მარია პერინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია პერინი
Maria Perini.jpg
მშობ. სახელი Maria Perini
დაბ. თარიღი 10 მარტი, 1873
ტურინი, იტალია
გარდ. თარიღი 1939
ნიცა, საფრანგეთი
ეროვნება იტალიელი
პროფესია ბალერინა, ბალეტმაისტერი
მეუღლე(ები) ჰენრიკ გრინევსკი

მარია პერინი (იტალ. Maria Perini; დ. 10 მარტი, 1873, ტურინი, იტალია ― გ. 1939, ნიცა, საფრანგეთი) — იტალიელი ბალერინა, ბალეტმაისტერი და ქართული საბალეტო სკოლის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ტურინში. დაამთავრა ტურინის სამეფო ოპერის საბალეტო სკოლა (1890). მარია პერინი წარმატებით გამოდიოდა ისეთ ცნობილ მოცეკვავეებთან ერთად, როგორიც იყვნენ: პ. ლენიანი, ე. ჩეკეტი (აღსანიშნავია, რომ ჩეკეტი შემდგომში გარკვეული ხანი (1892-1902), ასწავლიდა პეტერბურგის სამეფო ბალეტის სკოლაში და მისი მოსწავლეები იყვნენ შემდგომში დიდი მოცეკვავეები: ა. პავლოვა, ვ. ნიჟინსკი, მ. ფოკინი, ო. პრეობრაჟენსკაია და სხვა). 1891 წელს პერინი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად მოიწვიეს. ქართველ მაყურებლის წინაშე პირველად სწორედ პერინიმ შეასრულა 32 ფუეტე და აჩვენა საბალეტო მოძრაობების ვირტუოზული შესრულება. 1897-1907 წლებში მ. პერინი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, ხოლო შემდეგში აქტიურ საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. პერინის სახელთანაა დაკავშირებული ქართული საბალეტო სკოლის საფუძვლის ჩაყრა. კლასიკური ცეკვის შესწავლის მისეულმა მეთოდმა, თაობებმა რომელიც მან აღზარდა, მყარი საფუძველი მოამზადა ქართული ბალეტის ჩამოყალიბებისათვის.

პერინის საბალეტო სტუდია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია პერინი თბილისის საბალეტო სტუდიის აღსაზრდელებთან

1922 წელს, თბილისში, კომენდანტის ქუჩაზე, კომერსანტ არშაკუნის სახლში დაარსდა საქართველოს სამხატვრო აკადემია. ამავე შენობის ფლიგელში, 1937 წლამდე განთავსებული იყო აკადემიის პროფესორის, მხატვარ ჰენრიკ გრინევსკის სახელოსნო და მისი მეუღლის, შესანიშნავი იტალიელი მოცეკვავის მარია პერინის საბალეტო სტუდია.

ჰენრიკ გრინევსკიმ, წარმოშობით პოლონელმა, სამხატვრო განათლება ფლორენციაში მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის დ. ჩუბინაშვილთან, ი. ნიკოლაძესთან, ე. ლანსერესთან, ა. კალგინთან და სხვებთან ერთად, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა. გრინევსკის მეუღლემ - მარია პერინიმ 1916 წელს, თბილისში კლასიკური ცეკვების პირველი ქორეოგრაფიული სტუდია გახსნა, სადაც დაიდგა საინტერესო საბალეტო წარმოდგენები: დელიბის „კოპელია“, საცეკვაო აქტი მეტერლინკის „ლურჯი ფრინველიდან“. პერინის სტუდიაში აღიზარდა ქართული საბალეტო ხელოვნების მრავალი გამოჩენილი ოსტატი: დიმიტრი და ირინა ალექსიძეები, მარია ბაუერი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე, ნინო რამიშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ილიკო სუხიშვილი, ელენე ჩიკვაიძე, მარია კაზინეცი, ელენე გვარამაძე და სხვები.

