მარია სავინა
| მარია სავინა | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 30 მარტი (11 აპრილი), 1854[1] |
| დაბადების ადგილი | კამიანეც-პოდილსკი[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 8 (21) სექტემბერი, 1915 (61 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[2] |
| საქმიანობა | მსახიობი |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
| ჯილდოები | Meritorious artist of the Imperial Theatres |
| მეუღლე | Q134382259? და Q134610003? |

მარია გავრილის ასული სავინა (რუს. Ма́рья Гаври́ловна Са́вина, დ. 30 მარტი, (11 აპრილი), კამიანეც-პოდილსკი, 1854 — გ. 8 (21) სექტემბერი, 1915, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი მსახიობი, იმპერატორის თეატრების დამსახურებული არტისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი პროვინციელი მსახიობების, პოდრამენცოვების (სცენური ფსევდონიმი — სტრემლიანოვები) ქალიშვილი იყო. დაიბადა კამენეც-პოდოლსკში, სწავლობდა ოდესის გიმნაზიაში.[3] სცენაზე 8 წლის ასაკიდან გამოდიოდა.
1869 წელს მისი დებიუტი მინსკში, პიესაში „გაუგონარი ბებია“, შედგა. თავის პირველ ბენეფისზე მან პოლინკას როლი შეასრულა ალექსანდრე ოსტროვსკის პიესაში „შემოსავლიანი ადგილი“. 1870 წლიდან იგი მ. ლენტოვსკის ხარკოვის დასში ირიცხებოდა. ცოლად გაჰყვა მსახიობ ნ. სავინს (ნამდვილი გვარი — სლავიჩი). მოგვიანებით მოღვაწეობდა ნიჟნი-ნოვგოროდში.
მარია სავინას სამსახიობო ოსტატობას ალექსანდრა შუბერტი, მიხეილ შჩეპკინის მოწაფე ასწავლიდა. სავინაზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა ანტრეპრენიორმა და მსახიობმა პეტრე მედვედევმა, რომლის დასთან ერთადაც მსახიობმა 1872 წლამდე ყაზანი, სარატოვი და ორიოლი მოიარა. იგი თამაშობდა ვოდევილებში, ოპერეტებსა და კომედიებში. 1873 წლიდან სავინა სარატოვის თეატრის წამყვანი მსახიობი გახდა. ვ. შომპულევის მტკიცებით, ამ პერიოდში მის კარიერას განსაკუთრებით შეუწყო ხელი მილიონერმა და ბანკირმა ა. კოვალენკომ, რომელსაც მოგვიანებით, მისი გაკოტრების შემდეგ, მსახიობმა „უმადურობით გადაუხადა“.
1874 წელს სავინა პეტერბურგში ჩავიდა, სადაც „კეთილშობილთა საკრებულოს“ (Благородное собрание) სცენაზე ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ, ალექსანდრინსკის თეატრში მიიწვიეს. იქ მისი დებიუტი შედგა ქეთის როლით პიესაში „სულიერი ანდერძი“, მალე კი დასში წამყვანი ადგილი დაიკავა. კომედიიდან „სიმართლე კარგია, მაგრამ ბედნიერება უკეთესი“ (1876) დაწყებული, ალექსანდრე ოსტროვსკი მას მთავარ როლებს ანდობდა თითქმის ყველა თავის ახალ პიესაში.
