მარია ნარიშკინა
მარია ნარიშკინა | |
---|---|
![]() მარია ნარიშკინა, სალვატორე ტონცის მიერ შესრულებული პორტრეტი | |
დაბადების თარიღი | 2 დეკემბერი, 1779 |
გარდაცვალების თარიღი | 6 სექტემბერი, 1854 (74 წლის) |
მარია ანტონოვნა ნარიშკინა (რუს. Мария Антоновна Нарышкина; დ. 2 თებერვალი, 1779 — გ. 6 სექტემბერი, 1854) — დაბადებით მარია ჩეტვერტინსკა-შვიატოპელკი, იყო პოლონელი დიდგვაროვანი ქალი, რომელიც 19 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I ფავორიტი ქალბატონი გახლდათ.
წარმოშობა და ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია იყო დასავლურ-რუსული წარმომავლობის პოლონელი დიდგვაროვნის, ანტონი ჩეტვერტინსკის ქალიშვილი. მისი მამა მხარს უჭერდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დაახლოებას რუსეთის იმპერიასთან, რის გამოც 1794 წელს ვარშავის აჯანყების (კოსტიუშკოს აჯანყების) დროს აჯანყებულებმა ლინჩის წესით მოკლეს. იმპერატორ ეკატერინე II ბრძანებით, მისი ქვრივი და შვილები სანკტ-პეტერბურგში გადაიყვანეს. მარიამ 5 წლის ასაკში დედაც დაკარგა.
ბუნების მიერ საოცრად ლამაზი გარეგნობით დაჯილდოვებულმა მარიამ 15 წლის ასაკში საპატიო მოახლის ტიტული მიიღო, ხოლო 1795 წელს იგი დაქორწინდა 31 წლის დიმიტრი ნარიშკინზე, რომელიც ეკატერინე II-ის მმართველობის ეპოქის ერთ-ერთი უმდიდრესი დიდგვაროვანი იყო. მათი ქორწინება პოეტმა გაბრიელ დერჟავინმა ლექსში „ახალგაზრდების სახლის დათბობა“ ასახა, სადაც მარიასა და დიმიტრის მითოლოგიურ პერსონაჟებად, დაფნისად და დაფნესად წარმოაჩენს.
ნარიშკინები ზამთარს სანქტ-პეტერბურგში, ფონტანკის სანაპიროზე მდებარე საკუთარ მდიდრულ სახლში ატარებდნენ, ზაფხულობით კი კრესტოვსკის უღელტეხილის მახლობლად, კუნძულზე. ისინი ცხოვრობდნენ უკიდურეს ფუფუნებაში, მეტად ღიად, მასპინძლობდნენ მთელ ქალაქს და მართავდნენ ბრწყინვალე მეჯლისებს. მარია ანტონოვნას სილამაზე იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ვიგელის თქმით, რომელიც არ იყო ქებას გულუხვად არ გასცემდა, ის „შეუძლებელი, არაბუნებრივი ჩანდა“. ქალი მუდამ დახვეწილი, სადა ჩაცმულობით გამოირჩეოდა და საჯარო თავყრილობებზე თავშეკავებულად იქცეოდა.[1].
ურთიერთობა იმპერატორ ალექსანდრესთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიას გამორჩეულმა სილამაზემ და მისმა თავშეკავების უნარმა უფლისწულ ალექსანდრე პავლოვიჩის ყურადღება მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად უშვილო (გარდაცვალების დროს) ალექსანდრე ლუიზ მარია ავგუსტა ბადენელზე იყო დაქორწინებული, ის, ფაქტობრივად, 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მარია ანტონოვნა ნარიშკინასთან ერთად.
ჭორების თანახმად ალექსანდრეს რამდენიმე შვილი ჰყავდა მასთან, თუმცა არც ერთ მათგანს არ უცოცხლია სრულწლოვნობამდე.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონელი პატრიოტები თანამემამულეზე პოლონეთის სახელმწიფოებრიობის აღორძინების იმედებს ამყარებდნენ, ხოლო ნაპოლეონის მომხრეები მეფის კართან ცდილობდნენ მისი მეშვეობით ტილზიტის ზავის დადების თავიდან აცილებას, მარია ანტონოვნა გულგრილი იყო სახელმწიფო საქმეების მიმართ.[1] თუმცა ცნობილია შემთხვევები, როდესაც მეფის ფავორიტს მიჰქონდა კერძო პირების თხოვნები და შუამდგომლობდა სხვადასხვა ადამიანებს.
მარიას უფროსი და, ჟანეტ ჩეტვერტინსკაია, იმპერატორის უმცროს ძმაზე, კონსტანტინეზე დაქორწინდა, რითაც კიდევ უფრო გააღრმავა ოჯახური კავშირი სამეფო ოჯახთან.
გავიდა დრო და მარია იმდროინდელი სასახლის კარის ინტრიგებითა და დაპირისპირებებით დაღლილობამ შეიპყრო. როგორც გრაფინია ედლინგი წერდა, „მარიამ თავად გაწყვიტა კავშირი, რომლის მნიშვნელობაც ბოლომდე ვერ შეეფასებინა“.
მოგზაურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც იმპერატორთან სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდა, მარია ანტონოვნამ იმპერატორის კეთილგანწყობა შეინარჩუნა. 1813 წელს მან დატოვა რუსეთი და ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ქალიშვილი სოფია, რომელიც იმპერატორთან კავშირს მიეწერებოდა, სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. 1811 წელს მარია მასთან ერთად სამხრეთში გაემგზავრა. ზაფხული ოდესაში გაატარა. შემოდგომაზე ისინი ყირიმში გადავიდნენ, ხოლო მოგვიანებით - ექიმების რჩევით, ისინი შვეიცარიაში და გერმანიაში დასახლდნენ, პერიოდულად სტუმრობდნენ პარიზსა და ლონდონს.
1818 წელს სანკტ-პეტერბურგში მოკლე ვიზიტის დროს ნარიშკინამ თავისი უფროსი ქალიშვილი მინისტრ დ. ა. გურიევის ვაჟს მიათხოვა. 1824 წელს სოფია გარდაიცვალა, რამაც იმპერატორი, ალექსანდრე I ღრმა მწუხარებაში ჩააგდო და მისი სიცოცხლის ბოლო წლები დაამძიმა.[1].
1835 წელს მ. ა. ნარიშკინა ქმართან ერთად ოდესაში დასახლდა. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ყოფილმა ფლიგელ ადიუტანტმა ბროზინმა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, 1838 წელს დაქვრივებული ნარიშკინა დაქორწინდა გენერალზე, რამაც გამოიწვია იმპერატორ ნიკოლოზ პირველის უკმაყოფილება.[2]
მარია ანტონოვნა ნარიშკინამ სიცოცხლის ბოლო წლები ბროზინთან ერთად საზღვარგარეთ გაატარა და იშვიათად სტუმრობდა ოდესას. 1854 წელს სტარნბერგის ტბასთან ახლოს გარდაიცვალა. იგი მიუნხენში, ძველ სამხრეთ სასაფლაოზე დაკრძალეს.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ანტონოვნას ჰყავდა 6 შვილი, რომელთაგან 3 ჩვილობის ასაკში გარდაიცვალა. ექვსივე დიმიტრი ნარიშკინის შვილებად ითვლებოდა. საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ სოფიას, ზინაიდას და ორივე ელიზავეტას მამა ალექსანდრე I იყო. ერთხელ ნარიშკინამ „შეურაცხჰყო“ დედოფალი ელისაბედი, რაც ამ უკანასკნელმა ასე აღწერა დედისადმი მიწერილ წერილში: „ასეთი საქციელისთვის უნდა იყო იმდენად უსირცხვილო, რისი წარმოდგენაც კი მე არ შემეძლო. ეს მოხდა მეჯლისზე... მე მას ველაპარაკებოდი და ისევე როგორც ყველა დანარჩენს ვკითხე ჯანმრთელობის შესახებ. მან დაიჩივლა რომ შეუძლოდაა: „ეტყობა, ფეხმძიმედ ვარ“... მან მშვენივრად იცოდა, რომ ჩემთვის არ იყო უცნობი თუ ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ის ფეხმძიმედ“.
- მარინა დმიტრიევნა (1798 — 11.08.1871) — თანამედროვეთა აზრით, ნარიშკინი მას თავის ერთადერთ შვილად თვლიდა; დაქორწინდა გრაფ ნ.დ.გურიევზე (1792 — 1849).
- ელიზავეტა დმიტრიევნა (05.05.1802[3] — 28.12.1803[4]);
- ელენა დმიტრიევნა (01.11.1803[5] — 29.08.1804[6]);
- სოფია დიმიტრიევნა (10/01/1805 — 06/18/1824).
- აგლაიდა დმიტრიევნა (19.12.1807[7] — 18.06.1810);
- ემანუელ დიმიტრიევიჩი (30.07.1813 — 31.12.1901);
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mistresses of Russian Royalty, Including: Anna Pavlova, Natalia Brasova, Maria Naryshkina, Catherine Dolgorukov, Pauline de Rothschild, Princess Olga ISBN 978-1-242-90165-2
- Troyat, Henri Alexander of Russia: Napoleon's Conqueror Dutton Adult; First edition. edition (January 31, 1983) ISBN 978-0-525-24144-7
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Русские портреты XVIII и XIX веков. Издание Великого князя Николая Михайловича Романова|Русские портреты XVIII—XIX столетий. Изд. Вел. Кн. Николая Михайловича. СПб. 1906. Т. I вып III. № 105.
- ↑ Голос минувшего на чужой стороне: Журнал истории и литературы. Тип. Т-ва И.Д. Сытина., 1916. Стр. 191.
- ↑ РГИА. Ф. 805. оп. 2. д. 32. с. 9. Метрические книги Придворного собора Зимнего дворца
- ↑ ЦГИА СПб. Ф.19. оп.111. д.133. с.326. Метрические книги церкви Воскресения Христова при Кабинете ЕИВ.
- ↑ ЦГИА СПб. Ф.19. оп. 111. д. 133 с. 323. Метрические книги церкви Воскресения Христова при Кабинете ЕИВ.
- ↑ ЦГИА СПб. Ф.19. оп.111. д.138-3. с. 246. Метрические книги церкви Преображения Господня в Колтово
- ↑ СПБ. Ф.19. оп.111. д.148. с. 471. Метрические книги церкви Воскресения Христова при Кабинете ЕИВ.