მარია კოლესნიკოვა
მარია კოლესნიკოვა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
24 აპრილი, 1982 მინსკი, ბელარუსის სსრ, სსრკ |
ეროვნება | ბელარუსი |
მოქალაქეობა | ბელარუსი |
პროფესია | მუსიკოსი |
საქმიანობა | მუსიკოსი, პოლიტიკოსი |
მარია კოლესნიკოვა, ბელ. Марыя Аляксандраўна Калеснікава (დაბ.1982 წ.) - ბელარუსი მუსიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე, 2020 წლის აგვისტო-სექტემბრის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია კოლესნიკოვა დაიბადა მინსკში 1982 წლის 24 აპრილს. მან დაამთავრა ბელარუსის მუსიკის სახელმწიფო აკადემია სპეციალობით ფლეიტისტი და დირიჟორი. როგორც ნიჭიერი მუსიკოსი, იგი ცნობილი იყო ფლეიტაზე გამოსვლებით ოპერის თეატრში, აგრეთვე, ეროვნული აკადემიის ორკესტრში.[1]
25 წლის ასაკში მარია გაემგზავრა გერმანიაში. მან დაამთავრა შტუტგარტის მუსიკის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო ორ ქვეყანას შორის რამდენიმე კულტურული პროექტის განხორციელებაში.[2] ის თავისუფლად ფლობს გერმანულ ენას.
მინსკში დაბრუნების შემდეგ მუსიკოსმა ჩამოაყალიბა შემოქმედებითი გაერთიანება "არტემპი", სადაც პედაგოგიური საქმიანობის ფარგლებში ატარებდა ლექციების ციკლს "მუსიკის გაკვეთილები ზრდასრულებისთვის".[3]
პოლიტიკაში ჩართვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის მაისში მარია კოლესინკოვა დაინიშნა 9 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი ოპოზიციურად განწყობილი კანდიდატის ვიქტორ ბაბარიკოს კამპანიის მენეჯერად. მაგრამ ერთი თვის შემდეგ ბაბარიკო დაპატიმრებული იქნა თავის ვაჟთან ერთად, თავად კანდიდატს კი აეკრძალა არჩევნებში მონაწილეობა,[4] ამიტომ კოლესნიკოვა შეუერთდა სვეტლანა ტიხანოვსკაიას საპრეზიდენტო კამპანიას.
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80,1% დააგროვა, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10,1% მიიღო. ევროკავშირმა დაგმო არჩევნები ძალადობის, რეპრესიების და გაყალბების გამო, უარი განაცხადა მისი შედეგების ცნობაზე და სანქციები შემოიღო მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ.[5] ბელარუსის ქალაქებს მასობრივი საპროტესტო აქციები მოედო, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარია კოლესნიკოვა გახდა. დემონსტრაციებს თან ახლდა დარბევები, დაპატიმრებები, ცემა-ტყეპა. აქციების ხუთი მონაწილე სხვადასხვა გარემოებებში დაიღუპა.
"დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში მარია კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ხალხს ცვლილებების იმედი დაუბრუნდა, ერის გამოღვიძება კი მას სიამაყის გრძნობით აღავსებს: "პოლიციის ხელკეტი ვერ დაამსხვრევს ბელარუსთა თავისუფლებას და ღირსებას".[6]
ოპოზიციამ შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომლის ერთ-ერთი წევრი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი გახდა. ხელისუფლებამ საბჭო დაადანაშაულა ძალაუფლების ხელში აღების მცდელობაში და აღძრა სისხლის სამართლებრივი საქმეები მისი რამდენიმე წევრის მიმართ.
დაპატიმრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]8 სექტემბერს კოლესნიკოვა ქუჩაში ნიღბიანმა პირებმა დააკავეს. ის მიკროავტობუსში ძალით ჩასვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.[7]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მარიას დაპატიმრება, თუმცა მიზეზად მის მიერ უკრაინასთან საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა დაასახელეს. საპასუხოდ პოლიტიკოსის თანამებრძოლებმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს, რომ დაპატიმრების საბაბად საზღვარზე კოლესნიკოვას მიერ პასპორტის დახევის ფაქტი გახდა, რითაც მან დეპორტაცია თავიდან აიცილა.[8] ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება ან ქვეყნიდან გაძევება ხელისუფლებისთვის აპრობირებული მეთოდი გახდა. უცხოეთში იძულებით განდევნილთა შორის აღმოჩნდა, აგრეთვე, სვეტლანა ტიხანოვსკაია.
წამყვანმა ქვეყნებმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს დაკავების ფაქტი, "საერთაშორისო ამნისტიამ" კი კოლესნიკოვა სინდისის პატიმრად გამოაცხადა.[9]
16 სექტემბერს პროკურატურამ მარია კოლესნიკოვას წაუყენა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის იმ პუნქტის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს პასუხისგებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და ინტერნეტის მეშვეობით ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გამო. მოგვიანებით საგამოძიებო იზოლატორში ყოფნის ვადა მარიას 8 მარტამდე გაუხანგრძლივეს.[10] ბრალის დამტკიცების შეთხვევაში გათვალისწინებულია ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია დაქორწინებული არ ყოფილა. ჰყავს მამა, აგრეთვე, და, რომელიც მუშაობს ბიზნეს-ანალიტიკოსად.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპარლამენტის სახაროვის სახელობის თავისუფალი აზრის პრემია, 2020 წ.
მარტინ ლუთერის სახელობის პრემია "უშიშარი სიტყვა, 2020 წ.
გერჰარტ და რენატა ბაუმის ფონდის პრემია ადამიანის უფლებათა სფეროში, 2021
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Maria Kolesnikova, profile დაარქივებული 2020-10-27 საიტზე Wayback Machine. celebpie.com, 28 დეკემბერი 2020
- ↑ The Belarus opposition leader eyeing fair elections dw.com
- ↑ Гульня ў класіку: інтэрв’ю з Марыяй Калеснікавай 34mag.net, 21 December 2017
- ↑ Top challenger Belarussian presidential race detained abcnews.com, 18 June 2020
- ↑ EU threatens Belarus sanctions as it rejects election result sky.com, 19 August 2020
- ↑ Belarus opposition leader: This freedom can't be broken with police batons dw.com, 14 August 2020
- ↑ Belarus protests: Maria Kolesnikova 'detained by masked men' bbc.com, 8 September 2020
- ↑ Belarus protest leader Kolesnikova charged undermining national security nbcnews.com, 16 September 2020
- ↑ BELARUS: OPPOSITION LEADER MARIA KOLESNIKOVA TO BE FREED amnesty.org, 23 September 2020
- ↑ Колесникову перевели из Жодино в СИЗО в Минске news.tut.by, 11 January 2021