სავინას ნიჭის გამორჩეული თვისებები იყო პოეტური ქალურობა, გულწრფელი მხიარულება, ღრმად ამაღელვებელი დრამატიზმი და სრულყოფილებამდე დახვეწილი მიმიკა. 1879 წლის 17 იანვარს მარია სავინამ პირველად ბრწყინვალედ შეასრულა ვეროჩკას როლი სპექტაკლში „ერთი თვე სოფლად“ (ივანე ტურგენევის პიესის მიხედვით); განცვიფრებული ავტორი მას საგრიმიოროში ვარდების თაიგულით ეწვია და წამოიძახა: „ნუთუ ეს ვეროჩკა მე დავწერე?!“[4]

1883-1884 წლებში მსახიობი რუსეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო. 1896 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ხანდაზმულ მსახიობთა თავშესაფარი (ამჟამად — სრულიად რუსეთის თეატრალური საზოგადოების სცენის ვეტერანთა სახლი). მარია სავინა ასევე იყო სცენის მოღვაწეთა I სრულიად რუსეთის ყრილობის (1897) ერთ-ერთი ინიციატორი.[5] 1899 წელს მსახიობმა მიიღო „იმპერატორის თეატრების დამსახურებული არტისტის“ წოდება. იმავე წელს მან რამდენიმე წარმოდგენა გამართა ბერლინსა და პრაღაში, სადაც დიდი წარმატებით მიიღეს.
1910 წლის 24 თებერვალს ალექსანდრინსკის თეატრში მარია სავინას თეატრალური მოღვაწეობის 40 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.[4]
1915 წლის 8 (21) სექტემბრის ღამეს, პეტროგრადში, მსახიობმა გონება დაკარგა, დილით კი იგი გარდაიცვალა. ცნობილი მსახიობის დაკრძალვას მთელი პეტროგრადი ესწრებოდა — კარპოვკას სანაპიროზე მდებარე სავინას საკუთარი სახლიდან კუბო ხელით ალექსანდრინსკის თეატრის უხუცესმა მსახიობებმა გამოასვენეს. პროცესია თეატრისკენ დაიძრა, რის გამოც გზაზე ტრამვაის მოძრაობა შეჩერდა. ანდერძის თანახმად, სავინა დაკრძალეს არა სერაფიმოვსკის სასაფლაოზე (სადაც მისი მამის, დისა და ძმის საფლავებია), არამედ პეტროგრადის პეტროვსკის კუნძულზე მდებარე სცენის მოღვაწეთა თავშესაფრის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძართან.[6] მოგვიანებით თავშესაფარს სცენის ვეტერანთა სახლი ეწოდა და მარია სავინას სახელი მიენიჭა. 1921 წელს მეუღლის გვერდით დაკრძალეს მისი მესამე ქმარი, ა. მოლჩანოვი.[4]
რეპერტუარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავინას რეპერტუარი უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი ასრულებდა რადიკალურად განსხვავებულ როლებს — თანამედროვე მსუბუქი დრამატურგიის გულუბრყვილო და ცელქი გოგონების სახეებიდან დაწყებული, კლასიკოსთა უმნიშვნელოვანესი კომიკური თუ ჭეშმარიტად დრამატული პერსონაჟებით დასრულებული. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა როლებს გოგოლის („რევიზორი“), ოსტროვსკის („უკანასკნელი მსხვერპლი“, „უმზითვო“, „ტყვე ქალები“ და სხვა), ა. პოტეხინის („დამნაშავე“), ტურგენევის („ერთი თვე სოფლად“, „პროვინციელი ქალი“), ლოპე დე ვეგას („მებაღის ძაღლი“) და შექსპირის („ჯიუტი ცოლის მორჯულება“) ნაწარმოებებში.
იმ პერიოდის უცხოელი დრამატურგების, მაგალითად ჰენრიკ იბსენისა და გერმან ზუდერმანის პიესებმაც მასში ბრწყინვალე შემსრულებელი იპოვეს. ბევრი მაშინდელი რუსი მწერალი თავისი ნაწარმოებების წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მარია სავინას უნდა უმადლოდეს.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუთწლიანი რომანის შემდეგ, 1882 წელს, სავინამ ქორწინება გააფორმა ოფიცერ ნიკიტა ვსევოლოჟსკისთან (1846-1896), რომელიც მდიდარი ოჯახის შვილი და თეატრის დიდი მოყვარული იყო. ქმარმა მამისეული ქონების თავისი წილი სწრაფად გაფლანგა და განქორწინების მომენტისთვის სავინას უამრავი ვალი დაუტოვა.
