) და, ბოლოს, ე. ლვოვას გამოცემაში „ცალკეული უცხოური რომანების თარგმანები“. მისი და მისი რედაქტორობით ითარგმნა არაერთი ნაშრომი ბუნებისმეტყველების, ისტორიის, პუბლიცისტიკისა და საბავშვო ლიტერატურის შესახებ.

  1. Трубникова Мария Васильевна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Ставрополь и Ставропольский уезд в 18-20 веке. Дворянство (2020-07-16). ციტირების თარიღი: 2022-08-17
  3. Стайтс Р., Женское освободительное движение в России: Феминизм, нигилизм и большевизм, 1860-1930 / Пер. с англ., М.: «Российская политическая энциклопедия», 2004. — გვ. 616.
  4. Дубин А. С., Новодевичье кладбище // Исторические кладбища Санкт-Петербурга, М.: Центрполиграф, 2011. — გვ. 499, ISBN 978-5-227-02688-0.