შინაარსზე გადასვლა

მარია კუნიგუნდა საქსონიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიეტრო როტარის მიერ შესრულებული მარია კუნიგუნდ საქსონელის პორტრეტი (დაახლ. 1755). ძველ მხატვართა გალერეა, დრეზდენი.

მარია კუნიგუნდა საქსონ-პოლონელი ( გერმ. Maria Kunigunde von Sachsen und Polen), ან მარია კუნიგუნდა დოროთეა ჰედვიგ ფრანცისკა ქსავიერ ფლორენტინა ფონ ვეტინი (გერმ. Maria Kunigunde Dorothea Hedwig Franziska Xaveria Florentina von Wettin, დ. 10 ნოემბერი, 1740, ვარშავა — გ. 8 აპრილი, 1826, დრეზდენი, გერმანიის კავშირი) — პრინცესა ვეტინების დინასტიიდან , პოლონეთის მეფის და ლიტვის დიდი მთავრის ავგუსტ III-ის ქალიშვილი, პოლონეთის, ლიტვის და საქსონიის პრინცესა, ვარსკვლავიანი ჯვრის უღირსესი ორდენისა და დედოფალ მარია ლუიზას ორდენის მფლობელი ქალბატონი.

მარია კუნიგუნდა დაიბადა ვარშავაში 1740 წლის 10 ნოემბერს. იგი იყო პოლონეთის მეფის და ლიტვის დიდი მთავრის, მომავალი საქსონიის კურფიურსტის ფრიდრიხ ავგუსტ II-ისა და ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია იოზეფას ქალიშვილი. პრინცესას მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ თავისი თხუთმეტი შვილის აღზრდასა და განათლებას. მარია კუნიგუნდა ფლობდა ლათინურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს (გარდა მშობლიური გერმანული ენისა), იცნობდა ფილოსოფიას, გეოგრაფიას, რელიგიას, კარგად ხატავდა, უკრავდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე და ცეკვავდა. ახალგაზრდობაში მონაწილეობდა დრეზდენის სამეფო თეატრის ოპერულ დადგმებში. მან შეასრულა მთავარი პარტია იოჰან ადოლფ ჰასეს ოპერაში „ლევკიპე“.

სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მშობლებმა მისთვის ღირსეული მეუღლის ძებნა დაიწყეს. მათი არჩევანი ავსტრიის ერცჰერცოგ იოზეფზე, მომავალ იმპერატორ იოზეფ II-ზე შეჩერდა. თუმცა, მათი „საიდუმლო“ შეხვედრის დროს ჩეხეთში სადილზე, პრინცესა, მიუხედავად გარეგნული მიმზიდველობისა, ერცჰერცოგს ზედმეტად მორცხვი ეჩვენა. მან მის ბიძაშვილზე, ბავარიის პრინცესა მარია იოზეფაზე იქორწინა. მალევე წარუმატებელი „საიდუმლო“ შეხვედრის ისტორია ევროპის ყველა სამეფო კარზე გავრცელდა, რამაც მარია კუნიგუნდასთვის საქმროს შემდგომი ძებნა უიმედო გახადა.

პრინცესას არემდგარი ქორწინების კომპენსაციის მიზნით, დრეზდენმა ვენას მოსთხოვა მარია კუნიგუნდა პრესტიჟულ ქალთა მონასტრის პრინცესა-აბატისად დანიშნულიყო საღვთო რომის იმპერიის ჩრდილო-დასავლეთში. ვენამ მას პრაღაში გრადჩანის მონასტრის აბატის მემკვიდრის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ დრეზდენმა ეს შეთავაზება უარყო, რადგან ეს თანამდებობა საქსონიის პრინცესისთვის ღირსეულად არ მიიჩნია. დრეზდენი მოითხოვდა, რომ იგი იმპერიული აბატის მონასტრის წინამძღვრად დანიშნულიყო იმპერიული პრინცესის ტიტულით.

1766 წელს ვენას შესთავაზეს მასთვის მიუნსტერბილზენის, ესენისა და თორნის სააბატოების გადაცემა. მიუნსტერბილზენის წინამძღვარი, ანტუანეტა ფონ ელც-კემპენიხი, მზად იყო ტახტიდან გადამდგარიყო მარია კუნიგუნდას სასარგებლოდ, მაგრამ მონასტრის კაპიტულმა მის დანიშვნას წინააღმდეგობა გაუწია. შედეგად, იმპერატორმა იოზეფ II-მ მონასტრის ქონების სეკულარიზება მოახდინა და მარია კუნიგუნდა მიუნსტერბილზენის ტიტულარულ აბატისად დანიშნა. 1775 წელს პრინცესა იმპერიული აბატობების ესენისა და თორნის წინამძღვრის მოადგილედ აირჩიეს მემკვიდრეობის უფლებით. წინამძღვარი ფრანცისკა კრისტინა ფონ ზულცბახის გარდაცვალების შემდეგ, 1776 წლის 16 ივლისს მარია კუნიგუნდა აბატობების ხელმძღვანელი გახდა. როგორც თავისუფალი იმპერიული აბატობების პრინცესა-აბატისა, მას ჰქონდა ხმის უფლება იმპერიულ სეიმში (უმაღლესი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ორგანო საღვთო რომის იმპერიაში) და იმპერიული პრინცესის ყველა უფლება და მოვალეობა.