1910 წლიდან მისი სამოქალაქო მეუღლე გახდა ანატოლი მოლჩანოვი (1856-1921) — მეცენატი, რუსეთის ნაოსნობისა და ვაჭრობის საზოგადოების ხელმძღვანელი და იმპერატორის რუსეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე. მან მსახიობი 1895 წელს გაიცნო.[4] 1905 წელს მოლჩანოვმა არქიტექტორ მიხეილ გეისლერს დაუკვეთა საკუთარი სახლის მშენებლობა ლიტერატორების ქუჩაზე (სახლი №17), სადაც სამუშაოების დასრულების შემდეგ მარიასთან ერთად ცხოვრობდა. მოლჩანოვის ინიციატივით, 1918-1925 წლებში ამ შენობაში მსახიობის მემორიალური მუზეუმი ფუნქციონირებდა.[7]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Васильев П. П. Савина, Марья Гавриловна // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- Влас Михайлович Дорошевич. «М. Г. Савина»
- Карнеев М. Двадцать лет на императорской сцене: Мария Гавриловна Савина и критики её сценической игры: Биогр. очерк с прил. её десяти портр.— СПб., 1894.— 109 с., 2 л. портр.
- Протопопов В. Мария Гавриловна Савина: Биогр. очерк.— СПб.: Труд, 1900.— Вып. 1-3.
- Русское сценическое искусство за границей. Артистическая поездка М. Г. Савиной с труппой в Берлин и Прагу.— СПб., 1909.— 887 с., 1 портр.: ил.
- Тургенев и Савина: Письма И. С. Тургенева к М. Г. Савиной: Воспоминания М. Г. Савиной об И. С. Тургеневе / С предисл. и под ред. почет. акад. А. Ф. Кони, при ближайшем сотрудничестве А. Е. Молчанова. — Пг.: Изд. гос. театров, 1918. — XXXVIII, 113 с.
- Юрьев Ю. М. Записки.— Л.; М., 1948.
- Яблоновский С. Мария Гавриловна Савина // Новое русское слово.— Нью-Йорк, 1954.— 5 сентября (№ 15471).— С. 3.
- Шнейдерман И. Мария Гавриловна Савина. Л.; М.: ВТО, 1956. — 420 с.
- Светаева М. Г. Мария Гавриловна Савина.— М.: «Искусство», 1988. — 320 с.— (Серия «Жизнь в искусстве»).— ISBN 5-210-00027-3
- Екатерина Юдина Савина, Мария Гавриловна // Энциклопедия «Кругосвет».
- Кириков Б. М. Архитектура Петербурга конца ХIХ-начала XX века: Эклектика, Модерн, Неоклассицизм. — СПб.: Коло, 2006. — С. 131—137. — 530 с. — ISBN 5-901841-36-0.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 П. В. Савина, Марья Гавриловна // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1900. — Т. XXVIIIа. — С. 31–32.
- ↑ Савина Мария Гавриловна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Цаудер П.. (2005-07) Савина в Одессе. № 3 (58). Одесские новости. Газета Всемирного клуба одесситов. ციტატა: „Через три года пансион был закрыт, и Маня в числе других учениц перешла в только что открывшуюся первую в Одессе женскую гимназию фон Оглио“ ციტირების თარიღი: 2015-01-03
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Штрихи к портрету. Актриса Мария Савина (Алина Алексеева-Маркезин) / Проза.ру. ციტირების თარიღი: 2022-10-23
- ↑ Биографическая справка. Сборник «Судьба таланта. Театр в дореволюционной России». Составление, вступительная статья и комментарии Л. В. Маньковой. М.: Правда, 1990. С. 422
- ↑ ЦГИА СПб. Ф. 19. Оп. 127. Д. 3125. Л. 36.
- ↑ Кириков 2006.