შინაარსზე გადასვლა

მარია ნავარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ნავარელი
არაგონის დედოფალი
მმართ. წლები: 1338-1347
წინამორბედი: ლეონორ კასტილიელი
მემკვიდრე: ლეონორ პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1329
გარდ. თარიღი: 29 აპრილი, 1347 (18 წლის)
მეუღლე: პედრო IV, არაგონის მეფე
შვილები: კონსტანსია, სიცილიის დედოფალი
ხუანა, ამპურიის გრაფინია
დინასტია: ევრეები
მამა: ფილიპ III, ნავარის მეფე
დედა: ჟანა II, ნავარის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ნავარელი (ესპ. Maria de Navarra; დ. 1329 – გ. 29 აპრილი, 1347) — ევრეთა დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის მეფე ფილიპ III-ისა და დედოფალ ჟანა II-ის ასული. არაგონის მეფე პედრო IV-ის პირველი ცოლი.

მარია 1329 წელს დაიბადა და იგი ნავარის მეფე-დედოფლის, ფილიპ III-ისა და ჟანა II-ის ასული იყო, რომელიც მათი ტახტზე ასვლიდან ერთ წელიწადში დაიბადა.

იქიდან გამომდინარე, რომ მისმა მშობლებმა ახალი სამეფო დინასტია დააარსეს და სურდათ ნავარის სამეფოში საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება, აქტიურად ცდილობდნენ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების დათბობას დინასტიური ქორწინებების გზით. სწორედ ამიტომ, 1333 წელს მათ საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყეს, რათა თავიანთი უფროსი ასული, პრინცესა ჟანა, არაგონის მომავალ მეფეზე, პედრო IV-ზე დაექორწინებინათ.

1336 წლის იანვარში პედრო ტახტზე ავიდა და განაცხადა, რომ ნავარის პრინცესას ცოლად შეირთავდა, თუმცა არა ჟანას, არამედ მხოლოდ მის უმცროს დას, პრინცესა მარიას, რომელიც ამ დროისათვის მხოლოდ 6 წლის იყო. ნავარის მეფე-დედოფალი არაგონის მეფის ამ შეთავაზებას დათანხმდა და 1336 წლის 6 იანვარს ანეს ციხესიმაგრეში მარიას მამამ მისი ნიშნობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქორწინო ხელშეკრულებაში ხაზი გაესვა იმას, რომ თუ მარიას დედა, დედოფალი ჟანა II ვაჟების გაჩენის გარეშე გარდაიცვლებოდა, ნავარის სამეფოს ტახტს მარიასა და პედროს შვილები დაიკავებდნენ, რაც მარიას უფროს დას, პრინცესა ჟანას ტახტის მემკვიდრეობის უფლებას ართმევდა.

1337 წლის 25 ივლისს სარაგოსაში მარია ნავარელი არაგონის მეფე პედრო IV-ზე დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ მარიას მშობლებს გაუჭირდათ მისი მზითვის გადახდა სიძისათვის, მათი და პედროს ურთიერთობა კვლავ ახლო იყო. ქორწინების შემდეგ მეფე პედრომ დედოფალ მარიას კატალონიაში მდებარე ისეთი ქალაქები აჩუქა, როგორებიცაა: ტარაგონა, ტერუელი და ჟაკა. 1338 წელს დედოფალი მარია საზეიმოდ შევიდა ბარსელონაში და მის კათედრალში ოფიციალურად ეკურთხა დედოფლად.

როგორც მემატიანეები აღწერენ, დედოფალი მარია ღვთისმოსავი და მორჩილი ცოლი იყო, რომელსაც ქმართან საერთო ნაკლებად ჰქონდა. მათი პირველი შვილი, ინფანტა კონსტანსია ქორწინებიდან ხუთ წელიწადში, 1343 წელს დაიბადა, რასაც 1344 წელს ინფანტა ხუანას, 1345 წელს კი ინფანტა მარიას გაჩენა მოჰყვა. სამი გოგონას გაჩენამ და ვაჟის არ არსებობამ მარიას არაგონის სამეფო კარზე პრობლემები შეუქმნა. ამის გამო მეფე პედრომ სცადა მემკვიდრეობის საკითხის უზრუნველყოფის მიზნით თავისი უფროსი ქალიშვილი, ინფანტა კონსტანსია მემკვიდრედ დაესახელებინა, თუმცა ამას მისი ძმის, ურხელის გრაფ ხაიმე I-ისა და არაგონელი დიდგვაროვნებისაგან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, 1347 წლის 23 აპრილს ვალენსიაში დედოფალმა მარიამ ვაჟი გააჩინა, ინფანტი პედრო, თუმცა იგი მეორე დღესვე გარდაიცვალა. გართულებული მშობიარობით გამოწვეული დარღვევების გამო თავად დედოფალი მარიაც მალევე, იმავე წლის 29 აპრილს გარდაიცვალა, 18 წლის ასაკში. იგი პობლეს მონასტერში დაკრძალეს.

მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ქმარი კიდევ სამჯერ დაქორწინდა და მხოლოდ მესამე ცოლისაგან შეეძინა მომავალი მეფეები, ხუან I და მარტინი.

  • Miron, E. L. (1913). The queens of Aragon: their lives and times. Brentano's.
  • Surget, Marie-Laure (2008). Mariage et pouvoir : réflexion sur le rôle de l'alliance dans les relations entre les Evreux-Navarre et les Valois au XIV siècle (1325–1376). Laboratoire d'éthnographie régionale.
  • Woodacre, Elena (2011). The Queen and her consort: succession, politics and partnership in the Kingdom of Navarre, 1274–1512. Bath Spa University.
  • Woodacre, Elena (2013). The Queens Regnant of Navarre: Succession, Politics, and Partnership, 1274–1512. Palgrave Macmillan.