მიუხედავად პრესტიჟული ტიტულის, თავად სააბატოები ღარიბი იყო. ესენი პატარა პროვინციული ქალაქი იყო. 1777 წლის 9 ოქტომბერს მარია კუნიგუნდა ქალაქში საზეიმოდ შევიდა. ამ დრომდე იგი 1769 წლიდან ცხოვრობდა კობლენცში, თავისი ძმის კლემენს საქსონელის კარზე, სადაც დიდი გავლენა ჰქონდა. ძმა არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა დასთან კონსულტაციის გარეშე. პრინცესა ესენიდან დაბრუნდა და გადაწყვიტა სააბატოები დისტანციურად ემართა. მონასტრების ტრადიციული უფლებების არცოდნა იღუმენსა და კაპიტულს შორის ხშირი დაპირისპირების მიზეზი იყო. საბოლოოდ, 1794 წლის 17 სექტემბერს მიიღეს სამთავრო-სააბატო პირველი კონსტიტუცია, რომელშიც აღწერილი იყო აბატისა, კაპიტულისა და სამდივნოების უფლებები და მოვალეობები. ამას წინ უძღოდა მარია კუნიგუნდას მიერ გატარებული საკანონმდებლო რეფორმა, რომელმაც აკრძალა აბორტები. მან ასევე დააარსა სკოლა უმაღლესი წარმომავლობის გოგონებისთვის. კაპიტულის მიერ გზის მშენებლობის გადახდაზე უარის შემდეგ, პრინცესამ იგი საკუთარი სახსრებით ააშენა. გზა ფასიანი იყო და მას წელიწადში 1,700 ტალერის შემოსავალს მოჰქონდა.

1802 წლის 3 აგვისტოს პრუსიის სამეფომ ესენის პრინცობა-აბატობის ტერიტორიაზე ანექსია მოახდინა. მარია კუნიგუნდამ დაკარგა საერო ძალაუფლება, მაგრამ შეინარჩუნა თავისი სტატუსი, როგორც პრუსიის მეფის ნაცვალმა. პრუსიასთან შეთანხმებით, მან მიიღო წლიური რენტა 6,500 ტალერი აბატობის შემოსავლებიდან. 1803 წელს პრინცესამ თავის მიერ აშენებული პრუსიის სამეფოს გზა 45,000 ტალერში გაყიდა. 1805 წელს მან მეწარმე ფრანც ჰანიელს მიყიდა თავისი წილი რურის რეგიონში მდებარე მეტალურგიულ ქარხნებში 23,800 ტალერად.

1802 წლიდან მარია კუნიგუნდა ცხოვრობდა თავის ძმასთან ერთად ობერდორფში, ბავარიის კურფიურსტებში. ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1812 წელს, იგი დრეზდენში გადავიდა, თავისი დისშვილის ფრიდრიხ ავგუსტის კარზე. მარია კუნიგუნდა გარდაიცვალა დრეზდენში 1826 წლის 8 აპრილს და დაკრძალეს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალ სამარხში.

  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 100.
  • Ute Küppers-Braun: Frauen des hohen Adels im kaiserlich-freiweltlichen Damenstift Essen (1605–1803), Aschendorffsche Verlagsbuchhandlung, Münster, 1997, ISBN 3-402-06247-X
  • Ute Küppers-Braun: Macht in Frauenhand – 1000 Jahre Herrschaft adeliger Frauen in Essen, Klartext Verlag, Essen 2002, ISBN 3-89861-106-X
  • Ute Küppers-Braun: Ihr Schmuckkästchen war ein tragbarer Friedhof — Anmerkungen zum Testament der letzten Essener Fürstäbtissin Maria Kunigunde von Sachsen, in: Das Münster am Hellweg. Mitteilungsblatt des Vereins für die Erhaltung des Essener Münsters, vol. 56, 2003, p. 129–143
  • Martin Persch (1993). "Maria Kunigunde von Sachsen". In Bautz, Traugott (ed.). Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL) (in German). Vol. 5. Herzberg: Bautz. cols. 822–823. ISBN 3-88309-043-3.
  • Alfred Pothmann: Die Äbtissinnen des Essener Stiftes, in: Das Münster am Hellweg. Mitteilungsblatt des Vereins für die Erhaltung des Essener Münsters, vol. 40, 1987, p. 5–10
  • Pauline Puppel: „Mon mari“ — „Ma chère femme“. Fürstäbtissin Maria Kunigunde von Essen und Erzbischof Clemens Wenzeslaus von Trier, in: Koblenzer Beiträge zu Geschichte und Kultur, new series, vol. 15/16, 2008, p. 43–66

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]