მარია პია დე ბურბონ-სიცილიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარია პია დე ბურბონ-სიცილიელი
Maria Pia de Bourbon Dias-Sicílias.jpg
სრული სახელი
მარია პია დელა გრაცია დი ბურბონი
წოდებები
პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ნომინალური ჰერცოგინია
დაიბადა 2 აგვისტო, 1849
გაეტა, იტალია
გარდაიცვალა 29 სექტემბერი, 1882, (33 წლის)
ბიარიცი, საფრანგეთი
საგვარეულო ბურბონები
მეუღლე(ები) რობერტო I, პარმის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი მარია ლუიზა, ბულგარეთის დედოფალი
ენრიკე, პარმის ჰერცოგი
ჯუზეპე, პარმის ჰერცოგი
ელია, პარმის ჰერცოგი
მამა ფერდინანდ II, ორი სიცილიის მეფე
დედა მარია ტერეზია ავსტრიელი
რელიგია კათოლიციზმი

მარია პია დე ბურბონ-სიცილიელი (იტალ. Maria Pia di Borbone-Due Sicilie; დ. 2 აგვისტო, 1849, გაეტა, იტალია — გ. 29 სექტემბერი, 1882, ბიარიცი, საფრანგეთი) — ბურბონთა დინასტიის სიცილიური შტოს წარმომადგენელი. ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელის ქალიშვილი. პარმის ნომინალური ჰერცოგინია როგორც რობერტო I-ის პირველი ცოლი. ბულგარეთის დედოფალ მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელისა და პარმის სამი ნომინალური ჰერცოგის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია პია დაიბადა 1849 წლის 2 აგვისტოს გაეტაში. იგი იყო ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელის ქალიშვილი. მისი უფროსი ნახევარ-ძმა იყო ორი სიცილიის უკანასკნელი მეფე, ფრანჩესკო II, რომელმაც ტახტი მამის დაღუპვის შემდეგ, 1859 წელს დაიკავა, როდესაც მარია პია სულ 10 წლის იყო. ამ ამბიდან მალევე, 1861 წელს ორი სიცილიის სამეფომ არსებობა შეწყვიტა და იტალიის სამეფოს დაქვემდებარებაში შევიდა, რის გამოც მისმა სამეფო ოჯახმა თავი რომის პაპს შეაფარა.

სწორედ რომში ცხოვრებისას გაიცნო მარია პიამ თავისი ბიძაშვილი, პარმის დამხობილი ჰერცოგი რობერტო I, რომელიც რომში ოჯახთან ერთად იმავე მიზეზების გამო იმყოფებოდა. ისინი მალევე დაახლოვდნენ და ბურბონთა დინასტიის ორი შტოს კავშირის განსამტკიცებლად 1869 წლის 5 აპრილს რომშივე დაიწერეს ჯვარი.

მიუხედავად ახლონათესაური კავშირისა, წყვილს თორმეტი შვილი შეეძინა, თუმცა მათ უმეტესობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

მარია პია 1882 წლის 29 სექტემბერს, 33 წლის ასაკში გადაჰყვა მეთორმეტე ბავშვზე მშობიარობას. ამ დროს იგი საფრანგეთში იმყოფებოდა ქმართან ერთად, თუმცა გადაასვენეს და დაკრძალეს იტალიაში, ვიარეჯოს ბაზილიკაში. ამის შემდეგ მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა ინფანტა მარია ანტონია პორტუგალიელზე, რომელთანაც კიდევ თორმეტი შვილი შეეძინა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია პია თავის ვაჟ ელიასთან ერთად
  1. მარია ლუიზა (1870-1899), ცოლად გაჰყვა ბულგარეთის მეფე ფერდინანდ I-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ბორის III;
  2. ფერდინანდო (1871), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ლუიზა მარია (1872-1943), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  4. ენრიკე (1873-1939), პარმის ნომინალური ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. მარია იმაკულატა (1874-1914), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  6. ჯუზეპე (1875-1950), პარმის ნომინალური ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  7. მარია ტერეზა (1876-1959), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  8. მარია პია (1877-1915), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  9. ბეატრიჩე (1879-1946), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  10. ელია (1880-1959), პარმის ნომინალური ჰერცოგი. ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  11. მარია ანასტასია (1881), გარდაიცვალა ჩვილი;
  12. ავგუსტა (1882), გარდაიცვალა ჩვილი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arrigo Petacco, La regina del sud. Milano, Mondadori, 1992. ISBN 88-04-43391-4
  • Willis, Daniel, The Descendants of Louis XIII, Clearfield Co., Inc., Baltimore, Maryland, 1999, ISBN 0-8063-4942-5, p. 342.
  • Beate Hammond: "Maria Theresia, Elisabeth, Zita - Jugendjahre großer Kaiserinnen", Ueberreuter 2002