მარია კლემენტინა სობიესკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარია კლემენტინა სობიესკა
Maria Klementyna Sobieska (1702-1735).jpg
წოდებები
ინგლისის ტიტულარული დედოფალი
დაიბადა 18 ივლისი, 1702
ოლავა, პოლონეთი
გარდაიცვალა 18 იანვარი, 1735, (32 წლის)
რომი, იტალია
საგვარეულო სობესკები
მეუღლე(ები) ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი
შვილ(ებ)ი ჩარლზ ედუარდ სტიუარტი
ჰენრი ბენედიქტ სტიუარტი
მამა იაკუბ ლუდვიგ სობესკი
დედა ჰედვიგ ელიზაბეთ ნოიბურგელი
რელიგია კათოლიციზმი

მარია კლემენტინა სობიესკა (პოლ. Maria Klementyna Sobieska, ინგლ. Maria Clementina Sobieska; დ. 18 ივლისი, 1702, ოლავა, პოლონეთი — გ. 18 იანვარი, 1735, რომი, იტალია) — პოლონელი დიდებული და სობესკთა საგვარეულოს წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე იან III-ის შვილიშვილი. ინგლისის ტიტულარული დედოფალი როგორც ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტის მეუღლე და მისი ორი ვაჟის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია კლემენტინა დაიბადა 1702 წლის 18 ივლისს ოლავაში. იგი იყო ოლავის მთავარ იაკუბ ლუდვიგ სობესკისა და მისი ცოლის, ჰედვიგ ელიზაბეთ ნოიბურგელის ასული. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია პოლონეთ-ლიტვის მეფე იან III და დედოფალი მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი, ხოლო დედის მხრიდან პფალცის კურფიურსტი ფილიპ ვილჰელმი და ლანდგრაფინია ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი იყვნენ. მისი დეიდები იყვნენ: ესპანეთის დედოფალი მარია ანა, პორტუგალიის დედოფალი მარია სოფია, პარმის ჰერცოგინია დოროთეა სოფია და საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელები. მას მხოლოდ ერთი უმცროსი და ჰყავდა ბუილონის ჰერცოგინია მარია კაროლინას სახით.

მარია კლემენტინასა და ჯეიმზ ფრანცის ედუარდის ქორწინება

1719 წლის 1 სექტემბერს მრია კლემენტინა ბოლონიაში მარიონეტულად დააქორწინეს პრინც ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტზე, ინგლისის დამხობილი მეფე ჯეიმზ II-ის უფროს ვაჟზე, რომელიც იმ დროს ესპანეთში იყო. ნამდვილი ქორწინება იმავე წლის 3 სექტემბერს შედგა ვიტებროში, რის შემდეგაც პაპ კლემენტ XI-ის ნებართვით ისინი რომში დასახლდნენ.

ქორწინების შემდეგ მარია კლემენტინა იაკობინელებმა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფლად გამოაცხადეს, თუმცა ეს წოდება მას მხოლოდ ტიტულარულად ჰქონდა. კათოლიკობის დაცვისა და ერთგულების გამო პაპმა მათ ყოველთვიურ პენსიად 12,000 კრონა გამოუყო, შემდეგმა პაპმა, ინოკენტი XIII-მ ეს თანხა კიდევ გაუზარდათ.

სულ მალე რომში არსებული მათი სასახლე ინგლისელი იაკობინელებისათვის „ინგლისის ნამდვილ სამეფო კარად“ იქცა, სადაც მარია კლემენტინა თავს დედოფლად აცხადებდა და ასრულებდა კიდეც დედოფლის მოვალეობებს. აქ ყოფნისას მან ორი ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა, რის გამოც იაკობინელები კიდევ უფრო მეტ პატივს სცემდნენ მას. მიუხედავად ყველაფრისა, იგი არასოდეს ყოფილა ინგლისში და არც ნამდვილი დედოფალი გამხდარა.

მარია კლემენტინა სობიესკა გარდაიცვალა 1735 წლის 18 იანვარს რომში, 32 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ამ პროცესიას თავად პაპი კლემენტ XII ხელმძღვანელობდა. მის შემდეგ ჯეიმზ ფრანცის ედუარდი აღარ დაქორწინებულა, თუმცა იგი მხოლოდ 1766 წელს გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჩარლზ ედუარდი (1720-1788), იაკობინელთა პრეტენდენტი ჩარლზ III-ის სახელით. ცოლად შეირთო ლუიზა ცუ სტოლბერგ-გედერნი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. ჰენრი ბენედიქტი (1725-1805), კარდინალი, ოსტიისა და ველეტრის კარდინალ-ეპისკოპოსი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gaetano Platania, Angielskie małżeństwo ;arii Klementyny Sobieskiej, in "Sobótka", 2, 1980, pp. 401–410.
  • Gaetano Platania, Morte di Maria Clementina Sobieska Stuart: il caso di Michele Marieschi progettista di apparati funebri, in ARTE/Documento. Rivista di Storia e tutela dei Beni Culturali, 4, 1990, pp. 164–173.
  • Gaetano Platania, La politica europea e il matrimonio inglese di una principessa polacca: Maria Clementina Sobieska, Accademia Polacca delle Scienze-Biblioteca e Centro Studi a Roma, Manziana (Roma), Vecchiarelli editore, 1993.
  • Gaetano Platania, Viaggio a Roma sede d'esilio. Sovrane alla conquista di Roma: secoli XVII-XVIII, Istituto Nazionale di Studi Romani, Roma 2002, pp. 99–118.