1920 წელს სტუდიას „სახელმწიფო თეატრის საბალეტო სკოლა“ დაერქვა. სკოლის დირექტორად პერინი დაინიშნა, რეპეტიტორად კი პეტერბურგის ოპერის თეატრის ცნობილი ბალეტმეაისტერი ნ. სერგეევი მოიწვიეს. სწავლის გადასახადი დიდი არ იყო, მაგრამ ხელმოკლე ოჯახის ბავშვებს უფასოდ ასწავლიდნენ. 1925 წელს პერინის საბალეტო სტუდიამ თავის მოწაფეთა საჩვენებელი დილა გამართა. პოეტი იოსებ გრიშაშვილი წერდა: „მაყურებლის თვალწინ მოჰქროდნენ მოწაფე გოგონები. ყველას ეტყობოდა პერინის მზრუნველი ხელი და სერგეევისა და არბატოვის მხატვრული გემოვნება. დილის თაიგულებად უნდა ჩაითვალოს, როგორც უკვე დასრულებული საბალეტო მსახიობები — ლამაზი ოთხეული: ლ. ჩიკვაიძე, ლ. ბეგთაბეგიშვილი, მ. ბაუერი, ლ. გვარამაძე. ვაჟთა შორის იშვიათი ტექნიკით, ცეცხლით და ტემპერამენტით ცეკვავდა ვახტანგ ჭაბუკიანი, რომელსაც უთუოდ დიდი მომავალი აქვს“. 1927 წელს განათლების სახალხო კომისარიატის ხელოვნების განყოფილების ინიციატივით გაიმართა მარია პერინის სამსახიობო და საბალეტო-პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლისთავის აღსანიშნავი საღამო. ოპერის თეატრში დაიდგა „ჯადოსნური ტბა“ და სხვადასხვა ქორეოგრაფიული ეტიუდები. პერინის მოსწავლეები საკუთარ მასწავლებელს იხსენებდნენ, როგორც თბილ, სამართლიან, ხალისიან ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება დაუკავშირა თბილისში კლასიკური ბალეტის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ხაზს უსვამენ თბილ და ლამაზ გარემოს, სადაც პერინის წყალობით გაიარა მათმა ბავშვობამ.

იტალიაში დაბრუნებამდე, 1936 წელს, პერინი დაესწრო მისი აღზრდილის, ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ შექმნილი პირველი ქართული ბალეტის („მზეჭაბუკი“) პრემიერას და დარწმუნდა, რომ მის შრომას უკვალოდ არ ჩაევლო. ქართულ ბალეტს საიმედო მომავალი ესახებოდა. ამავე წელს პერინი წარდგენილ იქნა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდებაზე. ამისთვის ემზადებოდა კიდეც, მაგრამ ბოლო წუთს კომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაიფიქრეს, ვინაიდან იგი უცხოეთის მოქალაქე იყო. 1937 წელს სტალინური რეჟიმის მსხვერპლი გახდა პერინის შვილი — ფერდინანდ ინოჩენცი, რომელიც ცოლთან და ორ შვილთან ერთად ქ. ბრიანსკში ცხოვრობდა. დაიჭირეს მისი ქალიშვილის ქმარი, ქ. ტაგანროგის მეტალურგიული ქარხნის ინჟინერი, ქალიშვილის ბედი კი დღემდე უცნობია. 1937 წლის პოლიტიკურ რეპრესიებს ვერც ჰენრიკ გრინევსკი გადაურჩა. სამოცდარვა წლის ასაკში პედაგოგი ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. შვილები და ნათესავები არ დარჩენია. მისი მდიდარი არქივი და მხატვრული მემკვიდრეობა კი თითქმის მთლიანად განადგურდა. საბჭოთა კავშირიდან გაასახლეს მარია პერინი, რომელიც იძულებული გახდა გაეყიდა ყველაფერი, რაც კი რამ ებადა რომ სამგზავრო ფული შეეგროვებინა. საქართველოდან ჯერ ტურინში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ ნიცაში გადავიდა, სადაც მის დას პანსიონი ჰქონდა. 1939 წელს მარია პერინი ნიცაში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]